♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 9)
2:59 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 9)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში





— სამბას ვარსკვლავი! — თქვა მან, — ბრაზილიური სამბას ლამაზი ვარსკვლავი! წავიდეს ერთი კვირას მერე!
ყველაფერი საოცრება იყო. მაგრამ ეს „ერთი კვირას მერე" ყველა დასაშვებ ფარგლებს სცდებოდა. მარიამ აუხსნა, რომ მშობლების რჩევის გარეშე ასეთ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. მაშინ შვეიცარიელმა მის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ასლი აუფრიალა, აი, აქ კი მარია მართლა შეშინდა:
— კონტრაქტი!
თუმცა, გამგზავრება გადაწყვეტილი ჰქონდა, მაინც საჭიროდ ჩათვალა, მაილსონს მოთათბირებოდა, — ტყუილად ხომ არ თვლიდა თავის თავს მარიას იმპრესარიოდ. სულაც არა. ამაში კარგ ფულსაც იღებდა.
მაგრამ მაილსონს მისთვის არ სცხელოდა. ის გერმანელი ტურისტი ქალის შეცდენას ცდილობდა, რომელიც სულ ახლახან მოეწყო ოტელში და ლიფის გარეშე ირუჯებოდა, რადგანაც დარწმუნებული იყო, რომ ბრაზილიაში თავისუფალი ზნე-ჩვეულებებია გაბატონებული (და ვერ ამჩნევდა, რომ პლაჟზე მხოლოდ ის დადიოდა მოშიშვლებული მკერდით, რითაც გარშემო მყოფთ უხერხულ მდგომარეობაში აგდებდა). ბოლოს, როგორც იქნა, მარიამ შეძლო მაილსონის გამოჭერა.
— თუ გადავიფიქრე, მაშინ? — ჩაეძია მარია.
— მე არ ვიცი, რა წერია კონტრაქტში, მაგრამ ვფიქრობ, შვეიცარიელი სასამართლოში გიჩივლებს.
— მე ის ვერასოდეს მიპოვის.
— ეგეც მართალია. მაშინ ნუღარაფერზე იდარდებ.
ახლა შვეიცარიელს გაუჩნდა სადარდებელი. ხუთასი დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა, ამას დაუმატეთ კაბის, ფეხსაცმლის, რესტორანში ორი ვახშმისა და საკონსულოში კონტრაქტის გაფორმების ხარჯები. და როცა მარიამ ისევ დაიჩემა, მშობლებს უნდა მოვეთათბიროო, შვეიცარიელმა გადაწყვიტა, თვითმფრინავის ორი ბილეთი აეღო და მარიასთან ერთად მის მშობლიურ ქალაქში გადაფრენილიყო, რომ ორმოცდარვა საათში ყველაფერი მოეგვარებინა, ერთი კვირის შემდეგ კი, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა, ევროპაში დაბრუნებულიყო. თუმცა, ისევ ისე თავაზიანად უღიმოდნენ ერთმანეთს, მაგრამ მარია ხვდებოდა, რომ საქმე დოკუმენტს ეხებოდა, დოკუმენტებთან კი, ისევე, როგორც ცდუნებასა და გრძნობებთან, ხუმრობა არ შეიძლება.
მთელმა ქალაქმა ქედმაღლური თავზარდაცემა განიცადა, როდესაც მისი პირმშო, მშვენიერი მარია, რიოდან უცხოელთან ერთად დაბრუნდა, რომელიც მას ევროპაში ეპატიჟებოდა, ვარსკვლავად რომ ექცია. ამის შესახებ ყველა მეზობელმა შეიტყო — ახლობელმაც და შორეულმაც, — თანაკლასელი გოგონები კი მხოლოდ ერთს ეკითხებოდნენ: „ეს როგორ მოახერხე?".
— გამიმართლა, — პასუხობდა მარია.
მაგრამ გოგოები ჩაეძიენ — ვინც რიოში ჩადის, ყველას ხომ არ უმართლებს ასე. ეს ძალიან ჰგავდა „საპნის ოპერის" ეპიზოდს. მარია არც „ჰო"-ს ამბობდა და არც „არა"-ს, რომ მიღებული გამოცდილებისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა და ეჩვენებინა მათთვის, — ის განსაკუთრებული ადამიანია.
