♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 27 » ,იცხოვრო, რათა მოჰყვე’’
4:11 PM
,იცხოვრო, რათა მოჰყვე’’


თავი I
(ფრაგმენტი)

დედამ მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. დილით ბარანკილიაში იმ მიყრუებული სოფლიდან ჩამოვიდა, სადაც ჩემი ოჯახი ცხოვრობდა, და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ მომძებნიდა. Aაქა-იქ ნაცნობებში მკითხულობდა, როცა მიასწავლეს, რომ ჩემს ნახვას მხოლოდ წიგნების მაღაზია ,,მუნდოში’’ ან ახლომდებარე კაფეებში შეძლებდა, სადაც მეგობარ მწერლებთან ერთად სასაუბროდ დღეში ორჯერ დავდიოდი. ამასთან, დედა გააფრთხილეს კიდეც: ,,ფრთხილად იყავით, საბოლოოდ შეიშალნენ.’’ზუსტად თორმეტ საათზე გამომეცხადა. თავდაპირველად საგამოფენო წიგნებით სავსე მაგიდებს შორის მარდად დააბიჯებდა, შემდეგ უეცრად ჩემს წინაშე ადგილზევე გაშეშდა, თვალებში ჩვეული, ეშმაკური ღიმილით ჩამხედა და, სანამ გონს მოვეგებოდი, მითხრა:
_დედაშენი ვარ.
ერთი შეხედვით ვერც კი შევიცანი. თითქოს ეს ქალი რაღაცამ შეცვალაო: ორმოცდახუთი წლის ასაკში თერთმეტ მშობიარობას, ორსულობის ათ წელიწადსა და ჩვილების გამოკვებაში გატარებულ ამდენივე წელს ითვლიდა. სრულიად უდროოდ გაჭაღარავებულიყო, სათვალიდან კი გაცილებით ფართო და განცვიფრებული თვალები უჩანდა. ეტყობოდა, დედას ჯერ კიდევ გლოვობდა, თუმცა ქორწინების სურათზე აღბეჭდილი რომაული სილამაზის კვალი ისევ შერჩენოდა. სანამ გადამეხვეოდა, ჩვეული მოკრძალებით მითხრა:
_მოვედი, რომ გთხოვო, სახლის გასაყიდად გამომყვე.
განმარტებაც კი ზედმეტი იყო, რამეთუ ამქვეყნად ჩვენთვის მხოლოდ ერთი სახლი არსებობდა: წინაპართა ძველი სახლი არაკატაკაში, სადაც ღვთის წყალობით დავბადებულვარ და რვა წლის ასაკამდე ვიზრდებოდი. ის-ის იყო ექვსი სემესტრის გასრულებისთანავე სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მივატოვე. გულმოდგინედ ვკითხულობდი ყველაფერს, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, და ესპანეთის ოქროს საუკუნის განუმეორებელ პოეზიასაც ზეპირად ვსწავლობდი. წაკითხული მქონდა ყველა იმ წიგნის თარგმანი, წერის ტექნიკის ასათვისებლად რომ ვითხოვე. გაზეთის ,,დამატებაში’’ ექვსი მოთხრობაც გამოვაქვეყნე, რამაც ჩემი მეგობრების აღტაცება და ზოგიერთი კრიტიკოსის ყურადღებაც დაიმსახურა. Mმომდევნო თვეს ოცდასამი წელი მისრულდებოდა. სამხედრო სამსახურის კანონდამრღვევი და ორჯერ გონორეამოხდილი ვეტერანი, ყოველდღიურად ბარბაროსული თამბაქოს სამოც ღერს ვეწეოდი. მოცალეობისას დროს ბარანკილიასა და კარტახენა დე ინდიასში, კარიბის ზღვის სანაპიროზე ვატარებდი, თავს კი იმით ვირჩენდი, რასაც ,,ელ ერალდოში’’ ყოველდღიური უწყებებისთვის მიხდიდნენ. Yყველაზე უკეთეს შემთხვევაში იქ მეძინა, სადაც მიღამდებოდა.
უფრო სიმწირის, ვიდრე გემოვნების გამო, მოდას ოცი წლით გავუსწარი: ველური ულვაშები, გაწეწილი თმა, ჯინსები, ორაზროვანი ყვავილებით შემკული პერანგები და პილიგრიმის სანდლები. ერთხელ, ჩემმა მეგობარმა გოგონამ ჩაბნელებულ კინოდარბაზში ვერ შემნიშნა, როცა ვიღაცას გადაულაპარაკა: ,,საწყალი გაბიტო, მთლად წყალწაღებულია.’’ ასე რომ, დედაჩემის თხოვნას, სახლის გასაყიდად გავყოლოდი, დაუყოვნებლივ დავთანხმდი.
