♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 65)
1:45 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 65)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


ეს დამშვიდობებასავით ჟღერდა. მაგრამ ეს დამშვიდობება იყო ყველაფერზე მშვენიერი, რაც კი ცხოვრებაში განეცადა.
ჩვენ მოვეხვიეთ ერთმანეთს და ბუხრის წინ, ხალიჩაზე დავწექით. მე არა მტოვებდა განცდა ყოფიერების რაღაც აქამდე შეუცნობელი სისრულისა, თითქოს ყოველთვის ბრძენი და ბედნიერი ვყოფილიყავი, თითქოს განვცხადდი და განვხორციელდი.
— ეს როგორ მოგივიდა, რომ მეძავი შეიყვარე?
— ადრე მე თვითონაც ვუსვამდი ჩემს თავს ამ შეკითხვას. დღეს კი, ცოტა ფიქრის შემდეგ, მივხვდი, ვიცოდი, რომ შენი სხეული აღარასოდეს იქნებოდა მხოლოდ ჩემი საკუთრება და მთელი ძალები შენი სულის დასაპყრობად გადავისროლე.
— და შენ არ ეჭვიანობ?
— შეუძლებელია, უთხრა გაზაფხულს: „ახლავე დადექი და იმდენ ხანს გაგრძელდი, რამდენიც საჭიროა". შეიძლება მხოლოდ უთხრა: „მოდი, მომანიჭე იმედის მადლი და იყავი ჩემთან რაც შეიძლება დიდხანს".
აი, ეს კი სწორია — ეს სიტყვები ქარმა წაიღო. მაგრამ მე მსურდა მოსმენა, მას კი — მათი წარმოთქმა. არ მახსოვს, როდის დამეძინა. მე მესიზმრებოდა არა მოვლენები და ადამიანები, არამედ რაღაც არომატი, რომელიც ავსებდა ყოველივეს.


როცა მარიამ თვალი გაახილა, გადაწეული ფარდების მიღმა უკვე მზე ანათებდა. „ჩვენ მხოლოდ ორჯერ განვიცადეთ სიახლოვე, — გაიფიქრა მან, როცა მის გვერდით მძინარე კაცს დახედა, — მეჩვენება კი, რომ არასოდეს დავცილებივარ და ის ყოველთვის მიცნობდა, იცნობდა ჩემს ცხოვრებას, სხეულსაც, სულსაც, ჩემს სამყაროს, ჩემს ტკივილს".
ის წამოდგა, სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად, დაინახა დერეფანში ორი ჩემოდანი და ყველაფერი გაახსენდა: თავისი აღთქმაც, ტაძარში ლოცვაც, გაახსენდა ისიც, Yთუ როგორ კარგავს სიზმარი თავის ხიბლს, რომელიც სულსა და ხორცს აერთიანებს, ისიც, რომ სიამოვნებასა და ნეტარებას შორის უფსკრული ძევს.
მარიას დარჩენა დიახაც რომ შეეძლო: დასაკარგი არაფერი ჰქონდა, კიდევ ერთი ილუზიის გარდა. „ჟამი ტირილისა და ჟამი სიცილისა" — გაიხსენა მან.
მაგრამ იქ ხომ ნათქვამია: „ჟამი მიჯნურთა პაემანისა და ჟამი მათი გაყრისა". მან ყავა მოადუღა, სამზარეულოს კარი მიხურა და ტელეფონით ტაქსი გამოიძახა. მოიკრიბა მთელი თავისი ნებისყოფა, რომელმაც ამ დასაკარგავში გადმოისროლა, „შუქად" სახელდებულ საკუთარ ენერგიის წყაროს დაეწაფა, რომელმაც გაფრენის ზუსტი თარიღი დაუსახელა, რომელიც იფარავდა მას, აიძულებდა, სამუდამოდ დაემახსოვრებინა ეს ღამე. ჩაიცვა, აიღო ჩემოდნები, თან გულის სიღრმეში იმედოვნებდა, რომ რალფს გაეღვიძებოდა და დარჩენას სთხოვდა.
მაგრამ რალფმა არ გაიღვიძა. სანამ მარია ტაქსის მოლოდინში სახლის გვერდით იდგა, გამოჩნდა ბოშა ქალი ყვავილების თაიგულით ხელში.
— იყიდეთ ყვავილები.
