♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 2 » თუ ახლა არა, მაშ როდის?
8:38 AM
თუ ახლა არა, მაშ როდის?

უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილიაII
თუ ახლა არა, მაშ როდის?

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა,

ადამიანი უდიდესი საოცრებაა. იგი გვირგვინია ღვთის ქმნილებისა, ხატი და მსგავსებაა ღვთისა. ხატება ღვთისა ადამიანში წარუშლელია, ხოლო მსგავსებას ღვთის წყალობითა და შემწეობით თვითონ უნდა მიაღწიოს. ყოველმა ადამიანმა თვითონ უნდა იზრუნოს სულიერი ამაღლებისა და სრულყოფილებისათვის, რაც მას ღმერთს დაამსგავსებს. ძალით თავს მოხვევა ცხოვნების სურვილისა არ შეიძლება. მართალია, ცხოვნება წყალობაა ღვთისა, მაგრამ თავად ადამიანიც უნდა იყოს მზად ამ წყალობის მიღებისათვის.

ბევრი რამ თქმულა და დაწერილა ადამიანის შესახებ, მაგრამ იგი მაინც უდიდეს საიდუმლოებად რჩება, რადგან ვერასოდეს ვერავინ ახსნის იმას, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ადამიანი. ამასთან დაკავშირებით მე მინდა გავიხსენო ის სამი მოკლე წინადადება, რომელშიც ერთ-ერთ ებრაელს კაცობრივი ყოფის მთელი სიბრძნე ჩაუქსოვია. პირველი: მე თუ არ ვარ ჩემი თავისთვის, მაშ ვინ არის ჩემთვის. ადამიანი მართლად, უპირველეს ყოვლისა, თავისი თავისათვის უნდა იყოს, მაგრამ ჩვენ გვავიწყდება, რომ არა მხოლოდ სხეული, არამედ უპირველეს ყოვლისა, სული ვართ. ამიტომ საკუთარ თავზე ზრუნვა პირველ რიგში სულზე ზრუნვას ნიშნავს, რადგანაც იგი უკვდავია, ხოლო სხეული მიწას მიეცემა და მიწადვე იქცევა.

მეორე: თუ მე მხოლოდ ჩემთვის ვარ, მაშ რა ვარ მე, ე.ი. უკეთუ ადამიანი მხოლოდ საკუთარ სულზე ზრუნავს, რა არის იგი, მხოლოდ მკვდარი სხეული და მეტი არაფერი. საქმე იმაშია, რომ კაცი, რომელიც მხოლოდ საკუთარი თავისთვის ზრუნავს, ვერც სხვას არგებს რამეს და ვერც თავის თავს. ამას ხომ ეგოიზმი ჰქვია. თავის მე-ში ჩაკეტილი და ნაჭუჭში მოქცეული კაცი საკუთარ სულსაც ივიწყებს, რადგანაც საკუთარ სულზე ზრუნვისათვის სწორედ სხვებზე ზრუნვაა საჭირო. შეუძლებელია, რომ ადამიანი, რომელიც საკუთარი სულისთვის იღწვის, სხვებზე არ ზრუნავდეს.

მესამე: თუ ახლა არა, მაშ როდის? ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც დღეს უნდა გაკეთდეს, ხვალისათვის არ უნდა გადავდოთ და არც სხვას უნდა მივანდოთ. თუ ახლავე, დღესვე არ ვიფიქრეთ სულზე, ჩვენი სამშობლოსა და ერის მომავალზე, მაშ როდისღა? ხშირად, სანამ კაცი ახალგაზრდაა, ფიქრობს, რომ დროს თავისუფლად გაატარებს და სულზე მერე იფიქრებს. სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა უგუნურება და შეცდომა. არავინ იცის, როდის დაუდგება ის წამი, როცა ზღურბლზე გადაბიჯება მოუხდება და უფლის სამსჯავროს წინაშე წარდგება. ამიტომ ის, რისი გაკეთებაც დღესაა შესაძლებელი, დღესვე უნდა გაკეთდეს.

ხშირად ადამიანი აღსარების დროს გაორებულია. ერთი ხმა ეუბნება, რომ ყოველი შეცოდება გულწრფელად აღიაროს ღვთისა და მოძღვრის წინაშე და ცოდვის ტვირთისაგან განთავისუფლდეს, მეორე ხმა კი აჩერებს და ეუბნება: ნუ ეტყვი, სირცხვილია, რას იფიქრებს შენზე მოძღვარიო. პირველი ხმა კეთილ ანგელოზს ეკუთვნის, მეორე კი - ბოროტს. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ყოველ აღსარებაზე ისე უნდა მივდიოდეთ, თითქოს იგი ჩვენთვის უკანასკნელი იყოს. ვინც ასე იფიქრებს, რა თქმა უნდა, ცოდვებისაგან გათავისუფლებას მოინდომებს და ყველა ცოდვას გულწრფელად აღიარებს. ცენტრი ადამიანისა გულია. იქ ხდება ყველაფერი, ამიტომაც ევედრება უფალს დავით წინასწარმეტყველი: გული წმიდაჲ დაბადე ჩემთანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. გულია მთავარი, რადგან როგორც წმიდა წერილი გვასწავლის, გულიდან გამოდიან ზრახვანი ბოროტნი და კეთილნი; გულის კულტურა უდიდესი საიდუმლოა და სწორედ ის შეძლებს იყოს მსგავსი ღვთისა, ვინც მის განწმენდას მოახერხებს.