ყოვედღიურ ,,უწყებანში’’ სამ პესოს მიხდიდნენ, ოთხს კი იმ მოწინავე სტატიაში, რომელიმე რედაქტორის არყოფნის შემთხვევაში თუ დავწერდი. ეს თანხა ძლივს მყოფნიდა. ვცადე ფული მესესხა, მაგრამ გამგემ შემახსენა, რომ ჩემი ვალი ორმოცდაათ პესოს აღემატებოდა. სწორედ იმავე საღამოს ბოროტმოქმედების ჩადენა განვიზრახე, რასაც, ალბათ, ვერცერთი ჩემი მეგობარი ვერ შესძლებდა. Kკაფე ,,კოლუმბიის’’ გასასვლელში, წიგნების მაღაზიასთან, კატალონელ წიგნებით მოვაჭრეს, მოხუც მაესტრო დონ რამონ ვინიეს წამოვეწიე და ათი პესო ვთხოვე, თუმცა მას მხოლოდ ექვსი აღმოაჩნდა.
ვერც მე და, რა თქმა უნდა, ვერც დედაჩემი ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ის ორდღიანი, გულმოდგინე გასეირნება ისეთი გადამწყვეტი და ხანგრძლივი გამოდგებოდა ჩემთვის, დროც რომ არ მეყოფოდა მოსაყოლად. ახლა კი, სამოცდათხუთმეტს გადაცილებულმა, კარგად ვიცი, რომ ეს ჩემი სამწერლო მოღვაწეობის, უკეთ რომ ვთქვათ, მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მიღებული ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო.
მოზარდის მეხსიერება უფრო მეტ ინტერესს წარსულის კი არა, მომავლისადმი იჩენს. Aასე რომ, იმხანად ჩემი სოფლის მოგონებანი ჯერ კიდევ არ იყვნენ ნოსტალგიით იდეალიზებულნი. მახსენდება საცხოვრებლად ხელსაყრელი ადგილი კამკამა მდინარის პირას, რომელიც ისტორიამდელი კვერცხის მსგავს უზარმაზარ ქვიან კალაპოტში ჩაედინებოდა, ის ადგილი, სადაც ყველა ერთმანეთს სცნობდა. შებინდებისას, განსაკუთრებით დეკემბერში, როცა წვიმები გადაივლიდა და ჰაერიც გრილდებოდა, სანტა მარტას სიერა ნევადა თეთრი მწვერვალებით თითქოს, მოპირდაპირე მხარეს გაშენებულ ბანანის პლანტაციებს ერწყმოდა. მოჩანდნენ მთაგრეხილიდან მწყობრად მომავალი, ჯანჯაფილით დატვირთული ინდიელი არუაკები, კოკაინის ღეჭვით ცხოვრების შემსუბუქებას რომ ლამობდნენ. მარადიული თოვლის დანახვისთანავე ბავშვებს გუნდაობის, ხოლო სიცხისაგან გავარვარებულ ქუჩებში კი ,,ომობანას’’ თამაშის სურვილი გვამოძრავებდა. Aაუტანელი სიცხის გამო, განსაკუთრებით სიესტის დროს, უფროსები ჩივილს ისე მოჰყვებოდნენ, თითქოს ეს მათთვის ყოველდღიური სიურპრიზი იყო. ჩემი გაჩენის დღიდან მესმოდა, რასაც დაუღალავად იმეორებდნენ რომ ,,იუნაითიდ ფრუთ კომპანის’’ ბანაკები და რკინიგზაც ღამით აუშენებიათ, რადგან დღისით, მზეზე გავარვარებული ხელსაწყოების გამოყენება შეუძლებელი ყოფილა.
ბარანკილიადან არაკატაკაში მისაღწევად ერთადერთი გზა არსებობდა: კოლონიის პერიოდში ტყვეთა ხელით გაჭრილი საზღვაო არხი ჯერ მოტორიანი დაშლილი ნავით უნდა გადაგელახათ, შემდეგ მღვრიე, გამოცარიელებული და ვეებერთელა ჭაობნარის გზით ,,სიენაგას’’ მისტერიულ დასახლებამდე მიაღწევდით, საიდანაც ჩვეულებრივი მატარებელი, იმხანად ქვეყანაში საუკეთესოდ რომ ითვლებოდა, ბანანის უზარმაზარი პლანტაციების, მტვრით დაფარული სოფლების, განმარტოებული სადგურების ბაქნებზე ამაო გაჩერებების შემდეგ ფინალურ მგზავრობას ასრულებდა. სწორედ ამ გზას დავადექით მე და დედა 1950 წლის 18 თებერვლის, შაბათ საღამოს შვიდ საათზე. ჩვენი მგზავრობა კარნავალის წინადღეს, კოკისპირული წვიმის ფონზე წარიმართა. ჯიბეში სულ 32 პესო გვქონდა და, თუ სახლი წინასწარი გათვლით არ გაიყიდებოდა, ეს თანხა უკან დასაბრუნებლადაც არ გვეყოფოდა.
