♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 11 » პეტერის სტუჩკა შეცდომას სიცოცხლის ბოლოს მიხვდა
1:11 PM
პეტერის სტუჩკა შეცდომას სიცოცხლის ბოლოს მიხვდა


სიყვარული არა მარტო აერთიანებს, არამედ აშორებს კიდეც ახლობლებს, მით უმეტეს, როდესაც სიყვარული ადამიანს ყველაფერს ავიწყებს, მათ შორის – ღმერთს, სამშობლოსა და ოჯახს.

დიდი ლატვიელი პოეტი იან რაინისი (ნამდვილი გვარი პლიეკშანი) ამბობდა: "მე სამშობლოს, სიყვარულისა და მზის მეხოტბე ვარ. რაინისს გულუბრყვილოდ სწამდა, რომ ნამდვილ სიყვარულს მხოლოდ ბედნიერება მოაქვს. პოეტი საკუთარი ოჯახის მაგალითზე სრულიად საპირისპიროში დარწმუნდა, როდესაც მის უმცროს დას, დორას, თავდავიწყებით შეუყვარდა რაინისის საუკეთესო მეგობარი პეტერის სტუჩკა. ისინი ჯერ კიდევ გიმნაზიიდან მეგობრობდნენ, შემდეგ ერთად მონაწილოებდნენ ე.წ. ახალი ტალღის მიმდინარეობაში, რომელმაც ლატვიაში საბოლოოდ დაამკვიდრა პატრიოტიზმი და სოციალ–დემოკრატიული იდეოლოგია. სტუჩკა ხშირად სტუმრობდა პლიეკშანების ოჯახს. შედეგად, მასა და დორას შორის რომანი დაიწყო.

მე შენი და მიყვარს

სტუჩკა შეჩერდა. რაინისს სახე უჩვეულოდ აღგზნებული ჰქონდა.

– პეტერის, – ყრუდ წარმოთქვა რაინისმა, – ღობე–ყორეს ნუ ედები, სათქმელი პირდაპირ მითხარი!

– მეც მაგას ვაპირებდი, – სტუჩკამ ნერწყვი გადაყლაპა, – მოდი, კაფეში შევიდეთ.

გაისმა სროლის ხმა. მეგობრები კედელს აეკრნენ. ორივემ ელვისსისწრაფით მოიმარჯვა იარაღი. იდგა 1905 წელი. პირველი რუსული რევოლუცია დაიწყო. რიგის ქუჩებში ბარიკადები იყო აღმართული. ცხარე ბრძოლები მთელი ლატვიის მასშტაბით მიმდინარეობდა.

მეგობრები კაფეში შევიდნენ. კაფეს პატრონი ჩვეულებისამებრ მხიარულად მიესალმა.

– მწერლებს ვახლავარ, რა მოგართვათ?

– მწერალი აქ მხოლოდ რაინისია, – სტუჩკა მოხერხებულად მოკალათდა, – მე უბრალო ჟურნალისტი ვარ და მეტი არაფერი.

– ერთი ბოთლი ლუდი მოგვართვი, – რაინისს აშკარად არ ესიამოვნა ქება, – და რაც შეიძლება ცივი.

რამდენიმე წამის შემდეგ ლუდით სავსე ბოთლი და ორი კათხა მათ წინ იდგა, სტუჩკამ უხმოდ ჩამოასხა სასმელი. რაინისმა კათხა ასწია:

– გაგიმარჯოს, პეტერის!

– ლუდით სვამ ჩემს სადღეგრძელოს? გაწყენინე რამე?

– საიდან მოიტანე ასეთი სისულელე?

– კავკასიაში ლუდით დღეგრძელება დიდი შეურაცხოფაა.

– პირველად მესმის, – რაინისმა მხრები აიჩეჩა, – ჩვენ ხომ ლატვიელები ვართ და არა კავკასიელები.

– კავკასიელებს ბევრი უცნაური ჩვეულება ახასიათებთ. მაგალითად, არ შეიძლება ძმაკაცის დის შეყვარება. ის შენთვის დასავით უნდა იყოს, მასზე, როგორც ქალზე, ფიქრიც კი დიდი მკრეხელობაა.