დღეს ეკლესია იხსენებს სწორედ ერთ-ერთ ასეთ მოღვაწეს, წმიდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელს. იგი თესალონიკის პროკონსული იყო და მე-3 საუკუნის ბოლოსა და მე-4 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. მართალია, მისი მამა რომის იმპერატორის კარზე მსახურობდა, მაგრამ ფარულად ქრისტიანი იყო. როცა იგი გარდაიცვალა, იმპერატორმა მისი ვაჟი, დიმიტრი, გამოიძახა, მოეწონა ახოვანი ჭაბუკი, გონიერებითა და სიბრძნით აღსავსე და მამამისის თანამდებობა უბოძა. როგორც რომის იმპერიის მოხელეს, დიმიტრის თესალონიკში ქრისტიანების დევნა და წამება ევალებოდა. იმპერატორის წინაშე მან საოცარი თავშეკავება გამოიჩინა, ხოლო როცა თესალონიკში დაბრუნდა, პირიქით მოიქცა, ყოველივეს აკეთებდა ქრისტიანობის გასავრცელებლად და განსამტკიცებლად, არ ეშინოდა არავისა და არაფრისა. როცა იმპერატორმა მაქსიმიანემ მისი მოღვაწეობის შესახებ შეიტყო, ჯარით მივიდა თესალონიკში, წმიდა დიმიტრი შეიპყრო და სასტიკად აწამა; წამების შემდეგ იგი საკანში შეაგდეს და შუბით განგმირეს. წმიდა დიმიტრის მირონმდინარე ეწოდება, რადგან მისი ნეშტიდან, განსაკუთრებით კი თავის ქალიდან, დღესაც მდინარებს მირონი, რომლითაც მრავალი სნეული იკურნება. ეს სასწაული იმაზე მეტყველებს, რომ უფალმა იგი განწმენდილი და სიყვარულით აღსავსე გულისათვის დააჯილდოვა და მისცა ძალა, რომლითაც აგერ უკვე ჩვიდმეტი საუკუნეა გასაჭირში ჩავარდნილ მოყვასს შველის.

კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ სიტყვები: თუ ახლა არა, მაშ როდის? ზრუნვა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის, ჩვენი ერის მოქცევისათვის, საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის დღესვე უნდა დავიწყოთ. ერის მოქცევა მხოლოდ სამღვდელოების საქმე როდია, იგი თითოეული მორწმუნის მოვალეობაცაა. შეხედეთ, როგორი გააფთრებით ებრძვის დღეს ბოროტება სიკეთეს. ამაზე დღეს ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სექტების არნახული გამრავლება და გაძლიერებაც მეტყველებს, ვის აღარ შეხვდებით საქართველოში: სტაროვერებს, ბაპტისტებს, ორმოცდაათიანელებს, იეღოველებს, კრიშნაიზმის მიმდევრებს. ამიტომ სიკეთის დაცვა ბოროტების შემოტევისაგან ჩვენ გვევალება, ჩვენ უნდა ავუხსნათ ერესის გზაზე დამდგარ კაცს, რა საფრთხეს უქმნის საკუთარ სულსაც და ქვეყანასაც და დავეხმაროთ ბოროტების ტყვეობისაგან განთავისუფლებაში.

ღმერთმა მოგცეთ ძალა და მადლი ამგვარი მოღვაწეობისათვის, წმიდა დიდმოწამე დიმიტრის ლოცვით ღმერთმა ინებოს ქართველი ერის მოქცევა, მისი მშვიდობა და კეთილდღეობა, ამინ.

