♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 19 » კახა: "ანი ამპარტავანი და ზედმეტად თავმოყვარე გოგო მეგონა"
10:14 PM
კახა: "ანი ამპარტავანი და ზედმეტად თავმოყვარე გოგო მეგონა"


გასული ზამთარი ტელეწამყვან ანი გიუნტერის პირად ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი იყო, რადგან გაიცნო მამაკაცი, რომელიც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი გახდა. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და აღარ დაუხანებიათ – ოჯახი შექმნეს. ანის ქმარი კახა არაბიძე გახლავთ, პროფესიით იურისტი, ამჟამად სამშენებლო საქმიანობითაა დაკავებული. ანიმ გვითხრა, სანამ კახა ჩემი შეყვარებული გახდებოდა, სიუჟეტებში ხშირად ვიღებდიო.

"კახა ბევრ ჩემს სიუჟეტში მონაწილეობს. ერთხელ ქორწილის სცენა დავდგით, მეჯვარე გვაკლდა და კახას ვთხოვეთ, მეჯვარე ეთამაშა. მეორე სიუჟეტში ძალიან სიმპათიურ ქალს მამაკაცი ესტუმრება და ის კაცი კახა იყო. სალონში მქონდა გადაღება და სარკიდან გამოჩნდა. ყველაზე მაგარი ის იყო, როცა მაშველებზე გვქონდა სიუჟეტი. მინდოდა, დაზარალებული ყოფილიყო და მე გამეკეთებინა ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ ამაზე სასტიკი უარი მითხრა..." – სიცილით გვიამბობდა ანი.

ბედნიერი წყვილი უკვე პირველ შვილს ელოდება, სქესი ჯერ არ იციან და ეს არც აღელვებთ.

– როგორ დაიწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?

ანი: ყველა ქალს სურს, პირადი ცხოვრება მოიწყოს. არ არის დასამალი, რომ ამაზე ფიქრს დიდ დროს ვუთმობდი, თუმცა დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე, რომ მარტოსაც შემეძლო, კარგად მეგრძნო თავი. ჩემს ნაჭუჭში მოვექეცი და ვთქვი, არავინ და არაფერი მინდა–მეთქი. სწორედ მაშინ გამოჩნდა კახა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ თავიდან ვაკვირდებოდი ამ ადამიანს და არაფერს ვაპირებდი.

კახა: გვყავს საერთო მეგობარი, რომლის მეშვეობითაც გავიცანით ერთმანეთი და მერე აღმოვაჩინეთ, რომ სხვა საერთო მეგობრებიც გვყოლია.

– კახა, ანი ალბათ პირველივე ნახვისას მოგეწონათ.

ანი: ამბობს, არაო და რა ვიცი...

კახა: სულ მქონდა სიმპათიები ანის მიმართ და როცა გავიცანი, უფრო მეტად მოვიხიბლე. ისეთივე კარგი ადამიანი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა ეკრანიდან.

– მომხიბვლელი და პოპულარული გოგოა. არ ფიქრობდით, რომ შეიძლებოდა უკარება ყოფილიყო?

კახა: ჩავთვალე, ამპარტავანი და ზედმეტად თავმოყვარე გოგო იქნება–მეთქი, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ ვართ დღეს ერთად.

– ანი, კახა ჯერ აწვალეთ, სანამ აგრძნობინებდით, რომ თქვენც მოგწონდათ?

ანი: გოგონებს იმიტომ სჩვევიათ ბიჭების წვალება, რომ საბოლოო შედეგზე ფიქრობენ. ჰგონიათ, რომ უფრო მოინადირებენ მამაკაცის გულს. თავიდან არ მეგონა, რომ ჩვენ შორის რომანი დაიწყებოდა. ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს საერთო მეგობრების წრეში. იმ პერიოდში გადაღლილი ვიყავი ზედმეტი ყურადღებისგან. ალბათ ეს იგრძნო, თორემ, წესით, უფრო ყურადღებიანი უნდა ყოფილიყო.