– ჩვენ, ლატვიელები, ამას ვერასოდეს გავიგებთ, – რაინისმა ლუდი მოსვა, – პეტერის, პირდაპირ მითხარი, რა გინდა?

– მე შენი და მიყვარს.

– ჰმ, მეტი არაფერი?

– შენ, ჩემმა მეგობარმა და დორას ძმამ, ეს უნდა იცოდე.

– დორას თუ უყვარხარ?

– კი.

– მაშ, ცოლად შეირთე.

– ახლა? ამ არეულობის ჟამს?

– თუკი გიყვარს და მასაც უყვარხარ, უნდა შეირთო.

– გონს მოდი, იანკა! ჩვენ ხომ რევოლუციონერები ვართ. განა ჩვენი დაოჯახება შეიძლება?

– რევოლუციონერს, შენი აზრით, ცოლ–შვილი არ სჭირდება?

– დორა ისეთი ახალგაზრდა და ნიჭიერია, რომ.. მას ჩემზე ბევრად უკეთესი ქმარი ეკუთვნის.

– რას გულისხმობს ამაში?

– უფრო დამჯდარი ჭკუის, – სტუჩკამ გაიღიმა, – ჩვენ კი ჰაერში დავფრინავთ. დორას ისეთი ქმარი სჭირდება, ვინც კარგ პირობებს შეუქმნის. ასეთი ხალხი უამრავია – ბანკირები ბიზნესმენები...

– გირჩევ, დორას ეს არ უთხრა, თორემ სამუდამოდ დაკარგავ.

– რატომ?

– იმიტომ, რომ სისულელეს ლაპარაკობ! თუკი ადამიანი გიყვარს, უნდა მიიღო ისეთი, როგორიც არის. თუ მისი ფული გიყვარს, მაშინ ეს სიყვარული კი არა, ანგარებაა.

– ნორმალური ადამიანი ანგარებითი კატეგორიებით აზროვნებს.

– დორას უკვე ელაპარაკე?

– დიახ.

– მერე, რა გიპასუხა?

– ის თანახმაა.

– მომილოცავს, – რაინისმა მხარზე ხელი დაჰკრა, – ჩვენს მშობლებს თავად მოველაპარაკები! აბა, ქორწილისათვის გაემზადე. ძმაო!

მეგობრები ერთმანეთს გადაეხვივნენ.

ემიგრაცია

რევოლუციისა და შფოთის მიუხედავად, ქორწილში უამრავი ხალხი მივიდა. დორას ბედნიერებისაგან სახე გაცისკროვნებოდა. პეტერისი რატომღაც დაღვრემილი იყო.

– რატომ დადარდიანდი? – ჩურჩულით შეეკითხა დორა.

– არაფერია, ისე.

ჯვრისწერის ცერემონია არნახულად საზეიმო იყო, შემდეგ სუფრა გაიშალა. რაინისი უჩვეულოდ ბედნიერი იყო.

– პეტერის, დორა, ბედნიერებას გოსურვებთ!

რაინისმა ბოლომდე დაცალა სასმისი, შემდეგ იცეკვა კიდეც. სტუჩკა კი კვლავაც მუღუშული იყო. არც მაშინ გაეხსნა შუბლი, როდესაც რაინისმა სულითა და გულით დალოცა, შემდეგ კი საკუთარი ლექსები წაიკითხა.

ამრიგად, პეტერის სტუჩკა და დორა პლიეკშანე ცოლ–ქმარი გახდნენ. თუმცა ახალგაზრდებს წინ უდიდესი განსაცდელი ელოდათ. ცარიზმმა ჩაახშო 1905–07 წლების რევოლუცია. ლატვიაში სისხლიანი ეგზეკუციები დაიწყო. პეტერის სტუჩკა იძულებული გახდა, ემიგრაციაში გადახვეწილიყო. დორამ დაჟინებით მოითხოვა ქმართან ერთად წასვლა.

– ვერ მიგატოვებ, პეტერის!

– როგორ არ გესმის, დორა, უცხო მხარეში ცხოვრება ხომ ტკბილი არაა.

