♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 32)
3:32 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 32)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



— აიღე. ეს მე იმ შემთხვევისათვის ვიყიდე, ვინიცობაა საკარმიდამო მეურნეობის შესახებ რამის ჩაწერა დამჭირდეს-მეთქი. ორ დღესE ვხმარობდი, შეიძლება ითქვას, თავაუღებლად ვშრომობდი. ის ჩემი გულმოდგინების ნაწილს შეიცავს, ჩემი ყურადღების, ჩემი ნებისყოფის ნაწილს. ახლა მას შენ გაძლევ.
მარიამ ნაზად ჩაუდო ხელში კალამი.
— იმის ნაცვლად, რომ რამე ისეთი მეყიდა, რაც მოგეწონებოდა, მე გაძლევ იმას, რაც მე მეკუთვნის. ეს საჩუქარია. ეს პატივისცემის ნიშანია იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჩემ გვერდითაა. ეს თხოვნაა, გაიგოს, რა მნიშვნელოვანია, რომ ის ჩემ გვერდითაა. მე ნებით, ალალი გულით გჩუქნი ნივთს, რომელშიც ჩემი ნაწილია მოქცეული.
რალფი წამოდგა, წიგნების თაროსთან მივიდა, რაღაც აიღო და დაბრუნდა.
— ეს კი სათამაშო რკინიგზის ვაგონია... ბავშვობაში მის დამოუკიდებლად გაშვებას მიკრძალავდნენ: მამა ამბობდა, რომ სათამაშო ძალიან ძვირფასია, ამერიკული... და მე ისღა დამრჩენოდა, დავლოდებოდი, როდის ისურვებდა ამ ყველაფრის გაშლას ოთახის შუაგულში... მაგრამ კვირაობით ის, ჩვეულებისამებრ, ოპერაში დადიოდა. ბავშვობა წავიდა, მატარებელი კი დარჩა ისე, რომ არანაირი სიხარული არ მოუტანია ჩემთვის. მე შენახული მაქვს რელსებიც, ორთქმავალიც, სადგურის შენობებიც, ინსტრუქციაც კი. მქონდა მატარებელი. თითქოს ჩემი იყო და არც იყო. როგორღა იყო ჩემი, თუ იმით თამაში არ შემეძლო? ჯობდა, დამტვრეულიყო, როგორც სხვა სათამაშოები, რომლებსაც მე მჩუქნიდნენ და რომლებიც დიდი ხანია დავივიწყე... ბავშვური მისწრაფება მტვრევისადმი სხვა არაფერია, თუ არა სამყაროს შეცნობის მცდელობა. მაგრამ ის გადარჩა და ახლა ყოველთვის მახსენებს ბავშვობას, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, არა მქონია... მეტისმეტად ძვირფასი იყო ეს სათამაშო... მაგრამ მამას მისი გამართვის თავი არ ჰქონდა. ან იქნებ ყოველთვის, როცა რთავდა მატარებელს, მას ეშინოდა გაემჟღავნებინა, თუ როგორ ვუყვარდი.
მარია დაჟინებით მისჩერებოდა ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს. რაღაცა მოხდა... არა, ეს ღვინის ბრალი არ არის, არც მომთენთავი სითბოსი. მათ საჩუქრები გაცვალეს — აი, რაში იყო საქმე.
რალფიც ცეცხლისაკენ შეტრიალდა. ორივენი დუმდნენ და შეშის ტკაცატკუცს უსმენდნენ. სვამდნენ ღვინოს და გრძნობდნენ, რომ არაფრის თქმა, არაფრის კეთება არ იყო საჭირო, უბრალოდ გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთსა და იმავე რაღაცას უყურებდნენ.
