მთავარი » 2010 » მარტი » 22 » სითეთრე
|
შემოდგომის მიწურული იდგა. მთელ კვირას გადაუღებლივ წვიმდა. წვიმამ ხეთა შიშველი ტოტებიდან უკანასკნელი ფოთლები ჩამობერტყა, ქუჩის პატარა რუებს გააყოლა. განიძარცვა ხეები, დაიწმინდა ქუჩები. ოთახში მკრთალად ანათებდა. - როგორ წვიმს? – თქვა ქალმა. საბანი ნიკაპამდე ეფარა. თავი კაცის მკერდზე ჩამოედო. ნახევარგანათებულ ოთახის კედლებს მიშტერებოდა. - ასე მგონია, გარეთ ვიღაც ტირის, – უთხრა კაცმა. სკამზე გადაკიდებული პერანგის ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო. ბოლი ნისლივით გაწვა ოთახში. - ოთახში კი სიჩუმეა, სითბო და სითეთრე. - პირველად იყო სითეთრე, სიმყუდროვე. შემდეგ აიშალა. - ყველგან ბინძური ქაოსია. პირველარსიც სიბინძურე იყო, ყველანი სიბინძურიდან გამოვედით! - პირველად სითეთრე იყო, სითეთრე და სისუფთავე. სიბინძურე შემდეგ მოვიდა. ქალმა კაცის მხარზე ჩამოდებული თავი ასწია, მკერზე დაეყრდნო ნიდაყვით, თვალებში ჩააჩერდა. - ასე მგონია, მთელი სიცოცხლე ამ თვალებს დავეძებდი, – უთხრა ქალმა. - მაინც რა იპოვე ამ თვალებში ასეთი? - ჩემი თავი, თითქოს ჩემი სულის ცოცხალი სარკეა. - ნერვების ბრალია ყველაფერი. - ჰო, ამ ბოლო დროს ისევ დამეწყო. ისევ აიწყვიტეს. მინაზე წვიმის წვეთები ცეკვავდნენ. სითბო იდგა ოთახში, სიმყუდროვე და ოდნავ მბჟუტავი სინათლე, კაცს ჩაეძინა. ქალს თვალებზე რული არ ეკიდებოდა. კედლებზე ჩამოკიდებულ ძველ სურათებს მიშტერებოდა. ახლა მისი მშველელი მხოლოდ ძილი იყო. აზრი სხვაზე რომ გადაეტანა, გარედან მოღწეულ წვიმის მონოტონურ ხმებს მიუგდო ყური. ერთხანს მოეჩვენა, თითქოს გარეთ ვიღაც ქვითინებდა. ეუცხოვა ხმა. საბანი გადაიხადა. ფანჯრისაკენ გაემართა, გამოაღო. ქვითინი უფრო გამოიკვეთა. საწვიმარი მოისხა მხრებზე. ქუჩაში თავშიშველი გავარდა. გარეთ უსაშველოდ წვიმდა, ღამის ქარი დათარეშობდა. ქუჩა წყალს დაეფარა. ბნელში დაეხეტებოდა, მაგრამ მას სწამდა ამ ნაცნობი ხმის, თითქოს საკუთარი ორეული ამოიცნო. - ამ წვიმაში რამ წამოგიყვანა? რაზე ქვითინებ? ალბათ გეშინია წყვდიადის? რისთვის შემოვეხეტეთ, ან იმ სიბნელეში რისთვის მივეხეტებით? მთელი ღამე წვიმიან ცის ქვეშ გაათია. ცის თვალებს არა და არ აშრებოდა წვიმა. ცრიდა და ცრიდა. გამთენიისას, როცა ციონს თვალები უკვე თეთრი ღრუბლებივით ამოემშრალებინა, ხის ქვეშ იპოვეს ქალი. საცოდავად მიკრუნჩხულიყო. იქვე ჩასძინებოდა.
პალატას თეთრი კედლები ჰქონდა. კუთხეში მიმდგარი საწოლი, პატარა მაგიდა, უზურგო სკამები თეთრი ფერის იყო. ყველაფერს სინათლე და სისუფთავე ეფინა. - უცნაურია, – თქვა ქალმა. ჩამქრალი თვალები ერთ ადგილზე გაშტერებოდა. ლანდადქცეულ სახეს ცვილისფერი გადაჰკრავდა. მძიმედ სუნთქავდა. კაცი საწოლთან ახლოს, სკამზე ჩამომჯდარიყო. ტანსაცმელზე თეთრი ხალათი გადაეცვა. - უცნაურია ეს თეთრი კედლები და მარადიული წრებრუნვა. ყველაფერი სითეთრით იწყება და სითეთრითვე მთავრდება. ჩემი უკანასკნელი სამყოფელიც თეთრი ფერისაა. - მოდი ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ, – თქვა კაცმა. - თეთრი პალატა სულ სხვაა. სუფთა, თეთრი პალატა. ყველანი ასეთ თეთრ და სუფთა ადგილზე კვდებოდნენ. სიკვდილისპირს მილეული სახე უცინოდა. ვიღაცას ეძახდა, ელაპარაკებოდა: "სინათლე, თეთრი სინათლე, ფერი, თეთრი ფერი, მოვიდა სიწყნარე, თეთრი, სითეთრე”...
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1013 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|