როგორ დაგრძელდა მოლოდინი, დამძიმდა მოცდა, მე აღარ ვიცი, ამ სიმწარეს რითი შევება. სამყაროს ზურგზე, ერთ პაწია შეზვინულ ბორცვთან, უსუსურია ლამის ყველა გასალკლდევება.
ტკივილი თითქოს მიდის, მაგრამ არსაით მივა, დაგორავს რუხი მწუხარება, წვასავით ნელი. ყველა განცდილზე მეტად ახლა ეს განცდა მტკივა, ნაცნობ-უცნობი, ახსნილი და ამოუხსნელი.
გამძლე დარდების მიკიდია წამწამზე ასხმა, თვალზე კი არა, ცრემლი გულში მომედინება. მოდგა და მოდგა მოგონების ლამაზი თავსხმა, დედავ-ბატონო, დღეს ტირილის მომეცი ნება.
ჟამმა ჩამაცვა ნაზი ხსოვნა, უსახო სახის, ყვავილობს სევდა, ასე ღია და თან ფარული. სიზმარეთიდან გაბუტული მიხმობს, მეძახის, ბავშვობა ჩემი, შენს კალთაში გამოპარული.
დაჭრილი გული საგულედან ამომივარდა, გატყდა იმედი, მოკიაფე და მოციმციმე. შენი გარდასვლის და არყოფნის სიმძიმის გარდა, ასატანია სააქაოს ყველა სიმძიმე.
თავად სინანულს, სინანულის მდინარე მერთვის, უნდა ვინანო უფრო მეტი, რაც რომ წესია. შემი საფლავი, ერთი ციცქნა, აშენდა ჩემთვის, დაღლილი სულის მოსათქმელად, ვით ეკლესია.
მოკლდება დღე და ფარდასავით ხუნდება დილა, ღრუბლების ფატა აფარია ოცნებას ცაში. დღის სინათლეზე უშენობა თურმე ყოფილა, ყველაზე დიდი მარტოობა მარტოობაში...
მიმოარულობს კიბე-კიბე ერთფერი ხვედრი, სხვისი ტკივილის ძირის-ძირში ვინ ჩაიხედა. ნუ მიწყენ, მეც თუ გალახული ბავშვივით გყვედრი, ეს რა მიქენი, ღმერთო, რატომ წამართვი დედა?
ამაო არის ამაოსთან ღონე და ძალა, უგულო გული ვინ მოულბო სიკვდილს გოდებით. ლოდინის განცდა ბედისწერამ ჩვენც გაგვიცვალა, შენ თუ მელოდი, დედი, ახლა მე გელოდები.
გამზადებული საზეიმოდ შვიდფერი ოდა, განფენილია რეკვიემის მწუხარე ჩრდილში. ნეტა, მარადი თანამდევი ყოფილიყო და არ გამქრალიყო ჩემში შენი დაკარგვის შიში!
|