და მარიამ იყიდა. ეს ყვავილები შემოდგომის მაუწყებელი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ ზაფხული დასრულდა. ახლა ჟენევაში კიდევ დიდხანს არ იქნება მაგიდები კაფეებისა და რესტორნების ღია ტერასებზე, პარკებიდან გაქრებიან მოსეირნეები. კეთილი. ის ტოვებს ამ ქალაქს, რადგან მან არჩევანი გააკეთა, ასე რომ, სასაყვედურო არაფერია.
გაფრენამდე ოთხი საათი რჩებოდა. აეროპორტში მარიამ კიდევ ერთი ჭიქა ყავა დალია და ჩასხდომის გამოცხადებას დაელოდა, თან ჯერ კიდევ იმედოვნებდა, რომ რალფი გამოჩნდებოდა: გუშინ ხომ მოასწრო ეთქვა მისთვის, რომელ საათზე იყო რეისი. კინოებშიც მუდამ ასე ხდება — უკანასკნელ მომენტში, როცა ქალი უკვე მზადაა, ჩაჯდეს თვითმფრინავში, გამოჩნდება სასოწარკვეთილი მამაკაცი და ავიაკომპანიის მსახურთა ირონიულ-თანამგრძნობი მზერების თანხლებით ჩაბღუჯავს მას, კოცნის და თავის სამყაროში აბრუნებს. ჩნდება წარწერა „დასასრული" და მაყურებელი იშლება დარწმუნებული იმაში, რომ ამიერიდან ეს წყვილი აუცილებლად ბედნიერი იქნება.
„კინოში არასოდეს აჩვენებენ, რა მოხდა შემდეგ", — საკუთარი თავის დასამშვიდებლად წარმოთქვა მარიამ. შემდეგ კი — ქორწინება, სამზარეულო, ბავშვები, სექსი მოვალეობის მოხდის მიზნით, თუნდაც ცოლქმრული, მაგრამ სულ უფრო და უფრო იშვიათი. და აი, პირველად ნაპოვნი ბარათიც საყვარლისაგან და სკანდალის გამართვის სურვილი, შემდეგ კი — დაპირებანი, რომ ეს აღარასოდეს განმეორდება, მერე მეორე ბარათი (უკვე სხვა ქალისაგან), ისევ სკანდალი და გაყრის მუქარა, მაგრამ ამჯერად ქმარი უკვე გარკვეულს აღარაფერს გპირდება და მხოლოდ ამბობს, რომ უყვარს ის. მესამე ბარათი (მესამე ქალისგან), ამაზე, როგორც წესი, გაჩუმებას ამჯობინებენ, ვითომც არაფერი ხდება, რადგანაც ახლა ქმარმა შეიძლება უთხრას, რომ სულაც აღარ უყვარს და სადაც უნდა, იქ წავიდეს, ოთხივ კუთხით გზა ხსნილი აქვს.
კინოში მსგავსს არაფერს აჩვენებენ. ფილმი იმაზე ადრე მთავრდება, სანამ სხვა სამყარო დაიწყება. ასე რომ, ჯობია, არ იფიქრო.
მარიამ თავიდან ბოლომდე წაიკითხა სამი ჟურნალი. ბოლოს და ბოლოს მისი რეისი გამოაცხადეს, მოეჩვენა, რომ უსასრულოდ დიდხანს მიდიოდა აეროპორტის გრძელ კორიდორში და აი, თვითმფრინავში აღმოჩნდა. ღვედების შეკვრისას კიდევ ერთხელ წარმოიდგინა ყბადაღებული ფინალური სცენა: ვიღაცის ხელი ედება მის მხარს, ის ტრიალდება და რალფს ხედავს.
მსგავსი არაფერი მომხდარა.
ჟენევიდან პარიზამდე ხანმოკლე გადაფრენისას მარიას ეძინა. იმის მოფიქრებაც კი ვერ მოასწრო, თუ რას იტყვის სახლში, რა ისტორიას მოიგონებს. თუმცა, ეს არც არის მნიშვნელოვანი: მშობლები, უეჭველია, ისედაც ბედნიერები იქნებიან იმის გამო, რომ შვილი დაბრუნდა მშობლიურ ჭერქვეშ, მათ კი საკუთარი ფაზენდა და უზრუნველყოფილი სიბერე ექნებათ.