სამდინარო პორტში იმ ღამით ქარი ისე მძვინვარებდა, რომ დედა დიდი თხოვნის შემდეგ გემით მგზავრობაზე დამთანხმდა. ეს ნიუ-ორლეანის გემის იმიტაცია იყო, საწვავზე მომუშავე მოტორით, რომლის წყალობით ყველაფერი ციებცხელებიანივით ცახცახებდა. პატარა სალონში ჰამაკის ჩამოსაკიდებელ სხვადასხვა სიმაღლის საბრჯენებსა და ხის საზურგიან სკამებზე იდაყვდაყრდნობილი მგზავრები ცოცხალი ღორებით, ქათმის გალიებითა თუ ნავაჭრით დატვირთული ჩემოდნებიანად შექუჩებულიყვნენ. დახუთულ კაიუტებში, როგორც ყაზარმებში, ორ-ორი საწოლი იდგა, სადაც უღირს მეძავებს თითქმის ყოველთვის შეეძლოთ ,,სასწრაფო დახმარების’’ აღმოჩენა. რაკი ცარიელი ადგილი ვერ ვიპოვეთ და არც ჰამაკები გვქონდა, მე და დედამ ცენტრალური დერეფნის ორი რკინის სკამი იერიშით ავიღეთ და ღამის გასათევად მათზე მოვკალათდით.
დედაჩემის შიში ამაო არ გამოდგა. ქარიშხლისაგან აღელვებული ზვირთები ჩვენს გემს ეხეთქებოდა. გადავცურეთ მდინარე მაგდალენაც, რომელიც ოკეანის ტემპერამენტით გამოირჩეოდა. იაფფასიანი სიგარეტი და თუთუნი პორტშივე მქონდა მომარაგებული და მოწევასაც ჩვეული მანერით შევუდექი. უილიამ ფოლკნერის ,,აგვისტოს ნათელის’’ ხელმეორედ გადაკითხვით გართული, სიგარეტს სიგარეტზე ვაბოლებდი. Yუილიამ ფოლკნერი იმხანად ჩემს მფარველ ყველაზე ერთგულ დემონად მიმაჩნდა. უეცრად დედა თავის კრიალოსანს ჩაებღაუჭა და ღმერთს საკუთარი თავისთვის არაფერი, სამაგიეროდ თერთმეტი მიუსაფრის ხანგრძლივი სიცოცხლე და იღბალი შესთხოვა. Mმისი ვედრება უფალმა ნამდვილად შეისმინა, რადგან არხში შესვლისთანავე წვიმამ იკლო, სიოც ხანდახან, მოსკიტების დასაფრთხობად თუ დაუბერავდა. Dდედამ კრიალოსანი შეინახა და დიდი ხნის მანძილზე მდუმარედ აკვირდებოდა ჩვენს ირგვლივ ატეხილ ცხოვრებისეულ ალიაქოთს.
მართალია, დედაჩემი მოკრძალებულ სახლში დაიბადა, სამაგიეროდ, ბანანის კომპანიის ეფემერული დიდების ფონზე გაიზარდა. მდიდარი გოგონას მსგავსად, სანტა მარტას ღვთისმშობლის სახელობის კოლეჯში შესანიშნავი განათლების მიღებაც მოასწრო. საშობაო არდადეგების დროს მეგობრებთან ერთად ფანჯრის რაფაზე ქარგავდა, საქველმოქმედო ბაზრობებზე კლავიკორდზე უკრავდა, ხოლო მდიდარ მამიდასთან ერთად, ადგილობრივი, ღვთისმოშიში არისტოკრატიის ყველაზე უმწიკვლო ცეკვებს ესწრებოდა. ამის მიუხედავად, მშობლების ნება-სურვილს მაინც წინაღუდგა, როცა სოფლის ტელეგრაფისტზე დაქორწინდა. თავიდანვე იუმორის გრძნობა და რკინის ჯანმრთელობა მოსდგამდა, რომელსაც ხანგრძლივი ცხოვრების გზაზე დაგებული მახეები ვერაფერს აკლებდა. გასაოცარი იყო, რომ ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული, შიშისმომგვრელი ძალის შენიღბვას როგორ ახერხებდა, სწორედ ამ თვისების დამსახურებით, სამზარეულოდან, მზის სისტემის მსგავსად, წვრილი ხმითა და თვალის დაუხამხამებლად მატრიარქატული ძალაუფლება დაამყარა, რომელიც ყველაზე შორეულ ნათესავზეც კი ვრცელდებოდა.
დედა ყოველგვარი აღელვების გარეშე, მოთმინებით იტანდა იმ ულმობელ მგზავრობას, და მე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, როგორ შეძლო ასე სწრაფად სიღატაკის უსამართლობას დამორჩილებოდა. სხვა თუ არაფერი, იმ ავადმოსაგონარი ღამის გახსენებაც კმარა: სისხლმოწყურებული მოსკიტები, სულის შემხუთავი და გულისამრევი სიცხე, უძილო მგზავრთა გაუთავებელი ბორიალი, საკუთარ ტყავში უცხოდ რომ გრძნობდნენ თავს და უფრო თბილი ადგილისათვის ჩხუბსაც არ თაკილობდნენ. Dდედაჩემი გაუნძრევლად იჯდა და იმ დაქირავებულ გოგონებს აკვირდებოდა, რომელნიც გვერდითა კაიუტებში კარნავალის წყალობით ხან მამაკაცის, ხანაც მადრიდელი ქალბატონის სამოსში გადაცმულნი, შემოსავალს იღებდნენ. ერთ-ერთი მათგანი სხვადასხვა კლიენტთან ერთად კაიუტაში უამრავჯერ შევიდა. თავდაპირველად მეგონა, რომ დედას ის არც კი შეუმჩნევია, მაგრამ მეოთხე თუ მეხუთე ჯერზე გამოსულს კორიდორის ბოლომდე სიბრალულით მიადევნა თვალი და:
- საბრალო გოგონებიო,- ამოიოხრა. _ის, რითაც თავი უნდა ირჩინონ, მუშაობაზე უარესია.
