♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 61)
1:41 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 61)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

— მათ არ იციან, რომ ჩვენც გვაქვს ხოლმე ერექცია! კლიტორის ერექცია!
ეს „მათ" აშკარად კაცებს ეკუთვნოდა. მარიამ ჩათვალა, რომ საუბარი მეტისმეტად შორს წავიდა, გამბედაობა მოიკრიბა და ჰკითხა:
— გყოლიათ ვინმე ქმრის გარდა?
ჰკითხა და თვითონვე შეეშინდა იმ ეფექტისა, რაც ამ სიტყვებმა გამოიწვია. ჰაიდის თვალები აენთო (ალბათ, წმინდა გულისწყრომის ცეცხლით). საშინლად გაწითლდა, ოღონდ ვერ გაიგებდი, მრისხანებისაგან თუ სირცხვილისაგან. რამდენიმე წუთს მის სულში ჭიდილი მიდიოდა: აღიაროს თუ იცრუოს? ეს ჭიდილი ყაიმით დასრულდა. მან თემის შეცვლა არჩია.
— ჩვენს ერექციას დავუბრუნდეთ. მაშ ასე, კლიტორს სისხლით დაბერვის უნარი გააჩნია. ამ დროს იგი მაგარი და მკვრივი ხდება. თქვენთვის ეს ცნობილია?
— ბავშვობიდან.
პასუხმა ბიბლიოთეკარი ცოტა არ იყოს, დააბნია. ეტყობა თავის დროზე ამ მოვლენისთვის სათანადო ყურადღება არ მიუქცევია.
— და თითის წრიულ მოძრაობას, ისე რომ თვითონ თავს არ შეეხოს, შეუძლია ასმაგად გააძლიეროს სიამოვნება. ეს უნდა შევითვისოთ! ეს უნდა ვიცოდეთ! კაცები კი, თუ სტიმულირებას უკეთებენ კლიტორს, მაშინვე ეხებიან მის ზედა მხარეს. მათ ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ ამან ზოგჯერ შეიძლება მტკივნეული შეგრძნებები გამოიწვიოს. თქვენ მეთანხმებით? ამიტომაც უკვე პირველი ან მეორე შეხვედრის შემდეგ ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ. პოზიცია ზემოდან დაიკავეთ, თვითონ განსაზღვრეთ, როგორ და სად უნდა იყოს მიმართული დაწოლა, შეამცირეთ ან გაზარდეთ იგი თქვენი გემოვნებისამებრ. გარდა ამისა, აქ ნათქვამია, რომ აუცილებელია პარტნიორთან გულახდილი საუბარი.
— თქვენ თვითონ კი გისაუბრიათ ოდესმე ქმართან გულახდილად?
მაგრამ ჰაიდიმ ისევ აარიდა თავი პირდაპირ პასუხის გაცემას იმის მომიზეზებით, რომ მაშინ სხვა დრო იყო. მას უფრო წაკითხულისაგან მიღებული შთაბეჭდილებების გაზიარება აინტერესებდა:
— შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ კლიტორი — ეს ისარია და სთხოვეთ თქვენს პარტნიორს, გადასწიოს იგი თერთმეტიდან პირველ საათამდე. გასაგებია?
რაღა უნდა იყოს აქ გაუგებარი? — ფიქრობდა მარია. იგი სრულად არ იზიარებდა წიგნის ავტორის შეხედულებას, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე შორს იყო ჭეშმარიტებისგან. მაგრამ როდესაც სიტყვა საათზე ჩამოვარდა, იგი აჩქარდა, თქვა, რომ მხოლოდ დასამშვიდობებლად შემოიარა, რომ მისი ყოფნა შვეიცარიაში დასასრულს უახლოვდება. ბიბლიოთეკარს კი თითქოს არც ესმოდა:
— გნებავთ, ამ წიგნს გაგატანთ?
— არა, გმადლობთ. სხვა საფიქრალი მაქვს.
— მაშ რა, ახალს არაფერს აიღებთ?
— არა. სახლში ვბრუნდები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ ყოველთვის გაგებით და პატივისცემით მექცეოდით. შესაძლოა, ოდესმე კვლავ შევხვდეთ.
მათ ხელი ჩამოართვეს და ბედნიერება უსურვეს ერთმანეთს.

ჰაიდი დაელოდა, სანამ მარია კარს გაიხურავდა და მხოლოდ ამის მერე მისცა გასაქანი ემოციებს და მაგიდას მუშტი დაჰკრა. რატომ, რატომ არ ისარგებლა მომენტით და არ გაანდო ამ გოგონას ის, რასაც ალბათ თან წაიღებს სამარეში?! თუკი იმას ეყო გამბედაობა, ეკითხა, ღალატობდა თუ არა ჰაიდი ქმარს, რატომ არ უნდა ეპასუხა გულახდილად მისთვის, მეტადრე ახლა, როცა თავისთვის ახალი სამყარო აღმოაჩინა, რომელშიც ქალებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს, რომ ვაგინალური ორგაზმის მიღწევა ძალიან ძნელია?
