♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 33)
3:34 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 33)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში

მთელი კვირის მანძილზე ცდილობდა მიმხვდარიყო, რისი გაკეთება შეეძლო მას რალფ ჰარტის ბედნიერებისათვის: ეს ხომ მან დაუბრუნა ღირსება და „შუქი", რომელიც სამუდამოდ დაკარგული ეგონა. მადლიერების გამოხატვის ერთადერთი საშუალება იყო ის, რასაც რალფი მის სპეციალობად მიიჩნევდა — სექსი. რადგან „კოპაკაბანაში" ყველაფერი ჩვეული და რუტინული იყო, მარიამ შემეცნების სხვა წყაროების მოძიება გადაწყვიტა.
მან რამდენიმე პორნოგრაფიული ფილმი ნახა, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოაჩინა, გარდა ზოგიერთი პოზისა და პარტნიორების რაოდენობისა. როცა ფილმებმაც ვერ უშველა, ლიტერატურას მიმართა: ჟენევაში ყოფნის მანძილზე პირველად გახდა საჭირო წიგნების ყიდვა, თუმცა ეს არაპრაქტიკულად მიაჩნდა. სულ ერთია, წაიკითხავს და გადაყრის. მარია გაემართა წიგნის მაღაზიისაკენ, რომელიც ჯერ კიდევ იმ დღეს შენიშნა, როცა ისინი წმინდა იაკობის გზას მიუყვებოდნენ, და იკითხა, აქვთ თუ არა რაიმე იმ საკითხზე, რომელიც მას აინტერესებს.
— როგორ არა! — წამოიძახა გამყიდველმა, — ამის შესახებ ქვეყნის წიგნები გვაქვს! გეგონება, ხალხს ამის მეტი საქმე არა ჰქონდეს. აი, სპეციალური განყოფილება. ამას გარდა, ყველა რომანში — ხედავთ რამდენია? — თითო სექსუალური სცენა მაინც არის. ხალხი მხოლოდ სექსზე ფიქრობს, თუნდაც ის ნატიფ სასიყვარულო ისტორიებში ან ადამიანის ქცევის შესახებ დაწერილ სერიოზულ სამეცნიერო ტრაქტატში იყოს მოხსენიებული.
გამყიდველი ცდებოდა. მარიამ საკუთარი გამოცდი¬ლებით იცოდა, რომ ხალხს, უბრალოდ, უნდა სჯეროდეს, თითქოს მთელი ქვეყანა მხოლოდ ამით არის დაკავებული. ისინი იცავენ რეჟიმს, ატარებენ პარიკებს, საათობით სხედან კოსმეტიკურ კაბინეტებში ან ტანვარჯიშის დარბაზებში, იცვამენ იმას, რაც მათ სილამაზეს გაუსვამს ხაზს და ნაკლს დაფარავს, ცდილობენ ნაპერწკლის გამოკვესვას. ბოლოს რა? ბოლოს წვებიან ლოგინში და ეს მხოლოდ თერთმეტ წუთს გრძელდება. თერთმეტი წუთი და მორჩა. არაფერი ისეთი, რაც ცად აგამაღლებს. მერე გავა კიდევ ცოტა ხანი და ვერავითარი ნაპერწკლით ვეღარ გააღვივებ მინავლებულ ცეცხლს.
სისულელეა, ეკამათო გამყიდველს, რომელსაც ჰგონია, თითქოს წიგნს შეუძლია ახსნას, როგორ არის მოწყობილი სამყარო. მარიამ მხოლოდ ის დააზუსტა, თუ სად არის ეს სპეციალური განყოფილება და სტელაჟებზე იპოვა რამდენიმე წიგნი ჰომოსექსუალისტებზე, ლესბოსელებზე, ვიღაც მონაზვნების უხამსი მემუარები და რაღაც სახელმძღვანელოები აღმოსავლური სექსის ტექნიკაზე. წიგნები სავსე იყო ილუსტრაციებით, რომლებზეც უაღრესად უხერხული პოზები იყო გამოსახული. მარიას ყურადღება მიიპყრო მხოლოდ ერთმა წიგნმა, სახელწოდებით — „წმინდა სექსი". ეს რაღაც განსხვავებული მაინც იყო.