ეს ყველაფერი შუაღამემდე გაგრძელდა. კორიდორის მკრთალი სინათლისა და აუტანელი ჯანჯღარის გამო კითხვით დაღლილმა მოწევა გადავწყვიტე. გასულ წელს უნივერსიტეტი უგუნური ილუზიის წყალობით მივატოვე, მეგონა ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის ხარჯზე თავის რჩენას უსწავლელადაც შევძლებდი. ამასთანავე Bბერნარდ შოუს ფრაზაც მამხნევებდა: ,,სკოლაში რომ წავსულიყავი, პატარაობიდანვე განათლების მიღება შევწყვიტე.’’ შეუძლებლად მიმაჩნდა ამ თემაზე დისკუსია მომეწყო, რადგან ისედაც ნათელი იყო, რომ ჩემი არგუმენტები მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე გასამართლებლად თუ გამომადგებოდა. მშობლები, რომლებმაც ამხელა იმედი დაამყარეს ჩემზე და ამდენი ფული დამახარჯეს, მსგავს სიგიჟეს ნამდვილად ვერ შეეგუებოდნენ. განსაკუთრებით მამაჩემი, რომელიც ყველაფერს მაპატიებდა, კედელზე ჩამოკიდებული დიპლომის გარდა, თვითონ ვერასდროს რომ ვერ მოიპოვა. ჩვენ ურთიერთობა გვქონდა გაწყვეტილი. თითქმის ერთი წლის შემდეგ მის მონახულებას ვაპირებდი, რათა ყველაფერი დამესაბუთებინა, ამ დროს დედაც გამოჩნდა და მთხოვა, სახლის გასაყიდად გავყოლოდი. შუაღამემდე დედა საქმეზე არ დამლაპარაკებია. Mმხოლოდ ხელსაყრელი მომენტის წყალობით შეძლო გულახდილად გამსაუბრებოდა., რითაც მგზავრობის ჭეშმარიტ მიზანსაც ნათელი მოჰფინა. ჩვენი დიალოგი ზომიერების ფარგლებში წარიმართა, რამაც ცხადყო, რომ დედას სათქმელი გამომგზავრებამდე დიდი ხნით ადრე, უძილობით დაღლილს, მარტოობაში მოუმწიფდა.
_ მამაშენი ძალიან დაღონებულია,- თქვა.
ამ სიტყვების გაგონებას ჯოჯოხეთს ვამჯობინებდი. დედას ყოველთვის ასე სჩვეოდა: საუბარს მაშინ იწყებდა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდი, და თან ისეთი მშვიდი ხმით, რომ წინ ვერაფერი დაუდგებოდა. Aამიტომაც მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით ვკითხე:
_ ვითომ რატომ?
_ სწავლა რომ მიატოვე.
_ არ მივატოვე, მხოლოდ პროფესია შევიცვალე.
დისკუსიამ დედას განწყობა აუმაღლა.
_ მამაშენი ამბობს, რომ ეს ერთი და იგივეა. აშკარად ვგრძნობდი, ცრუობდა და ამიტომაც ვუთხარი:
_ მამაჩემმაც ხომ მიატოვა სწავლა, ვიოლინოზე რომ დაეკრა.
_ ეს სულ სხვა რამ იყო,- მკვირცხლადვე შემეკამათა დედა. ვიოლინოზე მხოლოდ დღესასწაულებისა და სერენადების დროს უკრავდა. სწავლა კი იმიტომ მიატოვა, რომ პურის ფულიც არ ჰქონდა. ტელეგრაფიის შესასწავლად ერთი თვეც არ დასჭირვებია. იმხანად ეს ყველაზე ხელსაყრელი პროფესია იყო, განსაკუთრებით არაკატაკაში.
_ მეც გაზეთებში სტატიების გამოქვეყნებით ვსულდგმულობ,- ვუპასუხე.
_ ამას იმიტომ მეუბნები, საბოლოოდ რომ არ გამანადგურო,- თქვა მან. _ თუმცა გასაჭირს კაცი შორიდანვე მიგიხვდება. წიგნების მაღაზიაში რომ დაგინახე, ვერ გიცანი.
_ ვერც მე გიცანით, დედა.
_ სულ სხვა მიზეზის გამო,- თქვა მან. მე კი გლახაკს მიგამსგავსე.
_ ჩემს გაცვეთილ სანდლებს გადმოხედა და დასძინა: _ წინდაც არ გაცვია.