ქრისტეს მიერ საყვარელნო! გახსოვდეთ, რომ სულიერი განწმენდის გარეშე თავისუფლებას სიკეთე არ მოაქვს!
ქრისტე ვერ შეიცნეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რადგან მისგან ამქვეყნიურ თავისუფლებას მოელოდნენ. რომაელების ბატონობის ქვეშ მყოფ ებრაელებს ქრისტე ასწავლიდა, რომ უპირველეს ყოვლისა, სულიერი განწმენდისათვის უნდა ეზრუნათ. ეს კარგად ჩანს დღევანდელი საქართველოს პრესისა და ტელევიზიის ზოგიერთ მაგალითზეც. მარტო გარეგნული პირობებით ადამიანი ვერასდროს ვერ გახდება თავისუფალი და ვერ სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებს. მაგალითად, სოლომონ მეფეს აურაცხელი სიმდიდრე ჰქონდა და ყველა გულისწადილს ისრულებდა, მაგრამ ღვთის შეწევნით მიხვდა, რომ ყოველივე ამაოა; მხოლოდ ღმერთია მკურნალი. თუკი მატერიალურ კეთილდღეობას სჭირდება ბეჯითი შრომა და ზრუნვა, მითუმეტეს სჭირდება იგი სულს.
სულიერ საკითხებზე უცთომელი პასუხი შეიძლება მიიღო მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. აირჩიე სულიერი მოძღვარი, რომელიც დაგეხმარება საკუთარი მანკიერების შეცნობაში.
საკუთარი ცოდვის განცდა კი გაგათავისუფლებს ამპარტავნების (სხვაზე უმჯობესად თავის წამოდგენისგან).
ამპარტავნება წარმოშობს დაცინვას, განკითხვას, ზიზღს, სიძულვილს... ღვთის შვილობა თუ გინდა, უნდა გძულდეს მხოლოდ ბოროტება, ბოროტების ჩამდენი ადამიანი კი უნდა გებრალებოდეს, მისი გამოსწორებისათვის უნდა ლოცულობდე, ევედრებოდე ღმერთს. გახსოვდეს, ერთი ადამიანიც რომ გძულდეს, შენს ლოცვას ღმერთი არ შეისმენს!
ნათლობა ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა ქრისტიანთათვის. იგი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. განმეორებით ნათლობას მართლმადიდებელი ეკლესია დიდ ცოდვად მიიჩნევს. ნათლობით გვეხსნება ცოდვები, მაგრამ ცოდვისაკენ მიდრეკილება კი რჩება. ამიტომ ჩვენ ვსაჭიროებთ მუდმივ განწმენდას სისტემატური აღსარებით და ზიარების საიდუმლოს აღსრულებით. ნათლობისას ვპირდებით ღმერთს, რომ განვეშორებით შურს, სიხარბეს, ანგარებას, მკითხაობას, სიძულვილსა და სხვა ბოროტებას; ამიტომ ახალი პირობის დადება არ სჭირდება ღმერთს (იგულისხმება „შეთქმული საკლავი" და მისთანანი, ქრისტემ ხომ ჯვარცმითა და აღდგომით საბოლოოდ გააუქმა სისხლიანი მსხვერპლშეწირვა). ღმერთი არ საჭიროებს ჩვენგან დახმარებას. ჭეშმარიტი შესაწირავის შინაარსია მოწყალების გაცემა და არა ქეიფი და დროსტარება.
ტაძარი არ არის საქეიფო ადგილი, ტაძარი სალოცავი სახლია! თუ ღვინის ოხშივარი გაგვიქარვებს სასოებას, დავკარგავთ მოწიწებასა და მოკრძალებას ღვთის წინაშე, წყალობის ნაცვლად ღვთის რისხვას მოვიწევთ.
ნუ მიენდობი ნურც შენს მატერიალურ სიმდიდრეს და ნურც ადამიანებზე დაამყარებ იმედს; მიენდე მხოლოდ ღმერთის ნებას, მან უკეთ იცის რა არის შენთვის სასარგებლო და მოგცემს ყოველივეს, რაც კი საჭირო და აუცილებელია. როდესაც შეიგნებ, რომ ყოველი წამი შენი ცხოვრებისა ღვთის ხელშია, გახდები მადლიერებით მლოცველი; გაჭირვებისას – მდაბლად ითხოვ, დალხინებისას – აქებ და ადიდებ ღმერთს.
გახსოვდეს, სანამ მხოლოდ ღმერთზე არ დაამყარებ იმედს და სავსებით არ მიენდობი მის ნებას, ვერასოდეს გახდები თავისუფალი!
იკითხე წმინდა წერილი (ძველი და ახალი აღთქმა), წმინდანთა ცხოვრება და მათი დარიგებანი, რათა მოგემატოს რწმენა და სიყვარული ღვთისა. გახსოვდეს, რომ წმინდა წერილი ღვთის შთაგონებით დაიწერა წინასწარმეტყველებისა და მოციქულების მიერ; ასევე ღვთის შთაგონებითაა განმარტებული წმინდა წერილის ყოველი სიტყვა წმინდა მამების მიერ.
ღმერთი გუშინ და დღეს ერთი და იგივეა. ჭეშმარიტება არ იცვლება დროის ან მატერიალური პირობების მიხედვით. ბიბლიის ერთსა და იმავე წინადადებას ამა სოფლის „ბრძენნი" სხვადასხვაგვარად განმარტავდნენ. ამიტომ წარმოიშვა კიდევაც სხვადასხვა სახის მწვალებლობანი, მაგალითად: მონოფიზიტობა – VI საუკუნეში, კათოლიციზმი – XI საუკუნეში, პროტესტანტობა – XVI-ში, ე.წ. „იეღოვას მოწმენი" – XIX-ში და სხვა მრავალი სექტა და რელიგიური დაჯგუფება.
