♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 18 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 54)
12:00 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 54)

 
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში 
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში 

— ქალღმერთ იშთარის გავლენა გავრცელდა მთელ შუა აღმოსავლეთზე, მიაღწია სარდინიას, სიცილიას და ხმელთაშუა ზღვის პორტებს. მოგვიანებით, როცა აღმოცენდა რომის იმპერია, სხვა ქალღმერთი, სახელად ვესტა, თავის განდობილთაგან ითხოვდა ან უბიწო ქალწულობას, ან აღვირახსნილ მრუშობას. წარმოიდგინე, ვესტას ტაძარში წმინდა ცეცხლის შესანარჩუნებლად ქურუმები სამეფო გვარის ყმაწვილებს ხორციელ სიყვარულს ასწავლიდნენ: მღეროდნენ ეროტიკულ სიმღერებს, ტრანსში ვარდებოდნენ და თავის ექსტაზს სამყაროს გადასცემდნენ. ასე ვთქვათ, ასრულებდნენ ქალღმერთთან ზიარების რიტუალს.
რალფ ჰარტმა უძველესი წარწერის ქსეროასლი ამოიღო და მისი გერმანული თარგმანის ხმამაღლა წაკითხვა დაიწყო:
მე, დუქნის კარში მჯდომი, ქალღმერთი იშტარი ვარ,
მე ვარ მრუში, დედა, ცოლი, ღვთაება.
ის, ვისაც ეძახიან სიცოცხლეს,
თუმც თქვენ ეძახით სიკვდილს.
ის, ვისაც ეძახიან კანონს,
თუმც თქვენ ეძახით უკანონობას.
მე ვარ ის, ვისაც თქვენ ეძებთ,
და ის, რასაც ჰპოვებთ.
მე ვარ ის, რაც თქვენ გაფლანგეთ, 
ახლა კი ამაოდ ცდილობთ მოგროვებას.
მარია ასლუკუნდა, რალფ ჰარტს კი გაეცინა: ცხოვრებისეული ძალა უბრუნდებოდა, აკიაფდა უწინდებური „სხივი". უნდა გავაგრძელო თხრობა, ვაჩვენო ნახატები, უნდა მივახვედრო, რომ ის უყვართ.
— არავინ იცის, რატომ გაქრა წმინდა მეძავობა ისე, რომ ორი საუკუნეც კი არ უარსებია. შეიძლება, დაავადებების გავრცელების გამო ან იმიტომ, რომ რელიგია შეიცვალა და საზოგადოებამაც შეცვალა თავისი წესები და კანონები. ასეა თუ ისე, ის აღარ არსებობს და არც აღარასოდეს იარსებებს. დღეს მსოფლიოს მართავენ მამაკაცები. თვით ეს სიტყვა დამღად არის გადაქცეული და მეძავს არქმევენ ყველა ქალს, რომელიც სხვას არა ჰგავს.
— დღეს შეძლებ „კოპაკაბანაში" მოსვლას?
რალფი ვერ მიხვდა ამ კითხვის დასმის მიზანს, მაგრამ უმალვე დასტური მისცა.
ჩანაწერი მარიას დღიურში რამდენიმე საათის შემდეგ, რაც ფეხშიშველმა იარა ჟენევის ინგლისური ბაღის ბილიკებზე:

სულაც არ მენაღვლება, ითვლებოდა თუ არა ოდესმე ჩემი ხელობა წმინდად, მაგრამ მე იგი მეჯავრება. ის არღვევს ჩემს სულს, მაიძულებს კავშირი დავკარგო საკუთარ თავთან, შთამაგონებს, რომ ტანჯვა ჯილდოა, რომ ფულს ყველაფრის ყიდვა და ყველაფრის გამართლება შეუძლია.
ჩემ გარშემო ბედნიერები არ არსებობენ; ჩემმა კლიენტებმა იციან, რომ მათ ფული უნდა გადაიხადონ იმაში, რაც უფასოდ უნდა მიეღოთ და ეს თრგუნავს მათ. ჩემმა დაქალებმა იციან, რომ მათ უნდა გაყიდონ ის, რასაც უფასოდაც მისცემდნენ სინაზისა და სიამოვნების სანაცვლოდ და ეს უმძიმებთ სულს. გაცილებით ადრე, ვიდრე ეს სიტყვები დაიწერებოდა, მთელი ძალ-ღონით ვცდილობდი, შევგუებოდი იმას, რომ უბედური და ცხოვრებით უკმაყოფილო ვარ. თავს ვინუგეშებდი, რომ კიდევ რამდენიმე კვირა უნდა გავძლო.
მაგრამ აღარ შემიძლია საკუთარი თავის ამით დამშვიდება, თვალთმაქცობა, თითქოს ყველაფერი ნორმალურად არის, რომ ეს უბრალოდ ასეთი ზოლია ჩემს ცხოვრებაში, ასეთი პერიოდია, ასეთი ეტაპი. მე მინდა, დავივიწყო ეს ყველაფერი. მე მჭირდება სიყვარული. მე უნდა მიყვარდეს და მეტი არაფერი. მე უნდა მიყვარდეს!
ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა (ან მეტისმეტად ხანგრძლივი) იმისათვის, რომ თავს ცუდად ცხოვრების უფლება მისცე. 

