მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 6)
2:55 PM პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 6) |
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
ბატონი, რომელიც პორტუგალიურად ვერ ლაპარაკობდა, მაშინვე მის მახლობლად გაჩნდა და ისევ შესთავაზა ქოქოსის რძე. მარიამ, გახარებულმა იმით, რომ მასთან საუბარი საჭირო არ იყო, უარი არ უთხრა, რძე დალია და გაუღიმა. კაცმაც გაუღიმა. ასეთ სასიამოვნო და უსიტყვო ურთიერთობაში რაღაც დრომ განვლო, — შენ ერთი ღიმილი მაჩუქე, მე ორს დაგიბრუნებ. მაგრამ აი, უცხოელმა ჩანთიდან პატარა წითელყდიანი ლექსიკონი ამოიღო და საშინელი აქცენტით წარმოთქვა: „ლამაზი". მარიამ კვლავ გაუღიმა — ის, რასაკვირველია, ელოდა ზღაპრულ უფლისწულთან შეხვედრას, მაგრამ ამ უფლისწულს აუცილებლად მისი ენა უნდა სცოდნოდა და აუცილებლად უფრო ახალგაზრდა უნდა ყოფილიყო. უცხოელი ლექსიკონს ფურცლავდა და აღარ ეშვებოდა: — ვახშამი დღეს? და მაშინვე დაამატა: — შვეიცარია! და შემდეგ კიდევ ორი სიტყვა, რომლებიც, რა ენაზეც უნდა გამოითქვას, სამოთხის მუსიკად ჟღერს: — სამუშაო! დოლარი! რესტორანი „შვეიცარია" მარიას არ გაეგო, თან იფიქრა: ნუთუ ყველაფერი თავისთავად ხდება და ოცნებები ასე სწრაფად ცხადდება?! არა, უარის თქმა უფრო კეთილგონივრულია: დიდი მადლობა, მაგრამ დღეს დაკავებული ვარ, დოლარების ყიდვას კი არ ვაპირებ. უცხოელმა ვერც ერთი სიტყვა ვერ გაიგო, სასოწარკვეთილMი მხოლოდ ღიმილს ახერხებდა, ბოლოს რამდენიმე წუთით მიატოვა და თარჯიმანთან ერთად დაბრუნდა, რომლის დახმარებითაც გააგებინა, რომ ჩამოსულია შვეიცარიიდან (და ეს სულაც არ არის რესტორანი, ქვეყანაა ასეთი) და სურს, საღამოს მარიასთან ერთად ივახშმოს, რომ შრომითი მოწყობის თაობაზე საქმიანი წინადადება შესთავაზოს. თარჯიმანმა, რომელიც უცხოელის თანაშემწედ და ოტელის დაცვის თანამშრომლად გაეცნო მარიას, თავის მხრივ დაამატა: — შენ ადგილას რომ ვიყო, დავთანხმდებოდი. ეს ბიძა ცნობილი იმპრესარიოა, ნიჭიერ გოგონებს ეძებს ევროპაში სამუშაოდ. თუ გინდა, ზოგიერთს გაგაცნობ, ვინც მისი წინადადება მიიღო, გამდიდრდა და კარგად გათხოვდა. მათ შვილებს უმუშევრობა და სიკვდილი აღარ ემუქრებათ. და მარიაზე შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით დასძინა: — სხვათა შორის, შვეიცარიაში მშვენიერ საათებსა და შოკოლადს ამზადებენ. მარიას სამსახიობო გამოცდილება მხოლოდ და მხოლოდ წყლის დამტარებლის როლით შემოიფარგლებოდა — იგი უსიტყვოდ გამოდიოდა და ასევე უსიტყვოდ ტოვებდა სცენას პიესაში „ქრისტეს ვნებები", რომელსაც პრეფექტურა ყოველ წელს დგამდა წმინდა კვირას. ავტობუსში ვერ გამოიძინა, მაგრამ ზღვამ აღაგზნო, ნატურალური და არცთუ მთლად ნატურალური პროდუქტებისაგან გაკეთებულმა სენდვიჩებმა დაღალა, დაბნეულიც იყო, რადგან ამ ქალაქში არავის იცნობდა. ადრეც ყოფილა ასე, მამაკაცი ოქროს მთებს ჰპირდებოდა, მაგრამ საბოლოოდ არაფერი ხდებოდა. ასე რომ, ამჯერადაც საამისოდ მზად იყო. მაგრამ ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ამ შანსს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი აძლევდა და დარწმუნებული იყო, მისი ერთკვირიანი შვებულების არც ერთ წამს ფუჭად არ უნდა ჩაევლო. გარდა ამისა, ივახშმებდა კარგ რესტორანში, — ესე იგი, შინ დაბრუნებულს უფრო მეტი ექნებოდა მოსაყოლი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გადაწყვიტა, დასთანხმებოდა მიწვევაზე, ოღონდ იმ პირობით, თუ თარჯიმანიც წამოვიდოდა, ვინაიდან უკვე დაიღალა ამდენი ღიმილითა და ისეთი სახის მიღებით, თითქოს ესმოდა, რას ამბობდა უცხოელი. საქმეს უმნიშვნელო რამ ართულებდა — მარიას გამოსასვლელი ტანსაცმელი არ ჰქონდა. ეს წინაღობა გადაულახავი ჩანდა: ქალი ქმრის ღალატში უფრო გამოტყდება, ვიდრე სათანადო ტუალეტის უქონლობაში. მაგრამ მარიას აზრით, ამ ადამიანებს შეიძლება ვეღარასდროს შეხვედროდა და, შესაბამისად, დასაკარგიც არაფერი ჰქონდა. — მე ახლახან ჩამოვედი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და კაბა არ მაქვს. უცხოელმა თარჯიმნის დახმარებით გააგებინა, არაფერზე შეწუხებულიყო და თავისი ოტელის მისამართი მისცა. იმავე დღეს, შებინდებისას, მან მიიღო კაბა, რომლის მსგავსიც არასოდეს ენახა და ფეხსაცმელი, რომლის ფასიც მარიას წლიურ შემოსავალს უდრიდა. და მან იგრძნო, რომ პირველ ნაბიჯებს დგამს იმ გზაზე, რომელიც ელანდებოდა ბრაზილიის სერტანებში, სადაც გავიდა მისი ბავშვობა და ყრმობა, სადაც გვალვის გარეშე წელიც არ ჩაივლიდა, სადაც ჭაბუკებს წასასვლელი არ აქვთ, სადაც მისი პატარა, ღარიბი, მაგრამ პატიოსანი ქალაქი მდებარეობს, სადაც სიცოცხლე კი არ ჩქეფს, არამედ მდორედ მიედინება და ყოველი დღე მომდევნოს ჰგავს. ახლა კი იგი სამყაროს პრინცესა გახდება! უცხოელმა სამსახური, დოლარები, ჯადოსნური, ზღაპრული კაბა და საარაკოდ ძვირფასი ფეხსაცმელი შესთავაზა! მაკიაჟიღა დარჩა და აქ იმ გაღატაკებული ოტელის პორტიე დაეხმარა, რომელშიც მარია გაჩერდა. გოგონა დაეხმარა და თან გააფრთხილა, რომ ყველა უცხოელი როდია პატიოსანი, ისევე, როგორც რიო-დე-ჟანეიროს ყველა მაცხოვრებელი — ბანდიტი.
|
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ |
ნანახია: 1059 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
|
|