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უცვლელად ქრისტეს მიერ მოციქულებზე გადმოცემულ და ქრისტიანთა შვიდ მსოფლიო კრებაზე დამტკიცებულ ჭეშმარიტებას.
გახსოვდეს, რომ იესო ქრისტემ თავისი ჯვარცმით მთელი კაცობრიობა გამოისყიდა ცოდვებისაგან და დედამიწაზე დაამყარა ეკლესია, რომლის გარეშეც სულის გამოხსნა შეუძლებელია!
ოჯახური ბედნიერების საყრდენი არის სწორი ზნეობრივი ურთიერთობა ქმარსა და ცოლს შორის, რომელიც გულისხმობს ერთმანებით სიყვარულსა და ერთგულებას. ცოლ-ქმარმა უნდა შექმნას ერთხორცი, ზნეობრივად სრულყოფილი არსება: ეს ხდება მაშინ, როდესაც ერთი ზნეობრივი სული მიენდობა მეორეს მარადიული სიყვარულით, რათა ერთმანეთში ნახონ ნუგეში, შველა და დახმარება რთულ ცხოვრებისეულ გზაზე. მართლმადიდებელი ეკლესია ქორწინებას აღიარებს ერთ-ერთ უდიდეს წმიდა საიდუმლოდ. ამ დროს მექორწილეებზე გადმოდის სულიწმიდის მადლი. რომელიც განწმენდს მათ ცოლ-ქმრულ ურთიერთობას, შემდგომში ბავშვის დაბადებასა და მის ქრისტიანულად აღზრდას.
ქორწინების საიდუმლოს აღსრულებას წინ უნდა უძღოდეს შემდეგი: 1) მექორწინეთა თავისუფალი ნება, რომელსაც ისინი აღიარებენ ეკლესიის წინაშე; 2) მშობლების კურთხევა. სამწუხაროდ, ხშირად ადამიანი ვნებას მიიჩნევს სიყვარულად. ადრე თუ გვიან ვნება ნელდება და ქრება და ჩვენ უსიყვარულო რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. თუ ადამიანი გიყვარს, თანაგრძნობით შეეცდები მისი ნაკლის გამოსწორებას: კი არ წამოაყვედრებ, არამედ დაფარავ, რომ სხვათა მიერ დასაცინი არ გახდეს და ყოველივე ამას სიყვარულით, მოთმინებით იზამ. სიყვარულის ერთ-ერთი ნიშანი ის არის, რომ შენი მეუღლის ნაკლი თანაგრძნობით აღიქვა. პავლე მოციქული ამბობს: „სიყვარული არ აიმაღლებს თავს, ყოველივეს ზედა უხარის, ყოველივეს დაითმენსო". საფუძველი ამისა სულიერი ერთობაა. თუ სულიერი ერთობა არსებობს ადამიანებს შორის, ამქვეყნიური პრობლემები, რაც არ უნდა მძიმე იყოს ისინი, მაინც დაიძლევა.
ოჯახი ერთიანი ორგანიზმია, რომელსაც ერთი თავი უნდა ჰქონდეს და ეს თავი ქმარი უნდა იყოს. „ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტესა, ეგრეცა ცოლნი თვისთა ქმართა ყოვლითა" (ეფეს. 5, 24). „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა, რამეთუ ქმარი არს თავ ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავ არს ეკლესიისა" (ეფეს. 5, 22-23).
ამასთანავე, ქმარს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. პავლე მოციქული წერს: „ქმართა გიყვარდედ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფეს. 5, 24); „ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს" (ეფეს. 5, 28).
ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება. აქ ეზიარება იგი რწმენასა და სიყვარულს, აქ ღვივდება მისი სული, აქ იქცევა იგი პიროვნებად.
სამწუხაროა, რომ თანამედროვე ოჯახი თანდათან კარგავს ამ ღრმა აზრს; თანდათან უფრო შემაშფოთებელია მისი რღვევის ნიშნები. მხოლოდ ქალს შეუძლია გადაარჩინოს ოჯახი: დედა ასწავლის შვილს პირველ ლოცვას, უკითხავს მას პირველ ლექსს. დედა შვილით ცხოვრობს, შვილით სუნთქავს, სხეულით გრძნობს მის სულიერსა და ხორციელ სატკივარს. როცა შვილი განსაცდელშია, დედა ნათელმხილველი ხდება, მისი ლოცვა სასწაულმოქმედ ძალას იძენს. წმიდა მამები ამბობენ, რომ დედის ლოცვას შეუძლია ჯოჯოხეთიდან ამოიყვანოს შვილის სული!..
ქალმა დაიწყო ადგილის ძიება ოჯახის გარეთ. ტექნიკურმა პროგრესმა, ცივი გონებით განსჯამ, პრაქტიციზმმა გააუხეშა და დაარღვია მისი ფაქიზი ქალური ბუნება. მას გაუნელდა შვილების ყოლისა და მათი აღზრდის სურვილი. გამოვიდა რა ოჯახიდან, ქალმა დაკარგა შინაგანი სიმშვიდე, კდემამოსილება, სისადავე, შინაგანი სიღრმე, გაუმჟღავნებელი განცდა; იდუმალების კვალი ნელ-ნელა ქრება თანამედროვე ქალის სახიდან.
