♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 5)
2:50 PM
პაოლო კოელიო -11 წუთი (თავი 5)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



* * *
მარიას ცხრამეტი წელი შეუსრულდა, სკოლა დაამთავრა, ფართლეულის მაღაზიაში გამყიდველად დაიწყო მუშაობა და ამ მაღაზიის მფლობელს შეუყვარდა, მაგრამ ამ დროისათვის ის უკვე სრულად ფლობდა მამაკაცებთან ურთიერთობის ხელოვნებას. მას არც ერთხელ არ მიუცია ამ კაცისათვის მოურიდებლად მოპყრობის უფლება, მაგრამ თავის სილამაზეში დარწმუნებული მუდმივად ახელებდა და აღაგზნებდა.
რა ძალა აქვს სილამაზეს? როგორ ცხოვრობენ ულამაზო ქალები? მარიას ჰყავდა რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ვერ ამჩნევდნენ წვეულებებზე. მათ არავინ ეკითხებოდა: „როგორაა საქმეები?" დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, ეს გონჯები ბევრად ნაკლებად აფასებდნენ მათთვის გაღებულ მცირედ სიყვარულს, უჩუმრად იტანჯებოდნენ უარყოფილები და ცდილობდნენ, მომავლის იმედით ეცხოვრათ, ცდილობდნენ, შეღებვისა და გამოპრანჭვის გარდა, კიდევ მოეძებნათ რაიმე, ვინმესათვის რომ მოეწონებინათ თავი. ისინი ბევრად უფრო დამოუკიდებელი იყვნენ და საკუთარ თავთან შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ, თუმცა, მარიას აზრით, სამყარო მათთვის აუტანელი უნდა ყოფილიყო.
თვითონ მარიამ კარგად იცოდა თავისი სილამაზის ძალა. და მიუხედავად იმისა, რომ დედის რჩევა-დარიგებებს, ჩვეულებისამებრ, ივიწყებდა, ერთი მათგანი მტკიცედ დაიმახსოვრა: „სილამაზე, შვილო, არ არის მარადიული". და ამიტომ იგი აგრძელებდა მაღაზიის მეპატრონესთან კატათაგვობანას თამაშს, არც ხელს ჰკრავდა საბოლოოდ და არც ზედმეტად დაახლოების უფლებას აძლევდა, რამაც შედეგად ხელფასის საგრძნობი ზრდა მოუტანა (მარიამ ხომ არ იცოდა, რამდენ ხანს შეძლებდა მის შეკავებას ლოგინში ჩაწვენის იმედით), რომ არაფერი ვთქვათ საზეგანაკვეთო ანაზღაურებაზე (ბოლოს და ბოლოს, მეპატრონეს სიამოვნებს, როცა ის მის სიახლოვესაა, თუმცა ეშინია, რომ ერთ საღამოსაც გავა მაღაზიიდან და დიდ, წმინდა სიყვარულს შეხვდება). მარიამ ზედიზედ ოცდაოთხ თვეს იმუშავა, მშობლებს ფული მისცა და, როგორც იქნა, აისრულა თავისი დიდი ხნის ნატვრაც. საკმარისი თანხა მოაგროვა იმისათვის, რომ ერთი კვირა თავისი ოცნების ქალაქში, ქვეყნის სავიზიტო ბარათად ქცეულ რიო-დე-ჟანეიროში გაეტარებინა, სადაც სახელგანთქმული ადამიანები და ვარსკვლავები ცხოვრობენ.
მაღაზიის მფლობელს მასთან ერთად წასვლა მოუნდა, დაჰპირდა, რომ ყველა ხარჯს თავის თავზე აიღებდა, მაგრამ მარიამ თავი დაიძვრინა, მოატყუა, თითქოს დედამისმა ერთადერთი და უსათუო პირობა წაუყენა: თუკი ის მაინცდამაინც მსოფლიოში ყველაზე სახიფათო ადგილას გამგზავრებას არ დაიშლიდა, ღამე უსათუოდ თავის ბიძაშვილთან, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატთან, უნდა გაეთენებინა.
— თანაც მაღაზია ვის უნდა დაუტოვოთ? თქვენ ხომ არა გყავთ ადამიანი, ვისაც ენდობით?
