♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 19 » ნიკო გომელაური :"ჩემი ლექსები სხვაში არ შეეშლებათ"
1:46 PM
ნიკო გომელაური :"ჩემი ლექსები სხვაში არ შეეშლებათ"


მსახიობ ნიკო გომელაურს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, თუმცა, ამის გამო არც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილა და არც ცხოვრებაზე ჩაუქნევია ხელი. სცენის გარეშე იმდენად ვერ წარმოუდგენია ყოფნა, თუ მკურნალობის კურსი ხელს შეუშლიდა, მზად იყო არ ჩაეტარებინა.



– როდის აღმოაჩინეთ თქვენში შემოქმედებითი ნიჭი?

– ვერ ვიტყვი, რომ არ ვიცოდი და ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე. ბავშვობიდან მინდოდა, მსახიობი ვყოფილიყავი. არა მხოლოდ მინდოდა, ვთვლიდი, რომ ეს ჩემი საქმე იყო, უკვე მსახიობად ვგრძნობდი თავს. ასე მივედი თეატრალურ ინსტიტუტში. რაც შეეხება პოეზიას, გარდა იმისა, რაც ღმერთმა ნიჭი მომცა, აქ ჩემი მშობლებისა და ძმის დიდი დამსახურებაა. ბავშვობიდან, სანამ კითხვას ვისწავლიდი, ბევრს მიკითხავდა, შემაყვარეს კითხვა, პოეზია. განსაკუთრებული დღე და წელი არ ყოფილა, რომ მივმხვდარიყავი, წერა შემეძლო. რაც შეეხება აღმოჩენებს, პატარ–პატარა აღმოჩენები დღემდე გრძელდება და, დიდი იმედი მაქვს, სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება.

– თქვენი ცხოვრებისეული გზის არჩევანი აღზრდამ განაპირობა?

– ადამიანის ქცევებს დიდწილად აღზრდა და ოჯახი განაპირობებს. სიამოვნებით ვუსმენდი, როცა მიკითხავდნენ. ეს არ იყო იძულებითი. იძულებითი იყო, როცა კითხვას ვსწავლობდი და მიჭირდა. როცა რაღაც გიჭირს და ძალა უნდა დაატანო, ბავშვისთვის რთულია. ყოველთვის ურჩევნია გაერთოს, ფეხბურთი ითამაშოს, მაგრამ როცა ჩვევაში გადაგდის, გიყვარდება, ათავსებ გართობას და კითხვას.

– სპორტით გატაცებული იყავით?

– ბავშვობიდან დავდიოდი ცურვაზე, ჩოგბურთზე, კალათბურთზე, ფეხბურთზე, მერე უკვე კრივზე. არასდროს მინდოდა სპორტსმენი გავმხდარიყავი, თუმცა ფეხბურთი და კრივი განსაკუთებულად მიყვარდა. კრივი ვაჟკაცური, კაცური სპორტია, ჯენტლმენური, ჩემი აზრით, ძალიან ლამაზიც. ფეხის დარტყმა არ შეიძლება არც წელს ქვემოთ, არც ზურგში. ილეთები ქუჩაში არასდროს გამომიყენებია. ძალისმიერ სპორტს ერთი თვისება აქვს, იმდენად იხარჯები, რომ თავდაჯერებული ხდები და ქუჩაში ამის გამოყენება აღარ გჭირდება.

– პირველი ლექსი თუ გახსოვთ?

– ალბათ, ეს მაინც მიბაძვით და გავლენის ქვეშ იყო დაწერილი. ბავშვობაში განსაკუთრებით მიზიდავდა ვაჟას პოეზია. მინდოდა ისეთივე გმირებზე მეწერა, როგორზეც ვაჟა წერდა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს რაზე დავწერე. როცა იზრდები და საპირისპირო სქესის წარმომადგენელს აქცევ ყურადღებას, ლირიკა ერთვება, სიყვარულზე წერ, იქ უკვე გალაკტიონის გავლენა იგრძნობოდა. უფროს კლასებში რომ ვიყავი, ეროვნული მოძრაობა იკრებდა ძალას და ლექსებიც პატრიოტული გახდა. დღევანდელი გადასახედიდან მეცინება, ურაპატრიოტული ლექსები იყო.

– თქვენს პოეზიაში ეტაპობრივად სხვადასხვა თემა შემოდიოდა და სხვადასხვა მწერლის გავლენა იგრძნობოდა?

– რა თქმა უნდა, სანამ ჩემი საკუთარი ფორმა არ მოვძებნე, არ ჩამოყალიბდა. ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ დღეს ვინც იცნობს ჩემს ლექსებს, არავითარ შემთხვევაში არ შეეშლება სხვა პოეტის ლექსებში.

– ძნელია გავლენისგან განთავისუფლება?

