♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » 16 წელი გასულიყო იმ საბედისწერო დღიდან
8:31 PM
16 წელი გასულიყო იმ საბედისწერო დღიდან


ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, მერე კი ისევ ჭადრის ხესთან დგებოდა და შვილის გამოჩენას ელოდა...

"იქნებ ვინმემ მისაყვედუროს, არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო"

ყველაფერი ერთი უცნაური შეხვედრით დაიწყო. მაშინ ნატა იურიდიული ფაკულტეტის პირველკურსელი იყო.

აპრილი ძალას იკრებდა, ახლოვდებოდა "სტუდენტური გაზაფხული-87", ნატაც მონაწილეობდა ამ კონკურსში და ლექციების შემდეგ რეპეტიციებზე რჩებოდა. კარგად მღეროდა და ცეკვავდა. მეგობრებთან ერთად ხალისობდა და სჯეროდა, მისი ფაკულტეტი გაიმარჯვებდა... ერთხელ, ლექციების შემდეგ სტუდენტები გარეთ გამოიშალნენ. ნატამ ჭადრის ხესთან ატუზული ქალი შეამჩნია. რატომღაც გვიან გაახსენდა, რომ სევდიანად მოღიმარი უცნობი ქალი გუშინაც იქ იდგა და დაჟინებით მისჩერებოდა. რატომღაც უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მიმავალმა რამდენჯერმე მოხედა ქალს, რომელიც ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა და თვალს არ აშორებდა. მეხუთე დღეს, ნატას დანახვისთანავე ჭადართან მდგომი ქალი ადგილს მოსწყდა, გაოგნებულ გოგოს მივარდა, გულში ჩაიკრა და კოცნა დაუწყო, თან ჩურჩულებდა, - ახლა აღარსად გაგიშვებ, შენ ჩემი შვილი ხარო... ნატას თვალთ დაუბნელდა და მეგობარს, თეას ხელი რომ არ შეეშველებინა, ძირს დაენარცხებოდა... გონს რომ მოვიდა, ქალს ცივად გააშვებინა ხელი - ჩემგან რა გინდათო? ქალმა ღრმად ამოისუნთქა და უთხრა: - მე შენი დედა ვარ, მაგდა მქვიაო.

წლების წინ მაგდა ერთ-ერთი ცნობილი ანსამბლის სოლისტი-მოცეკვავე იყო. ის და ვახო ერთ უბანში ცხოვრობდნენ. ყველამ იცოდა, რომ ბიჭს გოგო პატარაობიდანვე უყვარდა, მისი შიშით მაგდას ვერავინ ეკარებოდა. თავიდან მაგდას ეს აღიზიანებდა - ვინ არის ეს ვახო ამისთანა, რომ მის გამო ყველა გვერდს მივლისო... თუმცა სიამოვნებდა "ვახოს შეყვარებულს" რომ ეძახდნენ.

ვახომ სკოლის დამთავრებისთანავე მოიტაცა. თუმცა, ამას მოტაცებაც არ ერქვა... რეპეტიციაზე მიმავალს ბიჭი წამოეწია - მანქანით მიგიყვანო. გზაში გამოუცხადა, - მოგიტაცე, დღეიდან ჩემი ცოლი ხარ და ახლა რეპეტიციაზე კი არა, ბათუმში მივდივართო. მაგდა შეკრთა. იცოდა, ვახო ადრე თუ გვიან, ასე მოიქცეოდა, მაგრამ იმ დღეს ამას არ ელოდა. თუმცა, აღარც წივილ-კივილი დაუწყია. ასე შეიქმნა მათი ოჯახი.

ცხოვრება თავისი გზით წავიდა. მაგდას ცეკვა ისე უყვარდა, ვახოს შეეხვეწა, - ოღონდ ცეკვისთვის თავი არ დამანებებინო და ყველა სურვილს შეგისრულებო. ვახო არც აპირებდა ცოლისთვის ანსამბლში სიარულის დაშლას. რეპეტიციებზე თვითონ მიჰყავდა და მერე მოთმინებით ელოდა. მაგდა მშობიარობის შემდეგ მალევე დაბრუნდა ანსამბლში. გოგონას, რომელსაც ნატა დაარქვეს, ვახოს დედა ზრდიდა. მერე ანსამბლში ახალი მოცეკვავე მოვიდა, თემო და იმ დღიდან დაიწყო მაგდას უბედურება (უბედურებად მერე მონათლა მაგდამ, თორემ მაშინ თავს უბედნიერესად მიიჩნევდა). ქალ-ვაჟს ერთმანეთი შეუყვარდა. კარგა ხანს მალავდნენ გრძნობას, მაგრამ... მხოლოდ კულისებში თუ განმარტოვდებოდნენ, თორემ სხვაგან შეხვედრას ვერ ახერხებდნენ.