არა, ეს მისი სახლი არ არის, არც მარიასია. არც ბრაზილიაა და არც შვეიცარია. ეს არის ოტელი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ერთნაირად მოწყობილი ნომრებით, რომელთაც ოჯახური ატმოსფეროს პრეტენზია აქვთ და ამით უფრო უცხო და უსახურები ხდებიან.
მაგრამ ეს ის ოტელი არ არის, რომლის ფანჯრებიდანაც ტბის მშვენიერი ხედი იშლება და რომელთანაც დაკავშირებულია მოგონებები ტკივილზე, ტანჯვასა და აღფრთოვანებაზე. არა, აქ ფანჯარა წმინდა იაკობის გზაზე გადის, ვედრების და არა მონანიების გზაზე. ეს არის ადგილი, სადაც გზისპირა კაფეებში ადამიანები ხვდებიან ერთმანეთს, აღმოაჩენენ „შუქს", საუბრობენ, მეგობრები ხდებიან, ერთმანეთი უყვარდებათ. ახლა, ამ წვიმიან საღამოს, არავინ მიდის ამ გზაზე ისე, როგორც დადიოდნენ მრავალი წლის, ათწლეულის, ასწლეულის მანძილზე. ეგებ გზასაც სჭირდება სულის მოთქმა, ურიცხვი ფეხისგან დასვენება, დღე და ღამე რომ დაფრატუნებენ მასზე.
საჭიროა შუქის ანთება და ფარდების ჩამოფარება.
უნდა სთხოვოს, რომ მან გაიხადოს, მერე თვითონაც გაიხდის. სიბნელე ფიზიკური თვალსაზრისით არასოდეს არის აბსოლუტური და როცა თვალი შეეჩვევა მას, მკრთალ შუქში შეიძლება დაინახო მამაკაცის სილუეტი. აი, ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს.
უნდა ამოიღოს საგულდაგულოდ გარეცხილი და რამდენჯერმე გაუთოებული (საპნისა და სუნამოს სუნი რომ არ შერჩეს), დიაგონალზე დაკეცილი ორი ცხვირსახოცი. მიუახლოვდეს მას და თვალების ახვევა სთხოვოს. მცირე ყოყმანის შემდეგ ის უპასუხებს, რომ ნამყოფია სხვადასხვა სახის ჯოჯოხეთში. მარია ეტყვის, რომ ამაზე არ არის ლაპარაკი. უბრალოდ, მას სრული, უკუნი სიბნელე სჭირდება და რომ ახლა მისი ჯერი დადგა, რაღაც-რაღაცები ასწავლოს. ეს იქნება მადლობაც და შურისძიებაც იმისათვის, რაც გუშინ გაიგო ტკივილის შესახებ. რალფი გაუგონებს, თვალებს აიხვევს. მარიაც აიხვევს თვალებს. და აი, ახლა შუქის ნატამალიც აღარ დარჩა, სწორედ ამას ჰქვია, ალბათ, უკუნი სიბნელე. ახლა ერთმანეთისათვის ხელის ჩაკიდება მოუწევთ საწოლამდე მისაღწევად.
არა, არ დავწვებით. დავსხდებით ისე, როგორც ადრე, პირისპირ, ოღონდ უფრო ახლო-ახლო, ისე, რომ ჩემი მუხლები შენსას ეხებოდეს.
მარიას ყოველთვის უნდოდა ამის გაკეთება, მაგრამ არ ჰყოფნიდა მთავარი რამ — დრო. არც პირველ შეყვარებულთან, არც იმასთან, ვინც უმანკოება წაართვა. არც არაბთან, რომელმაც ათასი ფრანკი გადაუხადა და ალბათ უფრო მეტს ელოდა, ვიდრე მას შეეძლო მიეცა, თუმცა ეს ათასიც არ იყო საკმარისი იმისათვის, რომ ეყიდა, რაც სურდა, რაზეც ოცნებობდა. არც სხვა დანარჩენ, ურიცხვ კაცთან, ვის ხელშიც მის სხეულს გაუვლია და რომლებიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობდნენ, ხოლო მასზე — იშვიათად. ასე იმიტომ ხომ არ იქცეოდნენ, რომ დიდი ხნის წინანდელი რომანტიკული ოცნებების ასრულება სწადდათ? ან იმიტომ ხომ არა, რომ ინსტინქტს ემორჩილებოდნენ? ან იქნებ იმიტომ, რომ გაგონილი ჰქონდათ, სწორედ ასე იქცევიან ნამდვილი მამაკაცები, ხოლო ვინც სხვაგვარად იქცევა, ღირსი არ არის, ასეთად იწოდებოდესო?
მარიას აგონდება თავისი დღიური. ყველაფერი მობეზრდა, ნეტავ როდის გავა დარჩენილი კვირები, გულის გამაწვრილებლად რომ მიიზლაზნება. იგი ეძლევა ამ კაცს, რადგანაც აქ მისი ფარული სიყვარულის ნაპერწკალი ღვივის. პირველშობილი ცოდვა ის კი არ არის, რომ ევამ აკრძალული ხილი იგემა, არამედ ის, რომ მიხვდა — ადამსაც უნდა გაეზიარებინა მასთან ეს ხილი. ევას ეშინოდა ამ ბილიკზე მარტო სიარულის, დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებოდა, ვინმესთვის უნდა გაეზიარებინა ის, რასაც გრძნობდა.
მაგრამ არსებობს ამქვეყნად ისეთი რამ, რისი გაზიარებაც შეუძლებელია. არ უნდა გვეშინოდეს ოკეანის სიღრმეებისა, რომელშიც ნებაყოფლობით ვეშვებით. შიში აფუჭებს თამაშს. ადამიანი გაივლის ჯოჯოხეთს, რომ შეიცნოს იგი. ჩვენ გვეყვარება ერთმანეთი, მაგრამ ერთმანეთის დასაკუთრებას არ ვეცდებით.
მე მიყვარს ჩემ წინ მჯდომი მამაკაცი იმიტომ, რომ ის მე არ მეკუთვნის, არც მე ვეკუთვნი მას. ჩვენ თავისუფლად ვეძლევით ერთმანეთს და მე გავიმეორებ ამას ათჯერ, ასჯერ, ათასჯერ... გავიმეორებ მანამ, სანამ თავად არ ვირწმუნებ საკუთარ ნათქვამს.
წამით სხვა მეძავებზე დაფიქრდა. ფიქრობდა დედაზე, მეგობრებზე. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ კაცს სხვა არაფერი უნდა, გარდა ამ თერთმეტწუთიანი სუფთა სექსისა და ამაში უზარმაზარ თანხას იხდის. მაგრამ ეს ასე არ არის; მამაკაცი თავისი არსით არაფრით განსხვავდება ქალისაგან: მასაც სჭირდება, შეხვდეს ვინმეს და ცხოვრების არსი იპოვოს.
დედამისის შემთხვევაში როგორ იყო? როგორ იქცეოდა იგი? თვალთმაქცობდა, თითქოს სიამოვნებას ღებულობდა? თუ ბრაზილიის მიყრუებულ პროვინციაში სიამოვნება ქალისათვის აკრძალულ რამედ ითვლება? რა ცოტა რამ იცის მარიამ ცხოვრებასა და სიყვარულზე. მაგრამ ახლა, როდესაც თვალები ახვეული აქვს, როდესაც მთელი დრო, რაც კი არსებობს ამქვეყნად, მას ეკუთვნის, მარია მოძებნის საწყისსა და ფესვს და ყველაფერი დაიწყება იქ და იმგვარად, სადაც და როგორც თავად ისურვებს.
 
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 946 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2023-02-05, 4:55 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2023