♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 37)
5:53 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 37)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში


მრავალმა იცის, რა არის „თეატრი". მილანი ამბობდა, რომ ეს მხატვარიც „განსაკუთრებული კლიენტების" რიცხვს ეკუთვნის. განგაშის ზარმა ჩამოჰკრა — მარიას აზრების მოსაკრებად დრო სჭირდება.
— გალერეის დირექტორმა მკითხა, რა დაედება საფუძვლად ამ ჩემს ნამუშევარს. მე ვუპასუხე: „ქალები, რომლებიც საკმარისად თავისუფლად გრძნობენ თავს, რომ ფულის გულისათვის იმრუშონ". „ასეთ ქალებს ჩვენ მეძავებს ვეძახით", — თქვა მან. „კეთილი, ასე იყოს, — ვუპასუხე, — მე შევისწავლი მათ ისტორიას და რაღაც უფრო მეტად დახვეწილს შევქმნი. ისეთს, როგორიც მოეწონებათ ცოლქმრულ წყვილებს, რომლებიც თქვენს მუზეუმში მოვლენ. ბოლოს და ბოლოს, ამქვეყნად ყველაფერი ოსტატობისა და განსჯის საკითხია, ასე არ არის? ოსტატობაც სწორედ ის არის, რომ მადისაღმძვრელ საწებელთან ერთად ძნელად მოსანელებელიც მიართვა. „თუმცაღა სექსი სულაც არ არის აკრძალული, — შემომედავა დირექტორი, — პირიქით, ეს თემა ისეა გაცვეთილი, რომ ძნელია ახლებურად მიუდგე მას". მე ვკითხე: „თქვენ იცით, სად იღებს სათავეს სექსუალური სურვილი?" — „ინსტინქტში". „სწორია, მაგრამ ეს ხომ ყველასათვის ცნობილია. როგორ მოვაწყობთ კარგ გამოფენას, როცა მე და თქვენ მხოლოდ მეცნიერულ მატერიებზე ვმსჯელობთ?! მე იმაზე მინდა ვისაუბრო, თუ როგორ ხსნის ამ ლტოლვას ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ფილოსოფიისაკენ ოდნავი მიდრეკილება აქვს". „მაგალითი მოიყვანეთ", — თქვა დირექტორმა. მე ვუპასუხე, რომ როდესაც მატარებელში ჩავჯდები, შინისაკენ გავემგზავრები და თუ რომელიმე ქალი შემომხედავს, მე გამოველაპარაკები მას და ვეტყვი, რომ ჩვენ ერთმანეთისათვის უცნობები ვართ და ამიტომ შეგვიძლია, გავაკეთოთ ყველაფერი, რაზეც გვიოცნებია, განვახორციელოთ ნებისმიერი ფანტაზია და შემდეგ სახლებში წავიდეთ, ქალი — ქმართან, მე — ცოლთან. დავშორდეთ, რათა აღარასოდეს შევხვდეთ ერთმანეთს. და აი, რკინიგზის ამ სადგურზე მე გხედავ შენ.
— შენი ისტორია იმდენად საინტერესოა, რომ სურვილს კლავს.
რალფ ჰარტი სიცილით დაეთანხმა. მერე ღვინო დალიეს და მხატვარმა სამზარეულოდან ახალი ბოთლი მოიტანა. მარია დაჟინებით მისჩერებოდა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. მან იცოდა, როგორი იქნებოდა შემდეგი ნაბიჯი, ტკბებოდა მომაჯადოებელი სითბოთი და სიმყუდროვით, აღარ ახსოვდა ბრიტანელი ტერენსი და მზად იყო, ამ მხატვარს მინდობოდა.
რალფმა ჭიქები შეავსო.
— ძალიან მაინტერესებს, როგორ დაასრულებდი საუბარს დირექტორთან?
— რადგანაც შენ წინ ასეთი ინტელექტუალია, პლატონს დავესესხები. ის ამტკიცებდა, რომ დასაბამიდან ქალი და კაცი ისეთებად არ შექმნილან, როგორებიც ახლა არიან. ორივე მათგანი ერთიანი არსება იყო, მაგრამ ორი სახით, რომელიც სხვადასხვა მხარეს იყურებოდა. ერთი ტანი, ერთი კისერი, მაგრამ ოთხი ხელი, ოთხი ფეხი და ორივე სქესის ნიშანი. ისინი თითქოს ზურგებით იყვნენ შეზრდილნი.
