ეს უკვე მეექვსე ღერია ზედიზედ და ისევ ვიშორებ თავხედ ცრემლს თვალიდან... ,,ცუდად მოგექეცი” – გამოვცრი კბილებში კვლავ მოვსვავ ბრენდის და დავისხამ თავიდან...
გულს კვლავ სინანული მიღრღნის და ვერ ძღება, ფიქრი ვერაგულად მიკორტნის საფეთქელს, მზერა მოვაცილე წვიმიან ღამეს და ეს ღერიც სიბრაზით ჩავაწვი საფერფლეს.
შენ მაშინ მარგუნე სიმწრის სინანული, რომელსაც ჩემივე სასჯელად ვინახავ, როდესაც ცრემლიანს გითხარი ,,მშვიდობით” შენ კი მიპასუხე - ,,მე მაინც მიყვარხარ!”
..........................................................
მე _ სიფრიფანა პოეტი ქალი, შენ _ გოლიათი ჩემგან ძლეული... შენ თუ თვლი, რომ შენ დამადგი თვალი, ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ, არც შენ გაქვს, ალბათ, ჯადოქრის ჯოხი, მოდი და მხრებით გადამიხურე დიდი იმედის პატარა ქოხი!
მე ვარ ტკივილი _ მცირე და დიდი, მე ვარ შენ ირგვლივ _ ახლოც და შორიც, მე დაგრთე ნება, რომ იყო ხიდი ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს, შენ _ მძლეთამძლე და მაინც ძლეული... შენ რომ გგონია, შენ ამირჩიე _ თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული.
.................................................... ის ღმერთიც ხედავს, ვინც დამარქვა მე შენი მონა, რომ შენს სიმშვიდეს არას ერჩის ჩემი გონება, რომ შენი ყმობით იმ სარგებლის არ მინდა ქონა, რომ შემდეგ შევძლო ვერაგულად გაბატონება.
ნება მომეცი, აგედევნო უკან ქარივით, ან შენი ჩრდილის ნაკვალევზე ჩუმად ვიარო და მოთმინებით... მორჩილებით... პატიმარივით... შენი სილაღე მხოლოდ ფიქრში გავიზიარო.
იყავი მასთან, ვისთან ყოფნაც თავად გწადია, დრო იქ გახარჯე, სადაც დღემდე გაქვს გახარჯული, ვისაც ისურვებ, მას უძღვენი, რაც გაბადია და შენი ცოდვის თავად იყავი მკაცრი მსაჯული.
ჩემთვის მადლი ხარ თუ სასჯელი, ეს სულერთია, მე მაინც გელი!... ლოდინი კი ჯოჯოხეთია.
................................................
მე ვიწყებ. ამ ხის ქვეშ ვიგულებ სამალავს. შენ მეძებ, მპოულობ ხან ვერა, ხან არა.. სუნთქვასაც ვიკავებ, არადა სურვილი მკლავს, მალე მომაგნო.. ვიჩემებ ნაპარავ მოგებას, და ჩუმად გიყურებ. თვალებით გეძახი, შენ მხედავ, მე მზერას გარიდებ. დაძაბულ ფაზაში გადადის თამაში, შენ ისევ ხვდები და რატომღაც არ იმჩნევ.. დამთოვა, სითბოთი გავალღვე რა დროის ტოტებში შეზრდილი ბუნაგი სეზონის. შენ ისევ იგრძენი, შენ ისევ მიმიხვდი, და მაინც არ დათმე ჩვეული მეთოდი...
მე კვლავაც იმ ხის ქვეშ ვიგულებ სამალავს, შენ გმალავ ახლა და ხან გხედავ, ხან არა..
|