„კარგი, ეს არც ისე მნიშვნელოვანია. ცხოვრება მარტო სექსზე არ დადის".
თუმცა ეს ამქვეყნად ყველაზე მთავარი არ არის, მისი მნიშვნელობა მაინც უდავოა. მან აქეთ-იქით მიმოიხედა: ამ ათასობით წიგნის უმრავლესობა სიყვარულზე მოგვითხრობს. ეს ყველაფერი სიყვარულის ერთი დაუსრულებელი ისტორიაა, თანაც ერთი და იგივე ისტორია: ვიღაცას ვიღაც უყვარს, ხვდება, კარგავს და კვლავ პოულობს. სულების ნათესაობა და მიზიდულობა, მოგზაურობა ქვეყნის დასალიერში, თავგადასავლები, ზრუნვა, წუხილი და მხოლოდ იშვიათად თუ გაბედავს ვინმე თქმას: „იცით რა, ძვირფასო, უკეთ უნდა გესმოდეს ქალის სხეულის".
რატომ არ ლაპარაკობენ გულახდილად ამის შესახებ წიგნები?
ალბათ იმიტომ, რომ ჭეშმარიტად ეს არავის უნდა. კაცს იმიტომ, რომ ის სიახლეების ძიებას სწორედ იმ დროიდან იწყებს, როცა ის ჯერ კიდევ გამოქვაბულის ადამიანი იყო და მოდგმის გაგრძელების უძლეველი ინსტინქტი ამოძრავებდა. კი მაგრამ, ქალს? საკუთარი გამოცდილებით ჰაიდი ხვდებოდა, რომ თავისი რჩეულის მკლავებში სიამოვნების მიღება ქალს მხოლოდ ქორწინების პირველ წლებში სურს, მერე კი გზნება ნელდება, გარდაიქმნება ცოლქმრული მოვალეობის სულ უფრო და უფრო იშვიათ შესრულებად, მაგრამ ქალი არასოდეს აღიარებს ამას, რადგანაც ფიქრობს, რომ ასეთი რამ მხოლოდ მას შეემთხვა. და ყველა ცრუობს, რითაც შეცდომაში შეჰყავთ მეგობრები, თვალთმაქცობენ, თითქოს სიყვარულისაგან დაიღალნენ, თითქოს აღარ ძალუძთ ქმრის სურვილის ყოველდღე დაკმაყოფილება.
და მაშინ ისინი ცდილობენ, რაიმე სხვა საქმე გამოიჩინონ: ზრდიან შვილებს, სამზარეულოში ფაციფუცობენ, სახლს ალაგებენ, გადასახადებს იხდიან, მოთმინებითა და სიმშვიდით იტანენ ქმრის გამოხტომებს, მოგზაურობენ (თუმცა ამ მოგზაურობების დროს უფრო შვილებზე ფიქრობენ, ვიდრე საკუთარ თავზე). ზოგიერთი სიყვარულსაც ეძლევა, მაგრამ არა სექსს.
დიახ, უფრო გულახდილი უნდა ყოფილიყო ამ ბრაზილიელ გოგოსთან, რომელიც ასეთი უმანკო ჩანდა, ასაკით შვილად ეკუთვნოდა და რომელსაც ჯერ ვერ მოესწრო იმის გაგება, თუ როგორ იყო მოწყობილი სამყარო. ის ემიგრანტია, უცხო მხარეში ცხოვრობს, ბევრ და მძიმე სამუშაოს ასრულებს (თანაც ალბათ სამუშაო სიამოვნებას არ ანიჭებს), ელის ადამიანს, ვისაც შეიძლება ცოლად გაჰყვეს, თაფლობის თვეში განასახიეროს არამიწიერი სიამოვნება, მოიპოვოს სტაბილურობა და მფარველობა, გააგრძელოს ეს იდუმალი მოდგმა კაცობრიობისა და მაშინვე დაივიწყოს მთელი ეს ორგაზმები, კლიტორები, „წერტილი G", რომელიც, საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ XX საუკუნეში აღმოაჩინეს! გახდეს ერთგული მეუღლე, კარგი დედა, ეცადოს, სახლი მყუდრო და სავსე ჰქონდეს, დროდადრო მასტურბაცია გაიკეთოს და ამ დროს ქუჩაში ნანახ მამაკაცზე იფიქროს, რომელმაც ვნებიანად შეხედა. ითვალთმაქცოს, წესიერება დაიცვას. ღმერთო, რატომ ზრუნავს აგრერიგად ჩვენი ქვეყანა გარეგნულ წესიერებაზე?!
სწორედ ამის გამო ვერ უპასუხა კითხვაზე, ჰყავდა თუ არა მას ვინმე, კანონიერი ქმრის გარდა.
