♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 19 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 58)
1:15 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 58)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

მარია დაელოდა მწვანე შუქს. ქუჩა გადაჭრა, შეჩერდა საათთან, რალფზე გაიფიქრა, გაიხსენა, როგორი ვნებიანი სურვილით აენთო თვალები, როცა ის კაბას იხდიდა. ხელახლა შეიგრძნო, როგორ ეჭდობოდნენ მისი ხელები ძუძუებს, როგორ მისრიალებდნენ თეძოებზე, როგორ თამაშობდნენ ფეხებს შორის. იგრძნო, რომ ისევ გზნების ტალღებში ინთქმებოდა, შეხედა წყლის უზარმაზარ სვეტს ტბის შუაგულში და, ისე, რომ შეხების არავითარი აუცილებლობა არ უგრძნია, პირდაპირ აქ, ყველას თვალწინ განიცადა ორგაზმი.
მაგრამ ეს არავის შეუმჩნევია; ყველა დაკავებული იყო, ძალიან დაკავებული.

როგორც კი „კოპაკაბანას" კარის ზღურბლს გადააბიჯა, ფილიპინელმა ნიამ დაუძახა. ის ერთადერთი იყო, ვისთანაც ასე თუ ისე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. ვიღაც აღმოსავლური იერის კაცთან ერთად მაგიდასთან იჯდა და ორივენი რაღაცაზე იცინოდნენ.
— არა, გესმის, რას ითხოვენ ჩემგან?! — წამოიძახა ნიამ.
ეშმაკურად მომღიმარმა კლიენტმა სიგარეტის ფუტლიარის მსგავსი კოლოფი ამოიღო. დახლს იქით მდგარმა მილანმა მახვილი მზერა მიაპყრო, შპრიცები და ამპულები ხომ არ არისო. არა, კოლოფში გაუგებარი დანიშნულების ნივთი აღმოჩნდა, რომელსაც ნარკოტიკებთან საერთო არაფერი არ ჰქონდა.
— წინა საუკუნისა გეგონება, — თქვა მარიამ.
— სწორედ ასეა! — დაეთანხმა მისი უმეცრებით ცოტა განაწყენებული კლიენტი, ას წელზე მეტი ხნისაა და კოლოსალური ფული ღირს.
ის, რაც მარიას წინ იდო, ადამისდროინდელ მინიატურულ რადიომიმღებს წააგავდა: ლამპები, სახელური, ელექტრული ბატარეა, კლემები და კიდევ გარეთ გამომავალი ორი მავთული პატარა თითის სიგრძე შუშის ბუნიკებით. ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იგი ძვირად ღირებული ყოფილიყო.
— როგორ მოქმედებს?
ეს შეკითხვა ნიას არ მოეწონა. ის, რა თქმა უნდა, ენდობოდა მარიას, მაგრამ ადამიანები, როგორც ცნობილია, ცვალებადნი არიან. ერთიც ვნახოთ და ბრაზილიელმა თვალი დაადგა მის კლიენტს, მაშინ?
— მან უკვე ამიხსნა. ამ ნივთს „ლილისფერი კვერთხი" ჰქვია, — მერე კლიენტს მიუბრუნდა და წასვლა შესთავაზა, რაც იმის მანიშნებელი იყო, რომ წინადადებაზე დათანხმდა, მაგრამ იგი ამ სათამაშოთი გამოწვეული ინტერესით ტკბებოდა.
— 900-იან წლებში, როდესაც პირველად გამოჩნდა გასაყიდად აკუმულატორული ბატარეები, ექიმებმა ელექტრობაზე ცდების ჩატარება დაიწყეს. მისი დახმარებით ისინი იმედოვნებდნენ გონებრივი აშლილობის ან ისტერიის განკურნებას. მას აგრეთვე იყენებდნენ კანის გასაჯანსაღებლად, მეჭეჭებისა და ლაქების მოსაცილებლად. ხედავთ ამ შუშის ბუნიკებს? მათ საფეთქლებზე იდებენ და ბატარეა ისეთივე სტატიკურ განმუხტვას იძლევა, როგორსაც მაშინ განვიცდით, როცა ჰაერი ძალიან მშრალია.