_ ასე გაცილებით მოსახერხებელია,- ვუთხარი. Oორი პერანგი და ორი საცვალი: თითო ჩასაცმელად და თითო გასაშრობად ჩამოკიდებული. მეტი რა საჭიროა?
_ უფრო ღირსეულად მოქცევა გმართებს,- მითხრა მან და მაშინვე ტონი შეარბილა: _ ყოველივე ეს შენდამი უსაზღვრო სიყვარულმა მათქმევინა.
_ ვიცი, მაგრამ ერთი რამ ამიხსენით: ჩემს ადგილას თქვენ იგივეს არ გააკეთებდით?
_ თუ ამით მშობლებს დავუპირისპირდებოდი, არ გავაკეთებდი,- მითხრა მან.
გამახსენდა, როგორ დაჟინებით ცდილობდა დედა ოჯახის წინააღმდეგობა დაეძლია, ტელეგრაფისტზე რომ დაქორწინებულიყო, და ღიმილით ვუთხარი:
_ თვალი გამისწორეთ.
მან თვალი ამარიდა, რადგან კარგად იცოდა, რაზეც ვფიქრობდი.
_ მხოლოდ მშობლების ლოცვა-კურთხევით დავქორწინდი; ნებით თუ დაჟინებით, ეს დალოცვა მაინც დავიმსახურე.
დედამ დიალოგი შეწყვიტა. არა იმიტომ, რომ ჩემმა არგუმენტებმა დაამარცხა, არამედ საპირფარეშოში გასვლა დასჭირდა. სანიტარულ პირობებს უნდობლობა გამოუცხადა და მე ბოცმანს გამოველაპარაკე, მაგრამ ამაოდ. მან უმალვე განმიმარტა, რომ თავადაც საერთო საპირფარეშოთი სარგებლობდა და საუბარი ჯოზეფ კონრადის სიტყვებით დაასრულა: ,,ზღვაში ყველანი თანასწორნი ვართ.’’ ასე რომ, დედაჩემი საერთო კანონს დამორჩილდა, უკან დაბრუნებული კი სიცილს ძლივს იკავებდა:
_ წარმოიდგინე, რას იფიქრებს მამაშენი, დასნეულებული რომ დავბრუნდე?
შუაღამე გადავლილი იყო, როცა სამი საათით გავჩერდით. საზღვაო არხის წყალმცენარეებმა გემის პროპელერის მოძრაობა შეაფერხა, რის გამოც მანგროს ტყით დაფარულ, ტროპიკულ სანაპიროზე განსაცდელში აღმოვჩნდით. Uუამრავმა მგზავრმა თავს გაქცევით უშველა. აუტანელი სიცხისა და მოსკიტების მიუხედავად, დედა დრო და დრო თვლემდა კიდეც. როდესაც გზა განვაგრძეთ და გრილმა სიომაც დაბერა, საბოლოოდ გამოფხიზლდა.
_ ყოველ შემთხვევაში,- ამოიოხრა,- რაღაც ხომ უნდა ვუპასუხო მამაშენს.
_ უმჯობესია, თუ არ შეწუხდებით,- გულუბრყვილოდვე ვუპასუხე. დეკემბერში ჩამოვალ და ყველაფერს ავუხსნი.
_ იქამდე ათი თვეა,- თქვა მან.
_ წელს უნივერსიტეტში მაინც აღარაფერი მოგვარდება,- ვუპასუხე.
_ მპირდები, რომ მართლა ჩამოხვალ?
_ გპირდები,- ვთქვი და პირველად შევნიშნე, დედაჩემის ხმას მღელვარება რომ დაეტყო.
_ ესე იგი მამაშენს გადავცე, რომ ეთანხმები?
_ არა,- გადაჭრით ვუპასუხე.
ცხადი იყო, დედა გამოსავალს ეძებდა, მაგრამ გასაქანი არ მივეცი.
_ მაშინ უკეთესი იქნება, სრულ სიმართლეს თუ ვუამბობ, რასაც სიცრუესთან არანაირი კავშირი არ ექნება,- თქვა მან.
_ კეთილი,- შვებით ვუპასუხე,- უამბეთ ყველაფერი.
საუბარი შევწყვიტეთ. ვიღაც იფიქრებდა, ყველაფერი დასრულდაო, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ეს პაუზა სულის მოსათქმელად იყო საჭირო. ცოტა ხანში დედას ღრმად ჩაეძინა. როდესაც სიომ მოსკიტები დააფრთხო და ჰაერი ყვავილების სურნელით გაიჟღინთა, იალქნიანი გემიც მწყობრში ჩადგა.
სიენაგა გრანდეს _ ჩემი ბავშვობის მითიურ ადგილს მივადექით. ამ ადგილის გადაცურვა ბევრჯერ გვიხდებოდა, როცა ბაბუას, პოლკოვნიკ ნიკოლას მარკეს მეხიას, რომელსაც შვილიშვილები ,,პაპალელოს’’ ვეძახდით, არაკატაკადან ბარანკილიაში მშობლების მოსანახულებლად მივყავდი. ,, ჭაობნარს კი არ უნდა უფრთხოდე, პატივს უნდა სცემდე,’’- მითხრა ერთხელ ბაბუამ, როცა მას დაუოკებელ ოკეანეს ადარებდა და დინების მოულოდნელობით აღსავსე ხასიათზე მესაუბრებოდა.