მაგრამ საბერძნეთის ეჭვიანმა ღმერთებმა შენიშნეს, რომ ოთხი ხელის წყალობით ეს არსება უფრო მეტს მუშაობდა, ორი სახის საშუალებით უფრო ყურადღებიანი იყო და მოულოდნელად თავს ვერ წაადგებოდი, ოთხ ფეხზე კი შეეძლო დიდხანს დგომა და შორს სიარული. მაგრამ ყველაზე სახიფათო ის იყო, რომ ორსქესიან არსებას აღარავინ სჭირდებოდა თავის მსგავსთა გასაჩენად.
და ზევსმა, ოლიმპოს უზენაესმა ღმერთმა, მაშინ თქვა: „მე ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ ამ მოკვდავებმა თავიანთი ძალა დაკარგონ".
მან ელვის დაკვრით ორად გააპო არსება და შექმნა ქალი და კაცი. ასე გაიზარდა დედამიწის მოსახლეობა, მაგრამ ამავე დროს დასუსტდა და დაიბნა. ამიერიდან თითოეულს უნდა მოეძებნა დაკარგული მეორე ნახევარი და მასთან შეერთებით დაებრუნებინა უწინდელი ძალა, ღალატისთვის თავის არიდების უნარი, დიდხანს მუშაობისა და დაუღალავი სიარულის თვისება. აი, სწორედ ასეთ შეერთებას, როდესაც ორი სხეული შეერწყმება ერთმანეთს, ჩვენ ვუწოდებთ სექსს.
— მართლა ამას?
— ასე მიაჩნდა ძველ ბერძენ ფილოსოფოსს — პლატონს.
მარია აღფრთოვანებით შესცქეროდა რალფს. გასული ღამის მოგონებები სრულიად წაიშალა მის მეხსიერებაში. ამ ადამიანში მარიამ სწორედ ის შუქი შენიშნა, რომელიც, მხატვრის თქმით, მარიასგანაც მოდიოდა. ამ ლეგენდასაც ცოცხლად და მხიარულად მოუყვა და მისი თვალები სიხარულისაგან ბრწყინავდა და არა ვნებიანი სურვილისგან.
— შეიძლება, რაღაც გკითხო?
რალფმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
— ამიხსენი, მას მერე, რაც ღმერთებმა ორად გაყვეს ეს ოთხფეხა და ოთხხელა არსებები, რატომ გადაწყვიტა რომელიღაც მათგანმა, რომ ახალი შეერთება შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ გარიგება ყოფილიყო — ისეთივე, როგორიც ნებისმიერი სხვა გარიგება, — რომელიც კი არ ამრავლებს, არამედ აკნინებს ადამიანის ძალას?
— შენ მრუშობაზე ლაპარაკობ?
— დიახაც. შენ იცი, როდის აღარ იყო სექსი წმინდა?
— თუ გაინტერესებს, შემიძლია, გავიგო, — უპასუხა რალფმა, — ამაზე არასოდეს დავფიქრებულვარ, მაგრამ არა მარტო მე, არამედ — საერთოდ არავინ. მეეჭვება, რომ ამის შესახებ სადმე ცნობები მოიპოვებოდეს.
— მოგსვლია ოდესმე თავში, — არ ცხრებოდა მარია, — რომ ქალებს (უმთავრესად მეძავებს) სიყვარული შეუძლიათ?
— მომსვლია. ჩვენი პირველი შეხვედრის დღეს, ბარში, როცა შენგან მომავალი შუქი დავინახე. მაშინ გადავწყვიტე, ყავაზე დამეპატიჟებინე და ვირწმუნე, რომ შენ შეძლებდი ჩემს დაბრუნებას სამყაროში, რომელიც დიდი ხანია დავტოვე.
უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა. მარია-დამრიგებელს უნდა ეჩქარა მისი გადარჩენა ან... ან მოჰხვეოდა, ეკოცნა, ეთხოვა, რომ რალფს არ მიეტოვებინა იგი...
— დავბრუნდეთ ვაგზალზე, — თქვა მარიამ, — უფრო სწორედ, დავუბრუნდეთ ამ ოთახს და იმ დღეს, როდესაც პირველად მოვედი აქ, როდესაც შენ აღიარე, რომ მე ვარსებობ და საჩუქარი გადმომეცი. ეს იყო ჩემს სულში შემოღწევის პირველი ცდა და შენ არ იცოდი, გეტყოდნენ თუ არა — „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება". თუ შენს პლატონს დავუჯერებთ, მას მერე, რაც ადამიანური არსებები გაყვეს, ისინი ხელახლა შერწყმას ცდილობენ. ეს ინსტინქტია. და, ამავე დროს, გონიც. განა მის გარეშე შევძლებდით ყველა იმ წინაღობის გადალახვას, რომელიც ამ პაემანზე მიმავალთ წინ შეგვხვდა?
