♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო -თერთმეტი წუთი (1თავი)
2:46 PM
პაოლო კოელიო -თერთმეტი წუთი (1თავი)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია.
მოიცადეთ! „იყო და არა იყო რა" კარგი დასაწყისია ზღაპრისათვის, მეძავის ამბავი კი უთუოდ ზრდასრული ადამიანებისათვის არის განკუთვნილი. როგორ შეიძლება, წიგნი იწყებოდეს ასეთი აღმაშფოთებელი წინააღმდეგობით? მაგრამ, ვინაიდან ყოველი ჩვენგანი ცალი ფეხით ჯადოსნურ ზღაპარშია, მეორეთი კი — უფსკრულის პირას, მოდი, მაინც გავაგრძელოთ ისე, როგორც დავიწყეთ. მაშ, ასე:
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეძავი, სახელად მარია.
როგორც ყველა მეძავი, ისიც სუფთა და უმწიკვლო დაიბადა და სანამ პატარა იყო, ოცნებობდა, რომ შეხვდებოდა თავისი ოცნების მამაკაცს (ლამაზს, მდიდარსა და ჭკვიანს), გაჰყვებოდა მას ცოლად (თეთრ კაბაში გამოწყობილი), გააჩენდა ორ შვილს (რომლებიც გაიზრდებოდნენ და სახელს გაითქვამდნენ) და იცხოვრებდა კარგ სახლში (საიდანაც ზღვა გამოჩნდებოდა). მამამისი ფარდულში ვაჭრობდა, დედა კერავდა, ბრაზილიის პროვინციაში მიკარგულ მის მშობლიურ ქალაქში კი იყო მხოლოდ ერთი კინოთეატრი, ერთი პატარა რესტორანი და ერთი ბანკი... და მარია ელოდა, — აი, დადგება დღე და მოულოდნელად გამოჩნდება მშვენიერი პრინცი, რომელიც უგონოდ შეიყვარებს და მსოფლიოს დასაპყრობად წაიყვანს.
მანამდე კი, სანამ პრინცი გამოჩნდებოდა, მარიას მხოლოდ ოცნება შეეძლო. პირველად თერთმეტი წლისას შეუყვარდა — სკოლისაკენ მიმავალს. ახალი სასწავლო წლის პირველსავე დღეს მარიამ შეამჩნია, რომ თანამგზავრი გამოუჩნდა — მასთან ერთად სკოლაში იმავე განრიგით მეზობლის ბიჭი დადიოდა. ერთმანეთისათვის სიტყვაც კი არ უთქვამთ, მაგრამ მარიამ შენიშნა, რომ ყველაზე მეტად ის წუთები მოსწონდა, როცა გრძელ გზაზე, მტვერსა და თაკარა მზეში, მწყურვალი მისდევდა სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ბიჭს.
ასე გრძელდებოდა რამდენიმე თვის მანძილზე. მარია, რომელსაც სწავლა ჭირივით ეჯავრებოდა და ტელევიზორის გარდა სხვას არაფერს აღიარებდა გართობის საშუალებად, გონებაში აჩქარებდა დროს, რომ რაც შეიძლება სწრაფად გასულიყო დღე, გათენებულიყო დილა და სკოლაში წასულიყო. ამხანაგებისაგან განსხვავებით, შაბათ-კვირა საერთოდ შესძულდა. და ვინაიდან დრო, როგორც ცნობილია, ბავშვებისათვის უფრო ნელა გადის, ვიდრე დიდებისათვის, იგი იტანჯებოდა და ბრაზობდა იმის გამო, ეს უსასრულო დღეები მას სიყვარულის მხოლოდ და მხოლოდ ათ წუთს რომ ანიჭებდა, ათასობით საათს კი — თავის შეყვარებულზე საფიქრელად და იმაზე საოცნებოდ, რა კარგი იქნებოდა, რომ ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ.
