♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 35)
3:36 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 35)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

მარიამ მექანიკურად გამოართვა ფული.
არა!
რა იყო ეს — ღვინო, არაბი რესტორანში, სევდიანად მომღიმარი ქალი, იმის ფიქრი, რომ აღარასოდეს დაბრუნდება ამ წყეულ ადგილას, სიყვარულის შიში, რომელიც კაცის იერით უახლოვდებოდა მას, წერილი დედას, სადაც აღწერილი იყო მშვენიერი ცხოვრება და მშვენიერი სამუშაოს შოვნის უამრავი შესაძლებლობა, ბიჭი, რომელმაც ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა მას ზედმეტი კალამი, საკუთარ თავთან ჭიდილი, დანაშაულის გრძნობა, ცნობისმოყვარეობა, იმისი გაგების წყურვილი, თუ სად მდებარეობს უკიდურესი ზღვარი, რომლის იქითაც გადაბიჯება არ შეიძლება, ხელიდან გაშვებული შანსები, განუხორციელებელი შესაძლებლობანი? აქ სხვა მარია იჯდა, ის არ არიგებდა საჩუქრებს, მას საკუთარი თავი მიჰქონდა მსხვერპლად.
— მე აღარ მეშინია. დაიწყე. თუ საჭიროა, დამსაჯე იმისათვის, რომ არ გაგიგონე. მე არასწორად მოვიქეცი იმასთან, ვინც მიცავდა, ვისაც ვუყვარდი. მე მოვატყუე ის. მე ვუღალატე მას.
მარია თამაშში ჩაება. ის ამბობდა იმას, რაც უნდა ითქვას ასეთ დროს.
— მუხლებზე! — ჩუმად და მრისხანედ წარმოთქვა ტერენსმა.
მარია დაემორჩილა. მას ჯერ არასოდეს მოპყრობოდნენ ასე და ამიტომ არ იცოდა, კარგი იყო ეს თუ ცუდი. მხოლოდ და მხოლოდ გაგრძელება სურდა: ყველაფრისთვის, რაც ცხოვრებაში უკეთებია, იმსახურებდა იმას, რომ დაემცირებინათ. იგი ელვის სისწრაფით შედიოდა როლში, სხვა ადამიანი ხდებოდა — სრულიად უცნობი ქალი.
— შენ დაისჯები. შენ უვარგისი არსება ხარ, რომელმაც არ იცის წესები, წარმოდგენა არა აქვს სექსზე, ცხოვრებაზე, სიყვარულზე.
ტერენსი, თითქოს გაორებულიაო, ორ სხვადასხვა ადამიანად გადაიქცა: ერთი მშვიდად უხსნიდა წესებს, მეორე აიძულებდა, თავი არარაობად ეგრძნო.
— იცი, რისთვის მინდა ეს ყველაფერი? იმისთვის, რომ არ არსებობს ამქვეყნად იმაზე დიდი სიამოვნება, ვიდრე ვინმეს შეუცნობელი სამყაროს კარი გაუღო, უმანკოება წაართვა არა სხეულს, არამედ სულს, ხვდები?
მარია ხვდებოდა.
— დღეს შეკითხვის უფლებას გაძლევ. შემდეგ შეხვედრაზე, როცა ჩვენი თეატრის ფარდა გაიხსნება, სპექტაკლის შეწყვეტის უფლება აღარ გექნება. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყდება, თუ ჩვენი სულები არ დაემთხვევიან ერთმანეთს. გახსოვდეს — ეს სპექტაკლია. შენ უნდა შეასრულო როლი ადამიანისა, რომლად გახდომასაც ვერასოდეს ბედავდი. თანდათანობით შენ გაიგებ, რომ ეს ადამიანი თვით შენ ხარ. მაგრამ საNMნამ მთელი სიცხადით არ გააცნობიერებ ამას, იძულებული იქნები, ითვალთმაქცო, ითამაშო, განასახიერო.
— მაგრამ თუ ტკივილს ვერ გავუძელი, მაშინ?
— ტკივილი არ არსებობს. არის მხოლოდ ის, რაც იდუმალ სიამოვნებად გადაიქცევა. ამ როლში არის ასეთი სიტყვები: „რატომ ხარ ასეთი სასტიკი?! რისთვის მტანჯავ?! შეჩერდი, ვეღარ გავუძლებ". და ამიტომ, თუ გინდა საფრთხეს თავი დააღწიო... თავი ჩაღუნე და არ მიყურო!
