რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
და კიდევ მარტოობისა შეეშინდა. და მოიფიქრა: „მოდი, კაკანათს დავუგებ, მეორედ რომ მოფრინდება". ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება. ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მეგობრებსაც აჩვენებდა, რომლებიც ეუბნებოდნენ: „ახლა შენ ყველაფერი გაქვს". მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო და რაც მისი მოტყუება და მოშინაურება აღარ იყო საჭირო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაუქრა. ჩიტი კი, მას შემდეგ, რაც აღარ დაფრინავდა, არადა მისი ყოფის არსი სწორედ ეს იყო, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა და ქალი საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საკენკი არ გამოლეოდა და გალია დასუფთავებული ჰქონოდა. ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზე ფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული, არამედ ღრუბლებში მონავარდე, სწორედ ისეთი, როგორიც პირველად ნახა. ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და მისი გაშლილი ფრთების სიძლიერემ. ჩიტის გარეშე ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სიკვდილმაც მიუკაკუნა კარზე. „რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა მას ქალმა. „იმისათვის, რომ შენ კვლავ იფრინო ცაში შენს ჩიტთან ერთად, — მიუგო სიკვდილმა, — მისთვის შენი დატოვებისა და უკან დაბრუნების ნება რომ მიგეცა, ახლა უწინდელზე მეტად გეყვარებოდა და აღფრთოვანებული იქნებოდი. ახლა კი მის კვლავ ხილვას ჩემს გარეშე ვეღარაფრით შეძლებ".
დღე მარიამ იმითი დაიწყო, რისთვისაც მთელი ამ ხანგრძლივი თვეების მანძილზე ემზადებოდა: წავიდა ტურისტულ სააგენტოში და იყიდა ბილეთი ბრაზილიაში სწორედ იმ დღეს მიმავალ თვითმფრინავზე, რომელიც კალენდარში ჰქონდა აღნიშნული. მხოლოდ ორი კვირა რჩებოდა ევროპაში საცხოვრებლად. ეს ორი კვირაც მალე გავა და ჟენევა იმ კაცის სახედ დარჩება, რომელიც მარიას უყვარდა და რომელსაც უყვარდა მარია. ბერნის ქუჩა გადაიქცევა უბრალოდ შვეიცარიის დედაქალაქის პატივსაცემად სახელდებულ ქუჩად. გაიხსენებს თავის ბინას, ტბას, ფრანგულ საუბარს და ყველა იმ გიჟობას, რაც კი შეიძლება დაატრიალოს Gოცდასამი წლის (ხვალ შეუსრულდება) გოგომ, სანამ არ მიხვდება, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. არა, ის არ შეუდგება ჩიტის დაჭერას, მის შეტყუებას ბრაზილიაში. რალფ ჰარტი — ეს არის ის ერთადერთი, ჭეშმარიტად სუფთა, რაც მას შეემთხვა. ეს ფრინველი ლაღად ფრენისთვის არის გაჩენილი. დაე, ტკბილი სევდით გაიხსენოს მან ის დრო, როცა მის გვერდით ვიღაცის გაშლილი ფრთებიც მიაპობდნენ სივრცეს. მარიაც ხომ ფრინველია და თუ რალფ ჰარტი გვერდით ეყოლება, არასოდეს დაავიწყდება „კოპაკაბანაში" გატარებული დღეები. ამ დღეებმა ხომ ჩაიარა, გაქრა, წარსულს ჩაბარდა. მარიამ გადაწყვიტა, რომ, როდესაც განშორების ჟამი დადგება, მხოლოდ ერთხელ იტყვის „მშვიდობით" და ყოველ წუთს არ დაიტანჯავს თავს, როცა კი მოაგონდება, რომ მალე აქ აღარ იქნება. და ამიტომაც, ფიქრების გასაქარვებლად, დილიდანვე ჟენევის ქუჩებს გაუყვა, ვითომც აქ არაფერიაო, თითქოს მეორედ მოსვლამდე წმინდა იაკობის გზაზე, მონბლანის ხიდზე, ამ ქუჩებსა და მოედნებზე სიარული უწერიაო. უცქერდა, როგორ დასრიალებდნენ წყლის თავზე თოლიები, როგორ ალაგებდნენ დახლებზე საქონელს მოვაჭრეები, როგორ მიდიოდნენ კანტორებიდან გამოსული მომსახურეები სასადილოდ. ვაშლს მიირთმევდა. ტკბებოდა გემოთი და ფერით. ხედავდა, როგორ ეშვებოდნენ თვითმფრინავები, როგორ ამოდიოდა ტბის შუაგულიდან ცისარტყელას ფერებით მოელვარე წყლის სვეტი, როგორ მოიცავდა ხოლმე მორიდებული, ფარული სიხარული ყველას, ვინც გვერდზე ჩაუვლიდა, ვინც მისკენ მიემართებოდა. იჭერდა მისკენ მიმართულ დაინტერესებულ ან გულგრილ მზერას, ანდა არაფრის გამომხატველ მზერას. თითქმის მთელი წელი იცხოვრა ამ პატარა ქალაქში, რომელიც ნებისმიერ სხვა ქალაქს ჰგავს. რამდენი ასეთი ქალაქია მსოფლიოში? რომ არა მისი შენობების უცნაური არქიტექტურა და უთვალავი ბანკის აბრები, სავსებით შესაძლებელი იყო, თავი ბრაზილიის პროვინციაში ჰგონებოდა. რა, არა? ბაზრობა არის. ბაზარი არის. ოჯახის დიასახლისები გამყიდველებს ევაჭრებიან. სკოლიდან გამოპარული მოსწავლეები, რომლებმაც მოიტყუეს, რომ დედა-მამა ჰყავთ ავად და ახლა მდინარის პირას კოცნაობენ. აქ არის ხალხი, რომელიც ისე გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. არის უცხო ხალხიც. არის გაზეთები, რომლებიც სხვადასხვა სკანდალურ ამბავს გვაუწყებს და არის რესპექტაბელური ჟურნალები საპატიო ბიზნესმენთათვის, რომლებიც, როგორც ეტყობა, მხოლოდ იმ გაზეთებს კითხულობენ, სკანდალურ ამბებს რომ აშუქებენ. მარია ბიბლიოთეკისაკენ გაემართა საკარმიდამო მეურნეობის სახელმძღვანელოს ჩასაბარებლად. ამ წიგნიდან ერთი სიტყვაც ვერ გაიგო, მაგრამ ეს არ იყო მთავარი იმ წუთებში, როცა ეჩვენებოდა, რომ საკუთარ თავზე და თავის ბედზე კონტროლი დაკარგა; წიგნი ახსენებდა იმ მიზანს, რომელსაც ესწრაფოდა. სურათების გარეშე, გრაფიკებითა და სქემებით აჭრელებული, მაგარ ყვითელ ყდაში ჩასმული წიგნი მისი უტყვი თანამგზავრი იყო, უფრო მეტიც, გასული კვირების წყვდიადში მოკიაფე გზამკვლევი ვარსკვლავი. შენ სულ მომავლის გეგმებს აწყობდი, — ეუბნებოდა ის თავის თავს, — და სინამდვილე მუდამ თავზარს გცემდა. მარიას აზრით, საკუთარი თავი ჰპოვა დამოუკიდებლობის, სასოწარკვეთის, ტანჯვის წყალობით, ჰპოვა და უმალ სიყვარულს შეეჯახა. კარგი იქნებოდა — ეს ბოლო ყოფილიყო. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ მისი კოლეგები ზოგჯერ ჰყვებოდნენ, როგორ ისიამოვნეს ამა თუ იმ კაცთან, ლაპარაკობდნენ რაღაც არამიწიერ ნეტარებაზე, რომელსაც ხანდახან განიცდიდნენ, მაშინ როცა მარია ბოლომდე გულგრილი დარჩა სექსის მიმართ. მან ვერ გადაჭრა ეს პრობლემა და ჩვეულებრივი შერწყმისას ორგაზმს ვერა და ვერ მიაღწია. ამიტომაც სქესობრივი აქტი მისთვის იმდენად უფერულ და გულგრილ საქმედ იქცა, რომ საეჭვოა, ოდესმე მასში ეპოვა ის სიფიცხე, სიმხურვალე და სიხარული, რომელსაც ეძებდა და რომელიც სწყუროდა. მაგრამ დროდადრო მარია მაინც ფიქრობდა, იქნებ არ ტყუიან მისი მშობლები და რომანტიკული წიგნები, უსიყვარულოდ არავითარი სიამოვნება ლოგინში არ არსებობსო. ბიბლიოთეკარი ქალი, რომელიც მარიას თავის ერთადერთ მეგობრად მიაჩნდა, თუმცა ამის შესახებ არასოდეს უთქვამს, კარგ გუნებაზე დახვდა. სწორედ შესვენების დრო იყო, მაგრამ მარიამ უარი თქვა შეთავაზებულ სენდვიჩზე, სულ ახლახან ვისაუზმეო. — საკმაოდ დიდხანს სწავლობდით ამ წიგნს. — და მაინც ვერაფერი გავიგე. — გახსოვთ, ერთხელ რა მთხოვეთ? მარიას, ცხადია, არ ახსოვდა, მაგრამ ბიბლიოთეკარის სახეზე აღბეჭდილმა ეშმაკურმა ღიმილმა მიახვედრა, რაზე იყო საუბარი. რა თქმა უნდა, სექსზე. — ოდესღაც ამ სახის ლიტერატურისათვის მოხვედით. მე გადავწყვიტე მომეძია ყველაფერი, რაც კი გაგვაჩნდა ამ თემაზე. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბევრი არაფერი გვქონდა და გავაგზავნე შეკვეთა, რადგანაც ჩვენ ვალდებული ვართ, ვიზრუნოთ ახალგაზრდების განათლებაზე. მაშინ მათ ამის სწავლა არ მოუწევთ ყველაზე უარესი ხერხით — მეძავებისაგან. ბიბლიოთეკარმა კუთხეში მოქუჩებულ ყავისფერ ქაღალდში საგულდაგულოდ შეფუთულ წიგნების შეკვრაზე მიუთითა. — ჯერ გარჩევა ვერც კი მოვასწარი. მხოლოდ გადავათვალიერე და გამაოგნა იმან, რაც ვნახე. აჰა, დაიწყო, შემიძლია წინასწარ ვთქვა, რაზე იქნება საუბარი — აკრობატულ პოზებზე, სადომაზოხიზმზე და სხვაზე. ჯობია, მოუბოდიშოს, თქვას, ვითომ სამსახურში ეჩქარება (თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია სამუშაო ადგილი — ბანკი ან რომელიმე მაღაზია; მოტყუება მომქანცველი საქმეა, აქ მთავარია, არაფერი აგერიოს). მარიამ მადლობა გადაუხადა და წასასვლელად მოემზადა, მაგრამ ბიბლიოთეკარი არ ეშვებოდა: — თქვენც გაოგნებული დარჩებით. აი, მაგალითად, იცით, რომ კლიტორი სულ ახლახან აღმოაჩინეს? აღმოაჩინეს? ახლახან? წინა კვირას არ იყო, რომ ვიღაც ეხებოდა მისი სხეულის ამ ნაწილს და სიბნელის მიუხედავად ისე სწრაფად და ოსტატურად იპოვა, რომ ეჭვგარეშეა: ეს ადგილი მისთვის კარგად იყო ცნობილი. — მისი არსებობა ოფიციალურად 1559 წელს აღიარეს, მას მერე, რაც ექიმმა რეალდო კოლუმბომ გამოსცა წიგნი „Dე რე ანატომიკა". მანამდე კი, ჩვენი წელთაღრიცხვის ათას ხუთასი წლის განმავლობაში, მის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. კოლუმბომ აღწერა იგი თავის გამოკვლევაში და მას „ლამაზი და სასარგებლო ორგანო" უწოდა.G წარმოგიდგენიათ? ორივეს გაეცინა. — ხოლო ორი წლის შემდეგ, 1561 წელს, Gმეორე მედიკოსმა, გაბრიელე ფალოპიომ, განაცხადა, რომ ამ აღმოჩენის პატივი მას ეკუთვნის. არა, წარმოგიდგენიათ, რა ხდება?! ორი მამაკაცი (რა თქმა უნდა, იტალიელები, ბურთიც და მოედანიც მათია!) დაობს იმაზე, თუ პირველმა ვინ გახადა საზოგადოებისთვის ცნობილი კლიტორის არსებობა.
|