ცოლ-ქმარს შორის უნდა სუფევდეს ურთიერთშეწირვის, თავდადების, თავგანწირვის სულისკვეთება. არასდროს არ უნდა ითხოვდნენ მეუღლეები ერთმანეთისაგან ზრუნვას, არამედ პირიქით უნდა ცდილობდნენ იზრუნონ ერთმანეთზე უანგაროდ და თავისი ზრუნვის საზღაური და საფასური არ მოითხოვონ. ეს არის ქრისტიანული სიყვარულის აღსრულების ერთ-ერთი იდეალური სახე; როცა ოჯახში ასეთი სიყვარულია, ამას აუცილებლად ხედავენ შვილები. ისინი გრძნობენ მშობლიურ სიყვარულს, ხედავენ მათ ურთიერთ სიყვარულს და მათში ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობას ზრდის, უჩნდებათ სურვილი, რომ თვითონაც ასეთივენი იყვნენ მშობლების, ერთმანეთის და საზოგადოების მიმართ.
მართლმადიდებლური ოჯახის წევრები უნდა იცავდნენ ეკლესიურ წესებს: უნდა მარხულობდნენ, სახლში ყოველდღიურად უნდა ლოცულობდნენ; აუცილებელია შაბათ-კვირას და დღესასწაულის დღეებში ეკლესიაში სიარული, სინანულითა და აღსარების საიდუმლოს მადლით ცოდვათაგან სულის განწმენდა, ხშირად ზიარება, ყოველწლიურად სახლის კურთხევა. აუცილებელია გარდაცვლილ ახლობელთა და წინაპართა სულებისათვის ლოცვა, ეკლესიის მიერ სპეციალურად მიცვალებულთა მოხსენიებისათვის განკუთვნილ დღეებში... წმიდა მოციქული პავლე ამბობს, რომ ასეთი ოჯახი გადაიქცევა „სახლის ეკლესიად", იქ დაივანებს უფალი და დაიცავს მას მშვიდობით, სიყვარულითა და კეთილდღეობით.
ზოგიერთი მშობელი წუხს, ტირის შვილების უდიერი საქციელის გამო და ვერ შეუგნია, რომ უმეტესწილად თვითონ არის ამაში დამნაშავე, რადგან ქრისტიანული რწმენითა და სიყვარულით არ აღზარდა ისინი.
მშობლებო, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში არ დასწყველოთ თქვენი შვილები, არამედ დალოცეთ, აკურთხეთ ისინი! გებრალებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. გახსოვდეთ, რომ თქვენს სიტყვებს დიდი ძალა აქვს და აუცილებლად აუხდება თქვენს შვილებს! ბიბლიაც გვასწავლის, რომ მშობლის კურთხევა და ლოცვა განამტკიცებს შვილებს, მათ სახლსა და ოჯახს, წყევლა კი საძირკვლამდე ანგრევს მათ.
შვილებს კი მუდამ უნდა ახსოვდეთ უფლის მეხუთე მცნება: „პატივი-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა". ეს მეტად მნიშვნელოვანი მცნებაა! მშობლების პატივისცემაზეა დამოკიდებული შვილების კეთილდღეობა. წმიდა წერილი გვასწავლის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს დედ-მამის დალოცვას, ოღონდ დალოცვა უნდა იყოს დამსახურებული, მშობლების დაფასებით მოპოვებული.
განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება ხანდაზმულ, ავადმყოფ, დაუძლურებულ მშობლებს. არადა, ზოგიერთი თავიდან იშორებს მათ და მოხუცებულთა თავშესაფარში გზავნის. ეს საშინელი სისასტიკეა. დედ-მამის უპატივცემულობის მიზეზით შვილები შემდეგ სხვადასხვა ავადმყოფობით იტანჯებიან; მათ ოჯახებში არ არის სიმშვიდე და სიყვარული.
გახსოვდეს: როგორც თვითონ ექცეოდი მშობლებს, ისე მოგექცევიან შვილები!
მეხუთე მცნება აგრეთვე გულისხმობს კეთილ დამოკიდებულებას უფროსი ადამიანების, ახლობლების, მოძღვრების მიმართ; მაგრამ თუ რომელიმე პიროვნება, თუნდაც მშობელი ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას მოითხოვს, არ უნდა დავემორჩილოთ მას.
პრობლემა, რომელსაც ჰქვია გაუცხოება მშობლებსა და შვილებს, ახალგაზრდობასა და უფროს თაობას შორის, სათავეს ოჯახის ტრადიციის რღვევიდან იღებს. როდესაც ცოლსა და ქმარს შორის არ არის თავდადებული წრფელი სიყვარული, იწყება გამუდმებული უთანხმოება და ოჯახის რღვევა; როდესაც ოჯახი ირღვევა, ინგრევა მომავალი თაობის ფსიქიკა, სულიერება, შესაბამისად, ინგრევა მომავალი თაობაც. ამიტომ ოჯახზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. რასაკვირველია, ქრისტიანობა ოჯახის შექმნის უპირველესი აუცილებელი პირობა უნდა იყოს. არ შეიძლება ქრისტიანენი ვიყოთ მხოლოდ ეკლესიაში და მის კარიბჭეზე გადმობიჯებისთანავე დავინთქმებოდეთ ხოლმე მიწიერი მიზნებისა და საზრუნავების მორევში. ეკლესიიდან შინ, ოჯახში უნდა წამოვიღოთ ქრისტიანული სულისკვეთება, მცნებათა აღსრულება და ყოველდღიური ცხოვრების წესად ვაქციოთ. მხოლოდ მაშინ ექნება ჩვენს ოჯახებს მშვიდობა, სიმტკიცე, ღვთის შეწევნა და წყალობა!