მარიამ იყიდა ეს წიგნი, მიიტანა სახლში, ჩართო რადიო, მოძებნა პროგრამა, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ფიქრის დროს (რადგან ხმადაბალ და მელოდიურ მუსიკას გადმოსცემდნენ), შეუდგა ფურცვლას და პოზების თვალიერებას. ასე შერწყმას აკრობატები თუ მოახერხებდნენ. ტექსტიც მოსაწყენი აღმოჩნდა.
მარია საკმარისად ერკვეოდა თავის პროფესიაში, რათა სცოდნოდა, ცხოვრებაში ყველაფერი როდია იმაზე დამოკიდებული, თუ რომელ პოზაში ეძლევი სიყვარულს. უმრავლეს შემთხვევაში მოძრაობების მთელი ეს მონაცვლეობა ბუნებრივად ხდება, გაუაზრებლად, თავისთავად, როგორც ცეკვის დროს. და მაინც, შეეცადა, ყურადღება გაემახვილებინა ტექსტზე.
ორი საათის შემდეგ ორი რამ დაასკვნა:
პირველი — უნდა ივახშმოს და „კოპაკაბანაში" გაიქცეს.
მეორე — ადამიანს, რომელმაც ეს წიგნი დაწერა, არაფერი გაეგებოდა იმ საგნისა, რომელსაც იკვლევდა, სრულიად ა-რა-ფე-რი. უამრავი თეორია, რაღაც აღმოსავლური სიბრძნეები, უაზრო რიტუალები, სულელური რეკომენდაციები. ავტორი მედიტაციებს ეძლეოდა ჰიმალაებში (საინტერესოა, ეს სად არის?), მისდევდა იოგას (ამაზე მარიას რაღაც სმენოდა), შეისწავლა ზღვა ლიტერატურა და ხან რომელს მიუთითებდა, ხან რომელს, მაგრამ ყველაზე მთავარს მაინც ვერ მიხვდა: სექსი ეს არ არის თეორია, გუნდრუკის კმევა, ეროგენული ზონები და ღრმააზროვანი განსჯა. როგორ შეუძლია ადამიანს (ავტორი, მგონი, ქალია) ხელი მოჰკიდოს ასეთ თემას, თუ ამ სფეროში მომუშავე მარიაც კი ხეირიანად ვერ გარკვეულა მასში? ჰიმალაების ბრალი ხომ არ არის? თუ საგნის გართულებისაკენ დაუცხრომელი სწრაფვისა? საგნისა, რომლის მთელი ხიბლი სიმარტივესა და გზნებაშია? ამ დეიდამ თუ მოახერხა თავისი წიგნის გამოცემა (თან იყიდება კიდეც), მარიასაც ხომ არ ეფიქრა სერიოზულად თავის „თერთმეტ წუთზე"? მასში სიყალბე მაინც არ იქნებოდა. უბრალოდ, თავის ამბავს მოყვებოდა ისე, როგორც არის, შეულამაზებლად.
მაგრამ, ჯერ ერთი, არა სცალია, და მეორეც, უინტერესოა. მარიამ მთელი თავისი ენერგია უნდა მიმართოს იმისაკენ, რომ ბედნიერება მიანიჭოს რალფ ჰარტს და ფაზენდის მართვა ისწავლოს.
ზოგჯერ ცხოვრება საოცრად ძუნწია. მთელი დღეების, კვირების, თვეების, წლების განმავლობაში ადამიანი ახალ შეგრძნებებს მოკლებულია, მერე კარს გამოაღებს და მოულოდნელად მთელი ზვავი დაატყდება თავს. სწორედ ასე დაემართათ რალფსა და მარიას. ერთი წუთის წინ არაფერი არ იყო, მეორე წუთში კი იმდენი, რომ ვერც კი მოერევი.
ჩანაწერი მარიას დღიურში, მას მერე, რაც მოსაწყენ წიგნს თავი დაანება:

მე შევხვდი მამაკაცს და შემიყვარდა. მე მივეცი ჩემს თავს ამ პატარა სისუსტის უფლება ერთი უბრალო მიზეზის გამო: მე არაფერს ველოდები და არაფრის იმედი არა მაქვს. ვიცი, სამი თვის შემდეგ აქედან შორს ვიქნები და ის ჩემთვის მოგონებად დარჩება, მაგრამ უსიყვარულოდ ცხოვრება აღარ შემიძლია, ისედაც ზღვარზე ვარ.
