მთავარი » 2010 » მარტი » 27 » განშორება რომ არ ყოფილიყო…
10:02 AM განშორება რომ არ ყოფილიყო… |
განშორება რომ არ ყოფილიყო, შენს ცაზე მოხეტიალე ვარსკვლავად დავრჩებოდი, მივატოვებდი ჩემს სიცოცხლეს, შენს ალმურში ჩავიწვებოდი, და წავიდოდი მე ღრუბლების მწვერვალებზე სახეტიალოდ, რომ კვლავ გხლებოდი მდინარეებად, შენს ხოდაბუნში რომ გაიშლებიან. მაგრამ ვაი რომ ოცნებები გაგვფანტავენ ჩვენ სივრცეში მოჩვენებებად, კვლავ დარჩებიან იდუმალნი და ნეკნებში ჩაინთქმებიან.
განშორება რომ არ ყოფილიყო, შორს წაგვიყვანდნენ ნაბიჯნი ჩვენი _ დაბნეულნი და არეულნი, და მონატრება ჩვენი უფრო გამძაფრდებოდა, დავეყრდნობოდით გზას მოცახცახეს, გადაგვისროდა წამები ჩვენი ხალხის ხმაურში, როგორც სხეული, გაბნეული მეორე სხეულში; ერთად ვივლიდით, თითქოს მავანს ერთ არსებად შევუკონივართ, ჩვენს გარშემო კი გაიელვებდნენ სახენი ხალხთა, ვითარცა ქარი. ვერავისაც ვერ შევამჩნევდით და მე მით უფრო, ყველას სახე ხომ შენი მგონია.
მე კვლავ ვიხსენებ: როს მოვიდა დრო გამგზავრების და უძილობამ უკიჟინა მოწყენილ თვალებს მყუდრო ნაპირთან, ჩვენმა სუნთქვამ კი ნეკნებს შუა წაიბორძიკა და უძილობამ იწყო ჩვენი ორად გაყოფა და შენს ხელებში ჩემი ცხოვრება მე დავინახე ოხუნჯ ზაფხულის იმ ქარებად, ბევრს რომ დამპირდა, ოცნების ნავლად და ფოთლებად კიდევ რაღაცის. ეს მე ვარ: ჩემი ცხოვრება ფოთოლია, ჩემი ოცნება ფურცელია, პატარა ბავშვი, ტალღების ცეცხლში რომ დაატყვევა იგი დახრჩობამ, და სინათლე ვარ მე დევნილი შორს ჰორიზონტზე, მწუხრი რომ შთანთქავს და ვარსკვლავი ვარ, სამყარო რომ გაანათა მხოლოდ ერთ დღეს და …… შემდეგ დაიწვა.
ო, ნუღარ ჰკითხავ ნაღვლიან თვალებს, სისხლი რამ ადინა, რატომ შეხვდა სევდა-წვალება, შორეულ ვარსკვლავს ნუღარ ჰკითხავ, რა საიდუმლო მან წარიტანა, ანდა ოცნებას რა ეშველება. როგორც არ უნდა დაიმალოს თვალში ოცნება და სიკვდილმა კი მომისაჯოს მე უძილობა, ცხოვრების ფერფლში იმედის სხივს მაინც შევნიშნავ, ახალ ვარსკვლავებს ჰორიზონტზე კვლავ ამოვიყვან. ხვალ მწუხრის ღამეს დღე ბედნიერი შემოსავს ფოთლით, ხვალ დაგინახავ მზედ სივრცეში, ამ ჩემს ბნელ დღეებს რომ გაანათებ, თუნდაც შორს იყო.
განშორება რომ არ ყოფილიყო, გამოგარჩევდა ჩემი ტრფობა ქუჩის ხმაურში და მოვითმენდი შიშს ბილიკებზე, ხოლო სიზმრები დაირწეოდნენ ჩვენს თვალებს შორის და უჩინარი გახდებოდა შერწყმა ჩვენი მაჯისცემისა. მოეხვეოდა ღამე მთვრალი თავის ფიალას, შემოუვლიდა სირაჯხანებს ნაბახუსევზე, მისი ნათელი ელვარებას ჩაღვრიდა თვალში და დაიწყებდა აივნებზე მორცხვად ხეტიალს. ჩვენ ვილოცებდით გზაში, ჩვენ გარშემო კი ღვთისმსახურები მოხითხითე ქალს დასცინებდნენ. ჩავახუტებდით სიბნელეში ჩვენ ცრემლებს ჩვენსას და გააპობდა ბილიკს ცრემლები. მოგზაური დრო სისხლში ჩამისახლდა, ტანჯვა-წამებამ ამირია მე ნაბიჯები, დრო-ჟამი ტკბება, წუთები კი უჩინარდება, ჩვენ კი თან მივსდევთ წამებს წამებით. მე არ ვიცოდი, ისე გვეწვია ჟამი მგზავრობის, ჟამი წამების და ვეთხოვები სულს, სიცოცხლეს განაწამები. გამოთხოვების – უკვე განვლილის შიში არა მაქვს, განშორებას კი მე მომავალს ვეღარ გავუძლებ. ჩვენ განშორებამ არაფერი არ დაგვიტოვა, გარდა ჭრილობის, ჩემს სიტყვებში ასე რომ კვნესის. განშორება რომ არ ყოფილიყო, შენ იქნებოდი მონანიება ჩემი, ცოდვის ჟამს ჩემთან რომ რჩება, და შენს სახებას გადავაქცევდი ყიბლად ჩემად, ჩემს სალოცავად, გადასარჩენად.
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1457 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|