♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 18 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 53)
11:59 AM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 53)

 
რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში 
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში 

— იმ ტყისმჭრელმა კიდევ ის მითხრა, რომ, როდესაც რაღაც ფიზიკური ვარჯიშის მსგავსს აკეთებს, როდესაც თავისი სხეულისგან ყველაფერს ითხოვს, რისი მოცემაც მას შეუძლია, ამ დროს ის რაღაც უცნობ სულიერ ძალას ჰპოვებს, სწორედ იმ შუქს, რომელიც შენში შევნიშნე. შენ რა იგრძენი?
— რომ ტკივილი ქალის თანამგზავრია. 
— ეს სახიფათოა.
— რომ ტკივილს ზღვარი აქვს. 
— ეს ხსნაა. არ დაივიწყო ეს.
მარიას გონება ჯერ ისევ დაბინდული ჰქონდა, ამ „სამყარომ" მაშინ გაუნათა გონება, როდესაც ის მისთვის დაწესებული ფარგლებიდან გავიდა. რალფმა მას ტანჯვის სხვა სახეობა აჩვენა და მანაც უცნაური სიამოვნება მიანიჭა.
რალფმა დიდი საქაღალდე აიღო და მარიას წინ გადაშალა. საქაღალდეში მისი ნახატები ეწყო.
— მეძავობის ისტორია. აი ის, რის შესახებაც მეკითხებოდი ჩვენი პირველი შეხვედრისას.
ჰო, გეკითხებოდი, მაგრამ ეს ხომ დროის მოკვლისა და მოსაუბრის დაინტერესების საშუალება იყო. ახლა ამას უკვე არავითარი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. 
— მთელი ამ დღეების მანძილზე ზღვაში დავცურავდი. ვფიქრობდი, რომ არავითარი ისტორია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ უძველესი პროფესია, როგორც ამ ხელობას უწოდებენ. თუმცა ისტორია არსებობს და თანაც ორი.
— ეს რა ნახატებია?
რალფ ჰარტმა იმედგაცრუება იგრძნო იმის გამო, რომ მარიამ ვერ გაუგო მას, მაგრამ არ შეიმჩნია, თავი შეიკავა და განაგრძო:
— ეს მონახაზები მაშინ გავაკეთე, როცა წიგნებში ვიქექებოდი, ვკითხულობდი, ამონაწერებს ვაკეთებდი.
— ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. დღეს მე მინდა გავიგო, რა არის ტკივილი.
— შენ ეს გუშინ იგემე და აღმოაჩინე, რომ მას სიამოვნებისაკენ მივყავართ. შენ იგემე ის დღეს და იპოვე სამყარო. და ამიტომაც მე გეუბნები: არ მიეჩვიო, მასთან ძალიან ადვილია შეგუება, ეს კი სახიფათო წამალია. იგი დამალულია ჩვენს ყოველდღიურობაში, ფარულ ტანჯვაში, ჩვენს უარყოფაში, რომლის შედეგადაც ჩვენ ბრალს ვდებთ სიყვარულს იმაში, რომ ჩვენი ოცნებები არ ასრულდა. როცა ტკივილი თავის ჭეშმარიტ სახეს გვაჩვენებს, გვაშინებს და გვხიბლავს. ის გვევლინება ზვარაკისა და თვითგანდგომის საფარქვეშ. თვითგანდგომისა და სიმხდალის. რაც არ უნდა ამტკიცოს ადამიანმა, რაც არ უნდა უარყოს ტკივილი, ის მაინც ყოველთვის მონახავს საშუალებას, რOMომ ჰპოვოს იგი, შეიყვაროს იგი, მოაწყოს ისე, რომ ტკივილი გახდეს მისი ცხოვრების ნაწილი.
— არ მჯერა. ტანჯვა არავის არ უნდა.
— თუ შენ შეძლებ გაიგო, რომ შეგიძლია იცხოვრო ტანჯვის გარეშე, ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგრამ არ იფიქრო, რომ სხვები გაგიგებენ. დიახ, შენ მართალი ხარ: ტანჯვა არავის სურს და, მიუხედავად ამისა, ყველა ეძებს ტკივილსა და მსხვერპლს. ხოლო როცა მიაგნებენ, იგრძნობენ, რომ მათი ყოფიერება გამართლებულია, რომ სუფთანი არიან და ბავშვების, მეუღლეების, მეზობლებისა და უფლის პატივისცემას იმსახურებენ. ახლა ნუ ვიფიქრებთ ამაზე. მხოლოდ ის მინდა, იცოდე, რომ სამყაროს მართავს არა სიამოვნების წყურვილი, არამედ ყველაფრისაგან განდგომა, რაც მნიშვნელოვანი და ძვირფასია.