კახა: ანუ იმ პერიოდში მოგაკელი ყურადღება?

ანი: ცოტა.

კახა: ქალის გულის მონადირება თუ გინდა, ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიაქციო – ეს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვებია. ზოგ გოგოსთან ასეთი დამოკიდებულება ჭრის, ზოგთან – არა.

– კახა, როდის მიხვდით, რომ ანი შეგიყვარდათ?

კახა: შეხვედრიდან რაღაც ორ კვირაში მივხვდი, რომ ანი ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო და იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, ჩემი იქნებოდა. სხვათა შორის, ძალიან დელიკატურად ვიქცეოდი და ისეთი რაღაცეები არ დამმართნია, გაგიჟებულ თაყვანისმცემლებს რომ ახასიათებთ – "მიყვარხარ! ვგიჟდები! ღამეებს ვათენებ, შენ სახლთან უნდა ვიმღერო" და ასე შემდეგ. ისეთი მხარე ავარჩიე ურთიერთობის აწყობისთვის, რაზეც ვიცოდი, უარს ვერ მეტყოდა. მონასტრებსა და ეკლესიებში დავდიოდით, რელიგიურ ექსკურსიებს ვაწყობდით.

ანი: ჩვენი საერთო მეგობარი სასულიერო პირია, რომელმაც ერთმანეთი გაგვაცნო და მასთან ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე. მეგობრებთან ერთად ვთათბირობდით ბოდბეში ან სხვა წმინდა ადგილების მოსალოცად წასვლაზე, ამბობდნენ, კახას ვთხოვოთ და ალბათ უარს არ გვეტყვისო. მერე კახას ვურეკავდით და გვპასუხობდა, წაგიყვანთ, დღის მეორე ნახევარში თუ შეხვედრები არ მექნაო. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ხდებოდა კახასთვის, მაგრამ იმდენად ბუნებრივად აკეთებდნენ, რომ არანაირი ეჭვი გამჩენია. კაცი, რომელიც ეპრანჭება ქალს, სხვანაირად მოიქცევა, თუნდაც თვითონ შემოგთავაზებს, მე წაგიყვანთო, როცა ტრანსპორტის პრობლემაა. ჭკვიანურად იქცეოდა, რომ ამას არ მაგრძნობინებდა და აბსოლუტურად თავისუფლად ვიყავი.

– როდის მიხვდით, რომ კახას მოსწონდით?

ანი: კიევში ყოფნისას, სადაც ასევე მოსალოცად წავედით. ღამე როცა მძინავს, რაც უნდა მოხდეს, ვერ ვიღვიძებ, ვერც ვერანაირი ფეიერვერკი გამაღვიძებს. ფანჯრიდან გადმოვიდნენ, თოფიც გაისროლეს, ფერადი ფურცლები დაყარეს ოთახში და მაინც ვერ გამაღვიძეს. მერე წყალი შემასხეს. უბედნიერესი ვიყავი! კერძო სახლი გვქონდა ნაქირავები და მომსახურე პერსონალს ორი დღე ვუხსნიდით, რატომ იყო ოთახი დასვრილი და პარკეტი გაფუჭებული. მოკლედ, ეს რომანტიკული ისტორია არც ისე რომანტიკულად დასრულდა.

იქ ყოფნისას ერთ მეგობარს წამალი დასჭირდა და ჩვენ გავედით მოსატანად. ტაქსში ჩავსხედით, კახას წამოსცდა, ნეტავ, დიდხანს იაროს და ასე ვისხდეთ ჩვენ ორნიო. მართლა 40 წუთი გავიდა და ტაქსს კიდევ სადღაც მივყავდით.