— ჩემს ცხოვრებაშიც არსებობს ასეთი ხელშეუხებელი ვაგონები, — წარმოთქვა ბოლოს მარიამ, — აი, მაგალითად, გული... მის ამოქმედებას მხოლოდ მაშინ ვახერხებდი, როცა გარემომცველი სამყარო მისთვის რელსებს დააგებდა... სამყარო კი ამისათვის ყოველთვის შესაფერის დროს როდი არჩევდა.
— მაგრამ შენ გიყვარდა...
— დიახ, მიყვარდა. ძალიან მიყვარდა. ისე ძალიან, რომ როდესაც სიყვარულმა საჩუქარი მთხოვა, მე შემეშინდა და გავიქეცი.
— ვერ მივხვდი.
— არც არის საჭირო. მე შენ გასწავლი, რადგან აღმოვაჩინე ის, რაც შენ არ იცი. ეს საჩუქარია. როდესაც შენსას გასცემ, გასცემ რაღაც მნიშვნელოვანს, რაღაც ძვირფასს ჯერ კიდევ მანამ, სანამ გთხოვენ. ახლა შენ ფლობ ჩემს განძს — კალამს, რომლითაც ქაღალდზე ჩემი სიზმრები გადამქონდა. მე კი — შენსას: მე მაქვს შენი ვაგონი, შენი ბავშვობის ის ნაწილი, რომლითაც არ გიცხოვრია. ამიერიდან თან ვატარებ შენი წარსულის ნაწილს, შენ კი — ჩემი აწმყოს ნაწილს. ამას რა სჯობია.
მარიამ ეს ყველაფერი სრულიად მშვიდად წარმოთქვა და სულ არ აკვირვებდა ის, რასაც ამბობდა და აკეთებდა, თითქოს ეს ერთადერთი შესაძლო სიტყვები და ქმედებები ყოფილიყო. შემდეგ მოქნილი და ნარნარი მოძრაობით წამოდგა, ჟაკეტი საკიდზე ჩამოკიდა და რალფს ლოყაზე აკოცა. ის არ განძრეულა, უწინდებურად მონუსხულივით იჯდა, ცეცხლის ენებს უცქერდა და, შესაძლოა, მამას იხსენებდა.
— არასდროს მესმოდა, რისთვის ვინახავდი ამ ვაგონს... ახლა კი უცებ მივხვდი, იმისათვის, რომ შენთვის მომეცა, აი, ასე, საღამოს, ბუხართან... ახლა სახლი უფრო მსუბუქი გახდება.
და დასძინა, რომ ხვალვე სხვა დანარჩენს — რელსებს, ორთქლმავალს, შუქნიშნებს — რომელიმე ბავშვთა თავშესაფარს მისცემს.
— დაფიქრდი, შეიძლება ასეთ სათამაშოებს აღარც უშვებენ და იგი ქვეყნის ფული ღირდეს, — გააფრთხილა მარიამ და უმალ ენაზე იკბინა: ამაზე ხომ არ არის ლაპარაკი, არამედ იმაზე, რომ გათავისუფლდე გულისათვის ძვირფასი ნივთისაგან.
ზედმეტი რომ არ წამოეროშა, მარიამ ერთხელ კიდევ აკოცა რალფს და კარისაკენ გაემართა. რალფი ისევ არ გაინძრა, ისევ ისე მიშტერებოდა ცეცხლს, და მაშინ ქალმა კარის გაღება სთხოვა.
რალფი წამოდგა. მარიამ აუხსნა, რომ სულაც არ უნდოდა მისი შეწუხება. მაგრამ მასთან, ბრაზილიაში, ასეთი უცნაური ჩვეულებაა: როდესაც გადიხარ სახლიდან, სადაც პირველად ხარ, კარი შენ არ უნდა გააღო, თორემ იქ ვეღარასოდეს დაბრუნდები.
— მე კი მინდა დაბრუნება.
— თუმცა არ გაგვიხდია, თუმცა არ დაგეუფლე, არც კი მოგკარებივარ, ჩვენ გვიყვარდა ერთმანეთი.
მარიას გაეცინა. რალფმა სახლამდე გაცილება შესთავაზა. მან იუარა.
