და ის, ვინც გაქებდა... და ის, ვინც გალხენდა, ნუთუ ერთხელ მაინც აღარ გაგახსენდა?! ნუთუ გახდი ისე ცრუ, ბოროტი, მავნე, რომ წერილი ერთხელ აღარ გამოგზავნე?! დააჩქარე, გესმის?! _ დააჩქარე, მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე _ თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი, თითქმის შემიყვარდა, თითქმის შევუყვარდი, და წამიყვანს სადმე მკერდზე მისაყრდნობლად და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად... ეხლაც, როცა თვალი ცრემლითა მაქვს სველი, შენგან დანავიწყი, შენს წერილებს ველი, ეხლაც! ეხლაც-მეთქი, ის შენი დობილი ჩემს მაგიდას უზის იდაყვდაყრდნობილი და ცეცხლისფერ ხმითა ყურში ჩამჩურჩულებს, ჩემსავითო გწამდეს ვერვინ გიერთგულებს, აი, გადაიძრო თავიდან თავშალი, აი, გადიყარა კოხტად თმა ნაშალი, და ცრემლები თეთრი, და ცრემლები წმინდა ნელ ამბორის ყოფით ღაწვზე მომიწმინდა... ჩქარა! ჩქარა! ჩქარა! თორემ შენს მზეს ვფიცავ, იმ შენს დობილისგან თავს ვეღარ დავიცავ _ საალერსოდ მიწვევს შენსა ლექსთამწყობელს და წაგართმევს ჩემს თავს, და წაგართმევს მკობელს! დააჩქარე, გესმის? _ დააჩქარე, მალე, თორემ იმ შენს დობილს ვერსად დავემალე _ თავს მევლება ისე, ვით პეპელას ვარდი! თითქმის შემიყვარდა, თითქმის სევუყვარდი, და წამიყვანს სადმე, მკერდზე მისაყრდნობლად... და დამრჩები მარტოდ, უნუგეშოდ, ობლად...
|