♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » აპრილი » 18 » ბავშვობის იარამ გოგონას გათხოვებაზე უარი ათქმევინა
10:26 PM
ბავშვობის იარამ გოგონას გათხოვებაზე უარი ათქმევინა


ზღვისფერთვალება, ოქროსფერი თმებით, რომანტიკული, ძლიერი ქალი – ალბათ ბევრი მამაკაცისთვის სასურველი, კომუნიკაბელური, დიალოგში შეგიყოლიებთ და საუბრის მიღმა საინტერესო პიროვნებას ხედავთ. ერთი შეხედვით ლაღს და ხალისიანს ადამიანებთან ურთიერთობაში კარგი განწყობა შეაქვს, თუმცა გულში დიდ დარდს ატარებს. ბავშვობაში მიღებულმა ფიზიკურმა ტრავმამ და მისგან გამომდინარე ფსიქოლოგიურმა წნეხმა მისი მომავალი განსაზღვრა. ახლა მოსწავლეებთან ბევრს მუშაობს, რომ მისცეს ის, რაც თავად დააკლდა. პირადი ცხოვრების დეტალებზე 36 წლის მანდილოსანი, დაწყებითი კლასის პედაგოგი ტატა გვესაუბრა.

ტატა:

– ჩემი აზრით, ადამიანმა განათლება შეიძლება ნებისმიერ ასაკში მიიღოს, მთავარი მისი პიროვნებად ჩამოყალიბებაა. ამაზე მუშაობა ბავშვთან პატარა ასაკიდანვე უნდა დაიწყო. მოწაფეებთან დამოკიდებულებაში ყოველთვის პარალელს ვავლებ ჩემს ბავშვობასთან. ვცდილობ, მათში აღმოვფხვრა ის ნაკლოვანებები, რაც თავად მქონდა. ჩემთვის რომ ასე ესწავლებინათ, ალბათ უკეთესი ადამიანი ვიქნებოდი. თვითკრიტიკული ვარ, ჩემს თავში ბევრ ნაკლს ვპოულობ. საკმაოდ ბევრს ვმუშაობ საკუთარ თავზე და ბევრი რამ შევცვალე.

ბავშვობიდან ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ხელისგულზე მატარებდნენ: ვაიმე, ეს არ შეუძლია, ის არ შეუძლიაო. სკოლა ისე დავამთავრე, არაფრის გაკეთება შემეძლო. განებივრებული, ცოტა არ იყოს, ჭირვეულიც ვიყავი – ზნე ჩამომიყალიბდა ასეთი, თორემ ბუნებით სხვაგვარი ვარ. რაც დამოუკიდებელი გავხდი (წლებია, მარტო ვცხოვრობ), საკუთარ თავში სულ სხვა თვისებები აღმოვაჩინე.

– უფრო კონკრეტულად აგვიხსენით, რატომ უკავშირებთ აღზრდას თქვენს მარტოხელა ცხოვრებას.

– რაღაც პერიოდში მეგონა, ოჯახური ტვირთის ტარებას ვერ შევძლებდი. ვთვლიდი, რომ ჩემი გათხოვება არ შეიძლებოდა, ვინაიდან ჯანმრთელობა არ მქონდა წესრიგში. ბავშვობაში ღუმელის ცეცხლით შემთხვევით ფეხი დამეწვა და მას შემდეგ ოჯახში მიფრთხილდებოდნენ. ეს 8 წლის ასაკში დამემართა. წლების განმავლობაში საქალაქო ტრანსპორტითაც არ მიმგზავრია. ის საბედისწერო დღე ისე აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში, თითქოს ყველა დეტალს თვალნათლივ ვხედავ: დილა როგორ გათენდა, ჩავიცვი... ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანის ხმა მესმის – დედაჩემის, მეზობელი მამაკაცის, ვინც შემოგვეშველა... მგონი, იმ დღეს გავიზარდე. ახლაც, რომ ვყვები, მაშინდელ ტკივილს ფიზიკურად განვიცდი. მკურნალობა წლები გაგრძელდა, რაღაც პერიოდში ეტლითაც დავდიოდი. თავიდან დამწვრობა არცთუ მძიმე ფორმის იყო, მაგრამ მივმართეთ იმხანად ცნობილ საუკეთესო ექიმს და აღმოჩნდა, რომ მან არასწორი მკურნალობა ჩამიტარა. გამირთულდა. გადანერგვა გამიკეთეს. მაშინ საქართველოში ამ სახის ოპერაციის პირველი თუ მეორე შემთხვევა იყო. სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე. კაბას ვერ ვიცვამდი – ფეხები შეხვეული მქონდა (მოკლე კაბაზე ხომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი იყო). ძალიან განვიცდიდი.

