ვუცდი წითელ ღრუბლებს, მაგრამ მეჩვენება დილა გათენებას ისევ აგვიანებს... აივანთან ღამე ცივად მეგებება, ცაზე დააფეთებს უსინათლო თვალებს...
მოლოდინი ფიქრში იკარგება თითქოს, შენი სიახლოვის დამდევს მონატრება... შეციებულ თითებს შენ თუ არ გამითბობ, ვეღარ დაგიძახებ და ნუ მოხვალ მეტად...
გარეთ გაზაფხულდა.. ყვავილობას იწყებს, ნახე, ქარს ნუშისთვის ძილი დაუფრთხია... თ უ არ ჩამჩურჩულებ დავიწყებულ სიტყვებს, აღარ გავიხსენებ, რაც დროს წაუშლია...
გთხოვ, ნუ შეგაშფოთებს ჩემი გამოწვევა, და ნურც ბოდიშს მეტყვი გრძნობის საპასუხოდ... შენი სიყვარული თუ ვაქციე ჩვევად, მინდა, ამ ჩვევაში გავიწაფო უფრო...
სითამამით მხიბლავს მარტოობა მხოლოდ, უშენობით ახლა მე ყველაფერს ვიტყვი... შენს გვერდით ვარ მორცხვი, ისე მორცხვი როგორც გაზაფხულის მზეში გაუშლელი კვირტი...
როცა ჩემს წინ არხევს შენი სუნთქვა ჰაერს, და ღიმილით როცა ფანტაზიებს მპარავ... მღელვარებისა და ფორიაქის ნარევს უკვე მოფიქრებულ სიმშვიდეში ვფარავ...
ასე გამეტებით რადგან შემატოვე ლურჯი ოცნებების გრძელი ქარავანი, მთის წვერიდან სხივებს შენთვის შევაგროვებ, თუ დღეს ალიონთან მისვლა დაგასწარი...
თოვლის ნამქერივით ნუ მომიტან სათქმელს, ფიფქი კაბის ღილად აღარ შემებნევა... მარტის ცივი ქროლვა მე ისედაც თან მდევს, მარტივით მჭირდება სითბოსთნ შეჩვევა...
არ მსურს გამიგრძელდეს სევდის მანიფესტი, მილეული მთვარეც ბოლო ძალებს იკრებს... ჩემი მოძახილი თუკი რამეს შეცვლის, სულის დერეფანში გელოდები ისევ...
ვუცდი წითელ ღრუბლებს.. და თეთრ სარეცელზე გდია მზის სხივების გაუხსნელი კონა... რა იქნება, თვითონ მოხvიდოდე ერთხელ, ოღონდ არა უკვე გაცილებულ ხსოვნად...
|