ჰეეი! ჰეი! მომხედე! მე ვარ! რა იყო, ვერ მიცანი? აბა, რომ მპირდებოდი, ყოველთვის გიცნობო?! მომატყუე? როგორც მახსოვს, იმასაც მპირდებოდი, არასდროს მოგატყუებო... კარგი, არა უშავს, გაპატიე. პრინციპში, მე ვინ ვარ, რომ გაპატიო, მაგრამ მაინც გაპატიე.
მიტოვებული ბინასავით დავცარიელდი. წარსულის სუნი ამდის მთლიანად. ეტყობა, დღეს ვერ მოვიცილებ. წვიმამ დამაწვიმა სიძველე. სინესტემ გამახსენა ცხრიანი, ვიტამინები, თოვლი და ქარი. არადა, მჭირდები, როგორ!.... სულ ტყუილად მიმაჩვიე სითბოს. ხედავ, დამაკლდა ახლა და ცუდად ვარ უკვე. ყურადღების საკმარის დოზას ვითხოვ. შენ წარმოიდგინე, არ იმეტებენ.
დახუფული ვარ და მიჭირს წესიერად სუნთქვა. ხომ ვერ მეტყოდით, წელიწადის რა დროა ახლა? რა ზარმაცი ხალხია!... მოდი, თვითონ გამოვიცნობ: ახლახანს ვნახე, რამდენიმე თავდახრილი, შუა ხნის ადამიანი მშვიდი ნაბიჯით მოდიოდა ჩვენი დედამიწისკენ. ყვითელი ლაბადები ეცვათ. გამახსენდა! ყვითელი სიყვარულის დროა ახლა! შენ იცოდი, სიყვარულს რომ ოთხი ფერი აქვს? არა? ოდესმე აგიხსნი, ალბათ.
წვიმა წვეთ-წვეთად მიყრის ცხვირწინ წარსულის ლანდებს. ნისლში კადრებად იცვლებიან ყოფილი სახეები. გინდა, დაგენიძლავები, რომ აქედან ვერავინ მხედავს! აი, ნახე, ახლა ვიყვირებ და არავინ შემომხედავს.
- მე თავისუფალი ვარ!!! თა-ვი-სუ-ფა-ლი!!!
მგონი, ძნელად წარმოსადგენი არაა, რომ ,,მამაცი გული’’ გამახსენდა, მელ გიბსონის მონაწილეობით.