ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, -
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!
გაივლის კიდევ ცამეტი წელი,
მოახლოვდება გზა ოცდაექვსი,
მოცელავს მაღალ ზამბახებს ცელი,
ატირდება დრო და ჩემი ლექსი.
ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა -
დაუნდობელი სურვილი ლომის!
და ყოველივე როგორ ნაზდება,
როცა ახლოა მზე შემოდგომის
..........................................................
ღამეს ელვარე დღე შეუცვლია
თქვენი თვალების ღრმა სიბნელეთი,
ამნაირ გრძნობას ხომ შეუძლია
დაიმორჩილოს მთელი ხმელეთი.
მომკალით! ყოფნა მაინც შუქია
თქვენზე ამართულ სადღეგრძელოთა,
შეხვედრა ენას ვერ შეუქია,
შეხვედრა განა ასე გველოდა?
თქვენ გაიხსენეთ, ო, გაიხსენეთ,
ო, გაიხსენეთ, ამ სიტყვებს იქით
რამდენი რამე ვერ აგიხსნიათ
ვერც ჩუმი ცრემლით, ვერც ლალის ჭიქით.
რისთვის მიყვარხართ? მე არ მაქვს ნება!
მაგნაირ გულით და სინაზეთი...
არის ამქვეყნად დაგვიანება -
მაგრამ ამდენ ხნით? მაგრამ ასეთი?
არის ამქვეყნად ვერხვი და სვია,
არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით...
ამ რევოლვერშიც არის რვა ტყვია,
ერთს გაიმეტებთ: მე გთხოვთ, მომკალით!