შენს ხასიათზე ვარ. შავები მაცვია. ამინდი აქ, ალბათ, არაფერ შუაშია. მუხლებთან შენი შუბლია. შუბლთან ჩემი თავია. ხელები თევზიანია. დაბანა დამეზარა - ჩქარა მიყვარდი. შენთან რომ მოვრბოდი, ნახევარი სახლში დავრჩი. წამოსულს შემომაცოცდა ლურჯი შუზები. კუბოკრული გეტრები. გამხმარი ფოთლებივით გვცვივა ტანსაცმელი. ნეტა, რას ვიცვამდი! მთვრალი ხარ? გაიწიე. გეხვევი. გეხვეწები. ჯერ მხოლოდ ზურგები! შესაძლოა, ტერფებიც, თბილი კარამელით ხან გადაბმულები, ვშორდებით, ვერთდებით.
არ შემოგეჭამო. ერთი კოვზი მაინც მაწვნის დედასავით რომ შემომინახო, ხვალვე შევდედდები.
მანამდე სურნელით უნდა გა(და)მტენო, დავიდოთ მხრებზე გემო ერთმანეთის ენებით. (ეს დალაქავება რომ არა, აგცდებოდი) მკლავები გამიკავო, მატკინო. ნაბიჭვარო! ყელზე იისფერი ინიციალი ხარობს.
შენს ხასიათზე ვარ.
ყველა ქალზე ოდნავ ნაკლებო. ყველა კაცზე ოდნავ მეტო.
ახლა კი ფარდას ჩამოვაფარებ.
|