ჩემს ფიქრებს ისე ასაზრდოებ შენი თვალებით, თითქოს ცა მიწას ეფრქვევაო წვიმის წვეთებად, თითქოსდა ვაჭარს ოქრო-ვერცხლის შემოძალებით ყოფნა ექცაო სარაინდო სულისკვეთებად.
და ასე - ვგავარ ხან ხელმწიფეს, უხვს და იღბლიანს, ხან სიხარბეში მეკარგება გზა და სავალი, ხან ყველგან მძარცველს და ავაზაკს ვლანდავ ნიღბიანს, ხან მინდა ყველას მივცე ჩემი შემოსავალი.
და ასე - ზოგჯერ სიწყვდიადის ეშვება ფარდა. თვალსაწიერი მოჩანს ზოგჯერ ლამაზ ფერებად... და შენგან ჩუმად ნაჩუქარი ღიმილის გარდა, აღარაფერი მეჩვენება ბედნიერებად.
ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი: ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი.
|