მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » მე ვამაყობ შენით შვილო!
7:57 PM მე ვამაყობ შენით შვილო! |
დედიკო, ნახე? თოვლი მოვიდა, დე! ლიას უხმოდ მიეხუტებინა შვილი და ცრემლნარევ თვალებს არიდებდა. არასოდეს ჰყვარებია გრძნობების გამოხატვა, თავადაც მკაცრი დედის ხელში იზრდებოდა. მას მერე დაეჩვია გრძნობების უხმოდ ტარებას. უეცრად, თითქოს გამოერკვაო, გაკვირვებულმა შეხედა შვილს. - შვილო, ცხელი ხარ, რამე გაწუხებს? თორნიკე მუდამ ერიდებოდა დედისთვის გულის ტკენას, რადგან იცოდა, ასეთ მომენტებში დედა აუცილებლად მოიწყენდა, ხოლო სევდიანი მუდამ მამას ეჩხუბებოდა. თორნიკეს ბევრის ატანა შეეძლო, ყელის ტკივილისაც, ოღონდ არ ენახა მშობლების გაუთავებელი კამათი. ასეთ დროს ეგონა, რომ ქვეყნად არავის უყვარდა იგი. - ყელი მტკივა.. აღიარა მან ბოლოს. აკანკალებული ხელები კისერზე შემოხვია დედას და მჭიდროდ მიეხუტა სიცხისგან დაბუჟებული სხეულით. ლია სადღაც გაირინდა, თავადაც ქვეცნობიერად შემოხვია ხელები შვილს. თაზო მამის გვერდით მდგარ სკამზე ჩამომჯდარიყო, უხმოდ უცქერდა დედისა და ძმის საუბარს, მერე მზერა მამაზე გადაიტანა. იყო მასში რაღაც, რისიც თაზოს მუდამ ეშინოდა. რევაზს შეჭაღარავებული წვერის მიღმა ოდნავ შესამჩნევად უკანკალებდა ყბა. წლებს გააყოლა თითქმის ყველა იმედი და ახლა მონუსხულივით უყურებდა თოვლის სევდიან ბარდნას. ისიც თითქოს თოვლის ფანტელს დამსგავსებოდა, რომელიც მალე მიწაზე უნდა დაშვებულიყო. მას არც კი გაუგონია ცოლ-შვილის საუბარი, სადღაც შორს იმყოფებოდა მისი გონება, ამ თოვლის მიღმა, წლებს იქით, წარსულში. ლიამ ფრთხილად მოიშორა თორნიკეს ხელები და თაზოს გახედა. - თაზო, დააძინე შენი ძმა და მეც ცოტა ხანში მოვალ. უხმოდ წამოდგა თაზო, გამოზომილი ნაბიჯებით მიუახლოვდა დედას. ძმის ცხელი თითები პატარა მუჭში მოიქცია, ფრთხილი ნაბიჯებით დატოვეს ოთახი. თორნიკეს გრძელი წამწამები ცრემლებით დაენამა. სიცხისა და ნერვიულობისგან გადაღლილ თორნიკეს მალევე ჩაეძინა. თაზომ საბნის კიდე შეუკეცა უმცროს ძმას. ერთი პირობა თავადაც გადაწყვიტა დაეძინა, მაგრამ რაღაც აფორიაქებდა. მერე წამოდგა ლოგინიდან და ფერადყდიანი წიგნების ძებნას შეუდგა. ლოგინის ქვეშ ეგულებოდა რამდენიმე. თორნიკე ძალიან პატარა იყო, კითხვაც კი არ იცოდა, ლამაზი სურათების დანახვაზე ფურცლებს ხევდა ან საწერი კალმით "ალამაზებდა" ნახატებს, ამიტომაც წიგნებს უმალავდა უფროსი ძმა. თაზოს ძალიან უყვარდა კითხვა, ახლაც ერთ-ერთი საყვარელი წიგნი გამოიღო. რამდენიმე აბზაცის შემდეგ მიხვდა, რომ გულს ვერ დაუდებდა მოთხრობებს. წიგნი ფრთხილად გადადო გვერდზე, გაცვეთილი ფეხსაცმელები მოირგო და ჩუმი ნაბიჯებით დატოვა ოთახი. თაზომ იცოდა, სხვისი საუბრის მოსმენა ცუდი საქციელი იყო, მაგრამ სულმა