– თუ შინაგანად პოეტი ხარ, ძნელი არ არის, აუცილებლად იპოვნი შენს გზას, თუ არ ხარ, მაშინ უბრალოდ აღარ დაგაინტერესებს წერა, ან უნიჭო რიგითი პოეტი იქნები. ეს ძალიან მარტივად ირკვევა, რამდენად იყიდება შენი წიგნები, მოდიან თუ არა შენს საღამოზე, კრებ თუ არა აუდიტორიას. თუ საღამოზე შენი დის, ძმისა და ახლობლების გარდა არავინ მოდის, მაშინ რა პოეტი ხარ?!

– როდის წარსდექით მსმენელის წინაშე, როგორც პოეტი?

– 12 წლის წინ კოტე ყუბანეიშვილს და მე გვქონდა რადიოში გადაცემა "რადიოაქტიური". აქედან დაიწყო ჩვენი ლექსების ფართო მსმენელზე გატანა. ამ ბაზაზე შედგა ჩვენი პირველი საღამო ერთ–ერთ კერძო კლუბში. ჩვენი ახლობლების გარდა, ას კაცამდე შეგროვდა, რაც მაშინ ძალიან გაგვიკვირდა და გაგვიხარდა. ლექსები მიიღო მსმენელმა. მერე და მერე თავისუფალ თეატრში, თეატრალურ სარდაფში იმართებოდა საღამოები.

– როგორც მსახიობს, რაში გეხმარებათ პოეზია?

– სცენიდან ყველაფერს ვერ იტყვი. მაინც გარკვეულ დრამატურგიულ–რეჟისორული ფორმის ჩარჩოებში ექცევი. ეს ის სფეროა, სადაც შემიძლია, რაც მაკლია სცენიდან ვთქვა, რაც მაწუხებს და მინდა მსმენელამდე მივიტანო, ჩემია ბურთი და მოედანი, თავისუფალი ვარ. თუმცა, ჩემი საღამოები მონოლოგები არ არის, თითოეული ლექსი მინიპიესაა, მინიწარმოდგენა. დიალოგის ფორმა აქვს საღამოებს, ენერგიის გაცვლა–გამოცვლა ხდება.

– რომელიმე როლის გავლენით თუ დაგიწერიათ ლექსი?

– როლში ამბობ იმას, რაც როლს სჭირდება. სტუდენტობისას მქონდა საოცნებო როლი, ჰამლეტის თამაში მინდოდა, პუშკინის "დონ ჟუანში", მაგრამ წლებთან ერთად გაიარა აკვიატებებმა.

– ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თუ შეცვალა თქვენი ცხოვრებისეული წესი?

– არანაირი გარდატეხა არ მოუხდენია და ღმერთისა და ექიმების წყალობით, არც ხელი შეუშლია, არც ერთი წამით არ შემიწყვეტია მუშაობა. დღეს ჩემი ჯანმრთელობის პრობლემები ასე თუ ისე მოგვარდა. ფიზიკურად სცენაზე დგომის, წერის ან მუშაობის პრობლემა არ მაქვს.

– თქვენთვის ეს არ იყო დამთრგუნველი?

– რაღაც ბავშვურად ვუდგები ყველაფერს, არ ვიცი რამდენად კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაში გაამართლა. არასერიოზულად მივუდექი, არ მქონდა განსაკუთრებული განცდა, "უი, დედა, ეს რა დამემართა, დამთავრდა ცხოვრება". "ლაითად" შევხედე. ზოგჯერ ამბობენ, რომ ძალიან ეგოისტი ვარ. მიყვარს ჩემი თავი და, პირველ რიგში, ჩემს თავს ვაყენებ წინ, მაგრამ არა მგონია ასე ვიყო. საკუთარ თავზე არ განვიცდი, რამე თუ მჭირს.

– თქვენმა კოლეგებმა იცოდნენ თქვენი პრობლემის შესახებ და შეიცვალა მათი დამოკიდებულება?

– დამოკიდებულება იცვლება, როცა შენ ამის საშუალებას აძლევ. მე რომ ტრაგიკული სახით მევლო, შევცვლილიყავი, ალბათ მათაც შეეცვლებოდათ დამოკიდებულება თუ დათრგუნულს დამინახავდნენ. იცოდნენ ჩემი ამბავი, არ მქონდა უფლება დამემალა. როცა ორ თეატრში ხარ და ორივეში მნიშვნელოვანი ადგილი გიკავია, ერთ–ერთი ხარ, ვისზეც რეპერტუარი იგება, შენ გარეშე სპექტაკლი წარმოუდგენელია. რაღაც პერიოდია საჭირო, რომ შეგცვალონ. თავიდანვე გავაფრთხილე რეჟისორი, შეიძლება მომიწიოს სცენასთან ჩამოშორება რაღაც დროით და გქონდეთ აზრად, ვინ შეიძლება შეიყვანოთ ჩემს როლზე. ბუნებრივია, ეს პარტნიორებმაც იცოდნენ.

– თუ წარმოგედგინათ თქვენი ცხოვრება სცენის გარეშე?

