რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი მე ვარ პატივცემული და მოძულებული მე ვარ მრუში და წმინდანი მე ვარ ცოლი და ქალწული მე ვარ დედა და შვილი მე ჩემი დედის ხელები ვარ მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს მოგვცემს შთამომავლობას მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს მე ვარ ქმარი და ცოლი და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი მე მამაჩემის დედა ვარ მე ჩემი ქმრის და ვარ თაყვანი მეცით მარად, რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.
ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში
იმ ოცდათვრამეტი ქალიდან, რეგულარულად რომ დადიოდა „კოპაკაბანაში", მხოლოდ ერთის, ფილიპინელი ნიას მიმართ გაუჩნდა მეგობრობის მსგავსი გრძნობა. იქ საშუალოდ ექვსი თვიდან სამ წლამდე მუშაობდნენ. ამ ხნის განმავლობაში ქალი ან თხოვდებოდა, ან მუდმივ საყვარელს პოულობდა, ან, როგორც ამბობენ, ტირაჟში გადიოდა, ანუ კლიენტებს ვეღარ იზიდავდა. ასეთ შემთხვევაში მილანი დელიკატურად სთხოვდა მას, სხვა სამუშაო მოეძებნა. და რადგან მეგობრობა არავისთან არ აკავშირებდა, არ შეიძლებოდა კოლეგებისათვის გზა გადაეჭრა და მათთვის მუდმივი კლიენტები წაერთმია, რომლებიც შემოსვლისთანავე წინასწარ არჩეული გოგონასკენ მიემართებოდნენ. ეს არა მარტო უწესობა იქნებოდა, არამედ საშიშიც: სულ რაღაც ერთი კვირის წინ ერთი კოლუმბიელი გოგონა მიუჯდა იუგოსლავიელ კოლეგას, ჩანთიდან სამართებლის პირი ამოიღო, კოხტად ჩამოდო მისი ჭიქის პირზე და უნაზესი ხმით აუწყა, რომ სახეს დაუსერავს, თუ კიდევ ერთხელ მიიღებს მიწვევას ვინმე ბანკის დირექტორისაგან, რომელიც შესაშურად ხშირად დადიოდა „კოპაკაბანაში". იუგოსლავიელმა მიუგო, რომ ბანკირი თავისუფალი ადამიანია და თუ ის აირჩია, უარს ვერ ეტყვის. იმავე საღამოს დირექტორი შემოვიდა „კოპაკაბანაში", კოლუმბიელს თავი დაუკრა, მაგრამ იუგოსლავიელის მაგიდას მიუჯდა. მათ დალიეს, იცეკვეს და (მარიამ ჩათვალა, რომ ეს უკვე მეტისმეტი იყო) იუგოსლავიელმა თვალი ჩაუკრა მეტოქეს, თითქოს ამბობდა: „ხედავ? მან მე ამირჩია!" სინამდვილეში ეს თვალის ჩაკვრა კიდევ მრავალი შინაარსის მატარებელი იყო: მე იმიტომ ამირჩია, რომ უფრო ლამაზი ვარ, იმიტომ, რომ წინა კვირასაც ჩემთან იყო და ძალიან მოეწონა. კოლუმბიელმა არაფერი არ უპასუხა. როცა იუგოსლავიელი გოგონა ორიოდე საათის შემდეგ უკან დაბრუნდა, კოლუმბიელი გვერდით მიუჯდა, სამართებელი იშიშვლა და ლოყაზე, ყურთან ახლოს დაუსვა. ჭრილობა ღრმა არ იყო, სიცოცხლისათვის საფრთხეს არ წარმოადგენდა, მაგრამ პატარა შრამს კი დაუტოვებდა, სწორედ ისეთს, როგორც ამ საღამოს სამუდამოდ დაამახსოვრებდა. სისხლმა იფეთქა, ქალები ერთმანეთს სწვდნენ, დამფრთხალი კლიენტები წამოიშალნენ და გასასვლელს მიაშურეს. პოლიცია საქმის გასარკვევად მოვიდა, მაგრამ სერბმა უთხრა, რომ დახლიდან გადმოვარდნილი ჭიქის ასხლეტილმა ნამსხვრევმა გაუჭრა სახე. ასეთი იყო დუმილის კანონი ან, როგორც იტალიელი მეძავები ეძახდნენ, — „ომერტა". ბერნის ქუჩაზე წამოჭრილი ყველა დავა და ჩხუბი შინაურ წრეში უნდა მოგვარებულიყო, ხელისუფლების ჩაურევლად. ხელისუფლებას და კანონს აქ თვითონ წარმოადგენენ. პოლიციელები