კახა: თურმე ეს ტაქსი სხვა წყვილს ელოდებოდა. რომ ჩავსხედით, იფიქრა, ისინი არიანო და სადღაც უცხო ქალაქში წაგვიყვანა. ბუნებრივია, მინდოდა, ტაქსს დიდხანს ევლო, მაგრამ იმაზე გავგიჟდი, ჩემს ფიქრებს ეს მძღოლი როგორ ხვდება და სად მივყავართ–მეთქი.

– სიტყვიერად სიყვარულის ახსნა ამის შემდეგ აღარ ჩათვალეთ საჭიროდ?

კახა: არა, სიტყვიერადაც ვუხსნიდი სიყვარულს. ბევრ წერილს ვუგზავნიდი, ხან ინტერნეტით, ხან მობილურით და ხან ფოსტით.

ანი: მხატვრული ტექსტებით გამოირჩეოდა, არასტანდარტული იყო. "დიდ პატივს გცემ" და "ჩემი ოცნების ქალი ხარ" არ ეწერა. უბრალოდ, რასაც ფიქრობდა, იმას გადმოსცემდა.

– როგორც ვატყობ, კახა სიურპრიზების მოწყობის ოსტატია.

ანი: კი, კიევში ყოფნისას უზარმაზარი ორქიდეების თაიგული დამხვდა. არ ვიცი, ღამის ოთხ საათზე სად მოახერხა ყვავილების შოვნა. მე და ჩემს მეგობარს პირველი რეაქცია გვქონდა, სასაფლაოდან ხომ არ მოიტანაო, მაგრამ იმდენად გრანდიოზული და ლამაზი იყო, მივხვდით, ეს სულელური აზრი იყო. ამდენი ორქიდეა ერთად არასოდეს მენახა. სიურპრიზები კახასგან მერეც გაგრძელდა. ბეჭდებზე არასოდეს გადავრეულვარ, მაგრამ ერთი ბეჭედი ძალიან მომეწონა. დაიმახსოვრა და ორი თვის შემდეგ დაბადების დღეზე მომიტანა. უყურადღებო ვარ და ბეჭედი სამზარეულოში ჭიქაში შევინახე. ცოტა ხანში სტუმრად ჩემი მეგობრები მოვიდნენ. ისტერიულად დავიწყე ბეჭდის ძებნა, თუმცა ვერსად ვნახე. საკმარისი იყო, კახა ოთახიდან გასულიყო, რომ 30 კაცი ამ ბეჭდის ძებნას იწყებდა. ერთმა მეგობარმა მითხრა, კიდევ კარგი, ამ ბეჭდის ფოტო გვაქვს და ანალოგიურს დავამზადებინებთო. მოკლედ, ეს ყველაფერი საღამოს 10 საათამდე გაგრძელდა და ფაქტობრივად დაბადების დღე ჩამშხამდა.

კახა: შევამჩნიე, სამი ქალი ნაგავს ქექავდა და ვიკითხე, რას ეძებთ–მეთქი. მიპასუხეს, ბეჭედსო. მერე გამახსენდა, რომ მე მქონდა დამალული.

ანი: მეგობრებმა მითხრეს, გეთქვა, თუ ბეჭედს ეძებდი და გეტყოდით, რომ კახას ნამოქმედარი იყოო. ასეთი სიურპრიზებით კახა ერთობა. პირველ ღამეს, როცა ცოლ–ქმარი გავხდით, გამომიცხადა, საბილიარდოში მივდივარო, მითხრა, განტვირთვა მჭირდებაო, გაიხურა კარი და წავიდა. დავჯექი და თავზე წავივლე ხელები, თუმცა ხმა არ ამომიღია. კიდევ კარგი, ხუთ წუთში ამობრუნდა.

– შოკში ჩავარდით, რომ პირველ ღამეს ქმარი სახლიდან წავიდა?

ანი: აბა, რა იქნებოდა?!

კახა: ვეხუმრე, თვითონ კი იმ საღამოს, როცა ჯვარი დავიწერეთ, მითხრა, ახლა სახლში მივდივარო.