– ეგ ვიცი, ამიტომაც არ მიგატოვებ.

სტუჩკა ამაოდ არწმუნებდა. დორა ჯიუტად იდგა თავისაზე. ბოლოს სტუჩკამ დაუთმო. მალე ის და დორა ემიგრაციაში გაემგზავრნენ. რაინისიც იძულებული გახდა, სამშობლოდან გადახვეწილიყო. მას თან ახლდა ცოლი, ცნობილი პოეტი ასპაზია (ელზა როზენბერგი).

განხეთქილების დასაწყისი

დორა და პეტერისი საკმაოდ ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, თუმცა ქალი არ წუწუნებდა. ბინა მუდამ დაწკრიალებული ჰქონდა. არასდროს უთქვამს ქმრისათვის, რატომ არა გვაქვს ფული, ადამიანური ცხოვრება მინდაო და ა. შ. სტუჩკა ემიგრაციაშიც აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობდა. ქმრის გავლენით დორაც მარქსისტი გახდა.

– სადაც შენ, იქაც მე, – პირდაპირ განუცხადა ქმარს ცოლმა.

პეტერისს ამან გული აუჩუყა. ასეთი მზრუნველი ცოლი ხომ მართლაც იშვიათია! დორა მისი ცხოვრებით, მისი ინტერესებით ცოცხლობდა. პეტერისი მისთვის ყველაფერი იყო.

– იცი, ზოგჯერ შენ წინაშე დამნაშავედ ვგრძნობ თავს, – დორამ ქმარს თავი მკერდზე მიაყრდნო.

– რატომ, დორა?

– მე უშვილო გამოვდექი, შენ კი, ვიცი, ბავშვები გიყვარს, მოდი, ვიშვილოთ ვინმე.

– ახლა არა.

– აბა, როდის?

– არ ვიცი, მაგრამ ახლა არა.

– უშვილო ცოლი რა ბედენაა.

– შენ ჩემთვის ყველაფერი ხარ, დორა, არ გაგცვლი თვით მეფის ასულზეც კი.

– მატყუებ, – ქალმა კეკლუცად გაიღიმა.

– განა ოდესმე მოგატყუე?

– გეხუმრე, – დორამ გაიცინა, – თუმცა ამბობენ, არც ერთგული ქმარი არსებობს და არც სიყვარულიო.

– სისულელეა.

– წამიკითხავს, სიყვარული ჯვრისწერის იქით ვერა სძლებს. ყველა ქმარს კი, ასე თუ ისე, სხვა ქალისაკენ უჭირავს თვალიო.

– გირჩევ, ასეთი სისულელეები არ წაიკითხო, – სტუჩკამ წელზე მოხვია ხელი და თავისაკენ მიიზიდა, – შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ, დორინია! ასეთი იყავი და ასეთად დარჩები.

რამდენიმე დღის შემდეგ სტუჩკა შინ აღელვებული დაბრუნდა. დორა შეშფოთებული მიაჩერდა ქმარს.

– რა მოხდა, პეტერის?

– ლატვიური სოციალ–დემოკრატია გაითიშა. ნაწილი ლენინელებს მიემხრო, ნაწილი – მენშევიკებს.

– მეც მეგონა, რაღაც მოხდა–მეთქი, – შვებით ამოისუნთქა დორამ, – ისე, შენ ვის მიემხრე.

– მე ლენინელი ვარ, დორა, შენი ძმა და ჩემი საუკეთესო მეგობარი იან რაინისი კი მენშევიკია.

– რაო?

– მე ბოლშევიკებთან დავრჩი, რაინისი კი – მენშევიკებთან.

– მაშ მეც ბოლშევიკი ვიქნები! – მხურვალედ წამოიძახა დორამ, – სადაც შენ, იქაც მე!

– იცი, რას გეტყვი? – სტუჩკას ხმა აუკანკალდა, – დღეს ვიგრძენი, რომ ჩემსა და რაინისს შორის ბზარი გაჩნდა და რომ დროთა განმავლობაში ეს ბზარი გაღრმავდება.

– ყველაფერი დალაგდება, – დორამ კისერზე შემოხვია ხელი, – რაც უნდა მოხდეს, მე შენ გვერდით ვიქნები, გესმის?!

