შემოდგომისფერი ჩემი დღიურიდან, მე შენს სასთუმალთან სიმშვიდეს ვდარაჯობ, ახლა რომ იცოდე შენთან როგორ მინდა, მხრებზე როგორ მცივა ყინულის ჯალათის ფუნჯით მოხატული ნეონის აბრები, გაფილტრულ ნდობისგან დაჭირხლულ შუშებზე, რომ წერენ კოშმარებს, მერე შემოდიან გარეთ გაწოლილი უშენო ქუჩიდან, დადიან კედლებზე, დადიან ჭერზე და შენი ლექსებიდან დამფრთხალი ცხენების ბრინჯაოს ფლოქვებით უნდოდ მაბიჯებენ სიფითრეგადაკრულ უღონო ხელებზე და ნეტავ იცოდე, ჩემო, როგორ მტკივა, ალბათ დამაფენდი მაგ ყვითელ ბალახებს, ყოველი ღამით რომ ხავსისფერ სიმშვიდეს ჩემი ხმით გაფერებს და მერე დამალვით, მზის ჩასვლას გიყვება მეორე ჩასვლამდე, მათ შორის მოქცეულ სიცოცხლეს გპირდება და მინდა გჯეროდეს... მინდა, რომ იცოდე, ეშმაკს მივუგდებდი ამ მეგაღიმილსაც, უშენო ქუჩებით, უშენო სკვერებით, ზამთარში უშენოდ დათოვლილ ვერანდით, ყველაფერს ერთ მტკაველ ბილეთში გავცვლიდი:
ჩემიდან_შენამდე...
........................................................
გაიზარდეო დიდი გოგო, მითხარი იმ დღეს. ცუდია, როცა ამ გაზრდაში წილი არა გაქვს. და, მაინც ფიქრობ სიამაყით საკუთარ შვილზე, მას საყვედური წამოსცდება შენთან ანაზდად... იცი? გახსენებ და სახელი აწვება ტუჩებს... რა ვქნა, ძნელია დაგიძახო რატომღაც - მ ა მ ი. შენც ხომ გიჭირდა წლების უკან ჩვენთან გაძლება, რომ მიატოვე, ერთ დროს შენთვის ძვირფასი ქალი, დედაჩემი! ვიცი, ინანე... და დაგავიწყდა ვინ ხან ხარ, რა ხარ, რა გზით მოხვედი. ვიცი, უკანაც მოგიხედავს ცოდვის მიჯნაზე, და გინატრია, დაეხვრიტათ შენთვის კოჭები, სწორედ მაგ გზისთვის! ხო, მეცოდები. ხან ირონიით, თუმცა მაინც მიყვარხარ, რა ვქნა?... მიუხედავად იმისა, რომ წახვედი, შეცდი, მაინც გეძახი იშვიათად სახელად - მ ა მ ა ს ! ..
............................................................
პოეტი, პოეტი, პოეტი! დღეს, რაღაც გახშირდა წოდება. თითქოს და ვალია ცხოვრების, ყველა გამოაცხოს პოეტად.
ხმამაღლა,მე მგონი ხმამაღლა დავწერე ტაეპი ნოტებად. მ.ე__ სულაც სხვა მხარეს გადავალ, მ.ე__ სულაც არ გავჩნდი პოეტად.
პოეტი... პოეტი... პოეტი... სხვა მეტი ქვეყნად რა მოხდება, როდესაც მავალი ყოველი თავს აცნობს სამყაროს პოეტად!...
მ.ე__, სულაც სხვა მხარეს გადავალ. მ.ე__, სულაც არ მინდა წოდება..
...........................................................
ჰო, აქაც წვიმამ დაალპო მიწა. ჰო, აქაც ქარი ამოგლეჯს ხებს. ჰო, შენ კვლავ იქეცი ამ გულის ღილად და სანამ ბუნება გააქრობს ფერებს,
კვლავ უშენობის იქნება დილა და მოგონებებს ვერ ვანდობ ღელეს, რომელსაც ავსებს სამყაროს წვიმა და სადაც სიცივე იქნება მეფე...
ჰო, აქაც ტრფობის ჭიამაიამ, დაიდო ბინა ოცნების მტვერზე... ჰო, ის ხალებია შავი, ლაქებად, მარტოობას რომ მიგზანიან ყოველ წელს მეკვლედ...
ჰო, აქაც მერე წვიმები მოვა...
ჰო, აქაც ისევ იქროლებს ქარი...
ჰო, უშენობას ვეკუთვნი მონად
და უშენობის დამრჩება ვალი...
|