_ნახე გათენდა _ჰო, მგონი როგორც იქნა უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო _დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ. _ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . . _ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ. _ჰმ! დიდი ბედნიერებაა _ჩუ, მგონი მოდიან _აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა? _კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი. _მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე. _ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა. _ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ. _ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს _შენ რატომ კანკალებ? _არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო. _ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები. _მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს! _ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . . _გვისმინე ღმერთო, ამინ!
|