ნეტავ რად მოსწონს სამარცხვინო ცხოვრება თვისი, ბიწიერებას ყურადღებას რისთვის სთავაზობს? რატომ გახადა ცოდვა დიდი პატივის ღირსი, რად უნდა იგი თავის თავით გაალამაზოს?
რატომ გასცვალა ხელოვნების უსულო ფერზე? სახის ფერები სულჩადგმულნი და ნამდვილები? ხელოვნურ ვარდებს სილამაზე რიღასთვის ეძებს, რად ამჯობინა ცოცხალ ვარდებს ვარდის ჩრდილები?
რად უფრთხილდება თვით ბუნება იმის ცხოვრებას და გაძარცვული თავის წესებს რატომღა არღვევს? განა არა ჩანს თვით ბუნების გამათხოვრება, როცა ვერ ათბობს სისხლის ჩქეფა გაყინულ ძარღვებს?
ჩანს, რომ ბუნება მას იმისთვის ინახავს დღემდე, რათა გვაჩვენოს, ჯერ რა ჰქონდა - რა დარჩა შემდეგ.
|