მასთან სახლში შვეიცარიელმა ისევ ამოიღო თავისი ალბომი, ბუკლეტი და კონტრაქტი. მარია განმარტავდა, რომ ახლა მას ჰყავს თავისი იმპრესარიო და ოცნებობს არტისტულ კარიერაზე. დედამ გაკვრით შეავლო თვალი იმ ციცქნა ბიკინებს, რომლებშიც გამოწყობილიყვნენ სურათებზე აღბეჭდილი გოგონები და უსიტყვოდ დააბრუნა ალბომი. მისთვის მთავარი იყო, შვილი ბედნიერი და მდიდარი ჰყოლოდა ან უბედური, მაგრამ მაინც მდიდარი.
— რა ჰქვია?
— როჟე.
— ჩვენებურად როჟერიო! ასე ჩემს დეიდაშვილს ეძახდნენ.
შვეიცარიელს გაეღიმა, ტაში დაუკრა და ყველასათვის ნათელი გახდა, — ის მიხვდა კითხვის არსს. მამამ მარიას უთხრა:
— ეგ ჩემი ტოლი უნდა იყოს.
მაგრამ დედამ სთხოვა, არ ჩარეულიყო და შვილის ბედნიერებისთვის ხელი არ შეეშალა. როგორც ყველა მკერავი, ისიც ბევრს ესაუბრებოდა თავის კლიენტებს და დიდი გამოცდილება მიეღო სიყვარულისა და ცოლქმრული ცხოვრების საკითხებში, ამიტომაც ურჩია:
— იცი, რას გეტყვი, შვილო, ჩალურში სამოთხეს სჯობს, მდიდარს ჰყავდე ცოლად და არ იყო ბედნიერი. ჩალურში სამოთხე არ არსებობს. იქ კი, სადაც მიდიხარ, მეტი შანსი გაქვს ბედნიერი თუ არა, მდიდარი მაინც გახდე. თუ საქმე არ გამოვიდა, დაჯდები ავტობუსზე და სახლში მოგრიალდები...
მარია, თუმცა პროვინციაში გაიზარდა, მაინც უფრო ჭკვიანი იყო, ვიდრე დედას ან მომავალ ქმარს წარმოედგინა.
— დედა, ევროპიდან ბრაზილიაში ავტობუსები არ დადის, — თქვა მან, — თანაც მე ქმარს კი არ ვეძებ, მსახიობი მინდა გავხდე.
დედამ ლამის სასოწარკვეთილმა შეხედა:
— იქამდე თუ ჩააღწევ, როგორმე უკანაც დაბრუნდები. მსახიობობა მანამ არის კარგი, სანამ ქალი ახალგაზრდა და ლამაზია. ასე ოცდაათ წლამდე. მერე კი არ შეფერხდე, მოძებნე შენთვის წესიერი და პატიოსანი ადამიანი, ისეთი, რომ უყვარდე, და გაჰყევი ცოლად. სიყვარულზე ძალიანაც ნუ იზრუნებ. მე თავიდან სულაც არ მიყვარდა მამაშენი. ფულით ყველაფერს იყიდი ამქვეყნად, მათ შორის, ნამდვილ სიყვარულსაც. ამ დროს, მამაშენი სულაც არ არის მდიდარი.
დიახ, ეს იყო დედის რჩევა, დაქალისა კი არა! და ორმოცდარვა საათის შემდეგ მარია ისევ რიოში იყო. მაგრამ წასვლის წინ მაინც მოასწრო — მარტომ, რა თქმა უნდა — იმ მაღაზიაში შევლა, სადაც შვებულებამდე მუშაობდა და ანგარიში გაასწორა.
— გავიგე, გავიგე, რომ სახელგანთქმულმა ფრანგმა იმპრესარიომ შენი პარიზში წაყვანა გადაწყვიტა, — უთხრა მეპატრონემ, — შენს შეკავებას და გადარწმუნებას არ ვეცდები, ეძიე შენი ბედი. უბრალოდ, განშორების წინ მინდა, რაღაც გითხრა.
