♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 1 » ილია ჭავჭავაძე
5:55 PM
ილია ჭავჭავაძე


* * *
ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

* * *
სარწმუნოებსი სხვა-და-სხვაობა ჩვენ არ გვაშინებს. ქართველმა, თავის სარწმუნოებისათვის ჯვარცმულმა, იცის პატივი სხვის სარწმუნოებისაც. ამიტომაც ჩვენს ისტორიაში არ არის მაგალითი, რომ ქართველს სურვებიყოს ოდესმე სხვისა სარწმუნოების დაჩაგვრა და დევნა. სომეხნი, ებრაელნი, თვით მაჰმადიანნიცა, ჩვენს შორის მცხოვრებნი, ამაში ჩვენ ვერაფერს ვერ წაგვაყვედრებენ. სხვა ქვეყანაში სარწმუნოებისათვის დევნილნი და ჩაგრულნი - აქ ჩვენში ჰპოულობდნენ მშვიდობის-მყოფელს სავანესა და სინდისის თავისუფლებასა.

* * *
საქართველო, როცა-კი მოიცლიდა ხოლმე გარეშე მტერთა ზედმოსევისა და მოგერიებისაგან, მაშინვე შეუდგებოდა ხოლმე ქრისტეს აღსარების განმტკიცების და გაძლიერების საქმესა. როცა-კი ქვეყნის მდგომარეობა ნებას აძლევდა, ქართველნი, ცნობილნი სულიერის მოღვაწეობითა და აღრტყინებულნი ღვთის მოსაობით და სარწმუნოების გრძნობითა, გამოდიოდნენ გამავრცელებლად და მოსარჩლედ მართლმადიდებელის სარწმუნოებისა აღმოსავლეთში: მცირე აზია, სირია და თვითონ ბალკანეთის ნახევარკუნძული თვისდა ახლო მახლო კუნძულებითა დღესაც ჰმოწმობენ ქართველთა მოღვაწეობას სარწმუნოებისათვის. აქ ყველგან მრავალგვარი ნაშთია დღესაც უტყვ, მაგრამ უტყუარ მოწამედ იმისა, რომ გულმოდგინებას ქართველებისას სარწმუნოებისათვის შორსაც გაუდგამს ფეხი და ხელი გაუწვდენია. მონასტრები, ქართველთა ხარჯით და ფულით აშენებულნი, არა ერთი და ორი დღესაც ჰღაღადებს ათონის მთაზედ, სინაზდ, სირიაში, იერუსალიმის ახლო-მახლო, რომ ქართველთა თაგვამომეტებით და დიდის მხნეობით უღვაწნიათ თავის ქვეყნის გარეთაც სადიდებლად თვისის სარწმუნოებისა.

* * *
„ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული" - აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, - ამ სისრულის გზაზე, ვინ წამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

* * *
ადამიანი და ნამეტნავად ერი არა მარტო „პურითა ერთითა ცოცხალ არს". მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტების ჭიდილის გზაზე, მაგრამ უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე, - გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახოციელო პურისათვის, ის იმდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.

* * *
ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.

* * *
ღმერთა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება და ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში, ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რამე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: „რასაცა გასცემ - შენია, რაც არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

* * *
იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.

* * *
როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისთვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის, აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..

* * *
ეს წუთისოფელი ცოდო და მადლის ჭიდილია, სხვა არაფერი. ზოგი ცოდოს იკიდებს ზურგზედ და ტყვიასავით მძიმეა, ზოგი მადლს და ბუმბულსავით სუბუქია.

* * *
სადაც სურვილია დატკბობისა, იქ სიყვარული არ არი; სიყვარული ტანჯვაა; „ტანჯვაა ვალი და სხვერპლი უზომო სიყვარულისა" - ამბობს ერთი ჩვენი ქართველი პოეტი. მართალიც არი!.. სიყვარულში თვითონ სიყვარული უნდა ეძებოს კაცმა, სიყვარულში თვით სიყვარული უნდა უყვარდეს სიყვარულისთვის კაცსა და არა რაიმე სურვილისთვის. სადაც გამოერევა ადამიანის „მე", იქ უთუოდ უნებლიედ წარმოსდგება მონებაცა ერთისა მეორეზედ. უფრო უძლურმა უნდა დაუთმოს უფრო ძლიერს, იქ იქნება დესპოტობა, მონება და არა სრული ერთხმოვანი გარმონია ორთა თანასწორთა სულთა, რომელთა შეერთება შეიქმს ხოლმე ერთ დაკარგულს ერთარსებასა; უნდა დაივიწყო შენი „მე" და შეერთდე იმის „მესთან"; მაშინ აღსრულდება მნიშვნელობაც სიყვარულისა, მაშინ გადაიშლება მთელი ზღვა ტანჯვისა...

* * *
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, -
აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?

* * *
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა,
სულგრძელობითა ძლევა სჯობს
ვაჟკაცობითა ძლევასა

* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ
კაცს შენზედ შურით მწდომსაო!..
კეთილი ფარად უფარე
შენთვის ბოროტის მდომსაო,
მადლისა წყაროს ასმევდე
ცოდვის გუბეში მდგომსაო.