ქრისტეს შობა
უფალო, დიდება შენდა!

როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო. ამ აღთქმაში ყოვლადწმინდა ქალწულის შესახებ წინასწარმეტყველებაც იყო: თესლი დედაკაცისა დათრგუნავს თავსა გველისასა. ჩვენი მხსნელის ყოვლადწმინდა დედის შესახებ ეს პირველი სასიხარულო უწყება ბევრჯერ განმეორდა, რათა ადამიანები მესიის მომავალი მოსვლისათვის მოემზადებინა.

ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა გვაუწყა, რომ ქრისტეს მეუფება დადგება მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდება სამეფო მყარი, როგორც რკინა, რომელიც ყველაფერს დააქცევს და დაარღვევს და რომ ქვეყნიერების მხსნელი იერუსალიმის აღდგენის შესახებ ბრძანების გამოსვლიდან სამოცდაათი შვიდეულის შემდეგ მოევლინება.

და აი, ნამდვილად დადგა ის დრო, როდესაც სკიპტრა წაერთვა იუდას შთამომავლობას და ჰეროდე იდუმიელის ხელში გადავიდა; გაჩნდა რომის რკინის სახელმწიფო - ყოვლის დამაქცეველი და დანიელის უწყებული თარიღიც მოვიდა. ქვეყნიერებაზე მშვიდობა დამკვიდრდა, რომელიც წინასწარმეტყველების მიხედვით წინ უნდა გაძღოლოდა ქრისტეს, როგორც ცისა და მიწის შემაერთებლის მოსვლას.

რჩეულთა მცირე ნაწილი ელოდა ცოდვისა და სიკვდილისაგან გამომხსნელ მესიას, იუდეველთა უმრავლესობა უცდიდა მეფე-მძლეველი მხსნელის მოსვლას, რომელიც მათ უცხოტომელთა ბატონობისაგან იხსნიდა და სხვა ხალხებზე გააბატონებდა.

რომმა თავისი რკინის სკიპტრა იმ დროისათვის არსებულ თითქმის ყველა ქვეყანას გადააწვდინა და ერთ იმპერიად გააერთიანა; პალესტინა რომის პროვინცია გახდა. სარწმუნოების საკითხებს დიდი სინედრიონი განაგებდა, რომელშიც მღვდელმთავრები, ღვთისმსახურები და მოხუცებულები შედიოდნენ. ადამიანთა მოდგმის მოლოდინი მაშინ ახდა, როცა რომის იმპერიას ავგუსტუსი, ხოლო იუდეას ჰეროდე მართავდა.

ამ დროისათვის გამოვიდა ავგუსტუს კეისრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მის მიწაზე და მათ შორის იუდეაშიც ხალხის აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ ბრძანების ძალით ყველა ისრაელიანი თავისი მშობლიური ქალაქისაკენ ისწრაფოდა, რათა სახელმწიფო აღწერაში მოხვედრილიყო. საოცარია ღვთაებრივი განგებულების საქმე! თავისი ამქვეყნიური დიდებით გაამაყებული კეისარი უფლის ნების ბრმა იარაღად გვევლინება, ღვთის განზრახვას ემსახურება. ქვეყნიური მეფის ნებამ მოუხმო იოსებსა და მარიამს ბეთლემისაკენ, რათა ზეციური მეუფის ნება აღსრულებულიყო. იოსები და მარიამი აუცილებლად უნდა წასულიყვნენ ბეთლემში - დავით მეფის სამშობლოში, სადაც სამეფო შტოს საგვარეული ნუსხები ინახებოდა და სახელი იესოსი, რომლის წინაშეც ყოველთა ზეციურ ძალთა მუხლი იდრიკება, წარმართი ხელისუფალის ქვეშევრდომთა შორის ჩაწერილიყო. დიდება უფალო, სიმდაბლესა შენსა, დაე, განქარდეს ყოველი ამპარტავნება გულთაგან ჩვენთა!