მან ჯიბიდან ზონარზე ჩამობმული ავგაროზი ამოიღო.
— ეს კურთხეული მარადქალწულის ავგაროზია. პარიზში მის სახელზე ტაძარია აგებული, ჰოდა, რამე რომ მოხდეს, შეგიძლია იქ წახვიდე და მფარველობა სთხოვო მას. ხედავ, აქ რა წერია?
ქალწულის გამოსახულების ირგვლივ გამოყვანილი იყო სიტყვები: „მარიამ, უბიწოდ ჩამსახველო, ილოცე ჩვენთვის და მიგვიღე საფარველსა ქვეშე შენსა. ამინ".
— ეს სიტყვები დღეში ერთხელ მაინც გაიმეორე და... — მას ენა დაება, მაგრამ უკვე გვიანი იყო, — ...და თუ ოდესმე დაბრუნებას გადაწყვეტ, იცოდე, რომ გელოდები. მე ხელიდან გავუშვი შესაძლებლობა, შენთვის ერთი უბრალო რამ მეთქვა: „მე შენ მიყვარხარ". შეიძლება უკვე გვიანაა, მაგრამ მინდა, რომ ეს იცოდე.
თუ რას ნიშნავს „შესაძლებლობის ხელიდან გაშვება", მარიამ უკვე დიდი ხანია იცოდა, ხოლო სიტყვები „მე შენ მიყვარხარ" ოცდაორი წლისათვის საკმარისად სმენია, თანაც ეჩვენებოდა, რომ ეს სიტყვები სავსებით მოკლებულია აზრს — მათ ხომ არაფერი სერიოზული, ღრმა, მყარი და ხანგრძლივი არ მოჰქონდათ. და მარიამ მადლობა გადაუხადა მეპატრონეს, ეს სიტყვები სადღაც ქვეცნობიერში გადამალა (არასდროს იცი, რა ოინებს მოგიწყობს ცხოვრება, ამიტომ სასიამოვნოა იმის ცოდნა, რომ განსაკუთრებული გარემოებების დროს სადღაც მიგესვლება), ლოყაზე უმანკო ამბორით დააჯილდოვა და უკანმოუხედავად წავიდა.
რიოში დაბრუნებულებმა სულ რაღაც ერთ დღეში გაახერხეს მარიას პასპორტი („ბრაზილია მართლაც ძალიან შეიცვალა", — თქვა როჟემ ამასთან დაკავშირებით, თან ორ-სამ პორტუგალიურ სიტყვას რამდენიმე უცხოურიც დაუმატა, რაც მარიამ ასე თარგმნა: „არადა, ადრე რამდენი ხლაფორთი სჭირდებოდა ამას"). იმპრესარიო-მცველი-თარჯიმანი მაილსონის დახმარებით შეიძინეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, კოსმეტიკა, ყველაფერი, რაზეც მარიასნაირ ქალს მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. გაფრენამდე როჟემ მარია კაბარეში წაიყვანა და ძალიან გაიხარა, როცა მარიამ უპირატესობა მიანიჭა ნამდვილ ვარსკვლავს (რომელიც კაბარე „კოლონიში" გამოდიოდა), შავგვრემან ლამაზმანს ჭროღა თვალებითა და გრაუნის ფრთის ფერი თმით (ბრაზილიაში არის ასეთი ფრინველი, რომლის შეფერილობასაც ადგილობრივი მწერლები კუნაპეტ შავ თმას ადარებენ). საკონსულოში აიღეს ვიზა მუშაობის ნებართვით, ჩაალაგეს ჩემოდნები და მეორე დღესვე გაემგზავრნენ საათებით, შოკოლადითა და ყველეულით განთქმულ ქვეყანაში. მარიას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი თავისი შვეიცარიელის მოხიბლვა, — ბოლოს და ბოლოს, ის არცთუ ისე ბებერია, სულაც არ არის მახინჯი და ღარიბიც აშკარად არ უნდა იყოსო. მეტი რაღა უნდოდა?




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 11:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024