♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 45)
6:17 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 45)

რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

— დღეს შენს მაჯებზე ხელბორკილების კვალი შევნიშნე.
ხელბორკილები! მათი დაფარვის მიზნით რამდენიმე სამაჯური გაიკეთა — არ უშველა: გამოცდილი თვალი აუცილებლად შეამჩნევს ყველაფერს, რაც მას სჭირდება.
— და აი, რას გეტყვი: თუ ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ გამოსცადე, გაიძულებს, ეს ნაბიჯი გადადგა, მე ვერ შეგაჩერებ, მაგრამ იცოდე, ამ ყველაფერს საერთო არაფერი აქვს ჭეშმარიტ ცხოვრებასთან.
— რაზე ლაპარაკობ?
— ტკივილსა და სიამოვნებაზე. სადიზმსა და მაზოხიზმზე. რაც გინდა დაარქვი. მაშ ასე, თუ უწინდებურად დარწმუნებული ხარ, რომ სწორედ ეს არის შენი გზა, მე დავიტანჯები. მე მომაგონდება ჩემი სურვილი, ჩვენი შეხვედრები, როგორ მივუყვებოდით წმინდა იაკობის გზას, მომაგონდება ის შუქი — შენგან რომ მოდიოდა. მე შევინახავ სადმე შენს კალამს და ბუხრის ყოველი დანთებისას გაგიხსენებ. და, რა თქმა უნდა, შენთან შეხვედრას თავს ავარიდებ.
მარია შეშინდა, მიხვდა, რომ უკან დახევის დრო იყო, დრო იყო, სიმართლე ეთქვა და აღარ ეთვალთმაქცა, თითქოს მასზე მეტი იცის.
— ცოტა ხნის წინ, უფრო სწორად, გუშინ მე გამოვცადე ისეთი რამ, რაც ცხოვრებაში არასოდეს გამომიცდია. მე მეშინია, რომ ვარდნის უკიდურეს ზღვრამდე მისვლისას შეიძლება, საკუთარ თავს შეხვდე.
მარიას ლაპარაკი უჭირდა, სიცივისაგან კბილებს აკაწკაწებდა და შიშველი ფეხებიც სტკიოდა.
— ჩემს გამოფენაზე, რომელიც ქალაქ კუმანოში გაიმართა, გამოჩნდა ვინმე ტყისმჭრელი, — განაგრძო რალფმა, თითქოს მისი ნათქვამი არც გაუგიაო, — მას ჩემი ნახატები არ მოეწონა, მაგრამ მათი მეშვეობით გამოიცნო ის, რითაც მე ვცოცხლობ, რასაც ვგრძნობ. მეორე დღეს ჩემთან სასტუმროში მოვიდა და მკითხა, ბედნიერი ვარ თუ არა. თუ ვარ, შემიძლია, გავაგრძელო იმის კეთება, რაც მომწონს, თუ არა — უნდა წავყვე და მასთან რამდენიმე დღე გავატარო.
მან მაიძულა, ისევე, როგორც ახლა მე გაიძულებ შენ, ფეხშიშველს გამევლო წვეტიან ქვებზე. მაიძულა, სიცივისაგან გავტანჯულიყავი. მაიძულა, გამეგო ტკივილის მშვენიერება, რომელსაც გაყენებს ბუნება და არა ადამიანი. ამ ათასწლოვან გამოცდილებას შუგენ-დო ჰქვია.
კიდევ მითხრა, რომ ცხოვრობდა ამქვეყნად ადამიანი, რომელსაც ტკივილისა არ ეშინოდა, და ეს კარგი იყო, რადგანაც იმისათვის, რომ ფლობდე სულს, ჯერ უნდა ისწავლო საკუთარი სხეულის ფლობა. კიდევ მითხრა, რომ მე ტკივილს არასწორად ვიყენებ და ეს ცუდია, ძალიან ცუდი.
ის რომ, გაუთლელი ტყისმჭრელი ფიქრობდა, რომ უკეთ მიცნობს, ვიდრე მე ვიცნობდი საკუთარ თავს, ძალიან მაღიზიანებდა და იმავდროულად სიამაყით მავსებდა. ესე იგი, ჩემს ნახატებს შეუძლიათ, სრულად გადმოსცენ ის, რასაც მე ვგრძნობ.