— შენობით მომმართე, — უთხრა მაღაზიის მფლობელმა და მარიამ მის თვალებში კარგად ნაცნობი ვნების ცეცხლი დაინახა. ამან გააოცა, ყოველთვის ეჩვენებოდა, რომ კაცს გონებაში მხოლოდ სექსი უტრიალებდა. ახლა კი მისი თვალები სულ სხვაზე მეტყველებდნენ: „მე შემიძლია, მოგცე სახლი, ოჯახი და ფული შენი მშობლებისათვის". ძალიანაც კარგი! ცეცხლის უფრო მეტად ასაგიზგიზებლად მარიამ კოცონში ფიჩხის დამატება გადაწყვიტა და თქვა, რომ ძალიან მოენატრება საყვარელი სამსახური და ის ადამიანები, რომელთაც ასე მიეჩვია (საგანგებოდ გამოთქვა თავისი აზრი ასე ბუნდოვნად: არა უშავს, ცოტა დაიტანჯოს, დაე, იმკითხაოს, შედის თუ არა ამ ადამიანთა რიცხვში). თან დაამშვიდა, რომ ფრთხილად იქნებოდა და საფულესა და ღირსებას არ დაკარგავდა. სინამდვილეში კი მას, უბრალოდ, უნდოდა, რომ არავის — არც ერთ ადამიანს მსოფლიოში! — არ დაერღვია მისი სრული თავისუფლების პირველი კვირა. ის ყველაფერს გააკეთებს, რაც მოეპრიანება — ოკეანეში იბანავებს, გამოელაპარაკება უცხო ადამიანებს, დაათვალიერებს მდიდრული მაღაზიების ვიტრინებს და შინაგანად მოემზადება მშვენიერ პრინცთან შესახვედრად, რომელიც სამუდამოდ თან წაიყვანს.
— ბოლოს და ბოლოს, რა არის ერთი კვირა? — იკითხა მან მომაჯადოებელი ღიმილით, — ისე გაივლის, ვერც კი შენიშნავ. მალე დავბრუნდები და შევუდგები ჩემი მოვალეობის შესრულებას.
უნუგეშოდ დარჩენილმა მეპატრონემ ერთი კი გაიბრძოლა, მაგრამ ბოლოს პოზიციები დათმო, რადგან ამ დროისათვის უკვე მტკიცედ გადაეწყვიტა: როდესაც მარია დაბრუნდებოდა, იგი მას ხელს სთხოვდა. თანაც არ უნდოდა, მის თვალში ზედმეტად დაჟინებული გამოჩენილიყო და ამით საქმე გაეფუჭებინა.
ორი დღე-ღამე ავტობუსში — და მარია უკვე კოპაკაბანას მესამეხარისხოვან სასტუმროში იყო (ო, კოპაკაბანა, ო, ეს ზღვა, ო, ეს ცა!..). ჩემოდნები არც კი ამოულაგებია, მხოლოდ გამომგზავრების წინ ნაყიდი ბიკინი ამოიღო, ჩაიცვა და, მოღრუბლულობის მიუხედავად, პლაჟზე გაიქცა. ზღვას შეხედა თუ არა, შიშმა შეიპყრო და მიუხედავად იმისა, რომ სირცხვილით იწვოდა, მაინც შევიდა წყალში.
პლაჟზე არავის შეუმჩნევია, როგორ მოხდა ამ გოგონას პირველი შეხვედრა ოკეანესთან, წყლის დედოფალ იემანჟასთან, წყლის დინებებთან, ტალღების ქაფთან და, შესაბამისად, — ატლანტიკის მოპირდაპირე მხარეს მდებარე ლომებით სავსე აფრიკის ნაპირთან. წყლიდან გამოსვლისთანავე მასზე სამმა კაცმა მიიტანა იერიში: ვიღაც ქალმა მისთვის „ნატურალური პროდუქტებისგან" დამზადებული სენდვიჩის მიყიდვა სცადა, შავკანიანმა ჯეელმა საღამოს გასეირნება შესთავაზა, რასაკვირველია, თუ მარია თავისუფალი იქნებოდა, ხოლო ბატონმა, რომელმაც პორტუგალიურად არც ერთი სიტყვა არ იცოდა, ჟესტების ენაზე ქოქოსის რძეზე დაპატიჟა.
მარიამ სენდვიჩი იყიდა, რადგან უარის თქმა, უბრალოდ, მოერიდა, მაგრამ დანარჩენ ორთან საუბარს თავი აარიდა. თუმცა, ნელ-ნელა დადარდიანდა: რატომ მოიქცა ასე სამარცხვინოდ, მას ხომ ყველაფრის გაკეთება შეუძლია, რაც მოეპრიანება?! თავის საქციელს ვერავითარი ახსნა ვერ მოუძებნა და ბოლოს გაკვირვებულმა როგორც თავისი გამბედაობით, ასევე შუა ზაფხულისათვის სრულიად შეუფერებლად ცივი წყლით, გადაწყვიტა, დარჩენილიყო პლაჟზე და ღრუბლებიდან მზის გამოჩენას დალოდებოდა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1020 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 9:17 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024