ტრიალებს ქარით წახვეტილი ფანტელი ბნელის,
მე ჩამრჩენია ძველ ძილებში ტკბილი სიზმარი...
ჩემს ცრემლებს, ვიცი, ასაკენკად ფასკუნჯი ელის,
ცაც დამივიწყებს, ვარამებით გასაფისავი.
ფშატები _ ლურჯი ფაშატები დაღლიან მინდვრებს,
ფლოქვებს შერჩება ტალახივით ჭამგლის ნავალი...
პირგამეხებით კაპუნია გაჰყივლებს ბინდებს,
დაეღვენთება მიწას მთვარე _ შავი მამალი.
წარმართთა გონებს მიაწვდინე ქვაკაცის ქშენა _
მარადის ცისკრებს შერჩენილი ტომის ფსალმუნი...
დავიწყებული შეახსენე წყვდიადის ენა _
დაუცხრომელი გრიგალების მღვრიე ალმური!..
შედედებული წარსულისგან შეძერწე აწმყო,
გულის საკერპე აწყვეტილმა ცეცხლმა გამუროს...
რომ სისხლშემხმარი უკუნეთის პეშვებით ამწყოს,
და ფრთებდამუსრულ ანგელოსებს ესაღამუროს!..
ყელგაგლეჯილი მოლაღური _ იგოდებს ქარი,
მჭმუნვარე წათეს დაუქვრება მწუხრში შანდალი...
და სიზმარ-ცხადსაც წაეშლება მსუბუქი ზღვარი,
გაილანდება შორ სივრცეში ცა ნაშაბარი...