– ამ ტრავმამ ფსიქოლოგია შეგიცვალათ?

– არამარტო ფსიქოლოგია, ცხოვრებაშიც დიდი დაღი დამასვა. როცა მივხვდი, რომ ამ ტრავმის შედეგად დარჩა მხოლოდ ნაიარევი და სხვა არაფერი, უკვე ძალიან გვიანი იყო. მაშინ ალბათ კარგი ფსიქოლოგი მჭირდებოდა და არა – სიბრალული. ყოველი ფეხის ნაბიჯზე სიბრალულს ვგრძნობდი. ვერ ვიტან, როცა ადამიანს ვებრალები!

– ფაქტია, რომ ჭრილობამ უკვე გაიარა, წარსულში გადაინაცვლა, ხომ ასეა?

– გაიარა, მაგრამ საბო–ლოოდ ვერ გაიარა. ჩემი მარტოხელობის ერთ–ერთი მიზეზი ეს არის. სკოლის ასაკიდან მოყოლებული თაყვანისმცემლები მყავდა, სხვებთან ურთიერთობაში თბილი და ხალისიანი ვიყავი, ხოლო საკუთარ თავთან – ძალიან მძიმე. შეიძლება ჩემი ხასიათის ასეთ გაორებას ნაწილობრივ ისიც განაპირობებს, რომ ორი სახელი მაქვს: ნათლობის სახელი სხვაა, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა სახელით ვარ რეგისტრირებული. ნიღბით ვცხოვრობ: ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ლაღი, ბედნიერი, ფერადი, ხალასი ვჩანვარ, მაგრამ საკუთარ თავთან რადიკალურად განსხვავებული ვარ. სკოლაში რომ მივდივარ, განწყობა შემაქვს და მიხარია, რომ ასეა. ალბათ ვერც წარმოუდგენიათ ჩემი ხასიათის სიმძიმე. მიყვარს მკვეთრი, ჭრელაჭრულა სამოსი, მკაფიო მაკიაჟი. ზოგჯერ ქუჩაში მზერაც დამიჭერია, რომ ჩემი ჩაცმულობა ვულგარულად, გამომწვევად აღუქვამთ, მაგრამ სინამდვილეში არასდროს არაფერი მიკეთებია ვიღაცის ყურადღების მისაქცევად.

საერთოდ, წინასწარ არაფერი მაქვს დაგეგმილი, თუ ვიფიქრე, მერე გადაწყვეტილების მიღება მიჭირს. გადაწყვეტილებას სპონტანურად ვიღებ ხოლმე.

– სხვათა შორის, ამ თვისებით იოლად შეიძლება ოჯახის შექმნისკენ ნაბიჯის გადადგმა. ეს საკითხიც რატომ სპონტანურად არ გადაწყვიტეთ?

– სტუდენტობის დროს მქონდა შემთხვევა, როცა ნაუცბათევად გადავწყვიტე. ბიჭს ოჯახში გავყევი და როცა ცოტა ხნით მარტო მომიწია დარჩენა, ვიფიქრე, რა მოჰყვებოდა იმას, როცა ჩემს ორივე ფეხზე ნაიარევს შენიშნავდა. შემეშინდა და წამოვედი. ეს თემა ჩემთვის ტაბუდადებული იყო, ვერავის ვუმხელდი. ახლა აღარ მაქვს ასეთი საგანგაშო განცდა, მაგრამ იმ დროს, როცა თაყვანისმცემლებისგან მართლა თავბრუ მქონდა დახვეული და შემეძლო, ნორმალური გადაწყვეტილება მიმეღო, ხელი შემეშალა.

– ნაადრევი ქორწინება ხშირ შემთხვევაში მაინც მარცხით მთავრდება. შეიძლება ეს ნაბიჯიც თქვენთვის მაშინ ნაადრევი იყო... მომდევნო წლებში სიყვარული აღარ გწვევიათ?