ბასრმა კენჭმა ფეხზე კანი გადაუსერა, მაგრამ სიცივე ტკივილზე ძლიერი იყო და მარიას სხეულმა თითქოს მიიძინა, ის ძლივსღა ადევნებდა გულისყურს რალფის აზრთა მსვლელობას. ამქვეყნად ყველას რატომ აინტერესებს მხოლოდ ტკივილი, რომელსაც ისინი მარიას აყენებენ?! წმინდა ტკივილი... სიამოვნების ტკივილი... ტკივილი განმარტებებით და მათ გარეშე, მაგრამ უცვლელად და მუდამ მხოლოდ ტკივილი, ტკივილი, ტკივილი...
გაჭრილ ფეხში ახლა სხვა ქვა შეესო და თავი ძლივს შეიკავა, რომ არ დაეყვირა. თავიდან მთელი ძალით ცდილობდა, სიმტკიცე შეენარჩუნებინა, შეენარჩუნებინა ძალაუფლება საკუთარ თავზე — ყველაფერი ის, რასაც რალფი „შუქს" ეძახდა. მაგრამ თანდათან სულ უფრო უჭირდა სიარული, თავბრუ ეხვეოდა და გული ერეოდა. ხომ არ გავჩერდე, ეს ყველაფერი ხომ უაზრობაა, გაიფიქრა მან, მაგრამ არ გაჩერებულა.
არ გაჩერდა, იმიტომ, რომ თავმოყვარე იყო. იმდენს ივლიდა ფეხშიშველი, რამდენიც საჭიროა. უსასრულოდ ხომ არ გაგრძელდებოდა ეს გზა.
უეცრად კიდევ ერთმა აზრმა გაუელვა: რა იქნება, ხვალ რომ ვერ შეძლოს „კოპაკაბანაში" მისვლა, დასისხლიანებული ფეხების ან სულაც გაციების გამო? და წარმოიდგინა კლიენტები, რომლებიც ტყუილად დაუწყებენ ლოდინს, მილანი, რომელიც ასე ენდობა, ფული, რომელსაც ვერ მიიღებს, ფაზენდა და მისით ამაყი მშობლები. მაგრამ ტანჯვამ დაჩრდილა ეს ფიქრები და მარია ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, მხოლოდ ერთს ნატრობდა, იქნებ რალფ ჰარტს შეემჩნია, რა არაადამიანურ ძალისხმევად უჯდებოდა ეს და ეთქვა: აბა, გეყოფა, ჩაიცვი ფეხსაცმელი.
მაგრამ რალფი გულგრილი და შორეული ჩანდა, ის თითქოს ფიქრობდა, რომ მხოლოდ ასე შეძლებდა მარიას გათავისუფლებას იმისგან, რამაც ასე მიიზიდა და მოხიბლა. მოხიბლა და თან გაცილებით მკვეთრი კვალი დააჩნია, ვიდრე ფოლადის ხელბორკილებმა. მარია კი, თუმცა იცოდა, რომ რალფს დახმარება უნდოდა, ცდილობდა დაეძლია საკუთარი თავი, არ დანებებოდა და დაენახვებინა ნათელი თავისი ნებისყოფისა, თავისი ძალისა, ისე იტანჯებოდა ტკივილისაგან, რომ არაფერი, ტკივილის გარდა, უკვე აღარ რჩებოდა. ტკივილმა დაჩრდილა ყველა აზრი, ამაღლებულიც და მდაბალიც, შეავსო მთელი სივრცე, თან აშინებდა მას და აიძულებდა ეფიქრა, რომ არსებობს ზღვარი, რომლის მიღწევასაც მარია ვერ შეძლებდა.
და მაინც გადადგა ნაბიჯი.
კიდევ ერთი ნაბიჯი.
ეჩვენებოდა, რომ ტკივილი სულში ჩაეღვარა, აავსო და დაასუსტა, ერთია პატარა სპექტაკლის გათამაშება ჩინებული ოტელის ნომერში, სადაც მაგიდაზე ხიზილალა და არაყი აწყვია, ხოლო შენს გადაშლილ ფეხებს შორის შოლტის ტარი დასრიალებს და სულ სხვაა სიცივეში წვეტიან კენჭებზე ფეხშიშველა სიარული. მარია გაოგნებული იყო. მას რალფისათვის ერთი სიტყვის თქმის ძალაც კი არ შესწევდა, ახლა მთელი მისი სამყარო შედგებოდა ამ პატარა ბასრი კენჭებისაგან, რომლითაც მოფენილი იყო ბილიკი.