ასეთი რამ ბრაზილიაში არასოდეს ხდება. აქ კი, შვეიცარიაში, ყოველ ნაბიჯზე გვხვდება. ეს მოვლენა მარიამ მაშინ აღმოაჩინა, როცა ერთხელ ტაქსის კარის გაღებისას გაიგონა ტკაცანი და დენმა დაარტყა. მაშინ მან დაასკვნა, რომ ეს მანქანის გაუმართაობის ბრალი იყო, აღშფოთდა, განაცხადა, რომ ფულს არ გადაიხდიდა. არც მძღოლი დარჩენილა ვალში და მარია სრულ უმეცრებაში დაადანაშაულა. ის მართალი აღმოჩნდა, ყველაფერი ჰაერის საოცრად დაბალი ტენიანობის ბრალი იყო. მას მერე, რაც რამდენჯერმე იგემა დენის დარტყმა, ნებისმიერ მეტალის საგანთან შეხებას უფრთხოდა, სანამ სუპერმარკეტში არ შეიძინა სამაჯური, რომელიც მასში დაგროვილ სტატიკურ ელექტრობას განმუხტავდა.
მარია აღმოსავლელ კაცს მიუბრუნდა:
— მაგრამ ეს ხომ საშინლად უსიამოვნოა!
ნიას სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოსწონდა ეს დიალოგი, მაგრამ არც თავის ერთადერთ მეგობართან სკანდალის გამართვა უნდოდა. ის კლიენტს მხრებზე მოეხვია, რომ ყველა მიმხვდარიყო, ვის ეკუთვნოდა იგი.
— ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ სად მიიდებ! — გაეცინა კლიენტს.
ამ სიტყვებით მან რეგულატორი მოატრიალა და ბუნიკებმა რაღაც ლილისფერი მიიღეს. მერე სწრაფი მოძრაობით ერთი ნიას მიადო ხელზე, მეორე კი — მარიას მხარს. გაისმა ტკაცანი, მაგრამ შეგრძნება სრულიად უმტკივნეულო იყო. იგი უფრო ღიტინს წააგავდა.
მათ მილანიც მიუახლოვდა.
— მოაშორეთ, გეთაყვა.
კლიენტმა მორჩილად ჩადო თავისი აპარატი შალითაში. ამით ისარგებლა ნიამ და ოტელში წასვლა შესთავაზა. კლიენტი, ცოტა არ იყოს, გულგატეხილი ჩანდა. გოგონა, რომელიც მოგვიანებით გამოჩნდა, უფრო მეტად დაინტერესდა ლილისფერი კვერთხით, ვიდრე ის, ვინც თავისთან ეპატიჟებოდა. მან პიჯაკი ჩაიცვა, ხელსაწყო ტყავის ხელჩანთაში ჩადო და თქვა:
— ამჟამად ამ ხელსაწყოების გამოშვება განაახლეს. ისინი მოსწონთ იმათ, ვინც უჩვეულო შეგრძნებებს ეძებს. მაგრამ აი ეს ეგზემპლარი შეიძლება მხოლოდ მუზეუმში ან ანტიკვარებთან ნახო და ესეც სათუოა.
მარტოდ დარჩენილი მილანი და მარია დაბნეულები შესცქეროდნენ ერთმანეთს.
— ადრე მსგავსი რამ თუ გინახავს?
— ამ სუბიექტთან არა. ალბათ, მართლაც ბევრი ფული ღირს, მაგრამ მას ამის შეძლება ნამდვილად აქვს, იმიტომ რომ ნავთობის კომპანიაში მნიშვნელოვანი პოსტი უკავია. მე სხვანაირები, უფრო თანამედროვეები მინახავს.
— და რაში იყენებენ მათ?
— შეიტენიან... სადმე და სთხოვენ, რომ ქალმა რეგულატორი ატრიალოს. მათ დენი ურტყამთ.
— თვითონ არ შეუძლიათ?
