♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 24 » ჩემი ცხოვრების მდინარე...
3:49 PM
ჩემი ცხოვრების მდინარე...


ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი (ბოგოტასკენ და ბოგოტადან) - საშუალო სკოლაში სწავლის ექვსი წლისა და უნივერსიტეტში სწავლის პირველი ორი წლის განმავლობაში.
ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე - სკოლაში. მდინარის წყალუხვობის პერიოდებში ხუთი დღე სჭირდებოდა გემით მგზავრობას ბრანკილიადან პუერტო-სალგარამდე და, შემდგომ, მატარებლით ბოგოტამდე მიღწევას. წვიმების დროს - რაც არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლდათ - მგზავრობა სამ კვირამდე გრძელდებოდა.
პუერტო-სალგარიდან ბოგოტისკენ მიმავალი მატარებელი მთაგორიან ადგილებში მიიკლაკნებოდა და კლდოვან ქედებზე დაბობღავდა. ციცაბო აღმართებზე ის უკან მიგორავდა, შემდეგ სიჩქარეს ავითარებდა და კვლავ წინ მიიწევდა. დრაკონივით მძლავრად ქშინავდა და ოხშივარს უშვებდა.
მატარებლის სვლის გასაიოლებლად მგზავრები ზოგჯერ ფეხით ადიოდნენ უახლოეს ქედზე. ლიანდაგის გასწვრივ ჩამწკრივებული გათოშილი, პირქუში სოფლელები ყიდდნენ შემწვარ ყვითელ წიწილებს და კარტოფილის პიურეს, საავადმყოფოს სუნით რომ ყარდა.
მატარებელი ბოგოტას აღწევდა საღამოს ექვსი საათისთვის, რომელიც ახლაც დღის ყველაზე უსიამოვნო მომენტად მიმაჩნია. ამ უხალისო, ცივ ქალაქში ტრამვაები ღრჭიალებდნენ და ყოველ მოსახვევთან ნაპერწკლებს ისროდნენ. ჭვარტლნარევი წვიმა არ წყდებოდა.
ქუჩებში შავქუდიანი კაცები ირეოდნენ, ერთმანეთს ეჯახებოდნენ და სადღაც მიიჩქაროდნენ. არც ერთი ქალი არ ჩანდა. მთელი წელი ბოგოტაში უნდა გაგვეტარებინა სწავლის საბაბით, სინამდვილეში კი სულმოუთქმელად ველოდით დეკემბერს, როდესაც მაგდალენაზე ხელახლა უნდა გვემგზავრა.
იმ დროს გემებს სამი გემბანი და ორი გრძელი საკვამლე მილი ჰქონდათ. ღამით ისინი გაჩირაღდნებულ პატარა ქალაქებს ემსგავსებოდნენ და სანაპიროს ჩაბნელებული სოფლების გასწვრივ მიცურავდნენ. მუსიკისა და ჯადოსნური ზმანებების შლეიფი არემარეს ეფინებოდა.
გემებს ჰქონდათ ადვილად დასამახსოვრებელი სახელწოდებები: \\\"ატლანტიკო\\\", \\\"მედელინი\\\", \\\"კაპიტანი დე კარო\\\", \\\"დავიდ არანხო\\\". კონრადის მოთხრობების პერსონაჟთა მსგავსად, კაპიტნები სიმკაცრით და, იმავდროულად, გულისხმიერებით გამოირჩეოდნენ. ისინი ხარბად, გარეული მხეცებივით ნთქავდნენ საჭმელს, მაგრამ თავიანთ პატარა კაიუტებში ღამღამობით მარტონი როდი იყვნენ. ეკიპაჟი კაპიტნებს \\\"მეზღვაურებს\\\" უწოდებდა, თუმცა ბრანკილიას ბარებსა და ბორდელებში, ნამდვილ მეზღვაურთა გარემოცვაში, მათ \\\"მენავეების\\\" სახელით იცნობდნენ.
