შენ ჩემ მუზასთან რადგან არ ხარ ჯვარდაწერილი, სხვა პოეტებით გატაცება არ გეკრძალება, მხოლოდ ამ ლექსით მოხიბლული ვიცი ვერ ივლი, როს სხვათა ხოტბა შენი გულის კარს ეძალება.
გონიერებაც მოუცია შენთვის განგებას და შენს საქებრად ჩემი სიტყვა გეცოტავება, ამიტომ გინდა განგადიდონ სხვათა ჩანგებმა, რაც ვერ შეიძლეს ამ ლექსებმა, საცოდავებმა.
მაგრამ მე ვიცი, მათი ძალა დაიშრიტება, ენამჭევრობა მეტოქეთა მე არ მაშინებს, მალე მიხვდები ამ უბრალოდ ლექსის დიდებას და ალალ სიტყვას დაედება ფასი მაშინვე.
მჯერა სიყალბის მოყვარულად შენ რომ არ ივლი, რადგან მაგ ღაწვებს არ სჭირდება ფერუმარილი.
|