♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 8)
2:58 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 8)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში





* * *
მეორე დღეს თარჯიმან-მცველ მაილსონის თანდასწრებით, რომელიც საკუთარ თავს იმპრესარიოსაც უწოდებდა, მარიამ განაცხადა, რომ დათანხმდება შემოთავაზებულ წინადადებას, თუ საკონსულოში დამოწმებულ დოკუმენტს მიიღებს. შვეიცარიელმა, რომლისთვისაც ასეთი პირობა, ეტყობა, პირველი არ იყო, უპასუხა, რომ თვითონაც ამის მომხრეა, ვინაიდან მის ქვეყანაში მუშაობისათვის ოფიციალური ქაღალდია საჭირო, რომელზეც შავით თეთრზე ეწერება: მარიას გარდა, არავის არ შეუძლია იმის გაკეთება, რის გაკეთებასაც ის აპირებს. ასეთი დოკუმენტის შოვნა ძნელი არ არის, — შვეიცარიელი ქალები ხომ სამბასთვის მოწოდებული არ არიან. ისინი ქალაქის ცენტრში წავიდნენ. მაილსონმა საკომისიო მოითხოვა — ოცდაათი პროცენტი მარიას მიერ მიღებული ხუთასი დოლარიდან.
— ახლა გადახდის კვირაა. ერთი კვირა, გესმის? შენ გექნება კვირაში ხუთასი დოლარი, მაგრამ უკვე დაქვითვის გარეშე, მე ფულს მხოლოდ პირველი გადახდიდან ვიღებ.
ამ წუთამდე მომავალი მგზავრობა, თვით ფიქრიც კი სადმე გამგზავრებაზე, რაღაც ოცნებისმაგვარ არარეალობად ჩანდა. ოცნება კი ძალზე მოსახერხებელია, რადგან სულაც არ ვართ ვალდებული განვახორციელოთ ის, რაზეც ვოცნებობთ. თავისუფალი ვართ ყოველგვარი რისკისაგან, წარუმატებლობის სიმწარისაგან, მძიმე წუთებისაგან, ხოლო სიბერეში ყოველთვის შეგვიძლია დავადანაშაულოთ ვინმე, — მშობლები (ეს ყველაზე ხშირია), მეუღლე, შვილები, — რომ ვერ მივაღწიეთ საწადელს.
და აი, გამოჩნდება შანსი, რომლის იმედიც გვქონდა, მაგრამ ნეტავ სულ არ გამოჩენილიყო! როგორ შეძლებს ის ღირსეულად უპასუხოს მისთვის შეუცნობელი ცხოვრების გამოწვევას, როგორ აირიდებს საფრთხეს, რომლის შესახებ წარმოდგენაც კი არ აქვს? როგორ უნდა მიატოვოს ყველაფერი, რასაც შეეჩვია? რატომ აღმოჩნდა ღვთისმშობელი ასე გულუხვი?
მარია თავს იმით ინუგეშებდა, რომ შეეძლო, ნებისმიერ დროს ეთქვა უარი ამ წამოწყებაზე, ყველაფერი ხუმრობად ექცია. განეცხადებინა, რომ არაფერზე არ აგებს პასუხს, რომ, უბრალოდ, ახალი შთაბეჭდილებებისაკენ ილტვოდა, რათა შინ დაბრუნებულს მოსაყოლი ჰქონოდა. ბოლოს და ბოლოს, ის ხომ აქედან ათასი კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს, საფულეში სამას ორმოცდაათი დოლარი აქვს და ხვალ რომ ჩემოდნები ჩაალაგოს და შინ გაიქცეს, ვერასოდეს იპოვიან.
საღამოს, საკონსულოდან მობრუნებულს, ზღვის სანაპიროზე მარტოს მოუნდა გავლა. ათვალიერებდა ბავშვებს, ფრენბურთელებს, მათხოვრებს, ლოთებს, კუსტარული ნაკეთობების (ჩინეთში დამზადებული ტიპური ბრაზილიური სუვენირების) გამყიდველებს, ძუნძულით მორბენლებს, სიბერის ასარიდებლად ტანვარჯიშს რომ მისდევენ, შვილებზე გადაყოლილ დედებს, ბანქოს მოთამაშე პენსიონერებს. აი, ის ჩამოვიდა რიო-დე-ჟანეიროში, იყო უპირველესი თანრიგის რესტორანშიც, შვეიცარიის საკონსულოშიც, გაიცნო უცხოელი, მისი თარჯიმანი, საჩუქრად ისეთი კაბა და ფეხსაცმელი მიიღო, როგორსაც მის ქალაქში ვერავინ, აბსოლუტურად ვერავინ შესწვდებოდა.