წლის მკაცრ სეზონზე და სრულიად უსახსროდ, არასასურველ ვითარებაში უნდა დასდგომოდნენ იოსები და მარიამი ძნელ გზას. ამ გზის გასავლელად საუკეთესო შემთხვევაში სამ დღე-ღამეზე მეტი იყო საჭირო. ბეთლემი, პატარა ქალაქი, რომელსაც ადრე ევფრათა ეწოდებოდა, იერუსალიმის ჩრდილოეთით მდებარეობდა, ქებრონის გზაზე და ნაზარეთიდან სამი დღის სავალი აშორებდა. დავითი ბეთლემში დაიბადა და მისი მეფედ ცხებაც აქ აღსრულდა. ბეთლემში იყო დავითის მთელი მოდგმა და ამიტომ ის დავით მეფის საგვარეულო ქალაქად სამართლიანად იწოდებოდა.

ბოლოს მათ მიაღწიეს ბეთლემს, მაგრამ აქ მოსასვენებელი ვერსად იპოვეს. პატარა ქალაქი მომსვლელებით იყო სავსე. წმინდა მწირები ამაოდ ეძებდნენ თავშესაფარს. არავინ მიიღო ისინი, რამეთუ არა იყო მათა ადგილი სავანესა. მთელ ქალაქში თავისუფალი კუთხეც კი არსად მოიძებნა. ისინი ადამიანთა საცხოვრებელს უდრტვინველად გაშორდნენ და სადგომს ქალაქის შემოგარენში, ჭიშკართან ახლოს ეძებდნენ. ბეთლემის ჩრდილოეთით, დავითის წყაროდან ორასიოდე ნაბიჯზე, კლდეებს შორის არის გამოქვაბული, რომელშიც ქარიშხლის და უამინდობის დროს მწყემსები პირუტყვთან ერთად თავს აფარებდნენ. გამოქვაბულის სიღრმეში ქვის კლდეში ამოკვეთილი ჩაღრმავება ცხოველებს ბაგის მაგივრობას უწევდა. ამ ღატაკურ გამოქვაბულში მოთავსდნენ წმინდა მგზავრები და სრულ სიწყნარესა და სიმშვიდეში იმყოფებოდნენ, ბრბოს მღელვარებას და ქაოსს მოშორებულნი - მარტონი, უხილავ შემოქმედთან ერთად. საიდუმლოების ფარდა ჩამოეფარა ძე ღვთისას აკვანს და ამგვარად აღესრულა ისაიას წინასწარმეტყველება: აი, ვინ დაივანებს მაღალში, კლდეთა სიმაგრეები იქნება მისი საფარი.

ამ მყარ კლდეებში შუაღამისას ქალწულმა მარიამმა წინასაუკუნეთაგან მამისაგან შობილი უხრწნელი შვა და მიაწვინა იგი ბაგასა. სასწაულებრივი, ადამიანური ბუნებისათვის მიუწვდომელი იყო მისი მუცლადღება, ასევე სასწაულებრივად, ასევე ზებუნებრივად მოხდა მისი მოვლინება ყმაწვილი დედის წინაშე. ასე სხივმფენი მნათობი გაარღვევს მეყდეყლად ღრუბელს, რათა თავისი სინათლითა და სითბოთი ქვეყნიერებას სიცოცხლე მოჰფინოს.

მხსნელის შობას ტკივილები არ სდევდა თან, ქალწულმა იმგვარად შვა, რომ მთელი თავისი მხიარულება და ძალა შეინარჩუნა. როდესაც ყოვლადწმინდამ ძე თვისი და ღმერთი ჩვენი შვა, დაუყოვნებლად მის სამსახურს შეუდგა. სხვათა დახმარება არ სჭირდებოდა, არც ტკივილსა და არც იმ უძლურებას არ გრძნობდა, რომელსაც ჩვეულებრივ განიცდიან ქალები. დედა ღვთისამ ყოვლადწმინდა ხელებით თვითონვე შეახვია იგი, ბაგაში მიაწვინა და პირველმა სცა თაყვანი. თავის ძუძუს აწოვებდა მას, მის მკლავებში განვლო უფლის სიყრმემ, დედასთან განუშორებლად გაატარა მან თავისი სიყმაწვილე 30 წლის ასაკამდე, სანამ ადამიანთა მოდგმას განუცხადებდა, რომ საკაცობრიო ცოდვებს საკუთარ თავზე იღებდა, რათა ჯვარზე სიკვდილით ქვეყნიერებისათვის ხსნა მოენიჭებინა.