ეს საიდუმლო მოკვდება ჩემში და ჩემთან ერთად, — გაიფიქრა მან. ქმარი მისთვის ყველაფერი იყო, თუმცა სექსი შორეულ წარსულში დარჩა. ის იყო იდეალური თანამგზავრი ცხოვრებაში — პატიოსანი, გულუხვი, კეთილი. ყველაფერს აკეთებდა, რათა მის ოჯახს არაფერი მოჰკლებოდა, რათა ყველა, ვინც მისი „პასუხისმგებლობის ზონაში" იმყოფებოდა, ბედნიერი ყოფილიყო. სწორედ ასეთ ქმარზე ოცნებობენ ქალები და ამიტომაც ტანჯავდა ჰაიდის იმის გახსენება, თუ როგორ ისურვა ერთხელ სხვა და ეს სურვილი აისრულა.
მან გაიხსენა, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს. ჰაიდი სამთო ქალაქ დავოსიდან ბრუნდებოდა, ზვავის ჩამოწოლის გამო მატარებლების მოძრაობა რამდენიმე საათით შეწყდა. მან სახლში დარეკა, გააფრთხილა, რომ არ ენერვიულათ, იყიდა რანდენიმე ჟურნალი და ხანგრძლივი ლოდინისთვის მოემზადა.
და ამ დროს შორიახლოს შენიშნა ადამიანი ზურგჩანთით და საძილე ტომრით. მას შევერცხლილი თმა და გარუჯული სახე ჰქონდა და თითქოს ერთადერთი იყო, ვისაც სრულიად არ ანაღვლებდა ის, რომ მატარებლები გაჩერდნენ. პირიქით, ის უდარდელად იღიმოდა და აქეთ-იქით იყურებოდა, იქნებ ვინმეს გამოველაპარაკოო. ჰაიდიმ, ის იყო, ჟურნალი გადაშალა, მაგრამ ამ დროს — ო, რაოდენ შეუცნობლად არის მოწყობილი ცხოვრება! — თვალებით შეხვდა მას და სანამ არიდებას მოასწრებდა, ის უკვე გვერდით აღმოჩნდა.
აღმოჩნდა და ისე ალაპარაკდა, რომ ჰაიდის არ მისცა საშუალება, მისთვის დამახასიათებელი თავაზიანობით მოებოდიშა და ეთქვა, რომ მნიშვნელოვანი სტატია აქვს წასაკითხი. უთხრა, რომ უცხოელი იყო, მწერალი, რომ დავოსში საქმიანი შეხვედრა ჰქონდა, ახლა კი, იმის გამო, რომ მატარებლები არ დადიან, აეროპორტში იგვიანებს. ჰკითხა, ხომ ვერ დაეხმარებოდა ჰაიდი ჟენევაში ოტელის მოძებნაში?
ჰაიდიმ გაკვირვებით შეხედა: თვითმფრინავზე დაიგვიანო, იჯდე აქ, მოუხერხებელ სადგურში, უცდიდე, როდის გამოსწორდება სიტუაცია და ამავე დროს შეინარჩუნო სრული სიმშვიდე და კეთილგანწყობა!
ის კი აგრძელებდა მასთან საუბარს ისე, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ყოფილიყვნენ. უყვებოდა თავის მოგზაურობებზე, მწერლობის საიდუმლოებაზე და, მოსაუბრის გასაოცრად და თავზარდასაცემად, ყველა ქალზე, ვინც კი ოდესმე ჰყვარებია. ჰაიდი მხოლოდ თავს უქნევდა, ის კი შეუჩერებლად ლაპარაკობდა. დროდადრო ბოდიშს უხდიდა იმისათვის, რომ გული გაუწყალა, სთხოვდა, მასაც მოეყოლა თავის თავზე, მაგრამ ამაზე ჰაიდის მხოლოდ ერთი პასუხი ჰქონდა: „მე უბრალო ადამიანი ვარ და სხვებისაგან არაფრით გამოვირჩევი".
და უეცრად ჰაიდიმ საკუთარი თავი დაიჭირა იმაში, რომ არ სურდა მატარებლის მოსვლა, რადგანაც ეს საუბარი სულ უფრო მეტად და მეტად იტაცებდა. სიტყვა ისეთ რამეზეც ჩამოვარდა, რაც მან მხოლოდ წიგნებიდან იცოდა. და რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამ ადამიანს ვეღარასოდეს ნახავდა, მოიკრიბა გამბედაობა (მოგვიანებით თვითონაც უკვირდა, როგორ წავიდა ამაზე) და დაუწყო ყველაფრის გამოკითხვა, რაც კი აინტერესებდა. ზუსტად ამ დროს მას ცუდად მისდიოდა ცხოვრება. ქმარი დღენიადაგ ბუზღუნებდა და წუწუნებდა, ხშირად უმიზეზოდ ღიზიანდებოდა და ჰაიდის სურდა გაეგო, როგორ შეეძლო მისთვის ბედნიერების მინიჭება. უცნობმა რამდენიმე ზუსტი და ორიგინალური შენიშვნა გააკეთა, სიტყვაზე რომელიღაც ამბავი გაიხსენა, მაგრამ ის, რომ ჰაიდიმ ქმარი ახსენა, მაინც და მაინც არ ეპიტნავა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1742 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-26, 10:50 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024