ბარიკადების სხვადასხვა მხარეს

1917 წლის თებერვალში რომანოვების დინასტია დაემხო. სტუჩკა და მისი ცოლი ლატვიაში დაბრუნდნენ. სტუჩკა ლატვიელი ბოლშევიკების ბელადი გახდა. რაინისი და ასპაზია კვლავაც შვეიცარიაში დარჩნენ.

მალე რიგა გერმანელებმა დაიკავეს. შემდეგ იყო ოქტომბრის გადატრიალება. პეტერისი და დორაც მოსკოვში დამკვიდრდნენ. სტუჩკა რსფსრ–ის იუსტიციის სახალხო კომისარი (მინისტრი) გახდა. დორა კვლავაც ერთგულად იდგა ქმრის გვერდით.

– მე შენთანა ვარ, პეტერის, მაგრამ მითხარი, მალე დავბრუნდებით ლატვიაში?

– ძალიან მალე, დორა.

– კი, მაგრამ გერმანელებს ვინ განდევნის?

– წითელი არმია. მალე ჩვენი დროშა ძლევამოსილად აღიმართება მთელ ევროპაზე.

1918 წლის ნოემბერში, როდესაც გერმანის არმია უკვე ტოვებდა ბალტიისპირეთს, რიგაში ლატვიის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. მალე ქალაქში წითელი არმია შევიდა. ახალ საბჭოთა მთავრობას სათავეში პეტერის სტუჩკა ჩაუდგა. ლატვიის მთავრობა ულმანისის მეთაურობით კი ლიეპაიში გადავიდა. ამრიგად, ნათლად გამოიკვეთა ორი დაპირისპირებული ძალა: პეტერის სტუჩკა და მისი მომხრეები საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის იბრძოდნენ. ულმანისის გარშემო დარაზმული პატრიოტები კი – დამოუკიდებლობისათვის. დორა კვლავაც ქმრის გვერდით იყო. ის ერთგულად ედგა მას მხარში.

– პეტერის, ჩემი ძმის საქმე როგორაა?

– მე, როგორც ლატვიის საბჭოთა მთავრობის მეთაურმა, ოფიციალურად შევთავაზე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტის პოსტი.

რაინისმა ეს შეთავაზება უარყო. შვეიცარიაში მცხოვრები პოეტი კარგად იყო ინფორმირებული ლატვიაში მიმდინარე პროცესებზე. სტუჩკამ კომუნების მასობრივი შემოღება დაიწყო. ამან გლეხები გააცოფა. მათ პროტესტს სტუჩკამ სისხლიანი ეგზეკუციებით უპასუხა. პასუხად გლეხებმა იარაღს მოჰკიდეს ხელი. ლატვიაში პარტიზანული ომი დაიწყო.

მათ შორის მართლაც ინტენსიურად მიმდინარეობდა მიმოწერა. რაინისი აღშფოთებული წერდა, რომ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარება არა მარტო სიგიჟე, არამედ უზნეობაცაა. "ჩვენ, ლატვიელები, გლეხების ერი ვართ, ჩვენ არა გვყავს არისტოკრატია. ამიტომ ვინც ებრძვის გლეხს, ის ებრძვის ლატვიას". ამ ფრაზამ სტუჩკა გააცოფა:

– მე სოციალიზმისათვის ვიბრძვი! ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ლატვია!

– ლატვიის გარეშე არ არსებობს არც სოციალიზმი და არც კომუნიზმი! სამშობლოს გარეშე ადამიანი კი არა, ჭიაღუა ხარ! გახსოვდეს, ვინც თავის ქვეყანაზე უარი თქვა, ყველამ ცუდად დაამთავრა! – არანაკლებ ცხარედ უპასუხა რაინისმა.

– ბატონო რაინის! ნება მიბოძეთ, შეგახსენოთ ანბანური ჭეშმარიტება, ის, რომ კომუნიზმის დროს არც ერები იქნებიან, ისინი გაქრებიან. კაცობრიობა ერთიან საერთო საცხოვრებელში იცხოვრებს, ეს უნდა გახსოვდეთ!