წასძლია და სამზარეულოს კარს აეკრო მთელი ტანით. მოგუდულად ისმოდა საუბარი, მაგრამ სიტყვების გარჩევა შესაძლებელი იყო. ლია ნაადრევად დაბერებულ ხელებს დაყურებდა. უეცრად წამოიმართა და ქმარს თავზე წამოადგა. - 3 წელი ველოდით შენს სამსახურს, მაგრამ გაუთავებელი იმედის გარდა ხელში არაფერი შეგვრჩა. აღარ შემიძლია მეტის ატანა, ან შენ როგორ გყოფნის რამეზე ნერვები, როდესაც იქითა ოთახში შენი შვილი სიცხიანი წევს, მე კი მისი გამოკვებაც არ შემიძლია. რევაზს ესმოდა ცოლის სიტყვების ჭეშმარიტება, მაგრამ შეკამათებას ვერ ბედავდა. დანაშაულის გრძნობას ხელ-ფეხი შეეკრა მისთვის. - ხო.. შენ კი ნადირობის გარდა არაფერი გეხერხება, ან საერთოდ რისთვის გადმოგვხვეწე ამ ტყის პირას? ლამისაა შიმშილით ამოვიხოცოთ! განაგრძობდა ლია. დაუფარავი სიბრაზე იგრძნობოდა მის ყოველ ფრაზაში. - წავალ... დღესაც ავალ ტყეში, იქნებ რამე მოვინადირო. რევაზს თავადაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, ხავსს ჩასჭიდებოდა. სიჩუმემ დაისადგურა. მშობლების ჩხუბს შესწრებული თაზო კართან ჩაკეცილიყო და მომუწული ტუჩებით დაყურებდა დახეულ შარვალს. ახლა ერთიანად სტკიოდა ყველაფერი, გრძნობდა. რომ სხვებივით ჩვეულებრივი ოჯახი არასოდეს ჰქონია, ბევრი რამ აკლდა ყოველთვის და ამის გააანალიზება უფრო მეტად სტკენდა გულს. ძალა მოიკრიბა, სწრაფად წამოიმართა და კედელზე ჩამოკიდებულ თოფს დასწვდა. ბავშვისთვის შეუფერებელი სერიოზულობით შეაბიჯა სამზარეულოში და გაფითრებულ მამაზე შეაჩერა მზერა. - მამა, სანადიროდ მივდივართ! გულზე თოფმიხუტებულმა განაცხადა რიხით. მშობლები წუთით დაიბნენ, შემდეგ ერთმანეთს გადახედეს. - ჯერ პატარა ხარ ნადირობისთვის. პირველი რევაზმა დაარღვია სიჩუმე. - მოვემზადები. თაზოს თითქოს არც გაუგონია მამის სიტყვები, სწრაფად დატოვა ოთახი. რევაზი უხმოდ მიაშტერდა ცოლს, თითქოს მისგან იღებდა ნებართვას. ლია კი ფიქრებში იყო ჩაფლული. თურმე როგორ გაზრდილა მისი უფროსი შვილი! ალბათ თაზოს სიბნელისაც კი აღარ ეშინია, აღარ ეკვრის დედას ყოველი მზის ჩასვლის შემდეგ. წლები შემოადნა ხელში. რევაზის დაჟინებული მზერა იგრძნო. - თაზოს გაუფრთხილდი იცოდე. ჩუმად ჩაილაპარაკა ლიამ და სამზარეულო დატოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე გარეთ იყვნენ თაზო და მამამისი. თითქოს რაღაც გაახსენდაო, უცებ თაზო სახლში შებრუნდა. საძინებლის ზღურბლთან მისული თორნიკეს ხმამ შეაჩერა. - ხო მაგრამ დედა... მშია... მოესმა თორნიკეს სევდიანი ხმა. ხელები მომუშტა და თვალზე მომდგარი ცრემლი მუშტით შეიმშრალა, - ვაჟკაცს ცრემლი არ შეშვენის! ჩაილაპარაკა თავისთვის და ჩუმი ნაბიჯებით დატოვა სახლი. ყველაფერი თოვლს დაეფარა. ტიტველ ხეებს სევდისფრად მოსდებოდა თოვლის მარწუხები. მტკიცე ნაბიჯებით