— შეუძლიათ, როგორ არა. ყველაფერი, რაც სექსთან არის დაკავშირებული, შეგიძლია მარტომ აკეთო, მაგრამ, მადლობა ღმერთს, ხალხი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ამისათვის პარტნიორია საჭირო. ასე რომ არ იყოს, მე გავკოტრდებოდი, შენ კი ქორფა მწვანილის გამყიდველი იქნებოდი. ჰო, მართლა, შენმა განსაკუთრებულმა კლიენტმა გამაფრთხილა, რომ ამ საღამოს შემოივლის. ასე რომ, კეთილი ინებე და მიწვევა არავისგან მიიღო.
— არ მივიღებ. არც მისგან მივიღებ. საქმე ისაა, რომ აქ მხოლოდ გამოსამშვიდობებლად მოვედი.
მილანმა ერთი შეხედვით ვერ შეაფასა დარტყმის სერიოზულობა.
— მხატვარი?
— არა. „კოპაკაბანა". ყველაფერს აქვს საზღვარი და ამ დილით, როცა ტბასთან ყვავილნარის საათს ვუყურებდი, მივხვდი, რომ ზღვრამდე მივედი.
— რა ზღვარზე ლაპარაკობ?
— მე საკმაო თანხა მოვაგროვე, რომ ბრაზილიაში ფერმა ვიყიდო. ვიცი, რომ შემიძლია უფრო მეტი ფულის მოგროვება, შემიძლია კიდევ ერთ წელს ვიმუშაო. თითქოსდა რა განსხვავებაა? მაგრამ მე ვიცი, რაც — თუ დავრჩი, ვეღარასოდეს დავაღწევ თავს იმ ხაფანგს, რომელშიც გაბმულნი ხართ შენცა და შენი კლიენტებიც — ეს მენეჯერები, ტალანტებზე მონადირენი, ხმის ჩამწერი კომპანიების დირექტორები — ყველა, ვისაც ვიცნობდი, ვინც ყიდულობდა ჩემს დროს, დროს, რომელსაც მთელი მსოფლიოს ოქროთიც ვეღარ გამოვისყიდი. ერთი დღითაც რომ შევყოვნდე, მთელი წლით ჩავრჩები, ხოლო თუ ერთი წლით ჩავრჩი, კუბოს კარამდე ვეღარ დავაღწევ თავს.
მილანმა როგორღაც გაურკვევლად აიჩეჩა მხრები, თითქოს ანიშნებდა, რომ ყველაფერს ხვდება, ყველაფერს ეთანხმება, მაგრამ ვერაფერს იტყვის, რომ უხერხულ მდგომარეობაში არ ჩააგდოს მასზე მომუშავე გოგონები. მილანი გულკეთილი კაცი იყო და, თუმცა მარიას გადაწყვეტილებას არ იწონებდა, არ უცდია მისი გადარწმუნება.
მარიამ მადლობა გადაუხადა და შამპანური შეუკვეთა, რადგანაც ხილის კოქტეილი ყელში ჰქონდა ამოსული. ახლა სამსახურში აღარაა და შეუძლია იმდენი დალიოს, რამდენიც მოეპრიანება. დამშვიდობებისას მილანმა უთხრა, რომ თუ რამე პრობლემა შეექმნება, შეუძლია, ნებისმიერ დროს მოურიდებლად დარეკოს „კოპაკაბანაში", მას ყოველთვის სიხარულით შეხვდებიან.
მარიამ გადახდა დააპირა, მაგრამ მილანმა შეაჩერა: „ეს დაწესებულების ხარჯზე იყოს". მარიასაც თავი არ გამოუდია — მან გაცილებით მეტი მისცა ამ დაწესებულებას, ვიდრე ერთი ჭიქა შამპანური ღირს.
ჩანაწერი მარიას დღიურში შინ დაბრუნების შემდეგ:

ზუსტად აღარ მახსოვს, როდის, მაგრამ ერთ კვირა დღეს ეკლესიაში წირვაზე წასვლა გადავწყვიტე. იქ საკმაოდ დიდი დრო დავყავი და უეცრად მივხვდი, რომ სხვაგან შევედი, ეს პროტესტანტული ეკლესია იყო.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1011 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 2:26 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024