– მე საერთო საცხოვრებელი კი არა, კერძო ბინა მინდა, საერთო საცხოვრებელში ადამიანურად ვერ იცხოვრებ!

– ღრმად პატივცემულო პოეტო, თქვენ სოციალ–დემოკრატი კი არა, შოვინისტი ბრძანდებით, ლატვიელი შოვინისტი!

– მირჩევნია ლატვიელი შოვინისტი დამიძახონ, ვიდრე გაურკვეველი ეროვნების ეგზემპლარი, რომელსაც ვერ გაუგია მარქსიზმი და რაღაც ბოდვით იდეებს ქადაგებს!

პეტერისმა ყველა ეს წერილი დორას აჩვენა. ქალს თვალები ცრემლებით აევსო.

– საშინელებაა!

– ნამდვილად, – კვერი დაუკრა სტუჩკამ, – ჩვენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით და ახლა უკვე სამუდამოდ დავცილდით.

– მე შენთანა ვარ, – წაიჩურჩულა დორამ, – ჩემთვის არ არსებობს არაფერი, შენ გარდა.

შენ ის უნდა დაიყოლიო

1919 წლის გაზაფხულზე ლატვიაში ბოლშევიკური რეჟიმი დაამხეს. სტუჩკა და მისი მომხრეები საბჭოთა რუსეთში გადაიხვეწნენ. ქმართან ერთად გაემგზავრა დორაც. მოსკოვში სტუჩკამ კვლავ იუსტიციის სახკომის პოსტი დაიკავა. მალე საბჭოთა რუსეთი იძულებული გახდა, ლატვიის დამოუკიდებლობა ეღიარებინა.

– ეს რას ნიშნავს, პეტერის, სამშობლოში ვეღარ დავბრუნდებით? – დორას თვალები ცრემლებით ავსებოდა.

– ჩვენი სამშობლო ამიერიდან საბჭოთა რუსეთია, – ამოიხვნეშა სტუჩკამ, – აქ იჭედება კაცობრიობის მომავალი.

დორამ პასუხი არ გასცა, მხოლოდ ჩუმად აქვითინდა. მან ხომ ყველაფერი დაკარგა, სამშობლო, ძმა ყველაფერი... სტუჩკამ მხრებზე მოხვია ხელი.

– ნუ ტირი, დორა.

– მე შენთან ვიქნები, პეტერის, ბოლომდე შენთან ვიქნები.

1920 წელს იან რაინისი ასპაზიასთან ერთად ლატვიაში დაბრუნდა. ვაგზალზე მათ საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. მალე სოციალ–დემოკრატიულმა პარტიამ, რომლის წევრიც იყო რაინისი, არჩევნებში ბრწყინვალე გამარჯვებას მიაღწია. რაინისი კი განათლების მინისტრი გახდა. დიდი პოეტი აქტიურად ჩაება საკუთარი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მისი ლექსები, პიესები თუ ზღაპრები უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა. "რაინისი მსოფლიო მასშტაბის პოეტია", – თქვა მოგვიანებით რომენ როლანმა.

რაინისის საქმიანობას ყურადღებით აკვირდებოდნენ საბჭოთა ჩეკისტებიც. იცოდნენ, რომ რაინისი ძალზე მტკივნეულად განიცდიდა დასთან განშორებას, აგრეთვე იმასაც, რომ საპარლამენტო დებატებისას ხშირად მწვავედ და უსამართლოდ აკრიტიკებდნენ. ასეთ დროს რაინისს საოცარი სევდა იპყრობდა. "მივატოვებ ლატვიას და მოსკოვში გადავსახლდები, იქ ხომ ჩემი და და სიძე ცხოვრობენ!", – თქვა მან. ჩეკისტებმა ეს მოსკოვს აცნობეს. სტალინმაც ჩათვალა, რომ რაინისის რუსეთში ჩამოსვლას მართლაც უდიდესი პროპაგანდისტული ეფექტი ექნებოდა.

– ოღონდ არავითარი ძალადობა! – რაინისი ნებაყოფილობით უნდა გადმოსახლდეს რუსეთში!