იმ ღამით, საბედნიეროდ, ჭაობნარი ერთ წერტილში გაყინულიყო. Fფანჯრიდან ჰაერი რომ ჩამესუნთქა, გემის ცხვირს მივუახლოვდი. თენდებოდა. თევზსაჭერი ნავების მოციმციმე შუქი წყლის ზედაპირზე მოტივტივე ვარსკვლავს მაგონებდა. Iიქვე, შორიახლოს უჩინარ მეთევზეთა საუბარიც ისმოდა. მოაჯირზე იდაყვდაყრდნობილს, სიერას კონტურული მონახაზის დაკვირვებით გართულს, ნოსტალგიის პირველმა ტალღამ გადამიარა.
Iიმდროინდელი გარიჟრაჟი გამახსენდა, სიენაგა გრანდეს გავლისას, ,, პაპალელომ’’ კაიუტაში ჩაძინებული რომ დამტოვა თავად კი ბუფეტში გავიდა. Aარ ვიცი, რომელი საათი იქნებოდა, როდესაც ხალხის აურზაურმა გამომაღვიძა. მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი. Uუეცრად საშინელმა შიშმა შემიპყრო. საბედნიეროდ, სულ მალე სიმშვიდემ დაისადგურა, მე კი უმალვე ყოველივე სიზმარს მივაწერე. შევეცდები ეს მოგონება დაწვრილებით აღვიდგინო: დილით ,, სიენაგას’’ ნავსადგურში გავჩერდი. წვერის გაპარსვით გართულ ბაბუას პერანგიც არ ეცვა., თუმცა მაისურზე ფართო, მწვანე ზოლიანი თასმები გადაეჭიმა. ვიღაც კაცს ესაუბრებოდა, რომლის ამოცნობაც, ერთი შეხედვით, ახლაც კი შემიძლია. პროფილში ყორანს ჰგავდა, მარჯვენა ხელს მეზღვაურის სვირინგი, კისერსა და მაჯას კი ოქროს ჯაჭვები და სამაჯურები უმშვენებდა. ის იყო ტანთ ჩავიცვი და საწოლზე ჩამომჯდარი ფეხსაცმელს ვიცვამდი, როცა ამ მამაკაცმა ბაბუას უთხრა:
_ ეჭვი არ შეგეპაროთ, პოლკოვნიკო. თქვენი წყალში გადაგდება სურდათ.
ბაბუას ჩაეცინა. აზრადაც არ მოსვლია, წვერის გაპარსვა შეეწყვიტა და თავისი ჩვეული ქედმაღლობით უპასუხა:
_ არ უღირდათ გაბედვა.
მაშინ კი მივხვდი, თუ რა მოხდა გასულ ღამეს. ვიღაცის იდეამ, ბაბუა წყალში გადაეგდოთ, ძალიან ამაღელვა.
ბურუსით მოცული ამ ეპიზოდის მოგონებამ კიდევ ერთხელ გამაოგნა იმ დღის გარიჟრაჟზე, როცა დედას სახლის გასაყიდად მივყვებოდი. სანამ დათოვლილ, მზის პირველი სხივებით გაცისკროვნებული სიერას მზერით ვტკბებოდი, საბოლოოდ ინათა და მეთევზეებით დასახლებული ქვიშის თავთხელიც გამოჩნდა: ძალზედ შთამბეჭდავი იყო სანაპიროზე გასაშრობად გამოკიდებული ბადეების, იალქნისაგან შეკოწიწებულ ფეხბურთის ბურთით გართული, ჭუჭყიანი, გაძვალტყავებული ბიჭების, უდროოდ გადაგდებული დინამიტისაგან დასახიჩრებული მეთევზეებისა და გემიდან გადაყრილი მონეტებისათვის წყალში მყვინთავი ბავშვების დანახვა.
შვიდი საათი იქნებოდა, როდესაც სიენაგას დასახლებამდე ოდნავ მოშორებით, გახრწნილ ჭაობს მივადექით. მუხლამდე ტალახით მოსვრილმა მტვირთავებმა ნავსადგურამდე წყალში ჭყაპა-ჭყუპით, ხელჩაკიდულებმა გადაგვიყვანეს. პორტში მაგიდას მივუსხედით. საუზმედ მწვანე ბანანის შემწვარ ნაჭრებს შევექცეოდით, როცა დედამ ისევ ომი გამომიცხადა და შეკითვებით თავს დამესხა:
_ ბოლოს და ბოლოს არ მეტყვი, რა გადავცე მამაშენს? ვცადე მოსაფიქრებლად დრო მომეგო და ამიტომაც ვკითხე:
_ რას გულისხმობთ?
