ნევროზი და დეპრესია ჩვენი მოსახლეობის ორი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ფსიქოლოგები მათ გახშირებას მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონით, აგვისტოს მოვლენებით და ყოფითი პრობლემებით ხსნიან.
მედიკოსთა აზრით, ნევროზი განსაკუთრებით ზამთრობით მწვავდება, რასაც მზის ნაკლებობა და არაკომფორტული გარემო იწვევს. ნევროზი სხვადასხვა ფორმით გვხვდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი სწორი დიაგნოსტიკა და ნევროზისმაგვარი ორგანული სინდრომებისგან დიფერენცირება. ლია ლეკვეიშვილი, ნევროლოგი: - ნევროზი ნერვული სისტემის ფსიქოგენური დაავადებაა. სამწუხაროდ, ნევროზული მოშლილობა ბოლო ხანს ჩვენში საკმაოდ გახშირდა. ხშირია მისი გამწვავების შემთხვევებიც, რადგან ნევროზით დაავადებულები იშვიათად მიმართავვენ ექიმს, ცდილობენ, პრობლემას თვითონვე გაუმკლავდნენ, რასაც შედეგი ყოველთვის არ მოაქვს.
- რა სიმპტომები ახასიათებს ნევროზს? - გაღიზიანება, შფოთვა, უგუნებობა, უძილობა. ადამიანი ხშირად სიცოცხლის ხალისსაც კი კარგავს. უმნიშვნელო მიზეზიც კი საკმარისია, რომ აღელდნენ, ატირდნენ და შესაძლოა, ისტერიკაც კი დაემართოთ, მაგრამ როგორც კი ეს ტალღა გადაივლის, უკვირთ, ასეთმა წვრილმანმა როგორ ამაღელვაო. ზოგჯერ ნევროზს თან სდევს ოფლიანობა, გულისცემის გახშირება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა და სხვა.
ნევროზი ყველა ასაკში გვხვდება და სხვადასხვა ფორმით ვლინდება. ხშირია ბავშვობასა და გარდატეხის პერიოდში.
- ბავშვებში ნევროზი რამ შეიძლება გამოიწვიოს? - ხშირმა ავადობამ, ოჯახურმა კონფლიქტებმა, რაც შემდგომ პიროვნების ჩამოყალიბებაზეც მოქმედებს. გარდატეხის ასაკში კი ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრები ფსიქიკას მეტისმეტად აფაქიზებს და ნევროზისთვის ხელსაყრელ ფონს ქმნის, ამიტომ მშობლებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ შვილების მიმართ, ეცადონ, გაიგონ მათი ენა, ერიდონ ოჯახურ კონფლიქტებს, აგრესიას, ბავშვის კრიტიკას.
მოწიფულ ასაკში ნევროზის მიზეზი ხშირი სამსახურებრივი, ოჯახური თუ საყოფაცხოვრებო ტრავმაა, თუმცა, არ არის გამორიცხული, ნევროზი ამა თუ იმ ქრონიკულმა ან გადატანილმა მძიმე დაავადებამაც გამოიწვიოს.
- ამ დროს ექიმის ჩარევა აუცილებელია? - სასურველია, მაგრამ თუ ადამიანი აცნობიერებს თავის პრობლემას და შესწევს უნარი, მას თვითონ გაუმკლავდეს, უნდა სცადოს. ამისათვის კი, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დასვენება, გარემოს შეცვლა, მეტი ჟანგბადი - ბუნების წიაღში სეირნობა, სპორტი.
- რით განსხვავდება ნევროზი დეპრესიისგან? - დეპრესიაც ფსიქიკური მოშლილობაა, რომელსაც ახასიათებს როგორც ფსიქიკური, ასევე ვეგეტატიური დარღვევები - თავბრუსხვევა, უძილობა, უმადობა, გულისცემის რიტმის შეცვლა, ფსიქიკური სიმპტომებიდან კი გამოყოფენ შინაგან მღელვარებასა და შიშს, აპათიას, გარესამყაროსადმი გულგრილობას, სიცოცხლის ინტერესის მკვეთრ დაქვეითებას.
დეპრესიის ცალკეული შემთხვევა საკმაოდ ხშირია. ის შესაძლოა გამოიწვიოს ნებისმიერმა მიზეზმა - სამსახურის დაკარგვამ, გაყრამ... ასეთ დეპრესიას სპეციალისტები დეპრესიულ ეპიზოდებს უწოდებენ. დროთა განმავლობაში ასეთი დეპრესია გაივლის, მაგრამ არსებობს არამკვეთრად გამოხატული, ხანგრძლივი დეპრესიაც, რომელსაც მედიცინაში დისტიმიას უწოდებენ. ცნობილია სეზონური დეპრესიებიც, რომლებიც განსაკუთრებით ზამთარში ხშირდება.
დეპრესიას უმეტესად ფსიქოლოგიური ტრავმა ან პირადი ტრაგედია - ახლობლის დაკარგვა, ოჯახის დანგრევა იწვევს, მაგრამ უმიზეზოდაც შეიძლება განვითარდეს. მისი წინა პირობაა გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, - ერთფეროვანი, მონოტონური ყოფა.
- იკურნება თუ არა დეპრესია? - უმეტესად სრულიად იკურნება, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ როგორც ნევროზის, ასევე დეპრესიის შემთხვევაში ბევრი რამ პაციენტის ნებისყოფაზეა დამოკიდებული. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გარემოს შეცვლას.
- ამბობენ, დეპრესიის წამალი დადებითი ემოციები, პოზიტიური განწყობააო... - დადებით ემოციას ყოველგვარი დაავადების დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან სიხარული იმუნურ სისტემას აძლიერებს, ნევროზისა და დეპრესიისას კი ისინი ერთიორად უფრო მნიშვნელოვანია. რაც შეეხება მედიკამენტებს, მათ დაავადების სიმძიმის მიხედვით ვუნიშნავთ. როგორც ზემოთ გითხარით, კარგია გარემოს შეცვლა, ბუნებაში სეირნობა, გამაჯანსაღებელი ვარჯიშები, თქვენ წარმოიდგინეთ, ცხოველებთან ურთიერთობაც. ხშირად ვუნიშნავთ ცხენით სეირნობას. მაგრამ დღეს ძნელია, ადამიანს ძვირად ღირებულ კურორტზე დასვენება ან სამსახურის შეცვლა ურჩიო, ამიტომ ვცდილობთ, სამკურნალო კურსი მის მდგომარეობას მივუსადაგოთ და ისეთი რჩევები მივცეთ, რომელთა შესრულება არ გაუჭირდება.
სხვათა შორის სტატისტიკის თანახმად, დეპრესია 40 წელს გადაცილებულ ქალებს უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე ამავე ასაკის მამაკაცებს. ხშირია დეპრესია დიასახლისებს შორისაც, რომლებიც წლობით ერთფეროვან ცხოვრებას ეწევიან, საოჯახო საქმეებში არიან ჩაფლულები და შინიდან იშვიათად გამოდიან.
|