და აი, ასრულდა.
ერთ მშვენიერ დილას ბიჭი მასთან მივიდა და ჰკითხა, ზედმეტი კალამი ხომ არ გაქვსო. მარიამ პასუხი არ გასცა, ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეწყინა ასეთი უტიფარი გამოხდომა და ფეხს აუჩქარა. არადა, დაინახა თუ არა, რომ ბიჭი უახლოვდებოდა, სუნთქვა შეეკრა, — ვაითუ, მიხვდეს, რა ძლიერ უყვარს, როგორ მოუთმენლად მოელის, როგორ ოცნებობს ხელი ჩასჭიდოს და სკოლის გვერდის ავლით სულ უფრო და უფრო შორს წაიყვანოს, სანამ გზა არ გათავდება და არ მიიყვანს იქ, სადაც, ხალხის თქმით, არის დიდი ქალაქი და ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც ტელევიზორში: მსახიობები, ავტომობილები, კინოთეატრები ყოველ ნაბიჯზე და სხვა ათასგვარი გასართობი.
მთელი დღე გაკვეთილებს გული ვერ დაუდო, იტანჯებოდა, რომ ასე სულელურად მოიქცა, და ამავე დროს უხაროდა, რომ ბიჭმა, როგორც იქნა, შენიშნა. კალამი მხოლოდ საბაბი იყო საუბრის დასაწყებად. მან ხომ საკუთარი თვალით დაინახა, რომ ბიჭს კალამი ჯიბეში ედო. ამ და ყველა მომდევნო ღამეს მარია გეგმებს აწყობდა, რა ეპასუხა ბიჭისათვის სხვა დროს, რომ შეცდომა აღარ დაეშვა და სათავე დაედო ისტორიისათვის, რომელსაც დასასრული არ ექნებოდა.
მაგრამ სხვა შემთხვევა აღარ მიეცა, თუმცა ისინი უწინდებურად ერთი გზით დადიოდნენ სკოლაში. მარია ხან წინ უსწრებდა მარჯვენა ხელში ჩაბღუჯული კალმით, ხან უკან ჩამორჩებოდა, რომ შესძლებოდა ალერსით ედევნებინა თვალი, მაგრამ ბიჭს აღარაფერი უთქვამს. ასე რომ, სასწავლო წლის ბოლომდე მარია უჩუმრად იტანჯებოდა.
შემდეგ კი დაუსრულებელი არდადეგები დაიწყო. და აი, ერთხელ მარიამ სისხლით დასვრილ ლოგინში გაიღვიძა. იფიქრა, ვკვდებიო და გადაწყვიტა, შეყვარებულისათვის გამოსამშვიდობებელი წერილი დაეტოვებინა და ტყეში გაქცეულიყო, რომ იქ მაქცია მგელს ან უთავო ჯორს დაეგლიჯა — ერთი სიტყვით, რომელიმე იმ ურჩხულთაგანს, რომელიც შიშის ზარს სცემდა ახლომახლო სოფლების მცხოვრებლებს. ფიქრობდა, რომ მხოლოდ ასეთი სიკვდილის შემთხვევაში არ ინაღვლებდნენ მისი მშობლები. ღარიბები ხომ ასე არიან — უბედურება მათ თავს როგორც გახეული ტომრიდან, ისე აცვივათ, მაგრამ იმედი მაინც რჩებათ. დაე, მის მშობლებსაც ეგონოთ, რომ გოგონა ვინმე უშვილო მდიდრებმა აიყვანეს და ოდესმე აუცილებლად დაბრუნდება შინ მდიდარი და პატივცემული, მაგრამ მას, ვინც მარიას შეუყვარდა (პირველად და სამუდამოდ), მთელი სიცოცხლის მანძილზე ემახსოვრება და ყოველ დილით უსაყვედურებს საკუთარ თავს იმის გამო, რომ მეორედ ვერ გაბედა მასთან გამოლაპარაკება.