თრთოლვითა და მოკრძალებული მდუმარებით სცა თაყვანი იოსებმა ყოვლადწმიდა დედასა და მის ძეს - ჩვენს ღმერთს. განცვიფრების სიხარულით შეპყრობილმა ზებუნებრივი სასწაული განჭვრიტა და დაუყოვნებლივ შეიგრძნო, რომ მისი ძე ჭეშმარიტად სულიწმინდისაგან არის, მიხვდა, რომ იმ დრომდე, სანამ არ შვა ძე თვისი პირმშო, პირმშო ახალი ცხოვრებისა, პირმშო ახალი აღთქმისა, ღვთისმშობელს არ იცნობდა იოსები, არ იცოდა, ვინ იყო იგი და რისი ღირსი გახდა თვითონ, არ იცნობდა მას - დედას ღვთისას, იმიტომ, რომ იოსებისთვის დაფარული იყო, თუ რაგვარი ღვთაებრივი საიდუმლო იმალებოდა მასში. მხოლოდ აქ, ძის ბუნებითი შობის დროს მან მთლიანად გაიაზრა, რომ ამაზედ იყო ნათქვამი: ქალწულმან მუცლად იღოს.

კაცობრიობის მეუფის და მხსნელის შობით ღმერთმა ქვეყანას დიდი და ახალი სასწაული მოუვლინა: - სასახლის მაგიერ - უდაბნოს ქვაბული, ლოგინის ნაცვლად - ჩალის ნაგლეჯი, უფალმა, რომელიც ცაში ჩიტსაც კი არ ტოვებს მზრუნველობის გარეშე, თავისი ბრძნული ყოვლისშემძლეობით მხოლოდშობილი ძისთვის მიწიერი სავანე არ განამზადა. ძე ღვთისამ, რომელიც ზეცის მფლობელია, ბაგაში განისვენა; სამყაროს უფლისა და მეუფისათვის, როდესაც მან კაცთა სახსნელად ხორცი შეისხა, - ცოდვითა და უკანონობით დაფარულ მიწაზე ადგილი არ აღმოჩნდა. თვითონვე მოწმობს ამას, როდესაც ამბობს: მელთა ხურელი უჩნს და ფრინველთა ცისა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს, სადა თავი მიიდრიკოს. უცნობ ქალს ჩაესახა ქრისტე, ხოლო დიდებულ იერუსალიმში ჯვარზედ აცვეს, მცირე ბეთლემში იშვა იგი, ხოლო დიდ იერუსალიმში სიკვდილად მიეცა. საკვირველ არიან საქმენი შენნი, უფალო!

ძე ღვთისასა შობის წუთებში გაიხსნა ცა, ღვთის დიდებამ განანათლა მიწა, რომელიც ღრმა წყვდიადით იყო დაფარული, ანგელოსთა დასნი გარდამოვიდნენ მაღლიდან და სიხარულით გალობდნენ, რომ ქვეყანაზე დაემკვიდრა მშვიდობა და ადამიანებს ღვთის წყალობა დაუბრუნდათ.

რას შვრებოდა ამ დროს მიწა, - ღვთის დიდებით გაბრწყინებული? ყოველივე ღრმა ძილში იყო ჩაძირული: იუდეველები აღთქმული მესიის მოლოდინში, - რომლისგანაც ქვეყნიურ დიდებას ელოდნენ, - სჯულს იცავდნენ, ხოლო წარმართები თავიანთი კერპების წინაშე იღრჩობოდნენ ცოდვაში.

ბეთლემშიც ასე ეძინათ, მაგრამ არა ყველას. ბეთლემის ველზე, რომელიც მთებით იყო გარშემორტყმული და ქვაბულიდან ნახევარი საათის სავალზე მდებარეობდა, იდგა სვეტი, რომელიც ედერის სახელით იყო ცნობილი და რომლის სიახლოვესაც დიდი დავით მეფე მამის ფარას მწყემსავდა. ღამით, ამ დროს მწყემსები ცხვარს ედგნენ დარაჯად. მოულოდნელმა სხივმა გაანათა ისინი, უფლის ანგელოსი წინ წარმოუდგათ და უთხრა: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი ქალაქსა დავითისასა, და ესე იყოს თქუენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმაჲ იგი შეხვეული და მწოლარე ბაგასა.

როდესაც ზეციურმა მაცნემ ხარება დაასრულა, მოულოდნელად, როგორც მისი სიტყვის დადასტურება, გამოჩნდა ანგელოსთა უთვალავი მხედრობა, რომელიც აქებდა და ადიდებდა უფალს: დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება.

არც ბრძენთ, არც დიდებულთ, არც ამა ქვეყნის ძლიერთ და მდიდართ არ გამოუცხადა უფალმა თავისი საიდუმლო, არამედ - ყველაზე ღატაკ, ყველაზე უკანასკნელ მაშვრალებს ამქვეყნად. დაფარა - ყოვლადბრძენთა და გონიერთა წინაშე - და განუცხდა ყრმებს: ჰოი, უპოვარების ნეტარებავ, მორჩილებისა და უსიტყვო თვინიერების მომნიჭებელო, სიამაყისა და ამპარტავნე
კატეგორია: ♥რელიგია♥ | ნანახია: 1112 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:05 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 62
სტუმარი: 62
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024