განა ჯარისკაცი ომში მტრის დასახოცად მიდის? არა, ის მიდის იმისთვის, რომ თავისი ქვეყნისათვის მოკვდეს. განა ქალი აჩვენებს ქმარს, როგორი კმაყოფილია? არა, მას სურს, რომ ქმარმა შეაფასოს მისი ერთგულების ხარისხი, მისი მზადყოფნა, იტანჯოს ქმრის ბედნიერებისათვის. განა ადამიანი სამსახურს თავისი პოტენციალის რეალიზების იმედით იწყებს? არა, ის თავისი ოჯახის კეთილდღეობისათვის ღვრის ოფლსა და ცრემლს. და ასე გრძელდება: შვილები უარს ამბობენ ოცნებაზე, რათა მშობლები გაახარონ, მშობლები უარს ამბობენ თვით ცხოვრებაზე, რათა შვილები გაახარონ, ტკივილი და ტანჯვა ამართლებს იმას, რასაც მხოლოდ სიხარული უნდა მოჰქონდეს, — სიყვარულს.
— შეჩერდი!
და რალფი შეჩერდა. ეს საუკეთესო მომენტი იყო თემის შესაცვლელად. მან ნახატების ჩვენება დაიწყო. თავიდან ყველაფერი ერთ ლაქაში იყო შერწყმული, ხაზების აბლაბუდაში, რომელიც გეომეტრიულ ქარგას ან ანატომიური ატლასის ფურცლებზე გამოსახული ნერვების ხლართებს ჰგავდა. უსმენდა მის ხმას და მარია ნელ-ნელა ხვდებოდა, ყოველ სიტყვას მოძრაობა ახლდა, ყოველ ფრაზას შეჰყავდა სამყაროში, რომლის შემადგენელ ნაწილად ყოფნაზეც იგი აქამდე უარს ამბობდა, რადგან თავის თავს ჩასჩიჩინებდა, რომ ეს მისი ცხოვრების მხოლოდ ხანმოკლე ნაწილი იყო, ფულის შოვნის საშუალება და მეტი არაფერი.
— დიახ, მე აღმოვაჩინე, რომ არსებობს მეძავობის არა ერთი, არამედ ორი ისტორია. პირველი შენც კარგად მოგეხსენება, იმიტომ რომ ეს შენი ისტორიაცაა: ლამაზი გოგონა, — მოძებნის ამა თუ იმ მიზეზს ან, შესაძლოა, მიზეზი პოულობს მას, — მიდის დასკვნამდე, რომ თავის გატანას იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ საკუთარ სხეულს გაყიდის. ზოგიერთი მათგანი ხალხების მბრძანებელიც კი გამხდარა, გავიხსენოთ თუნდაც მესალინა რომის მმართველი. სხვები ლეგენდარულ ფიგურებად ქცეულან, მაგალითად, გრაფინია დიუბარი. მესამენი თანაბრად უხდიდნენ ხარკს უნამუსობას და ავანტიურიზმს, როგორც სახელგანთქმული ჯაშუში მატა ჰარი. თუმცა უმრავლესობას არ უწერია სახელის მოხვეჭა. ისინი ყოველთვის დარჩებიან პროვინციელ გოგონებად, რომლებიც ეძებენ სახელს, ქმარს, მძაფრ განცდებს. სხვა რეალობის აღმოჩენისას რაღაც დროის მანძილზე ეჩვევიან მას და ჰგონიათ, რომ სიტუაციას აკონტროლებენ, მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ შეუძლიათ. 
აგერ უკვე სამი ათას წელზე მეტია, რაც მხატვრები ნახატებს ხატავენ, მოქანდაკეები ქანდაკებებს ქმნიან, მწერლები ნაწარმოებებს თხზავენ. ზუსტად ასევე მეძავები დროთა უკუნეთში აგრძელებენ თავიანთ ხელობას, თითქოს ამქვეყნად არაფერი შეცვლილაო. უფრო დაწვრილებით გინდა?