მგზავრობისას დრო ნელა და საინტერესოდ გადიოდა. დღისით გემბანზე ვისხედით და ნაპირებს ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა გუნდებს. მეჩეჩებზე ლამანტინები შვილებს ძუძუს აწოვებდნენ და მათი გაბმული ყვირილი სიმღერასავით ჟღერდა.
ზოგჯერ დღის ძილს გვიკრთობდა ამაზრზენი სიმყრალე და ვხედავდით, როგორ მოჰქონდა დინებას ძროხის ვეება, გაბერილი ლეში, რომელზეც გრიფი დამჯდარიყო. მთელი მგზავრობის განმავლობაში რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი.
თვითმფრინავით მგზავრობისას ძნელად თუ შეიძენ ნაცნობებს. მაგდალენაზე ცურვის დასრულებისას კი ერთ მრავალრიცხოვან ოჯახს წარმოვადგენდით. მომავალი შეხვედრებით ვხარობდით: ელიას ოჯახი კალამარში ამოვიდოდა გემზე, პენას და დელ ტოროს ჯალაბი - ლა-პლატაში; ესტორინოს და ვინას ცოლ-შვილი - მაგანგვაში, ვილაფანისა - ელ-ბანკოში.
ნავსადგურებში შეჩერებისას გემის არაერთი მგზავრის ბედი იცვლებოდა: ვინსენტ ესკუდერო, სტუდენტი-მედიკოსი, გამარაში დაუპატიჟებლად შეუერთდა მექორწილეებს, ნებართვის თხოვნის გარეშე იცეკვა ყველაზე ლამაზ ქალთან და ამ უკანასკნელის ქმრის ტყვიას შეეწირა. სამაგიეროდ, ბარანკაბერმეიაში მთვრალმა პედრო პაბლო გილიენმა ცოლად შეირთო პირველივე ქალიშვილი, რომელიც მოეწონა. ისინი ახლაც ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ ცხრა შვილთან ერთად. შესანიშნავმა მუსიკოსმა ხოსე პალენსიამ ტენერიფეში მონაწილეობა მიიღო მედოლეთა კონკურსში და ჯილდოდ მიღებული ძროხა იქვე გაყიდა ორმოცდაათ პესოდ, რაც იმ დროს მნიშვნელოვან თანხას შეადგენდა.
ზოგჯერ გემი ორიოდ კვირით ქვიშიან მეჩეჩზე ჯდებოდა, მაგრამ უკმაყოფილებას არავინ გამოთქვამდა: გართობა ხომ კვლავ გრძელდებოდა. კაპიტანი მაძლევდა წერილობით, ბეჭედდასმულ ახსნა-განმარტებას სკოლაში წარსადგენად.
ჩემი უკანასკნელი მგზავრობის დროს, 1948 წლის ერთ ღამეს გაგვაღვიძა შემზარავმა ყვირილმა, რომელიც ნაპირიდან გაისმოდა. თურმე დედალი ლამანტინი მეჩეჩთან ჩამოვარდნილი ხის ტოტებში გახლართულიყო. ჩვენმა კაპიტანმა კლიმაკო კონდე აბელომ (ერთ-ერთმა საუკეთესო კაპიტანმა) ეკიპაჟს უბრძანა, პროჟექტორებით გაენათებინათ მეჩეჩი. ეკიპაჟის წევრები წყალში ჩახტნენ და ლამანტინი გაათავისუფლეს. ეს იყო ოთხი მეტრი სიგრძის - ფანტასტური შესახედაობის არსება, რომელიც უცნაურად მოძრაობდა. გლუვი, ბაცი ფერის კანი ჰქონდა და დაბურული მკერდი ქალისას მიუგავდა. დიდრონი თვალებიდან ცრემლები სდიოდა.
სწორედ ამ კაპიტანმა განაცხადა ერთხელ, რომ მდინარის აუზში მცხოვრები ცხოველების დახოცვა ქვეყანას საშინელ საფრთხეს უქადდა. ის მგზავრებს ნადირობას უკრძალავდა და ყვიროდა, თუ ვინმეს მკვლელობის ჩადენა სურს, ეს თავის სახლში მოიმოქმედოს და არა ჩემს გემზეო.
