არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა… და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა.. გადის ცხოვრება, გადის… მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად, მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად…
უსიტყვოდ გენდე (ნეტავ ვინ მთხოვა?) და იმის შემდეგ არ წყდება თოვა… ცხოვრება გადიიიის…
წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს… ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს…
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. აღარც ფიცი არ მწამს. არც მაკვირვებს ბოლო. შენზე ფიქრი დამწვავს, შე… ქალღმერთის ტოლო!
არ ვიქნები ფიცხი. ერთ რამეს გთხოვ მხოლოდ: სხვას მიეცი ფიცი, მე მომეცი,,ბოლო”…
ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი… როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში…
შენი ხელი ხელს ჰბანდა, შენი ხელი ცვდებოდა. მეც გეცვითე ხანდახან, განა მეწყინებოდა…
იბრძვიან, ნაღდი ომია (შუაში მსაჯად ვდგევარ), სული და ფიზიონომია. დამნაშავე კი , მე ვარ…
წარმომავლობით ძველ-ბერძენია. სთქვა: ის ვიცი რომ, არა ვიცი რა! ჩემს საქმეში კი ყველა ბრძენია -მე რაც არ ვიცი, ისიც იციან…
ღმერთს არ ეშლება, როცა თქეშია. არ ეშლებოდა შექსპირს კაფია. მე კი, შემინდეთ, ბევრი შემშლია. ესეც პატარა ეპიტაფია…
ჩემი ლექსები, დღეს შენ გეძღვნება, თუმცა, მცირეა ვიცი ეს ძღვენი. მაგრამ, თუ გინდა ფრენის შეგრძნება, მოდი მომენდე , მოდი მიგრძენი…
|