ანი: ვიფიქრე, სახლში წავალ, ჩემს ნივთებს ჩავაწყობ, რომ წამოვიღო–მეთქი.

კახა: რომ მითხრა, სახლში მივდივარო, ვუთხარი, ვინ გაგიშვებს–მეთქი.

ანი: მე და კახას ჯვრისწერის სხვადასხვა ბეჭდები გვაქვს, რა ბეჭდებიც გვქონდა, იმით დავიწერეთ ჯვარი.

– რატომ? სპონტანურად გადაწყვიტეთ ეკლესიაში შესვლა და ჯვრისწერა?

ანი: ნათლობაზე ვიყავით წასული და მამაომ გვკითხა, თქვენ ჯვარს ხომ არ დაიწერდითო. მარხვა იწყებოდა და აგვიხსნა, თუ ოჯახის შექმნას აპირებთ, ამისთვის საუკეთესო დროაო. ერთმანეთს გადავხედეთ და დავფიქრდით, ვაპირებდით თუ არა ჯვრის დაწერას.

კახა: მე განსაკუთრებით ბევრი ვიფიქრე.

ანი: კახამ განსაკუთრებით ბევრი იფიქრა! ხელი მომკიდა და შემიყვანა ტაძარში. მერე აღარაფერი მახსოვს, მხოლოდ ის დამამახსოვრდა, რომ საღამოს საბილიარდოში მიდიოდა.

– როდისთვის გეგმავდით ოჯახის შექმნას?

კახა: ამაზე ვფიქრობდით, მაგრამ ზუსტად არ ვიცოდით, როდის დავოჯახდებოდით.

ანი: არ მიყვარს წინასწარ დაგეგმვა. ხასიათიდან გამომდინარე, ყველაფრის გადადება მიყვარს და რომ დაგვეგეგმა, ეს ჯვრისწერა მინიმუმ ორი წლით გადაიდებოდა. ამ პერიოდში კი ათასჯერ ვიჩხუბებდით. ახლა ისე შევუღლდით, ერთხელაც არ გვიჩხუბია, ასეთი იდეალურები ვართ.

– დაოჯახების შემდეგ თუ გაგიჩნდათ საჩხუბარი მიზეზი?

ანი: რა ვიცი, მაგალითად, არ მომწონს, მის ხალათს ქალები რომ ახატია. სხვა მიზეზი ვერ მოვძებნე.

კახა: არა, ჯერ არაფერზე ვჩხუბობთ.

– ორივე მუშაობთ, როგორია თქვენი დილა?

კახა: ადრე 11 საათამდე მეძინა, ახლა 8 საათზე ვიღვიძებ, ხოლო როცა ანი ეთერშია, დილის 6–ის ნახევარზე ვდგები. ხშირად მივყვები ანის გადაღებაზე, კუს ტბაზე, მთაწმინდაზე ან მსგავს ადგილებში თუ აქვს ჩართვა, თან გავისეირნებ და სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ.

ანი: თუ არ მომყვება, დილის 9 საათზე მეუღლე სახლში ჰყავს, რადგან ამ დროს ვბრუნდები.

– და ასწრებთ კიდეც მეუღლისთვის საუზმის გამზადებას.

კახა: ადრე, იცოცხლე, კარგად ტრიალებდა და ნომერ პირველი დიასახლისი იყო. ახლა ორსულად არის, ცოტა მიზეზობს და ვერ გადის სამზარეულოში.

ანი: რაღაც უცნაურობები მჭირს, ხილს და ბოსტნეულს დაჭრილს ვერ ვიტან, მთლიანი უნდა ვჭამო.

– პრეტენზიული ორსული ხართ?

კახა: პრეტენზიული არ არის, არც ღამით მიწევს მაღაზიაში წასვლა, მისი მაქსიმუმი პრეტენზია ის არის, რომ ერთხელ თავისი მეგობრის აივანზე ჭამა გემრიელად ხაჭო და ახლა ამბობს, ხაჭოს სხვაგან ვერ შევჭამო.