სამწუხაროდ, მისი ნათქვამი არავინ შეისმინა.
ცამეტი წლის შემდეგ, 1961 წლის 19 ივლისს, მეხიკოში მეგობარმა დამირეკა და მაუწყა, რომ მაგანგუს ნავსადგურში გემ \\\"დავიდ არანხოს\\\" ცეცხლი წაეკიდა და ერთიანად ნაცრად იქცა. როდესაც ყურმილი დავკიდე, დამეუფლა საშინელი გრძნობა, თითქოს ჩემი ახალგაზრდობა საბოლოოდ დამთავრდა და ჩვენს მდინარესთან დაკავშირებული მოგონებები გემთან ერთად ჩაიფერფლა.
ეს მართლაც ასე მოხდა.
ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს. მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა (რასაც ბიძგი მისცეს ამ საკითხით დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა) სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი. მაგდალენას აღდგენას დასჭირდებოდა, სულ ცოტა, ოთხი თაობის ენერგიული ძალისხმევა, ე.ი. მთელი საუკუნე.
ადამიანები ხალისით საუბრობენ ტყეებით მაგდალენას ნაპირების განაშენიანების შესახებ, რაც საჭიროებს 59.1100000 ხის დარგვას. უკეთ გააზრების მიზნით სიტყვიერად გამოვთქვათ: ორმოცდაცხრამეტი მილიონ ასათი ათასი ხე. ამასთან, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ხეების რაოდენობა, არამედ - ტერიტორია, სადაც ისინი უნდა დაირგოს. თითქმის მთელ ვარგისიან მიწებს კერძო მესაკუთრეები ფლობენ და ტყეებით სრული განაშენიანება ნიშნავს ამ მიწების 90 პროცენტის დაფარვას. ერთი ვიკითხოთ, რომელი ჭკუათმყოფელი მეპატრონე გვიბოძებს მისი მიწების 90 პროცენტს მხოლოდ ხეების დასარგავად და დათმობს თუ არა ის საკუთარი შემოსავლის 90 პროცენტს?
დაბინძურება მხოლოდ მდინარე მაგდალენას როდი ანადგურებს. მის შენაკადებს მოაქვს სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და ცხოველური ნარჩენები ეროვნული ნარჩენების გიგანტურ რეზერვუარში - ბოკა დე კენიზას სრუტეში.
1980 წლის ნოემბერში ჯარიდან გამოპარული ორი დეზერტირი მდინარე ბოგოტაში ჩახდა. ისინი მდინარის წყლისგან დაინფიცირდნენ და კინაღამ დაიღუპნენ. მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა - მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის - რაც სკორეს ჭამა.
გარემოს დაცვის ამოცანა ძნელად განსახორციელებელია, მაგრამ, საბოლოო ანგარიშში, რეალურია. საამისოდ საჭირო ღონისძიებები დეტალურადაა აღწერილი ჰოლანდიელ და კოლუმბიელ მეცნიერთა ერთობლივ გამოკვლევაში, რომელიც რამდენიმე წლის წინათ დასრულდა. გამოკვლევის ოცდაათი ტომი ეროვნული ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის არქივში იმტვერება. ამ მონუმენტური ნაშრომის დირექტორის მოადგილე გახლდათ ანტიოქიელი ახალგაზრდა ინჟინერი ხაირო მურილიო, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი შესწირა გამოკვლევას და სულიერი სიმშვიდე დაკარგა: ის თავისი ოცნებების მდინარეში ჩაიხრჩო.
თავისთავად ცხადია, რომ ახლო წარსულში პრეზიდენტობის არც ერთმა კანდიდატმა არ დაუთმო დრო ამ ამოცანის გადაწყვეტას.


კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1089 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:38 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024