პირველად რუსეთში გადასახლების იდეით რაინისს მაქსიმ გორკიმ მიმართა. პოეტმა მას უარით უპასუხა. ამის შემდეგ გპუ–ს შეფის მოადგილე იაგოდამ პეტერის სტუჩკა დაიბარა და განუცხადა, რომ დორამ უნდა დაიყოლიოს რაინისი რუსეთში ჩამოსვლაზე. მათ ხომ კარგა ხანია მიმოწერა აქვთ. როდესაც გაფითრებული სტუჩკა შინ მივიდა, დორამ შეიცხადა:

– პეტერის, რა მოგივიდა?

– არაფერია, გამივლის.

დორამ უმალ გამოურბენინა გულის წვეთები. სტუჩკამ ხარბად შესვა.

– შენთან საქმე მაქვს, დორა.

– მოხდა რაიმე?

– შენ უნდა მისწერო იანისს და დაარწმუნო, რომ მოსკოვში ჩამოვიდეს.

– მოსკოვში? რატომ?

– აქ ხომ ბევრად მეტი გასაქანია. რაინისის პიესებით თავად მეიარჰოლდია დაინტერესებული.

– ეს მათ დაგავალეს? – ჩურჩულით შეეკითხა დორა.

ქალს თვალები ანთებოდა. სტუჩკამ მის მზერას ვერ გაუძლო და თავი დახარა.

– ჰო, მათ დამავალეს.

– ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა!

– მე უნდა შევასრულო ყველაფერი, რასაც დამავალებენ, სხვა გამოსავალი აღარ დამრჩა.

– კი, მაგრამ აკი ამბობდი, პიროვნების თავისუფლებაო?

– ეს სიტყვების რახარუხია, – თითქმის გაღიზიანებით წამოიძახა სტუჩკამ, – ნუთუ ვერ ხვდები?

– ჩვენ მონები ვყოფილვართ, რასაც უფროსები გვიბრძანებენ, ყველაფერი უნდა შევასრულოთ?

– ასეა.

– მაშ რატომღა მოხდა რევოლუცია?

– ადამიანი არასოდეს ყოფილა თავისუფალი, ეს შეუძლებელია.

– კი, მაგრამ...

– ბურჟუაზიულ სამყაროში ადამიანი ფულის მონაა, ჩვენთან? ჩვენთან ყველაფერს პარტია განაგებს. ყველანი მისი მონები ვართ, ასეთია რეალობა.

– ღმერთო ჩემო, – და დორა ბავშვივით ატირდა.

გადაულახავი უფსკრული

პოლიტიკურმა ბატალიებმა არ იციან ავტორიტეტები. რაინისის წინააღმდეგაც აგორდა ინტრიგები. საბოლოოდ პოეტი იძულებული გახდა, დაეტოვებინა განათლების მინისტრის პოსტი და განაწყენებული საერთოდ წავიდა დიდი პოლიტიკიდან.

"ძვირფასო დორინია, – წერდა რაინისი დას, – ზოგჯერ მეჩვენება, რომ ცხოვრება საოცრად მოსაწყენია. ლატვია პატარა სოფელს მაგონებს, სადაც დაუსრულებელი ჭორაობა და იაფფასიანი ინტრიგებია გამეფებული. აქ დარჩენა აღარ შემიძლია! ძალიან მენატრები, ჩემო საყვარელო დაიკო, შენ არ იცი, როგორ მენატრები!".

დორამ წერილი პეტერისს აჩვენა. სტუჩკამ ყურადღებით წაიკითხა, შემდეგ კი წარმოთქვა:

– მისწერე, რომ სასწრაფოდ ჩამოვიდეს.

– არ შემიძლია, პეტერის.

– რატომ, დორა?

– იანისი ემოციური ადამიანია და რაც მომწერა, ცხარე გულზე მომწერა. ლატვიის გარეშე ის უბედური იქნება, მე მას მოხარშულს ვიცნობ.

– კი, მაგრამ აქ მას ელის დაფასება, პატივი.

– ლატვია მისთვის ყველაფერია.

– მაინც უნდა მისწერო.

– არ შემიძლია.