ამის შესახებ ინფორმირებულნი იყვნენ და ხვდებოდნენ, რომ სერბი გოგონა ტყუოდა, მაგრამ გამოძიება აღარ დაუწყიათ, რადგანაც ბოროტმოქმედის დაკავება და ციხეში მისი შენახვა ძალიან ძვირი დაუჯდებოდათ შვეიცარიელ გადასახადების გადამხდელებს. მილანმა მადლობა გადაუხადა პოლიციელებს ოპერატიულობისათვის, აუხსნა, რომ გაუგებრობა მოხდა, თუმცა რომელიმე კონკურენტის მიერ დაგეგმილი ინტრიგაც არ გამორიცხა. როგორც კი პოლიციელები წავიდნენ, მეტოქეებს მიუბრუნდა და უთხრა, რომ ამიერიდან ორივესთვის „კოპაკაბანას" კარი დაკეტილია, რომ ეს ოჯახური დაწესებულებაა (მარიას ეს პირველად არ სმენოდა, მაგრამ ყოვლად წარმოუდგენლად ეჩვენებოდა), რომელიც საგულდაგულოდ უფრთხილდება თავის რეპუტაციას (ესეც ფრიად დამაფიქრებელი იყო) და აქ არ უნდა იმართებოდეს არავითარი ჩხუბი, რადგან პირველი წესი გვამცნობს: არჩევანი კლიენტზეა, კლიენტი კი ყოველთვის მართალია. მეორე წესი სრულ კონფიდენციალობას მოითხოვს (მილანის სიტყვებით — „როგორც შვეიცარიულ ბანკში"). „კოპაკაბანას" კლიენტები მისი სრული ნდობით სარგებლობენ, რადგან ისეთსავე გადარჩევას გადიან, როგორსაც — ბანკში, რომელიც შეისწავლის კლიენტის არა მარტო მიმდინარე ანგარიშს, არამედ მთელ მის საკრედიტო ისტორიას. დროდადრო უსიამოვნებებიც ხდებოდა: ზოგი ფულს არ იხდიდა, ზოგი გოგონებს ემუქრებოდა, ზოგი აგრესიული იყო, მაგრამ მთელი იმ წლების მანძილზე, როცა მილანი რუდუნებით ქმნიდა „კოპაკაბანას" პატიოსან სახელს, მან ისწავლა, ერთი შეხედვით ამოეცნო ისინი, ვისაც დაწესებულებაში არაფერი ესაქმებოდა. ვერავინ ხვდებოდა, თუ რა კრიტერიუმებით სარგებლობდა იგი. არაერთხელ ყოფილა, რომ რომელიღაც შესახედავად რესპექტაბელურ ბატონს ეუბნებოდნენ, დღეს თავისუფალი ადგილები არ არის (თუმცა ადგილები თავზე საყრელად იყო) და ხვალაც არ იქნებაო (ეს ასე უნდა გაგეგო: „წადით და აღარ დაბრუნდეთ"), იმ დროს, როცა დაუდევრად ჩაცმულ, გაუპარსავ ადამიანს, როგორც ახლობელს, ისე იღებდნენ და არაჩვეულებრივი გულითადობით ჭიქა შამპანურით უმასპინძლდებოდნენ. „კოპაკაბანას" პატრონი ხალხს გარეგნობით არ აფასებდა და, საბოლოო ჯამში, ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ორივე მხარე კმაყოფილი რჩებოდა ერთმანეთით. კლიენტების უმრავლესობა ცოლიანი იყო და საზოგადოებაში თვალსაჩინო ადგილი ეჭირა. „პერსონალიდანაც" ზოგი გათხოვილი იყო, ზოგს შვილები ჰყავდა, ასე რომ, დროდადრო მშობელთა კრებებსაც ესწრებოდა და სულაც არ ეშინოდა, რომ იქ შეიძლებოდა, კლიენტი შეხვედროდა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის ხმას არ ამოიღებდა, საკუთარი თავის კომპრომეტირებას ვერ გაბედავდა. აი, ასეთი ურთიერთთავდებობის სისტემა მოქმედებდა. გოგონებს შორის სავსებით ამხანაგური ურთიერთობა არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებული სიახლოვე არ შეინიშნებოდა. საკუთარ თავზე ძუნწად ყვებოდნენ. კოლეგებთან იშვიათი საუბრების დროს მარიამ ვერც ერთხელ ვერ შენიშნა სიმწრის, ბრალეულობის ან სევდის ნოტი, გოგონები თავიანთ ცხოვრებას, როგორც მოცემულობას, ისე აღიქვამდნენ და უდრტვინველად ხვდებოდნენ მას. ამას გამოწვევის მსუბუქი ელფერიც დაჰკრავდა — ისინი