ვწერ რალფ ჰარტისათვის — მას ასე ჰქვია, არა ვარ დარწმუნებული, რომ ის კიდევ ერთხელ მოვა იმ დაწესებულებაში, სადაც მე ვმუშაობ, მაგრამ კიდეც რომ მოვიდეს, პირველად ცხოვრებაში ამით არაფერი შეიცვლება. მე ისიც მეყოფა, რომ მიყვარს, ფიქრებში მასთან ვარ და ვამკობ ამ მშვენიერ ქალაქს მისი ალერსით, მისი სიტყვებით, მისი ნაბიჯების გამოძახილით... შვეიცარიიდან რომ წავალ, იგი შეიძენს იერსახეს, სახელს. მომაგონდება, როგორ იწვოდა ცეცხლი ბუხარში. ყველაფერი, რაც აქ განვიცადე, ყველა შეჭირვება, რაც თავს გადამხდა, ვერასოდეს შეედრება ამ მოგონებას, მასთან ახლოც ვერ მივა.
მე მსურს, მისთვის გავაკეთო ის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ იმ კაფეში შემთხვევით არ შევსულვარ. ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრებს აწყობენ სულები გაცილებით ადრე, ვიდრე მათი ხორციელი გარსი.
როგორც წესი, ეს შეხვედრები მაშინ ხდება, როცა ჩვენ ზღვარზე ვართ, როცა განვიცდით სიკვდილისა და შემდგომი აღორძინების მოთხოვნილებას. შეხვედრები გველის, მაგრამ ძალიან ხშირად ჩვენ თვითონ ვარიდებთ მათ თავს! და როდესაც სასოწარკვეთას ვეძლევით და ვხვდებით, რომ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ან პირიქით, მეტისმეტად ვხარობთ ცხოვრებით, გამოვლინდება შეუცნობელი და ჩვენი გალაქტიკა ორბიტას იცვლის.
ყველას შეუძლია სიყვარული, რადგან ეს ნიჭი დაბადებისას ეძლევა ადამიანს. ზოგი ამ ნიჭს ოსტატურად იყენებს, უმრავლესობას კი ხელახლა უხდება სწავლა გონებაში სხვადასხვა ხერხის აღდგენით. მაგრამ ყველა, — უკლებლივ ყველა! — წარსულ ვნებათა ალში უნდა დაიდაგოს, გონებაში აღიდგინოს განვლილი სიხარული და მწუხარება, დაცემა და აღზევება... და ასე მანამ, სანამ არ მიაგნებს გზამკვლევ ძაფს, ყოველი ახალი შეხვედრის უკან რომ იმალება... დიახ, ეს ძაფი არსებობს.
და აი, მაშინ გახდება საცნაური ხორცისათვის ენა სულისა. სწორედ ამას ეწოდება „სექსი". სწორედ ეს შემიძლია მივცე ადამიანს, რომელმაც სიცოცხლისაკენ შემომაბრუნა, თუმცა თვითონ ვერც კი აცნობიერებს, რა დიდია მისი როლი ჩემს ბედისწერაში. იგი მთხოვს ამას; მიიღებს კიდეც; მე მინდა, რომ იგი ბედნიერი იყოს.


დღიურში ბოლო ჩანაწერის შეტანიდან ორი საათის შემდეგ მარია „კოპაკაბანაში" მივიდა. ზღურბლზე ფეხი არ ჰქონდა გადადგმული, რომ მილანმა მიაძახა:
— ესე იგი, იმ მხატვართან იყავი.
ეტყობა, რალფი ამ დაწესებულების ხშირი სტუმარი იყო. მარია ამას მაშინ მიხვდა, როცა მან ადგილობრივი წესების შესაშური ცოდნა გამოამჟღავნა, როცა სამმაგი ისე გადაიხადა, რომ არც უკითხავს, თუ რა ღირს ერთი ღამე.
პასუხად მარიამ მხოლოდ თავი დაუქნია და რაღაც იდუმალი გამომეტყველება მიიღო, მაგრამ მილანმა ეს აინუნშიაც არ ჩააგდო, რადგან აქაურ ცხოვრებას უკეთესად იცნობდა.
— მე მგონი, უკვე გამოდგები შემდგომი ნაბიჯისათვის. არის აქ ერთი განსაკუთრებული კლიენტი, რომელიც ყოველთვის შენ გკითხულობდა. მე ვეუბნებოდი, რომ ჯერ გამოუცდელი ხარ და მასაც სჯეროდა. ახლა უკვე დროა ვცადოთ.


კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1219 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:11 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 66
სტუმარი: 66
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024