– მოდი, ასე ვქნათ, მე გიკარნახებ, შენ კი დაწერე.

ქმრის კარნახით დორამ მართლაც მისწერა ძმას რიგაში და ურჩია ჩამოსვლა. "აქ საყოველთაო აღიარება გელის, შენს პიესებს მოსკოვის თეატრებში დადგამენ, მათი მიხედვით გადაიღებენ ფილმებს, მეც ძალიან მენატრები, იანის, ჩემო საყვარელო ძმაო," – ეწერა წერილში. მალე რიგიდან ასეთი პასუხი მიიღო: "დორა, დორინია, ეს რამ გაფიქრებინა, დაიკო? ლატვია მივატოვო? იმის გამო, რომ მაწყენინეს? ზოგჯერ დედაც უსამართლოდ ექცევა შვილს, მაგრამ დედის მიტოვება არ შეიძლება, ასევე არც სამშობლოს მიტოვება შეიძლება. დორა, იცი რას გეტყვი? ყველაზე დიდ ტკივილს მაყენებს ის, რომ ამ წყეულმა პოლიტიკამ დაგვაშორა მეგობრები, ღვიძლი და–ძმა. რატომ მოხდა ასე, დორა? რატომაა ცხოვრება ასეთი სასტიკი?".

რაინისმა უარი განაცხადა რუსეთში გადასახლებაზე. ის სამშობლოში დარჩა.

ყველას კუთვნილი მიეზღვება

ცოლ–ქმარმა რაინისის წერილი ერთად წაიკითხეს. დორა ტიროდა. სტუჩკაც ვერ იკავებდა თავს, თვალებიდან ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.

– მან გაიმარჯვა, – ჩუმად წარმოთქვა სტუჩკამ.

– რაო?

– სიმართლე მის მხარესაა, – ამოიხვნეშა სტუჩკამ, – ის დარჩება ისტორიაში, როგორც დიდი ეროვნული პოეტი. მე? მე მოღალატედ შემრაცხავენ. ყველას კუთვნილი მიეზღვება, ყველას!

– მეც შენთან ერთად მოღალატედ შემრაცხავენ, – წაიჩურჩულა დორამ.

– დორა, იცი ახლა რა მაგონდება? ჩვენი ქორწილი. საოცრად ბედნიერი იყავი და დაუსრულებლივ მეკითხებოდი, რატომა ხარ მოღუშულიო. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დამთავრდა და ახალი დაიწყო, ვიგრძენი ისიც, რომ ეს არ მომიტანდა ბედნიერებას.

– რატომ? მე ხომ უსაზღვროდ მიყვარდი, სიცოცხლეზე მეტად.

– მეც მიყვარდი, დორა, მიყვარდი და ახლაც მიყვარხარ.

– ისევ ისე გიყვარვარ, სიცოცხლეზე მეტად?

– ჰო.

– მაშ რატომ ვერ შედგა ჩვენი ბედნიერება?

– ეს რთული საკითხია. ბედნიერებისათვის მარტოოდენ სიყვარული როდი კმარა.

წამით სიჩუმე ჩამოწვა.

– მაპატიე, – ყრუდ წარმოთქვა სტუჩკამ, – ცხოვრებაც დავიმახინჯე და შენც გაგაუბედურე. მე ეს არ მინდოდა, დამიჯერე, არ მინდოდა!

– მე გაპატიე, პეტერის, დაე, უფალმა შეგინდოს, – და ქალმა ნელა გადაწერა ქმარს პირჯვარი.

ეპილოგი

იან რაინისი 1929 წელს გარდაიცვალა. უამრავმა ხალხმა გააცილა ის უკანასკნელ გზაზე. მადლიერმა ერმა მას ძეგლი აუგო და უკვდავყო მისი ნათელი ხსოვნა.

პეტერის სტუჩკა სრულიად სამართლიანად შეირაცხა მოღალატედ. დორა? ქალი ყველამ დაივიწყა. დღეს ის მხოლოდ იმ მკვლევრებს ახსოვთ, რომლებიც იან რაინისის შემოქმედებას სწავლობენ.

კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1242 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 2:07 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024