_ ერთადერთი, რაც მას აინტერესებს,- თქვა წყრომით,- შენი განათლებაა.
უეცრად ბედმა გამიღიმა, როდესაც გაცხარებული დიალოგით დაინტერესებულმა ერთმა კადნიერმა მუქთახორამ ჩემი არგუმენტების მოსმენა განიზრახა. მე დედას დაუყოვნებელმა პასუხმა კი არ დამაშინა, არამედ მისმა ემოციურობამ გამაოცა.
_ ესე იგი მწერლობა გადავწყვიტეთ,- თქვა მან.
_ კარგი მწერალი კარგ გასამრჯელოს იღებს,- წამოიძახა მთელი სერიოზულობით მუქთახორამ. _განსაკუთრებით, თუ ის მთავრობასთან თანამშრომლობს.
არ ვიცი მახვილგონიერების წყალობით, თუ მოულოდნელად გამოჩენილი თანამოსაუბრის არგუმენტებით დაშინებულმა დედამ თემა მარჯვედ შეცვალა. Iისინი თანაუგრძნობდნენ, ეჭვის თვალით შეჰყურებდნენ ჩემს თაობას და ერთმანეთს სევდას უზიარებდნენ. ბოლოს, საერთო ნაცნობების ნუსხასაც გადახედეს და დაასკვნეს, რომ ჩვენ იგუარანებისა და კოტესების ორმხრივ ნათესავებად ვითვლებოდით. იმხანად, კარიბის ზღვის სანაპიროს ყოველი სამი დამხვდურიდან ორი მაინც იგივეს გვეუბნებოდა. დედა კი ამ ფაქტს ყოველთვის უჩვეულო მოვლენად აღიქვამდა.
ლეგენდარული წარმოშობის, მოძველებული და მსოფლიოში ალბათ უკვე უკანასკნელი ერთი ცხენის ძალის სიმძლავრიანი მანქანა ,,პობედით’’ რკინიგზის სადგურამდე მივაღწიეთ. დედაჩემი გვარჯილით გადამწვარ, ხრიოკ დაბლობს გადაჰყურებდა, რომელიც ჭანჭრობით იწყებოდა და ჰორიზონტს ერწყმოდა. პირადად ჩემთვის ეს ისტორიული ადგილი იყო: სამი თუ ოთხი წლის ასაკში ბაბუასთან ერთად ჩემი პირველი მოგზაურობისას ბარანკილიაში სწორედ ამ მცხუნვარე, უდაბური ადგილის გავლით მოვხვდი. მახსენდება, ჩვენს თვალწინ ფართოდ გადაჭიმული, დამხრჩვალი ქათმებით მოტივტივე, მწვანე ფერის წყლის ზედაპირი რომ გადაიშალა.
_ ეს ზღვაა,- მითხრა ბაბუამ.
იმედგაცრუებულმა ვკითხე, მეორე ნაპირას რა ხდება- მეთქი. მან კი უყოყმანოდ მიპასუხა:
_ მეორე მხარეს ნაპირი არა აქვს.
დღესდღეობით კი, ზღვის უთვალავჯერ ნახვის მიუხედავად, მაინც ვფიქრობ, რომ ეს ბაბუას ყველაზე გონივრული პასუხი იყო. ყოველი შემთხვევისათვის, არც ერთი ჩემი ურიცხვი წარმოსახვიდან არ შეესაბამებოდა ამ ჭუჭყიან, ბილწ, გაშლილ ზღვას, რომლის გვარჯილით, დამპალი მანგროს ხის ჩამოკაფული ტოტებითა და ნიჟარის ნამსხვრევებით მოფენილ სანაპიროზე გავლა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ყველაფერი ამაზრზენად გამოიყურებოდა.
შესაძლოა, ,,სიენაგას’’ ზღვაზე დედაც იგივეს ფიქრობდა. მხოლოდ მაშინ, როცა მანქანის მარცხენა მხრიდან ზღვის კვალი უეცრად გაუჩინარდა, ამოიოხრა და თქვა:
_ არ არსებობს უფრო დაკლაკნილი ზღვა, როგორიც რიოაჩაშია!
მეც დრო ვიხელთე და დამხრჩვალი ქათმების მოგონება ვუამბე. სხვების მსგავსად, მან ეს ყველაფერი ბავშვობის ჰალუცინაციად აღიქვა. დედა გზაზე შემხვედრ ყოველ კუთხე-კუნჭულს ისეთი დაკვირვებით ათვალიერებდა, რომ სახის გამომეტყველებიდანვე ვხვდებოდი, რასაც ფიქრობდა. სარკინიგზო ხაზის მოპირდაპირე მხარეს ,,ბარიო დე ტოლერანსიას’’ ჩავუარეთ, რომელიც, ერთის მხრივ, ფერადი ქოხების ჟანგმოკიდებული სახურავებით იწონებდა თავს, მეორეს მხრივ კი, ფარდულზე დაკიდებული რგოლებიდან პარამარიბოს ბებრუხანა, პორტუგალურ ენაზე მოლაპარაკე თუთიყუშებით კლიენტებს იზიდავდა. ორთქლმავლების სარწყულებელ, უზარმაზარ რკინის სარდაფსაც გავცდით, რომელიც გადამფრენი ჩიტებისა და გზააბნეული თოლიების თავშესაფრად ქცეულიყო. ქალაქი ისეთი მიხვეულ-მოხვეული გზებით შემოვიარეთ, რომ არც კი შევსულვართ. სამაგიეროდ, კარგად დავინახეთ დაცარიელებული ფართო ქუჩები, ერთსართულიანი, ძველებური ყაიდის სახლები, რომლის ფანჯრებშიც გამთენიიდან პიანინოზე უწყვეტი დაკვრის ხმა ისმოდა. უეცრად დედამ თითით მიმანიშნა:
_ შეხედე,- მითხრა. აი, სწორედ იქ არის სამყაროს დასასრული.