თითქოს ამაყობდნენ საკუთარი ბედით, იმით, რომ წინ აღუდგნენ სამყაროს, რომ თავისუფლები და საკუთარ თავში დარწმუნებულები იყვნენ. ერთი კვირის მუშაობის შემდეგ „ახალბედა" „პროფესიონალების" თანრიგში გადადიოდა და იღებდა მითითებებს იმაზე, რომ ყოველნაირად უნდა გაამყაროს ცოლქმრული კავშირები (მეძავი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს ოჯახის სიწმინდეს), რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „არასამუშაო საათებში" მიწვევის მიღება, რომ კლიენტს საუბარი არ უნდა შეაწყვეტინო და შენი განსჯით არ შეაწუხო, რომ კულმინაციურ მომენტში უნდა იკვნესო (მარიამ შეიტყო, რომ ყველა ასე იქცევა, მას კი ამის შესახებ მაშინვე იმიტომ არ უთხრეს, რომ ეს პროფესიულ საიდუმლოს წარმოადგენს), რომ ქუჩაში პოლიციელებს უნდა მიესალმო, დროულად და მოწესრიგებულად გაიგრძელო მუშაობის ნებართვა, დადგენილ ვადებში გაიარო სამედიცინო შემოწმება. და ბოლოს, არ ღირს მეტისმეტი ფიქრი იმაზე, როგორ გამოიყურება შენი საქმიანობა მორალისა და კანონის თვალსაზრისით: სამუშაო სამუშაოა. მორჩა და გათავდა. კლიენტების მოლოდინში მარია მუდამ წიგნს კითხულობდა და ამიტომ სულ მალე „ინტელექტუალი" შეარქვეს. თავიდან ეკითხებოდნენ, ეს წიგნები სიყვარულზე ხომ არ არისო, მაგრამ როდესაც დარწმუნდნენ, რომ ისეთ მოსაწყენ და მშრალ საგნებს ჩასჩიჩინებდა, როგორებიცაა ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბოლოს — საკარმიდამო მეურნეობა, თავი დაანებეს და ამის მერე მას თავისუფლად შეეძლო კითხვა და ამონაწერების გაკეთება. იმის წყალობით, რომ მარია, რომელსაც მუდმივი კლიენტების მრავალრიცხოვანი წრე გაუჩნდა, ყოველდღე Eმოდიოდა „კოპაკაბანაში". მან მილანის კეთილგანწყობა და კოლეგების შური დაიმსახურა. ისინი მარიას ზურგს უკან ქირქილებდნენ იმაზე, რომ ის პატივმოყვარეა, ქედმაღალია და მხოლოდ ბევრი ფულის მოხვეჭაზე ფიქრობს. ეს ბოლო პუნქტი ნაწილობრივ მართალი იყო, მაგრამ მარიას ყოველთვის უნდოდა ეკითხა: „თქვენ თვითონ აქ განა ამისათვის არა ხართ?" ბოლოს და ბოლოს, ხატოვნად რომ ვთქვათ, ლანძღვა საყელოზე არ მოგვეკრება, შური და არაკეთილგანწყობა წარმატების უცვლელი თანამგზავრებია. ჯობია, საერთოდ არ მიაქციო ყურადღება ამ ქირქილს და ორი ამოცანის შესრულებაზე გაამახვილო ყურადღება: დადგენილ დროს ჩახვიდე ბრაზილიაში და იყიდო ფაზენდა. ახლა რალფ ჰარტი არც დღისით და არც ღამით თავიდან არ ამოსდიოდა და მარია, პირველად ცხოვრებაში, ბედნიერი იყო თავისი დაუსწრებელი სიყვარულით. თან საკუთარ თავს საყვედურობდა ამის აღიარებისათვის, რაც ყველაფრის დაკარგვით ემუქრებოდა. დაკარგვით? რა აქვს დასაკარგი, თუკი სამაგიეროდ არაფერს ითხოვს?! მას გაახსენდა, როგორ აუძგერდა გული, როცა მილანმა რალფ ჰარტი „განსაკუთრებული კლიენტების" რიცხვში მოიხსენია. რას ნიშნავდა ეს? მარია ღალატის შეგნებით და ეჭვიანობით იტანჯებოდა. რა თქმა უნდა, ეჭვიანობა ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, თუმცა ის არ უნდა იფიქრო, რომ ვინმე შეიძლება ვინმეს ეკუთვნოდეს. ის, ვინც ასე ფიქრობს, უბრალოდ, თავს იტყუებს. და კიდევ, მას არ შეუძლია, ეჭვს სძლიოს და ამ ეჭვს სისუსტის გამოვლინებად არ მიიჩნევს.
|