ანი: ჰო, მაინცდამაინც იმ აივანზე უნდა ავიდე და იქ უნდა ვჭამო. გამიგია, რომ ორსულობას უცნაურობები ახასიათებს კვების მხრივ, მე კი უფრო ადგილებზე მაქვს გართულება.

– ანი, ისე უცბათ დაგიწერიათ ჯვარი, საპატარძლო თეთრი კაბის ჩაცმა ვერ მოგისწრიათ. ამაზე გული არ გწყდებათ?

ანი: ხელი არ გვაქვს მოწერილი, ამიტომ ქორწილს ვგეგმავთ. ჯვრისწერის შემდეგ ვიწრო წრეში გვქონდა სუფრა. სულ ვფიქრობდი, როგორი დიზაინის კაბა უნდა მცმოდა, თითქმის არც ერთი ნამუშევარი არ მომწონდა. თეონა გარდაფხაძის დახმარებით ძლივს მივაგენი სასურველ კაბას. კახას შეიძლება არ მოსწონებოდა, პრეტენზიულია. იცით, რა გამახსენდა? კახას ნაკლი ისაა, რომ ზედმეტად პირდაპირია. ამიტომაც ვერ წარმოვიდგინე, თუ მეპრანჭებოდა. რაც არ მოსწონდა, გულწრფელად ამბობდა. გადაცემის შემდეგ მირეკავდა, თმა რა უცნაურად გქონდა ან პერანგი რა ფერის იყო, სხვა უკეთესი იქნებოდა, ან ეკრანზე გასუქებული ჩანდიო.

– რაც დაქორწინდით, კიდევ აქვს მსგავსი შენიშვნები?

ანი: კი. ერთხელ სამსახურში ღამის გათენება მომიწია, რადგან ბოლო მომენტში გადაცემის სტუმარი შეიცვალა. დილით კახამ მითხრა, არა უშავსო, მაგრამ მერე მითხრა, ისეთი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყოო. ამაზე მთელი ამბავი ავუტეხე, როცა გასულია გადაცემა, რა აზრი აქვს ამის თქმას–მეთქი. სწორედ ამის გამო საქორწინო კაბის ყველა დეტალს ვუთანხმებდი, თორემ პირდაპირ მეტყოდა, არ მომწონსო და ქორწილი ჩამშხამდებოდა. სამაგიეროდ თვითონ კახას კედები ეცვა ჯვრისწერაზე.

კახა: ჯვრისწერაზე დახეული ჯინსი და კედები მეცვა. ეს კედები ორი წელია ვიყიდე, არასოდეს მცმია და დედაჩემი მეუბნება, რაღა მაინცდამაინც ჯვრისწერაზე ჩაიცვიო.

– ოჯახურ ცხოვრებას როგორ შეეწყვეთ?

ანი: უფრო ცუდი წარმომედგინა ოჯახური ცხოვრება იმ პერიოდამდე, სანამ მეუღლეს შეეწყობი. ჩვენს შემთხვევაში ასე არ მოხდა. კახა ახლა უფრო ყურადღებიანია, ვიდრე შეყვარებულობის დროს. სხვანაირს ვერც შევეგუებოდი. ალბათ ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთმანეთს შევეწყვეთ, რადგან გარშემო ბევრი მაგალითია, როცა წყვილი სისულელის გამო ჩხუბობს.

– დასვენებას სად აპირებთ?

ანი: კუნძულზე წასვლას ვაპირებდით, მაგრამ გადავდეთ.

კახა: ზაფხულში ალბათ თბილისთან ახლოს დავისვენებთ, შემოდგომაზე კი სადმე წავალთ, თუმცა ჯერ არ გადაგვიწყვეტია, სად.
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1458 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 2:21 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 29
სტუმარი: 29
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024