მე მის საჩვენებელ თითს თვალი გავაყოლე და სადგური დავინახე: ეს იყო გამოფიტული ხის შენობა თუთიის სახურავით, დაკიდებული აივნებითა და იმ პატარა, ხრიოკი მოედნით, ორას ადამიანს ძლივს რომ იტევდა. როგორც დედამ განმიმარტა, სწორედ აქ, ამ მოედანზე, 1928 წელს ჯარმა ბანანის პლანტაციების მუშათა დაუდგენელი რაოდენობა ამოჟლიტა. ბაბუასგან ეს ამბავი ათასჯერ მაინც მსმენია და მეხსიერებაში ისე ჩამებეჭდა, თითქოს მეც ამ მოვლენის მონაწილე ვიყავი: სამხედრო პირი იმ დადგენილებას კითხულობდა, რომლის მიხედვითაც გაფიცულ მუშათა რაზმი ბოროტმოქმედთა პარტიად გამოცხადდა. Mმცხუნვარე მზის ქვეშ მდგომ სამი ათას კაცს, ქალსა თუ ბავშვს, ოფიცრის ბრძანებით, ხუთ წუთში მოედანი უნდა გაეთავისუფლებინა. ამას მოჰყვა ცეცხლის გახსნის ბრძანება, ტყვიამფრქვევის ჯერის ხმა, პანიკისაგან დამფრთხალი ბრბო, რომელსაც საფანტი, გაუმაძღარი და გეგმაზომიერი მაკრატლის მსგავსად, მტკაველ-მტკაველ აცოტავებდა.
სიენაგას მატარებელი დილის ცხრა საათზე ჩამოდგებოდა ხოლმე, რომელსაც გემებიდან ან სიერადან გადმოსული მგზავრები თხუთმეტ წუთში ბანანის პლანტაციების ზონაში გადაჰყავდა. რვა საათს გადაცილებული იყო, როცა მე და დედა სადგურს მივადექით. მატარებელი უკვე ჩამომდგარიყო, რომლის მგზავრებიც მხოლოდ ჩვენ გახლდით. Dდედამ ცარიელ ვაგონში ასვლისთანავე მხიარული ტონით წამოიძახა:
_ რა ფუფუნებაა! მთელი მატარებელი ჩვენს განკარგულებაშია!
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დედაჩემის ეს მოჩვენებითი სიხარული უფრო იმედგაცრუების შენიღბვას ემსახურებოდა, რადგან ვაგონებს დროის მსახვრალი ხელი ერთი შეხედვითაც ეტყობოდა. უწინდელი მატარებლისაგან მხოლოდ მოჩვენებაღა დარჩენილიყო: მოძველებულ, მეორე კლასის ვაგონებში მინებისა და ტირიფის ხის სკამების ნაცვლად, ღატაკებისთვის განკუთვნილი ცხელი და ხის თხელძირიანი სკამები დაგხვდებოდათ; მესამე კლასის ვაგონი უფრო ხის ყუთს მაგონებდა, სადაც ბანანისა და მსხვერპლშეწირული პირუტყვის გვერდით, ღატაკნი გრძივ, უხეშ ხის სკამებზე მგზავრობდნენ. მეორე კლასის ვაგონს უწინ ტირიფის ხის სკამები და ბრინჯაოს ჩარჩოები ამშვენებდა. დერეფანში დაგებული ნოხებითა და წითელი ხავერდის სავარძლებით მოწყობილი პირველი კლასის ვაგონით კი, ძირითადად, მთავრობის წევრები და ბანანის კომპანიის მაღალჩინოსნები სარგებლობდნენ. თუ კომპანიის სუპერინტენდანტი, მისი ოჯახი ან საპატიო სტუმარი მგზავრობდა, მატარებელს უკან მდიდრულ ვაგონს ჩაუბამდნენ ხოლმე, რომელსაც მზისგან დამცავი, მოოქროვილ ჩარჩოიანი ფანჯრები და ჩაის მისართმევი ღია ვერანდა ჰქონდა. თუმცა დღემდე ერთი მოკვდავიც კი არ მინახავს, ასეთი სადღესასწაულო კარეტის წარმოსახვა რომ შესძლებოდა.
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 1231 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:25 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 49
სტუმარი: 49
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024