ვწევარ და ვუსმენ, ქარია გარეთ, მე ბნელ ოთახში ვწევარ და ვუსმენ, გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედელბზე როგორ აჭედებს ლურსმნებს. სად გაქრა შენი ფერმკრთალი სახე, სუნთქვა სიჩუმის და ფოთოლცვენის? ან ის სიზმრები, ერთად რომ ვნახეთ, აუხდენელი სიზმრები ჩვენი? სად წახველ, საით გაყევი ქუჩებს, სად დაგავიწყდი, სად ვიყავ მაშინ? ან იქნებ, ვინმეს მოუნდა, უცებ, ჩემი კივილი გაეგო ქარში... საბრალო სული! დე იყოს ასე! მე არ მრცხვენია ვნებები ჩემი! მე ყოველ ღამეს შენი ხმით სავსეს ვხვდები ცახცახით და გულისცემით... მაგრამ შენ სად ხარ?.. ქარია გარეთ, ისევ ქარია და ისევ ვუსმენ, გრძელ თმებში ტოტებგაჩრილი ქარი კედლებზე როგორ აჭედებს ლურსმნებს.
|