მიდიოდნენ ტყის სიღმისკენ, არც კი იმჩნევდნენ გაყინულ ტერფებს. კარგა ხანი იყო გასული რევაზი რომ შეჩერდა. აქოშინებულმა მუხლებზე დაიწყო გაყინული ხელები. - თაზო, ცოტა ხანი შევისვენოთ. უთხრა შვილს. იქვე, ბებერ კუნძზე, თოვლი გადაფერთხა და ჩამოჯდა. თაზოსთვის არც კი გაუხედავს, გათოშილ ხელებში ჩარგო სახე. თაზოს არც კი უცდია შეკამათება. ბავშვობაში ეგონა, როცა მამა სახელით მიმართავდა, იგი მასზე გაბრაზებული იყო. ჩხუბის მოლოდინში ქვედა ყბა აუცახცახდებოდა ხოლმე. დღემდე ცუდად მოქმედებს მასზე, როდესაც სახელით მიმართავს მამამისი. ახლაც, ამის გამო არც კი უფიქრია შეპასუხება. მის ყურთასმენას ფაჩუნის ხმა მისწვდა. ადგილზე გაშეშდა, იფიქრა მეჩვენებაო. როდესაც ხმა ისევ განმეორდა, მთელი სხეულით დაიძაბა. მამას მიუახლოვდა, მის გვერდით თოვლში ჩაფლული თოფი ჩუმად აიღო და ხმას მიყვა ფრთხილი ნაბიჯებით. შორიახლოს, დიდი ნაძვის ძირში გაყინულ ბალახს წიწკნიდა კურდღელი. თაზოს თითქოს ყველა კუნთი დაეჭიმა, სუნთქვაც კი შეიკრა! კურდღელი საქმიანად აცმაცუნებდა გაყვითლებულ ბალახს და ვერც კი გრძნობდა მის უკან ამოწვერილ იარაღიან ბიჭს. თაზოს გულისცემა გაუხშირდა. გულში დათვლა დაიწყო. ერთი, ორი... სამი.. ..თოფის სროლის ხმამ ტყე აახმაურა. ფიქრებიდან გამოერკვა რევაზი. ირგვლივ მიმოიხედა და შვილი ვერსად დაინახა. შეშინდა და თოვლზე ნახევრადწაშლილ ნაკვალევს მიყვა. რამდენიმე ნაბიჯში მიუახლოვდა მას. თაზო გაცისკროვნებული სახით შესცქეროდა მამას და ხელში სისხლში ამოსვრილი კურდღელი ეჭირა. რევაზს სახე გაუნათდა. - მე ვამაყობ შენით შვილო! როგორ უხაროდა თაზოს იმ წუთში ყველაფერი. მას ხომ ძმისთვის მიჰქონდა საკვები, დედასაც გაახარებდა, იგი ხომ გმირი იყო იმ წუთში! თანაც მას მამამ სახელით არ დაუძახა, ბედნიერი იყო თაზო. ფართო ნაბიჯებით ბრუნდებოდნენ სახლში. უკან დასაბრუნებელი გზა ბევრად მოკლე ეჩვენა. შორიდან სახლი რომ დალანდა ნაბიჯს უმატა, გახარებულმა შეაღო კარი და სამზარეულოსკენ გაიქცა. სავარძელში მჯდარ დედას დააცხრა თავზე და ომახიანად შესძახა. - დედა, თორნიკე გააღვიძე, მე მას კურდღელი მოვუტანე! უცებ გადაედო ლიას შვილის სიხარული, ყველა დარდი გადაავიწყდა. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მისი უფროსი შვილი უკვე დიდი ბიჭი იყო. ..საღამო ხანს ჩიხლაძეების ოჯახი სუფრას შემოსხდომოდა და გემრიელად მიირთმევდა კურდღლის ხორცს. ..მათგან მოშორებით, ბებერი ნაძვის ძირში ორი პატარა ბაჭია სიცივისგან მობუზულიყო. ისინი დამშეულები ელოდნენ დედას, რომელმაც ძლიერ დაიგვიანა.
|
კატეგორია: ♥ისტორია♥ |
ნანახია: 1105 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/2 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 47 სტუმარი: 47 მომხმარებელი: 0 |
|
|