– ვერა, ეს იგივეა ჩემი თავი წარმოვიდგინო ჩემი თავის გარეშე. როცა ასეთ მაღალფარდოვან სიტყვებს ამბობენ და გვერდიდან უყურებ, სასაცილო შთაბეჭდილებას ტოვებს. არ მინდა მეც იგივე შთაბეჭდილება დავტოვო, მაგრამ რეალურად ასეა. როდესაც ონკოლოგიური დიაგნოზი დამისვეს და ქიმიოთერაპია დამინიშნეს, ვთქვი, თუ ეს ხელს შემიშლის და ვეღარ ვითამაშებ, მაშინ უარს ვამბობ მკურნალობაზე და მირჩევნია რამდენსაც "გავქაჩავ", იმდენ ხანს ვიქნები სცენაზე–თქო. სცენა ჩემი ცხოვრების აზრი და არსია. შეიძლება წლების შემდეგ შეიცვალოს, მაგრამ ახლა ასეა.

– ბუნებით ოპტიმისტი ადამიანი ჩანხართ.

– არა მგონია. საერთოდ, ოპტიმისტები დიდწილად სულელების შთაბეჭდილებას ტოვებენ. ირგვლივ ნგრევაა, გაჭირვება და მე მაინც კარგ ხასიათზე ვარ, ცოტა სულელურია. მაგრამ არც პესიმისტი ვარ, რომ ყველაფერში ცუდს ვხედავდე.

– ხასიათის ცვალებადობა გახასიათებთ?

– კი, ძალიან და მესმის, რომ რთულია ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის. ვერ ხვდებიან რატომ ვიყავი ხუთი წუთის წინ მხიარული და მერე მოწყენილი. ბევრი მეგობარი მყავს და უამრავ ადამიანს ვიცნობ, მაგრამ ჩემთვის მეგობარი მაინც ის არის, ვისთანაც ბავშვობიდან ვმეგობრობ. ჩვენ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. მათთვის არ არის დისკომფორტი, როცა შეიძლება ჩემთან სტუმრად იყოს და მე საერთოდ არ მივაქციო ყურადღება, წამოვწვე, ან ჩემთვის რაღაც დავწერო.

– ზოგმა შეიძლება ეს თქვენს უცნაურობად ჩათვალოს?

– ვინც ამას უცნაურობად ჩათვლის, ვცდილობ მათთან ასე არ მოვიქცე. არ მიყვარს, როცა უცნაურად განზრახ იქცევიან. იცით მე როგორი უცნაური ვარ? მე მათთან ვიქცევი ისე, რომ ამას არა უცნაურობად, არამედ ადამიანის თვისებად აღიქვამენ.

– ჩაცმის სტილითაც განსხვავდებით ხოლმე, ესეც ბუნებრივად ხდება?

– ვიცვამ ისე, როგორც მსიამოვნებს და როგორც კომფორტულად ვგრძნობ თავს. არ მივყვები მოდას და არ ვაქცევ ყურადღებას რა არის ამ წელს აქტუალური. ღიმილს მგვრის ასეთი დამოკიდებულება. როგორ შეიძლება მეტრ–ნახევრიანმა და ორმეტრიანმა ქალმა ერთნაირად ჩაიცვას, ერთი სტილი და ფერი მოიხდინოს. მოდას ერთი ძალიან ცუდი თვისება აქვს, ინდივიდუალურობას აკარგვინებს ადამიანს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ჯინაზე უნდათ განსხვავებულად გამოიყურებოდნენ. ესეც ღიმილის მომგვრელია. რაც უფრო ნაკლებად თვალშისაცემი ვიქნები, უკეთესია. მსახიობი ვარ და ამ პროფესიაში დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანებზე, გარემოზე დაკვირვებას. როცა შენ ხარ ყურადღების ცენტრში, შენ გაკვირდებიან. ეს დროს გაკარგვინებს. ცდილობ სხვანაირად მოიქცე, ცუდად არ გამოჩნდე და როლს თამაშობ. მირჩევნია შეძლებისდაგვარად ვიყო ჩრდილში და სხვა გახდეს ჩემი დაკვირვების საგანი. მერე ამას პროფესიაში გამოვიყენებ.

– სცენის გარდა ცხოვრებაშიც თუ გიწევთ თამაში?

– ვცდილობ ნაღდი ვიყო, როგორც სცენაზე, ისე ცხოვრებაში.

– რისკიანი ადამიანი ხართ?

– ვერ ვიტყვი, რომ დიდი რისკის მქონე ვარ. მირჩევნია, შუალედი ვიპოვო, არც გავრისკო, მაგრამ ერთი და იმავეს კეთებითაც არ დავკმაყოფილდე. სიფრთხილით ვეკიდები გარდატეხებს. სიფრთხილით ვეკიდები ერთ ადგილზე ყოფნას.

– ლექსი წაგვიკითხეთ, ბატონო ნიკო.

– "რა უცნაური დადგა დროება

აცდენილია ხმა და ტკივილი

გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება

დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი".

კატეგორია: ♥ცნობილი მწერლები♥ | ნანახია: 1458 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 mari  
0
gmertma natelshi amkofos

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 7:15 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024