ახლა რა?
მარია ჰორიზონტს გასცქეროდა, რომლის იქით ზღვის მეორე ნაპირი მდებარეობს. გეოგრაფიის სახელმძღვანელო ამტკიცებს, რომ თუ პირდაპირ ივლი, მოხვდები აფრიკაში, სადაც ლომები და გორილებია. თუ ცოტა ჩრდილოეთისაკენ გადაუხვევ, მოხვდები ზღაპრულ სამყაროში, რომელსაც ევროპა ჰქვია. იქ ეიფელის კოშკია, პიზის კოშკი, დისნეილენდი. რას კარგავს? როგორც ყოველმა ბრაზილიელმა, სამბას ცეკვა იმაზე ადრე ისწავლა, ვიდრე ენას ამოიდგამდა. არ მოეწონება და ყოველთვის შეუძლია დაბრუნება. მით უმეტეს, რომ უკვე მიხვდა, ამქვეყნად ყოველი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო.
ძალიან ხშირად ამბობდა „არა"-ს, როცა „ჰო"-ს თქმა უნდოდა. ძალიან ხშირად იღებდა გადაწყვეტილებას, — გამოეცადა მხოლოდ ის, რისი გაკონტროლებაც შეეძლო. აი, თუნდაც მისი რომანები. ახლა კი შეუცნობლის წინაშე დგას, — ისეთივე შეუცნობლის, როგორიც ეს ზღვაა იმათთვის, ვინც სულ პირველად მიემართება მასზე სანაოსნოდ. ეს ისტორიის გაკვეთილებიდან ახსოვდა. რა თქმა უნდა, ამჯერადაც შეიძლება „არა"-ს თქმა, მაგრამ სანანებლად რომ დაურჩეს მთელი სიცოცხლის მანძილზე, იმ ბიჭის ამბისა არ იყოს, კალამი რომ სთხოვა და მერე პირველ სიყვარულთან ერთად გაქრა? „არა"-ს თქმაც შეიძლება, მაგრამ რატომ არ სცადოს ამჯერად „ჰო"-ს თქმა? ერთი უბრალო მიზეზის გამო: მარია მიყრუებული პროვინციიდანაა, ცხოვრებაში არაფერი უნახავს და არაფერი იცის. საშუალო სკოლაში მიღებული ცოდნის, ტელესერიალების მძლავრი კულტურისა და საკუთარ სილამაზეში დაჯერებულობის მეტი არაფერი აბადია. ეს აშკარად არაა საკმარისი იმისთვის, რომ ცხოვრებას თვალი გაუსწორო.
მარია ხედავდა, როგორ არხეინად უყურებდა ზღვის ტალღებს რამდენიმე ადამიანი, მაგრამ წყალში შესვლას ვერ ბედავდნენ. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ ისიც ასეთი იყო, ახლა კი არაფრის ეშინია. წყალშიც გადახტება, თუ მოისურვებს, თითქოს ამ მხარეში დაიბადაო. იქნებ ევროპაშიც ასევე იყოს?
მარიამ გულში ლოცვა დაიწყო, ისევ შესთხოვა ღვთისმშობელს რჩევა და რამდენიმე წუთში თავი უფრო დაცულად იგრძნო. დიახ, დაბრუნება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ყოველთვის არ გეძლევა ასე შორს გამგზავრების შანსი. ღირს გარისკვა, როცა სასწორის ერთ პინაზე ოცნებაა (მით უფრო, თუ შვეიცარიელი არ გადაიფიქრებს), მეორეზე კი — შინ უკონდიციონერო ავტობუსით დაბრუნება.
მარია ისე შეგულიანდა, რომ როდესაც შვეიცარიელმა ისევ მიიპატიჟა სავახშმოდ, მიბნედილი, მგრძნობიარე სახით ხელზე შეეხო, მაგრამ შვეიცარიელმა უმალ გამოსტაცა. და აი, მაშინ — შიშნარევი შვების გრძნობით — ის მიხვდა, რომ საქმე სერიოზულადაა.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1041 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-04, 2:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024