ანსამბლს სხვადასხვა რეგიონში ჰქონდა ათდღიანი ტურნე. ვახომ მხოლოდ ქუთაისში მოახერხა ჩაეკითხა ცოლისთვის, მერე მასაც ბევრი საქმე გამოუჩნდა და... თბილისში დაბრუნებულმა შეყვარებულებმა გაპარვა გადაწყვიტეს. თემომ მაგდა ლენინგრადში, მამიდასა და მამიდაშვილებთან წაიყვანა და ნათესავებს ასე წარუდგინა - ეს ქალი ჩემი ცოლია, დევებს გამოვტაცე და თქვენთან წამოვიყვანეო. იმათ არც იცოდნენ, რომ მაგდას ქმარ-შვილი ჰყავდა. ძალიან მოეწონათ ლამაზი რძალი...

თბილისში კი ერთი ამბავი იყო ატეხილი - ვახოს და მაგდას მშობლების ოჯახებშიც და ანსამბლშიც. არც თემოს მშობლებს ადგათ კარგი დღე. მათი ბედნიერება არავის უხაროდა. ვახოს კი დანა კბილს არ უხსნიდა. გაეყარა ცოლს და დედობის უფლებაც ჩამოართვა, ეს ამბავი მაგდას უახლოესმა მეგობარმა გააგებინა. ძალიან შეწუხდა, მაგრამ თემო ისე უყვარდა, რომ წარსულზე ხელი ჩაიქნია. დარწმუნებული იყო, როცა თბილისში დაბრუნდებოდა, ბავშვს აუცილებლად ნახავდა...

კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო... უბედურება უბედურებაზე დაატყდა თავს საწყალ მაგდას... ვახოს მუქარის შემდეგ იცოდნენ, რომ თბილისში არ ჩამოესვლებოდათ. თემომ გადაწყვიტა, რაღაც საქმისთვის მოეკიდა ხელი, აბა, მამიდაშვილების ხარჯზე როდემდე იცხოვრებდნენ! ნერვიულობის გამო მაგდას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ბავშვი მკვდარი დაიბადა. ცოტა ხანში თბილისიდან მოსულმა ამბავმა თავზარი დასცა მაგდას. ნათესავის დაკრძალვაზე მიმავალ მის მშობლებს და ძმას ტრაილერი შეეჯახა... რაღა გააჩერებდა რუსეთში? მისთვის უკვე სულერთი იყო, რას იზამდა ვახო, ძვირფასი ადამიანები უკანასკნელ გზაზე უნდა გაეცილებინა, თანაც სიგიჟემდე ენატრებოდა შვილი. თბილისში თემოს გარეშე დაბრუნდა.

მაგდამ მშობლებისა და ძმის დასაფლავების შემდეგ ბავშვის ნახვა მოისურვა. ვახომ - არც გაბედო ჩვენს სახლთან მოახლოება, ბავშვს გამზრდელი უკვე ჰყავს, შენნაირი დედა კი არ სჭირდებაო. გულდათუთქულმა ქალმა გამოკეტა სახლი და თემოსთან დაბრუნდა.

გავიდა წლები. მაგდას თემოსთან ბავშვი აღარ შეეძინა, სიყვარულიც განელდა. მაგდას გულს უკლავდა ის ამბავი, რომ მისი შვილი (რომელმაც სიმართლე არც იცოდა) სულ სხვა ადამიანს ეძახდა დედას და ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი ნამდვილი დედა მისგან შორს ცხოვრობდა... დრო კი გადიოდა.

ვახოს მეორე ცოლთან ორი შვილი ჰყავდა. ნატას ძალიან უყვარდა მშობლები, და-ძმაზე ხომ მზე და მთვარე ამოსდიოდა.