მარიამ ვერ მოასწრო წერილის დაწერა — ოთახში დედამისი შემოვიდა, დაინახა სისხლის ლაქები ზეწარზე და გაიღიმა.
— შენ უკვე დიდი ხარ, შვილო.
მარია ცდილობდა გაერკვია, რა კავშირში მისი დიდობა ფეხებზე მოწანწკარე სისხლთან, მაგრამ დედამ არაფერი აუხსნა, მხოლოდ ის უთხრა, რომ საშიში აქ არაფერია, უბრალოდ, ამიერიდან ყოველთვე ოთხი-ხუთი დღით მოუხდებოდა თოჯინის ბალიშის მსგავსი რაღაცის ამოდება. Mმარიამ იკითხა, კაცებიც თუ სარგებლობენ ასეთი რამით, სისხლმა შარვალი რომ არ დაუსვაროთო, მაგრამ როგორც გაიგო, ეს მხოლოდ ქალებს ემართებათ.
მარიამ უსაყვედურა ღმერთს ასეთი უსამართლობისათვის, თუმცა, ბოლოს მაინც მიეჩვია, როგორღაც მოერგო ამ ამბავს. მაგრამ იმას კი, რომ ბიჭს ვეღარ ხვდებოდა, ვერაფრით ვერ შეეგუა და ამიტომ გაუთავებლად კიცხავდა თავს უგუნური საქციელისათვის, რომ გაექცა იმას, რაც ყველაზე სასურველი იყო მისთვის. ჯერ კიდევ სასწავლო წლის დაწყებამდე იგი ქალაქის ერთადერთ ეკლესიაში წავიდა და წმინდა ანტონის ხატთან დაიფიცა, რომ ამჯერად თვითონ დაელაპარაკებოდა ბიჭს.
მეორე დღეს შეძლებისდაგვარად გამოიპრანჭა, ჩაიცვა საგანგებოდ ახალი სასწავლო წლისათვის დედის შეკერილი კაბა და სახლიდან გახარებული გავიდა — მადლობა უფალს, არდადეგები დასრულდა! მაგრამ ბიჭი არ ჩანდა. მთელ კვირას ელოდა, სანამ ერთ-ერთმა თანაკლასელმა არ უთხრა, ბიჭი ქალაქიდან წავიდაო.
— შორეულ მხარეს, — დაუმატა მეორე თანაკლასელმა.
მაშინ მარია მიხვდა, ზოგი რამ შეიძლება სამუდამოდ დაკარგო, და გაიგო, რომ არსებობს ადგილი, რომელსაც „შორეული მხარე" ჰქვია. მსოფლიო დიდია, მისი ქალაქი კი — პაწაწინა და საუკეთესონი, ბოლოს და ბოლოს, ტოვებენ აქაურობას. მარიაც წავიდოდა, პატარა რომ არ ყოფილიყო. და თავისი ქალაქის მტვრიანი ქუჩების ცქერისას გადაწყვიტა, რომ ოდესმე ბიჭის ნაკვალევს გაჰყვებოდა. ცხრა კვირის შემდეგ კი, პარასკევს, როცა პირველ ზიარებაზე მივიდა, წმინდა მარიამს ამ მიყრუებული ადგილიდან წაყვანა შესთხოვა.
ერთხანს კიდევ დარდობდა მარია, ცდილობდა ბიჭის კვალისათვის მიეგნო, მაგრამ არავინ იცოდა, სად გადავიდნენ საცხოვრებლად მისი მშობლები. და მაშინ მარიას მოეჩვენა, რომ სამყარო ძალიან დიდია, რომ სიყვარული სახიფათოა და რომ სადღაც მეშვიდე ცაზე მყოფ წმინდა მარიამს სულაც არ ესმის შვილების ვედრება.

(გაგრძელება იქნება)





კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1217 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:14 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024