მე მსურს, მიყურებდე, და, ამასთან, ისე მიყურებდე, რომ მე ეს ვერ შევამჩნიო. პირველი სურვილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის ღრმად არის დამალული, აკრძალულია და მიუწვდომელი. შენ ხომ არ იცი, იპოვე თუ არა დაკარგული მეორე ნახევარი. ეს არც ქალმა იცის, რომელიც შენ ისურვე. რაღაც გიზიდავთ ერთმანეთისაკენ — ესე იგი, გჯერა, რომ იპოვე.
საიდან მომაქვს ეს ყველაფერი? — გულის სიღრმიდან. იმიტომ, რომ მინდა, ყველაფერი სწორედ ასე იყოს, — ჩემი სიზმრებიდან, იქიდან, რაც ყველა ქალს ენატრება.
მან შეიხსნა კაბა და მხრებზე ჩამოიცურა ისე, რომ კერტით დამშვენებული მკერდის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოუჩნდა.
— სურვილი ის კი არ არის, რასაც ხედავ, არამედ ის, რასაც წარმოიდგენ.
რალფ ჰარტი უყურებდა შავთმიან ქალს შავ კაბაში, რომელიც მის მისაღებში იჯდა და ერთი შეხედვით სულელურ სურვილებს გამოთქვამდა — მაგალითად, ბუხრის გახურება გაგანია ზაფხულში. დიახ, მას სურდა, წარმოედგინა, რა იმალება ამ შავი კაბის ქვეშ, დიახ, მან შეაფასა მისი მკერდის ფორმა და სიდიდე. მან იცოდა, რომ მარიას არ სჭირდებოდა ლიფი და მას მხოლოდ იმიტომ ატარებდა, რომ ამას მისი პროფესია მოითხოვდა. მკვრივი და ქორფა ძუძუები არც დიდი ჰქონდა და არც პატარა. მზერა — არაფრის გამომხატველი. მართლაცდა, რას აკეთებს აქ ეს ქალი? ან თვითონ რალფი რატომ აგრძელებს ამ უცნაურ და სახიფათო ურთიერთობებს? მას ხომ იოლად შეეძლო ნებისმიერის მოხიბვლა? მდიდარია, ახალგაზრდა, სახელოვანი, უშნოც არ ეთქმის, უზომოდ უყვარს თავისი სამუშაო, უყვარდა ისინი, ვისზეც იქორწინა, მათაც უყვარდათ იგი. მოკლედ, რალფ ჰარტისათვის რომელი მხრიდანაც არ უნდა შეგეხედა, ბედნიერი ადამიანი უნდა ყოფილიყო.
ის კი უბედურია. მაშინ, როდესაც ადამიანების უმრავლესობა იბრძოდა ლუკმაპურისათვის, ჭერისა და სამუშაოსათვის, რაც მცირედით მაინც უზრუნველყოფდა მათ ცხოვრებას, რალფ ჰარტს შეეძლო, ამ ყველაფერზე არც ეფიქრა. მაგრამ ეს უფრო უბედურს ხდიდა მას. თავისი არც ისე ხანგრძლივი ცხოვრებისათვის თვალი რომ გადაევლო, ორ-სამ დღეზე მეტს ძნელად თუ გაიხსენებდა ისეთს, როდესაც დილით გაღვიძებულს მზის ან თუნდაც წვიმის დანახვა მოჰგვრიდა სიხარულს და ეს სიხარული არავითარ სურვილებთან და გეგმებთან არ იქნებოდა დაკავშირებული, გაიხარებდა უმიზეზოდ და უანგაროდ. მაშ ასე, ამ ორი-სამი დღის გამოკლებით, მთელი მისი ცხოვრება წარმოადგენდა აუხდენელი და ახდენილი ოცნებების რიგს, საკუთარი თავის დაძლევის, საკუთარ თავზე მაღლა ახტომის დაუოკებელ სურვილს. მუდამ ვიღაცას რაღაცას უმტკიცებდა და თვითონაც ვერ აეხსნა, სახელდობრ ვის ან რას უმტკიცებდა.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1170 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 5:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024