შემოდგომის ნაღველს გაჰყვა ყვავილების ფარჩა, ოცნება და იმედები ბავშვობაში დამრჩა...
სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, სევდამ დაიბუდა, ჩვენ ორივეს რომ გვიყვარდა, ის ხე გაიბუტა... აღარ მივქრი, აღარ მივდევ იმ ოცნებებს ფრთამალს, რომ დარეკო, ვეღარ მიცნობ, სევდიანი ხმა მაქვს. სულში ზამთრის სუსხი ჩადგა, დათარეშობს ქარი, შენზე ყველა მოგონებას ჩავურაზე კარი...
შემოდგომის ნაღველს გაჰყვა ყვავილების ფარჩა, ის პირველი სიყვარული ბავშვობაში დამრჩა.
...............................................
უშნომ ქვეყანა დააქცია და მაინც ეხურა ნამუსის ქუდი. ლამაზ ქალს ფიქრიც არ დასცალდა და უცბად შეარქვეს სახელი ცუდი... ქალი კი არა, მზე თვალს ახელს და ღრუბლებს უჩნდებათ ეჭვის იარა ლამაზის თვალში ბეწვი ნახეს და უშნოს თვალებში დირეც კი არა. ლამაზის ბედი დასაგმობია... ჰოი რამდენი ჰყოლია მტერი, ლამაზი ქალი მისი ჰგონია, და დგას ჭორების კორიანტელი. მას ხარბად თვალთა ორომტიალით მიაცილებენ მამაკაცები, მათი განზრახვა ვერაგი არის, ხომ უნდა სცადონ მაინც საცდელი. თავნებააო ლამაზი ქალი, ეს ჭორია და სხვა არაფერი. მე მაინც მინდა ვიყო ლამაზი, დაე ჭორებმა სული გასცვითონ,
შენ ერთს გაგანდო ფიქრი ათასი... ასი ათასს კი ... გული დავწყვიტო!!!
|