მუხლებზე მდგომმა მარიამ თავი ჩაღუნა და იატაკს მიაშტერდა.
— სერიოზული ფიზიკური ზიანი რომ არ მოგაყენო, ჩვენ კოდურ სიტყვებს გამოვიყენებთ. თუ ერთ-ერთი ჩვენგანი იტყვის „ყვითელი", ეს იმის ნიშანი იქნება, რომ საჭიროა სიმხურვალის შენელება, სიტყვა „წითელი" დაუყოვნებლივ გაჩერებას ნიშნავს.
— „ერთ-ერთი ჩვენგანი"? — ჩაეკითხა მარია.
— როლები იცვლება. ერთი მეორის გარეშე არ არსებობს. ვერავინ შეძლებს დამცირებას, სანამ თვით არ იქნება დამცირებული.
რა საშინელი სიტყვებია! ეს სიტყვები რომელიღაც შეუცნობელი, ბნელი, მყრალი, ლპობადი სამყაროდან მოდის. და თუმცა მარია შიშისაგან კანკალებდა, მაინც წინ წასვლა ამჯობინა.
ტერენსი მოულოდნელი სინაზით თავზე შეეხო.
— მორჩა.
მან სთხოვა, წამომდგარიყო. ჯერ ისევ აკანკალებული მარია წამოდგა, ჟაკეტი მოიცვა. ტერენსმა შენიშნა მისი ასეთი მდგომარეობა.
— წასვლის წინ სიგარეტი მოწიე.
— რომ არაფერი ყოფილა?
— არც არის საჭირო. ყველაფერი შენს სულში მოხდება და შემდეგი შეხვედრისათვის მზად იქნები.
— ნუთუ ეს ყველაფერი ათასი ფრანკი ღირს?
მან სიგარეტს მოუკიდა ისე, რომ პასუხი არ გაუცია. მერე ღვინო დალიეს, დაელოდნენ, სანამ მშვენიერი მელოდია დასრულდებოდა და ერთად დატკბნენ ჩამოწოლილი სიჩუმით. მაგრამ აი, დადგა წამი, როცა რაღაც უნდა თქმულიყო და მარიას თვითონვე გაუკვირდა თავისი სიტყვების:
— არ მესმის, რატომ მინდა ამ ლაფში ამოთხვრა.
— ათასი ფრანკი.
— არა, საქმე ეს არ არის.
ტერენსი, ეტყობოდა, პასუხით კმაყოფილი დარჩა.
— მეც ვეკითხები საკუთარ თავს. მარკიზ დე სადი ამტკიცებდა, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია, შეიცნოს საკუთარი არსი, როდესაც უკანასკნელ ზღვარს მიაღწევს. ამისათვის მთელი ჩვენი სიმამაცის მოხმობა გვესაჭიროება. მხოლოდ ასე ვსწავლობთ რაიმეს. როდესაც უფროსი ამცირებს ხელქვეითს ან ქმარი — ცოლს, ეს ან სიმხდალეა, ან ცხოვრებაზე შურისძიების მცდელობა. ეს ადამიანები ვერ ბედავენ საკუთარი სულის სიღრმეში ჩახედვას და ამიტომ ვერასდროს გაიგებენ, საიდან მოდის ველური მტაცებელი მხეცის გალიიდან გამოშვების სურვილი, ვერ გაიგებენ, რომ სექსი, ტკივილი და სიყვარული ადამიანს ადამიანურობის ზღვარზე აყენებს. და მხოლოდ მან, ვინც განიცადა ეს ზღვარი, იცის ცხოვრება. დანარჩენი, უბრალოდ, დროსტარებაა, ერთი და იმავე ამოცანის გამეორება. ნაპირზე მიუსვლელად, უფსკრულში ჩაუხედავად ადამიანი ისე დაბერდება და მოკვდება, რომ ვერც კი გაიგებს, რას აკეთებდა ამ ქვეყანაზე.
და აი, მარია კვლავ მიუყვება ქუჩას სუსხიან ქარში. არა, ის ცდება. იმისათვის, რომ ღმერთი ჰპოვო, საჭირო არ არის საკუთარი დემონების შეცნობა. ბარიდან სტუდენტთა ჯგუფი გამოვიდა, მხიარული, ოდნავ შეზარხოშებული, ლამაზი, ჯანმრთელი სტუდენტების ჯგუფი. მალე ისინი უნივერსიტეტს დაამთავრებენ და დაიწყება ის, რასაც „ნამდვილი ცხოვრება" ჰქვია. შეუდგებიან სამსახურს, შექმნიან ოჯახებს, დაზრდიან შვილებს, უცქერენ ტელევიზორს, დაბერდებიან და მიხვდებიან, რა ბევრი დაკარგეს და რა ცოტა აუსრულდათ. შემდეგ — იმედგაცრუება, ავადმყოფობა, უძლურება, სხვაზე დამოკიდებულება, მარტოობა, სიკვდილი.