– საქმე ის არის, რომ მხოლოდ არასტანდარტული, განსხვავებული ტიპაჟები მიყვარდებოდა. იმ ასაკში შემიყვარდა, როცა უკვე ადამიანს ჭკუა მოეკითხება და გონივრული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩვენი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, შემდეგ სიყვარულში გადაიზარდა. თავიდან უკვირდა, როგორ მოხდა, ასეთი გოგო გათხოვილი რომ არ ვიყავი. ერთმანეთთან წრფელი ურთიერთობა გვქონდა, ის ერთადერთი იყო ჩემს თაყვანისმცემლებს შორის, ვინც იცოდა ჩემი ტრავმის შესახებ. მეც ვიცოდი მისი უარყოფითი მხარე და მის გამოსწორებას ვცდილობდი, საუბარია ნარკომანიაზე. ვერ ვიტყვი, რომ თავადაც არ ცდილობდა ამას, მეუბნებოდა, ტატა, შენ იმდენად ძლიერი გოგო ხარ, რომ მოახერხებ და ამ ჭაობიდან ამომიყვანო. ბევრი ვეცადე, მაგრამ უშედეგოდ. ძალიან მიყვარდა და სერიოზული ტკივილი დამიტოვა. საშინელი დეპრესია მქონდა. დღეს კარგად ვარ, ასე თუ ისე გადავიტანე.

– თვითონ როგორ შეგელიათ?

– ძალიან რთულად. ჩვენი ერთად ყოფნა უბრალოდ აღარ შეიძლებოდა, ხასიათიც გაუფუჭდა. დადებით პიროვნებად ვიცნობდი, შეიძლება ახერხებდა ნიღბის ასე კარგად ტარებას, არ ვიცი... მერე გაირკვა, რომ, რაც მომწონდა მამაკაცში და რის გამოც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო – ღირსება, ჯენტლმენობა – აღარაფერი გააჩნდა.

პირველად მისგან უწმაწური სიტყვა რომ გავიგონე, გავოგნდი, ტირილით მოვკვდი, როგორ თქვა–მეთქი. "წიკიანი გაუთხოვარი ქალი" ნამდვილად არ მეთქმის. ურთიერთობას იოლად ვამყარებ, ძალიან ბევრის გაგება, მოთმენა და ატანა შემიძლია. თუ ადამიანს უჭირს და ჩემი თანადგომა სჭირდება, მისთვის ყველაფერზე წავალ. მზად ვიყავი, სიცოცხლე შემეწირა, ოღონდ გამოსწორებულიყო. მჯეროდა, ასე იქნებოდა. ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, მაგ დაავადებას არაფერი შველის... ყველაფერთან ერთად იმ უხეშობის ატანა უკვე აღარ შეიძლებოდა.

მაგრამ არაფერს ვნანობ, ვინაიდან ამ ურთიერთობაში ჩემი თავი გამოვცადე, ბევრი რამ ვისწავლე, დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ვარ და შემიძლია, შეუძლებელიც გავაკეთო. ამით ვამაყობ. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, საკუთარი თავისთვის მეარსება. ერთხანს ჩემს ძმასთან ერთად ვცხოვრობდი, მე ვიკლებდი და მას არ ვაგრძნობინებდი, მშიერიც ვყოფილვარ და მის კვებაზე ვზრუნავდი. ძმის პრობლემების გამო ღამის მორიგედაც ვმუშაობდი, მას კი ეგონა, მეგობარ გოგოსთან ვრჩებოდი. იმიტომ ვუმალავდი, კაცია და იუხერხულებს, ინერვიულებს–მეთქი.

ადამიანებთან ურთიერთობაში ბოლომდე ვიხარჯები. იმ ურთიერთობამ მასწავლა, რომ ქალმა საკუთარ თავს პატივი უნდა სცე და შენ შიგნით არსებული ადამიანი–ქალი უნდა გიყვარდეს. მაშინ რომ ჩემი თავი წინა პლანზე წამომეწია, ალბათ უფრო ადრე დასრულდებოდა ყველაფერი და ამხელა ტკივილს არ დამიტოვებდა.

ახლა ოჯახის შექმნაზე შეიძლება მხოლოდ იმიტომ ვიფიქრო, რომ შვილი მყავდეს. ბავშვის გარეშე ჩემი ცხოვრება საცოდაობაა. შვილი მინდა არა ჩემი მარტოობის შესავსებად, არამედ იმიტომ, რომ ადამიანი გავზარდო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1123 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ორშაბათი, 2024-12-23, 10:24 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  აპრილი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024