როცა თემოსგან ყურადღება, სითბო და მზრუნველობა მოაკლდა, მაშინ მიხვდა ქალი, იქ აღარ უნდა გაჩერებულიყო. ამასობაში გაიგო, რომ თემოს საყვარელი ჰყავდა, მისგან კი - 3 წლის გოგონა. 16 წელი გასულიყო იმ საბედისწერო დღიდან, რაც ოჯახი მიატოვა, ახლა შვილის გულში ჩაკვრის გარდა აღარაფერი უნდოდა...
თბილისში დაბრუნდა. დედისეული ბინა სარფიანად გაყიდა და ოროთახიანი შეიძინა, მერე პატარა მაღაზია გახსნა, დახლთან ერთი ნაცნობი დააყენა. ამ ხნის განმავლობაში კი ნატას შორიდან უთვალთვალებდა. იცოდა, სადაც სწავლობდა და გული ეწურებოდა, რომ ახლოს მისვლის უფლება არ ჰქონდა. როცა საქმეებს მორჩებოდა, იმ ჭადრის ხესთან დასჩემდა დგომა. ჯერ დილით ადრე მივიდოდა ხოლმე, ელოდებოდა შვილის გამოჩენას. ლექციების დასრულებამდე დროს ქუჩებში სიარულით კლავდა, 3 საათისთვის კი ისევ იმ ჭადრის ხესთან დგებოდა. არ იცოდა, როგორ დაეწყო შვილთან საუბარი, მისკენ ნაბიჯსაც ვერ დგამდა. ბოლოს კი მოთმინებამ უღალატა...

როცა მაგდამ ყველაფერი უამბო შვილს, ნატამ ჰკითხა: - წლისაც არ ვიყავი, როცა მიმატოვე, შემდეგ არც გიცდია ჩემი ნახვა. მერე რა, რომ მამა გიკრძალავდა. როგორ არ იბრძოლე, რა გულმა გაგიძლოო...

ამ საუბარმა ვერ დააახლოვა დედა-შვილი. ნატას ხომ დედამ გული ატკინა, მამაზეც ნაწყენი დარჩა - როგორ დამიმალა ეს ამბავიო. უნივერსიტეტთან რამდენჯერმე მისულ მაგდას კი უთხრა: - ნუ დამაძალებ შენთან ურთიერთობას, დრო მჭირდება, წარსული რომ გაპატიოო და მაგდას აღარ შეუწუხებია შვილი.
ნატას დედაზე გული მაშინ მოუბრუნდა, როცა თავად გახდა დედა - სიყვარულით გათხოვდა და სწორედ მაშინ გაიფიქრა, რომ მის ბედნიერებას მაინც აკლდა უმთავრესი - დედის დალოცვა და მის გვერდით ყოფნა.

ერთხელ მივიდა მაგდასთან და მეუღლე გააცნო, ხოლო როცა გოგონა გაუჩნდა, შვილთან ერთად ესტუმრა... იმ დღიდან აღდგა დედა-შვილს შორის ურთიერთობა. ნატა დღეს უკვე ასე ფიქრობს: "ცხოვრების გზაზე ადამიანი შეცდომებს უშვებს. მთავარი ისაა, რომ ვეცადოთ მის გამოსწორებას; ახლობლებმა ერთმანეთს უნდა მივუტევოთ და ვაპატიოთ, თორემ უამისოდ ყველაფერი უფასურდება. სიმართლემ გული მატკინა, - დედამ როგორ მიმატოვა-მეთქი, მაგრამ მას ხომ ნამდვილად უყვარდა თემო, მამას კი გაუცნობიერებლად გაჰყვა. ორივე გადაწყვეტილება ნაჩქარევად მიიღო და შეცდა, მაგრამ ყოველივე ამაში მე ხომ ბრალი არ მქონდა? დედამ ამქვეყნად მომავლინა და ვუყვარდი, მარტო დარჩენილს კვლავ ჩემკენ გამოუწია გულმა. მე ვიყავი ერთადერთი, ვისთვისაც მას სიცოცხლე უღირდა. მეც უმისოდ ბედნიერი ვერ ვიქნებოდი. იქნებ ვინმემ ამის გამო მისაყვედუროს კიდეც - არ უნდა გეპატიებინა დედისთვისო. მე კი მგონია, მიტევება ყველას უნდა შეეძლოს".

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1063 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:10 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024