მაშ, რა მოხდა? ის ხომ თვითონ ეძებდა სიმშვიდეს, რომ „ნამდვილი ცხოვრებით" ეცხოვრა? ხოლო ყველაფერი, რასაც შვეიცარიაში აკეთებდა და რაც არასოდეს არც კი უვარაუდია, ეს — ისე, დროებითი სიძნელეების, არახელსაყრელი გარემოებების გადალახვაა, რომლებიც ადრე თუ გვიან ყველას ემართება. დიახ, ამ დროებითი სიძნელეების პერიოდში მარია დადის „კოპაკაბანაში", მრუშობს ფულის გულისათვის და, კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად, ხან მიამიტი გოგონაა, ხან — საბედისწერო ქალი, ხან კი — მოსიყვარულე დედა.
საბოლოო ჯამში ეს მხოლოდ და მხოლოდ სამუშაოა, რომელშიც მარია რაც შეიძლება მეტი პროფესიონალიზმის ჩადებას ცდილობს, იმიტომ რომ პროფესიონალიზმს კარგი ანაზღაურება მოსდევს, და რაც შეიძლება ნაკლები სული, რადგან ეშინია, ჩათრეული არ აღმოჩნდეს და არ შეეჩვიოს მას. მარია ცხრა თვის განმავლობაში ცდილობდა, დაემორჩილებინა მისი გარემომცველი სამყარო და აი, სწორედ შინ დაბრუნების წინ აღმოაჩინა საკუთარ თავში უნარი, ჰყვარებოდა ისე, რომ სამაგიეროდ არაფერი მოეთხოვა და ეს სიყვარული თვითონ მას სტანჯავდა. ისეთი გრძნობაა, თითქოს ცხოვრებას ასეთი უცნაური, მტკივნეული ხერხით სურს, მოუთხროს მარიას საკუთარ თავზე, საკუთარ საიდუმლოებებზე, ბნელსა და ნათელზე.
იმ საღამოს ჩანაწერი მარიას დღიურში, როცა ტერენსი გაიცნო:

მან ახსენა მარკიზ დე სადი, რომლის შესახებ მე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რაც საყოველთაოდ ცნობილია. „საკუთარი თავი შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ შეიცნო, რაც აღმოაჩენ მისი შესაძლებლობების ზღვარს". ეს სიმართლეა და ამავე დროს არ არის სიმართლე: სულაც არ არის მნიშვნელოვანი, საკუთარ თავზე გაიგო ყველაფერი ან რაც შეიძლება ბევრი. ადამიანი ხომ მხოლოდ სიბრძნის მოსაპოვებლად არ არის შექმნილი, არამედ იმისთვისაც, რომ მოხნას მიწა, დაელოდოს წვიმას, დათესოს ხორბალი, აიღოს მოსავალი, გამოაცხოს პური.
ჩემში ორი ქალია: ერთს სურს, ცხოვრებისაგან მიიღოს გზნება, სიხარული, თავგადასავლები, როგორის მოცემაც კი მას შეუძლია. მეორეს სურს, გახდეს მშვიდი ყოველდღიურობის, ოჯახური ცხოვრების მონა, იმ ყველაფრის მონა, რაც შეიძლება დაგეგმო და განახორციელო. მე ერთდროულად მეძავიცა ვარ და ოჯახის დედაც; ორივე ცხოვრობს ჩემს სხეულში და ერთმანეთს ებრძვის.
ხოლო ქალის საკუთარ თავთან შეხვედრა საინტერესო თამაშია, მაგრამ, ამავე დროს, სახიფათოც. ეს ღვთაებრივი ცეკვაა. როდესაც ჩვენ შევხვდებით, ორი გალაქტიკა, ღვთიური ენერგიის ორი კოლტი შეეჯახება ერთმანეთს. და თუ ეს შეხვედრა ისე არ მოაწყვე, როგორც საჭიროა, შეიძლება, ერთმა გალაქტიკამ მეორე გაანადგუროს.




კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1168 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 5:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024