1
ზაქარია ჭიჭინაძეს, ცნობილ მწიგნობარსა და ისტორიკოსს, ახალგაზრდებმა უქეს ჩემი ლექსი ”მერი” – ეს ლექსი დიდი პოპულიარობით სარგებლობდა ერთ დროს.
- რა ჰქვია სახელად იმ ლექსს – კიდევ შეეკითხა ზაქარია.
- ”მერი”.- იყო პასუხი.
- აა, გამიგონია,- სთქვა დინჯმა მწიგნობარმა… – მესხეთ-ჯავახეთშიც კი ძლიერ გავრცელებულია ეს ლექსი.
- ეს როგორო – გაოცდნენ ახალგაზრდები.
- იქ ასეთი ლექსია, – სთქვა ზაქარიამ, – ”მე რომ მოვკვდე, მე რისთვისა, გადამთიელ მერისთვისა”! – ძალიან პოპულარული ლექსია, – დარწმუნებით დაამატა ზაქარიამ.
2
სახელი ”მერი”- მე არ გამომიგონებია; თუმცა ლექსის ობიექტად პირველია ეს სახელი საქართველოში. მერი – ხშირი სახელია ბაირონის ლირიკაში, მერი – ასულდგმულებს შელლის, მერის – აღტაცებაში მოჰყავს პუშკინი, მერი – ერთ-ერთი უკეთესი ტიპია ლერმონტოვის და ათასი ინგლისური და ფრანგული რომანების გმირი ქალია მერი. ჩამოთვლილი პოეტების არც ერთი მერი ერთმანეთს არ ჰგავს. ასე, ალექსანდრ ბლოკის მერი – სიმბოლიური სახებაა, ჩემი მერი – რომანტიული, მაგრამ რეალური და ცხადია. კრიტიკოსებს კი სურთ, ამ ლექსით გააბან არარსებული კავშირი ჩემსა და ბლოკს შორის. ეს ლექსი დამოუკიდებელი ლექსია…
3
ერთხელ ოპერის თეატრში – ”მერი” ცოცხალ სურათად დასდგეს. მერის ახორციელებდა მსახიობი ქალი ნინო დავიტაშვილი. იგი იდგა პიედესტალზე, ანათებდა ბენგალიის ცეცხლი, ქვევით ვიდექი მე და ვკითხულობდი ”მერის”.
4
”მერი” ჩემდა დაუკითხავად დაიბეჭდა გაზ. ”თეატრი და ცხოვრებაში” 1915 წ. (sic.). მალე ისე პოპურარული გახდა, რომ ყველამ ზეპირად იცოდა.
5
”Crane aux fleurs”-ში მერი დაიბეჭდა მცირე ცვლილებით. ეს კი აღარ მოეწონა საზოგადოებას. ძველებური სჯობდაო,- გაიძახოდა იგი.
6
”მერი” რუსულად სთარგმნა პ.პეტრენკომ.
[1938წ.]
|