„გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი", ქართული ყოველკვირეული ლიტერატურული-მხატვრული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1922 წლის დეკემბრიდან 1923 წლის მარტამდე (№ 1-9). ჟურნალი ბეჭდავდა პოეტურ და პროზაულ ნაწარმოებებს, ლიტერატურულ კრიტიკას; წერილებს მხატვრობის, თეატრისა და მუსიკის საინტერესო საკითხებზე და სხვა. რედაქტორ-გამომცემელი — გ. ტაბიძე. ჟურნალში თანამშრომლობდნენ: გ. ქუჩიშვილი, შიო მღვიმელი, ბაბილინა, დ. შენგელაია, ია ეკალაძე, ი. ვართაგავა, ს. მელაძე, ი. მოსაშვილი, ტ. გრანელი, ვ. გუნია, ა. ღვინიაშვილი, ლ. გუდიაშვილი, ი. ქავჟარაძე და სხვა. ჟურნალი მხატვრულად გააფორმეს ლადო გუდიაშვილმა და კირილ ზდანევიჩმა. „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალმა" მნიშვნელოვანი როლი შეასრულა თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარების საქმეში.~
|