* * *
არაფერი ქვეყანაზე არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

* * *
საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გადაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და, სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკიდებულ წისქვილსავით.

* * *
შეწყნარება დაჯერებას არ ჰნიშნავს, გინდა თუ არა, არამედ პატივსა, რომლითაც უნდა მოექცეთ სხვის აზრს, თუნდაც თქვენს უსიამოვნოს, თქვენს წინააღმდეგს. პატივით მოქცევა კიდევ იმას ჰქვიან, რომ მთქმელს, თუ გამკითხველს საბუთი გაუჩხრიკოთ, საბუთი აუწონოთ თქვენს საკუთარ სასწორზე, ასე თუ ისე საკუთარი ფასი დასდოთ და მისაწყავი ისე მიუწყათ. ყოვლად საკადრისი საქციელი გონებაგახსნილისა და მართლა განათლებულის კაცისა სწორედ ეს გზაა და სხვა არარა. ვისაც ეს არა სჭირს, ტყუილად თავსა სდებს განათლებაზე, ტყუილად აბრიყვებს თავისთავსაც და სხვასაც, განათლებული ვარო. იგი ყოველ გონებადახშულზედ უარესია.

* * *
ერთის ბრძენისა არ იყოს, ქვეყანაზე ზოგი იმისთანა საგანია, რომ თუ არ დაინახე, ვერ ირწმენ და ზოგიც იმისთანაა, რომ თუ არ ირწმუნე, ვერ დაინახავ. ცასა, თუ ცას იქით, სწორედ იმისთანა ადგილებია მაძებარ გონებისათვის, რომ თუ არ ირწმუნე, ვერას დაინახავ.

* * *
კაცს ორი სახელი უნდა ჰქონდესო, - ამბობს ჩვენი ერი: - ერთი აქ დასარჩენი, მეორე თან წასაყოლიო. ეს ანდერძი ქართველისა ისე არავის შეუსრულებია, როგორც დავით მეფესა. აქ აღმაშენებლის სახელი დარჩა, როგორც მეფეს, და იქ, როგორც დიდ-ბუნებოვანმა კაცმა - წაიყოლია სახელი წმინდანისა, დიდების გვირგვინით შემკობილი.

* * *
ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნეობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფუძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამომდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

* * *
რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

* * *
თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამიანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქნება, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!

* * *
რაც კაცს უფრო საკეთილოდ მიაჩნია, უფრო საუმჯობესოდ, უფრო სამართლიანად, მას უნდა მთელის თვისის მხნეობით და ღონით შეეწიოს იმისდა მიუხედავად, ეწყინება ვისმე, თუ არა. იქ წყენა რას მიქვიან, საცა ჩემი რწმენა, ჩემი ადამიანობა მიწვევს სამოქმედოდ და ქვეყნის საკეთილდღეოდ. იქ მამულის-შვილობის ვალი ითხოვს, რომ არაფერს მოვერიდო და ცხარედ ჩავკიდო ხელი მას, რაც ჩემმა კაცობამ, ჩემმა რწმენამ, ჩემმა სინდისმა წინ დამისვა ნიშნად. ამას ითხოვს მოქალაქეობრივი გულადობა, ვაჟკაცობა და ქველობა.

* * *
დადგა მარხვა სინანულისა, მოვიდა დღე განკითხვისა. იმ განკითხვისა კი არა, რომელსაც საშინელი განკითხვა ჰქვიან და რომელსაც ჯოჯოხეთი და „ღრჭენა კბილთა" მოსდევს... ეს იმისთანა განკითხვაა, საცა თვითონ ბრალეული თავის-თავის გამკითხველია და მსაჯული. მაშასადამე, აქ „კბილთა ღრჭენას" და ჯოჯოხეთს ადგილი არ ექნება. აქ მხოლოდ ის არის საჭირო, რომ კაცმა თავისი ცოდვები ჩამოთვალოს და სთქვას: ვინანიო. რაკი ეგრეა, ყველა კაცი უნდა დაუფიქრდეს თავის წარსულს ცხოვრებას თავისის ცოდვა-მადლის გასარჩევად, თუ სურს ქრისტიანული წესი აღასრულოს და დრო სინანულისა ტყუილუბრალოდ არ გააქარწყლოს.

* * *
რა საკვირველია, რომ მე ჩემი უფრო მიყვარდეს, ჩემსას უფრო შევხაროდე, ჩემი უფრო მიამებოდეს და ჩემსას უფრო ხელს ვუწყობდე. გული ადამიანისა ფიცარი ხომ არ არის, რომ ერთი წაშალო და მის მაგიერ სხვა რამ დასწერო. გრძნობა თავისიანის სიყვარულისა ისეთივე ძლიერია, ისეთივე მკვიდრია, ისეთივე ბუნებრივია, მაშასადამე, ისეთივე სამართლიანი და პატივსაცემი, როგორც სიყვარული მამა-შვილური, დედა-შვილური. ვერა ძალი მაგ სიყვარულს ვერ ამოჰკვეთს ადამიანის გულიდამ! ყოველივე იარაღი მის წინაშე უქმია!




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1268 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:25 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024