ნისლით დაბურულ საუკუნეში მივიკვლევ გზას. ყოველწლიურად 365 მზეს 365 მთვარე ცვლის, მე კი მივდივარ და მაინც ვერ გამიგნია გზა. დედამიწა ხომ მრგვალია, და მეც წრეზე დავდივარ, ალბათ. მომქანცა ამ ნაცრისფერმა მტვრიანმა მარადისობამ. ამ ბოლო ხანს ბევრს ვეწევი, ნაკლებს ვკითხულობ... მაგრამ, ძალიან ბევრს ვბორიალებ ჩემი გონების ლურჯ კუნჭულებში, ჰოდა ასე ჩემს ცნობიერებაში ხეტიალით ვხარჯავ დროს, რომელიც მარადიულია და მაინც არ იხარჯება. როცა მოვკვდები მაშინაც ვიფიქრებ, ვიფიქრებ და ასე გავიყვან დროს, რომელიც არ გავა, იმიტომ, რომ დედამიწასავით ისიც მრგვალია. მეცნიერები ღერძს რომ უწოდებენ, აი, იმის გარშემო დაგორავენ ორთავე, დედამიწაცა და დრო-ჟამიც.
მეც ჩემი ღერძი მაქვს და მის ირგვლივ დავლასლასებ, ხან რომელ აზრს ავეტუზები და ხანაც, რომელს.
ერთხელაც მძიმედ ჩამოჰკრავს საათის პენდელი, მე ვფიქრობ მარჯვნიდან მარცხნივ, და ჩემი უკანასკნელი ამოსუნთქვა გაალღობს გაყინულ ჰაერს. მერე გულხელს დამიკრეფენ, ჩამდებენ შავ კუბოში, კუბოს საათის ისრის მიმართულებით სამჯერ დაატრიალებენ, სამჯერვე მიარტყამენ კარის ჩარჩოს (ჩვენში ასე იციან) და სასაფლაოზე წამიღებენ... და ამით რაღაც დამთავრდება. ზამთრობით კვლავაც ჩამოთოვს ხოლმე, ალბათ, თბილისში. უბნის ბავშვებიც იგუნდავებენ
ოდესმე ის პოლიტიკური პარტიაც დამარცხდება არჩევნებში, რომლის წევრიც მე ვარ და ქვეყანაშიც ახალ პარლამენტს აირჩევენ. ცაც უწინდელივით მოიქუფრება და უწინდელივით მოვა გაზაფხულიც. უწინდელივით შეიმოსებიან ხეები მწვანედ, უწინდელივით გაირბენს დრო და დაზამთრდება როგორც უწინ... და ყველაფერი თავიდან დაიწყება... უბრალიდ მე აღარ გავჩნდები თავიდან.
|