მარია ბიძგმა გამოაღვიძა — თვითმფრინავი ასაფრენი ზოლის ბეტონზე დაეშვა. სტიუარდესამ განმარტა, რომ თვითმფრინავი ჩ ტერმინალში დაჯდა, ის კი F ტერმინალში უნდა მოხვდეს, საიდანაც იქნება რეისი ბრაზილიაში, მაგრამ ნუ ინერვიულებს — ჩამოფრინდნენ დაგვიანების გარეშე, დრო საკმარისია, ხოლო თუ მას გზის აბნევისა ეშინია, აეროპორტის თანამშრომელი დახვდება და ადგილამდე მიაცილებს.
სანამ თვითმფრინავი ტერმინალს მიადგებოდა, მარია ფიქრობდა, ხომ არ დარჩენილიყო ორიოდე დღით ამ ქალაქში — მხოლოდ იმისათვის, რომ სურათები გადაეღო და მერე მოსაყოლად ჰქონოდა, რომ პარიზშიც ნამყოფია. მას რაღაც დრო სჭირდებოდა, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილიყო, ყველაფერი გაეაზრებინა, უფრო ღრმად გადაემალა წინა ღამის მოგონებები, რათა შეძლებოდა ამ მოგონებებით სარგებლობა მაშინ, როცა დასჭირდებოდა იმის გაგება, რომ ცოცხალია.
სტიუარდესამ ბილეთს დახედა და აუწყა, რომ ეს, სამწუხაროდ, შეუძლებელია, დაუყოვნებლივ უნდა გადაჯდეს. საკუთარი თავის სანუგეშოდ მარიამ გაიფიქრა, რომ ასე ჯობია — ასეთ მშვენიერ ქალაქში მარტო ყოფნა დასანანი იქნებოდა. თუ იმდენი მოახერხა, რომ შეინარჩუნა სიმშვიდე, სიმტკიცე, თავდაჭერილობა, თუკი ნებისყოფამ არ უღალატა, მაშინ რაღად უნდა გაიმწაროს სული პარიზის ქუჩების ხედებით, რომლებზეც ესოდენ კარგი იქნებოდა რალფთან ერთად გავლა?
მარია თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, საბაჟო კონტროლი გაიარა, სადარდებელი არაფერი იყო: ბარგი უიმისოდ უნდა გადაეტვირთათ მეორე თვითმფრინავზე. კარი გაიხსნა, მგზავრები დამხვდურებს გადაეხვივნენ: ვინ — ცოლს, ვინ — დედას, ვინ — ბავშვებს. მარიამ თავი ისე დაიჭირა, — ისევ თავისი სიმშვიდისთვის, — თითქოს მას ეს ყველაფერი არანაირად არ ეხებოდა, თუმცა მარტოობის მწეწკავი გრძნობისაგან თავს მაინც უხერხულად გრძნობდა, მაგრამ არაფერია — ახლა იგი აღარ იქნება ასე უსაშველოდ მწარე: მას აქვს საიდუმლო, აქვს სიზმარი, აქვს მოგონება. ახლა მარტოობასთან გამკლავება უფრო ადვილი იქნება.
— პარიზი პარიზად დარჩება.
არა, ეს არ არის გიდი ტურისტული სააგენტოდან, ეს არ არის ტაქსის მძღოლი. ფეხები მოეკვეთა ამ ხმის გაგონებაზე.
— პარიზი პარიზად დარჩება?
— ეს არის ფრაზა ჩემი საყვარელი ფილმიდან. გინდა ეიფელის კოშკის ნახვა?
დიახ, უნდა. საშინლად უნდა ეიფელის კოშკის ნახვა. რალფ ჰარტს ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა, თვალები კი უბრწყინავდა — სწორედ იმ შუქით უელავდა, რომელიც მარიამ პირველ დღეს შენიშნა, როცა კაფეში პოზიორობდა ცივი ნიავისაგან მობუზული.
— როგორ მოხდა, რომ აქ ჩემზე ადრე აღმოჩნდი? — ეს ჰკითხა მხოლოდ იმისათვის, რომ დაეფარა ბედნიერი დაბნეულობა, ამ შეკითხვას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა: უბრალოდ, მარიას სულის მოთქმა სჭირდებოდა.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1304 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-03-29, 8:17 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024