და როდესაც ფიქრობდა, რომ მეტს ვეღარ გაუძლებდა და დანებდებოდა, საოცარმა გრძნობამ მოიცვა: ის აღმოჩნდა ნაპირზე, ზღვარზე, რომლის იქითაც ცარიელი სივრცე იყო და სადაც ის ირაოს უვლიდა საკუთარ თავს. მას თავისი გრძნობებისა აღარა ესმოდა რა. მაგრამ განა ამას განიცდიდნენ თვითგვემის დროს „მონანულნი"? ტკივილის საპირისპირო პოლუსზე გაიხსნა სხვა გასასვლელი, ცნობიერებისაგან განსხვავებულ დონეზე, და აღარ დარჩა ადგილი სხვა რამისათვის, გარდა ულმობელი ბუნებისა და თვითონ მისი, დაუძლეველი მარიასი.
მის გარშემო ყველაფერი სიზმრად გადაიქცა: ეს მქრქალად განათებული ბაღი, ტბის მუქი ზედაპირი, მისი მდუმარე თანამგზავრი და რამდენიმე გამვლელი, რომლებმაც ყურადღებაც კი არ მიაქციეს იმას, რომ ფეხშველაა და ძლივს მიაბიჯებს. სიცივისაგან თუ ტანჯვისაგან — მარიამ უეცრად სხეულის შეგრძნება დაკარგა, აღმოჩნდა მდგომარეობაში, სადაც არ არსებობს არც სურვილები, არც შიში, საერთოდ არაფერი, გარდა რაღაც იდუმალი... დიახ, იდუმალი სიმშვიდისა. თურმე, ტკივილი — ეს არ არის ბოლო ზღვარი: მას უფრო შორს წასვლაც შესძლებია.
მარიამ გაიფიქრა იმათზე, ვისაც არ უნდოდა ტანჯვა და მაინც იტანჯებოდა. ის კი პირიქით მოიქცა, მაგრამ ამას ახლა აღარ ჰქონდა არავითარი მნიშვნელობა. მარია გამოიჭრა თავისი ხორციელი ფარგლებიდან, სხეულის საზღვრებს გადააბიჯა და მას დარჩა მხოლოდ სული, „შუქი", გარკვეული სივრცე, ოდესღაც ვიღაცის მიერ სამოთხედ წოდებული. არსებობს ისეთი ტანჯვა, რომლის დავიწყება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოახერხებ აუტანელი ტკივილის დაძლევას, უფრო სწორად, მასზე ამაღლებას.
ბოლოს ისღა ახსოვდა, რომ რალფმა თავისი პიჯაკი მოახვია და ხელში აიტაცა. ეტყობა, სიცივისაგან გრძნობა დაკარგა, მაგრამ ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა. მარია კმაყოფილი იყო, მას არაფრის ეშინოდა. მან გაიმარჯვა. მან თავი არ დაიმცირა ამ ადამიანის წინაშე.


წუთები საათებად იქცა და მარიას მის მკლავებში დაეძინა. როცა გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თეთრ, ცარიელ საწოლზე იწევა და კუთხეში მდგარი ტელევიზორის გარდა სხვა არაფერი არ იყო ოთახში.
გამოჩნდა რალფი ცხელი შოკოლადით სავსე ფინჯნით ხელში.
— ყველაფერი კარგადაა, — თქვა მან, — შენ მოხვედი იქ, სადაც გინდოდა დაბრუნება.
— არ მინდა შოკოლადი, ღვინო მინდა. და იქ მინდა, ქვევით, ჩვენს ოთახში, სადაც წიგნებია მიმოფანტული და ბუხარი ანთია.
როგორ წამოსცდა, თითქოს თავისთავად აღმოხდაო — „ჩვენი ოთახი".
ტერფებზე დაიხედა — პატარა ჭრილობა და რამდენიმე ნაკაწრი. ორიოდე საათში მათი კვალიც კი აღარ იქნებოდა. მარია გაჭირვებით ჩამოდიოდა საფეხურებზე. თავისი კუთხისაკენ მიიწევდა, ხალიჩაზე, ბუხრის წინ. ის ხვდებოდა, რომ ყველაზე კარგად თავს სწორედ აქ გრძნობდა: აი, მისი ადგილი ამ სახლში.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1076 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 1:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024