მარიამ დასტურის ნიშნად თავი დაუქნია. მას დროის მოგება სჭირდებოდა ტანჯვისა და ტკივილის არსის გასაცნობიერებლად. ამასთან, სულ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ სანამ ფეხშიშველი დადიოდა კენჭებზე, სიბილწისგან განწმენდა შეძლო.
— ცნობები მეძავების შესახებ გვხვდება ანტიკურ ტექსტებში, ძველ აღთქმასა და სახარებაში; მათზე წერდნენ ეგვიპტური იეროგლიფებითა და შუმერული ლურსმულით. თუმცა, ეს პროფესია ჩამოყალიბდა მხოლოდ ქრისტეს შობამდე VI საუკუნეში, როცა ძველბერძენმა კანონმდებელმა სოლონმა ბრძანა, გაეხსნათ საროსკიპოები, სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მოექციათ ისინი და ბაჟი აეკრიფათ „საკუთარი სხეულით მოვაჭრეთაგან". ათენელმა კაცებმა — ახლა მათ ბიზნესმენებს დავარქმევდით — გაიხარეს, რადგან ის, რაც ადრე აკრძალული იყო, ახლა ლეგალური გახდა. მეძავები კი იმ შენატანების მიხედვით, რომლებსაც ისინი იხდიდნენ, რამდენიმე კატეგორიად დაიყვნენ. ყველაზე იაფს — მხევალს, რომელიც დაწესებულების მეპატრონის საკუთრება იყო — „პორნაი" ერქვა. ერთი საფეხურით ზევით იდგა „პერიპათეტიკა", რომელიც კლიენტებს ქუჩაში ეძებდა. და ბოლოს, ყველაზე მაღლა იდგნენ ყველაზე ძვირფასები და ლამაზები — მათ „ჰეტერებს" ეძახდნენ, რაც ბერძნულად „თანამგზავრს" ნიშნავს, რადგანაც ისინი თან ახლდნენ ვაჭრებს მგზავრობისას, სტუმრობდნენ ძვირფას დუქნებს. მათ განკარგულებაში საკმაოდ დიდი ფული იყო. იძლეოდნენ რჩევებს და აქტიურად ერეოდნენ ათენის პოლიტიკაში. როგორც ხედავ, დღემდე არაფერი შეცვლილა.
შუა საუკუნეებში კი იმ დაავადებებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის...
მარია დუმდა, შიშობდა ამ სეირნობის გადამკიდე ავად არ გამხდარიყო, შესცქეროდა ცეცხლს, რომელიც ამჯერად მართლა საჭირო იყო, იგი მის ხორცსა და სულს ათბობდა. მას აღარ სურდა ამ ისტორიის მოსმენა, რომელიც ძალაუნებურად გაფიქრებინებდა, რომ სამყარო გაჩერდა, რომ ყველაფერი მეორდება და რომ ადამიანი ვერასოდეს განეწყობა სექსის მიმართ სათანადო პატივისცემით.
— არ გაინტერესებს?
მარიამ თავს ძალა დაატანა: ბოლოს და ბოლოს, მას ხომ გადაწყვეტილი ჰქონდა ამ კაცისთვის მიეძღვნა თავისი გული, თუმცა ახლა უკვე ორჭოფობდა.
— არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ეს ისედაც ვიცი. უინტერესოა და სევდიანი. შენ ამბობდი, რომ არის კიდევ მეორე ისტორიაც.
— მეორე ისტორია პირველის სრულიად საპირისპიროა: ეს არის წმინდა მეძავობა.
მარიამ თავისი მთვლემარე განცხრომა ჩამოიბერტყა და ყური დაუგდო. წმინდა მეძავობა? ფულის შოვნა სექსით და მიუხედავად ამისა ღმერთთან მიახლოება?
— ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ბაბილონის შესახებ წერდა: „იქ არის უცნაური ჩვეულება: შუმერში დაბადებული ყოველი ქალი ვალდებულია, ცხოვრებაში ერთხელ მაინც წავიდეს ქალღმერთ იშთარის ტაძარში და სტუმართმოყვარეობის ნიშნად თავისი თავი სიმბოლურ ფასად შესთავაზოს პირველივე შემხვედრს".
კარგი, მოგვიანებით გამოჰკითხავს ამ ქალღმერთის შესახებ. ალბათ, სწორედ ეს იშთარი დაეხმარა მას აღედგინა ის, რაც სამუდამოდ დაკარგული ეგონა. სირცხვილია, არაფერი იცოდე მის შესახებ.
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1061 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:06 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 66
სტუმარი: 66
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024