— ხვალ „კოპაკაბანაში" გნახავ.
— არა, არ მოხვიდე. ერთი კვირა შეიცადე. კარგად ვიცი: ლოდინი ყველაზე ძნელია. მეც მინდა შევეგუო და შევეჩვიო იმას, რომ შენ ჩემთან ხარ, თუნდაც ჩემ გვერდით არ იყო.
და ისევ (უკვე მერამდენედ იმ ხნის განმავლობაში, რაც ჟენევაში გაატარა) მარია ნესტიან წყვდიადში აღმოჩნდა. ადრე ეს გასეირნებები სევდიან ფიქრებს აღუძრავდა მარტოობაზე, მშობლიურ ენაზე, რომელიც უკვე რა ხანია აღარ სმენია, იმაზე, თუ როგორ უნდა ბრაზილიაში დაბრუნება, ან აიძულებდნენ ეფიქრა იმაზე, თუ რამდენი ფული იშოვა და კიდევ რამდენს იშოვის.
მაგრამ დღეს იგი საკუთარ თავთან შესახვედრად მიაბიჯებდა. იმ ქალთან შესახვედრად, რომელმაც ორმოცი წუთი მოგიზგიზე ბუხართან გაატარა მამაკაცთან ერთად. შუქით, სიბრძნით, გამოცდილებით, მომხიბლველობით აღსავსე ქალთან შესახვედრად. რა ხანია მისი სახე არ უნახავს. მგონი, ეს ბოლოს მაშინ მოხდა, როდესაც ტბის ნაპირას სეირნობდა და იმაზე ფიქრობდა, ხომ არ მიეძღვნა თავისი თავი ამ მისთვის უცხო ცხოვრებისათვის. და, როგორც ახსოვს, იგი ძალიან ნაღვლიანად უღიმოდა. მეორედ მისი სახე ტილოზე დახატული იხილა. და აი, ახლა ისევ იგრძნო მისი იდუმალი არსებობა. როცა დარწმუნდა, რომ რალფი აღარ ჩანდა, რომ ის ისევე, როგორც ყოველთვის, მარტო დარჩა, ტაქსი გააჩერა.
ჯობია, მომხდარზე არ იფიქროს, რომ არ გააფუჭოს, არ მისცეს სევდას უფლება, შეცვალოს ყველა ის ნათელი წამი, რაც იმ საღამოს განიცადა. თუ ის მეორე მარია მართლა არსებობს, ის დაბრუნდება ოდესმე, როცა საჭირო იქნება.
იმ საღამოს ჩანაწერი მარიას დღიურში, როცა საჩუქრად სათამაშო ვაგონი მიიღო:

ყველაზე ღრმა, ყველაზე წრფელი სურვილი ეს არის სურვილი, იყო ვინმესთვის ახლობელი. შემდეგ მოდის რეაქციები: ქალი და მამაკაცი თამაშში ებმებიან, მაგრამ იმის ახსნა, რაც ამას წინ უსწრებს — ურთიერთმიზიდულობისა — შეუძლებელია. ეს არის ყველაზე წრფელი სურვილი.
და სანამ ის ასეთია, ქალი და მამაკაცი ხარობენ ცხოვრებით და ყოველ წამს შეგნებითა და აღფრთოვანებით ატარებენ. მუდამ ელიან საჭირო მომენტს, როდესაც შესაძლებლობა ექნებათ, ახალი კურთხევა იზეიმონ.
ისინი გაუაზრებელი ქმედებებით მოვლენათა სვლას არ აჩქარებენ, რადგან იციან: გარდაუვალი გამჟღავნდება, ჭეშმარიტი აუცილებლად იპოვის გამოვლინების გზასა და ხერხს. როცა დრო მოვა, ისინი არ იყოყმანებენ და ხელიდან არ გაუშვებენ მას — ამ წარმტაც წამს. რადგანაც უკვე ისწავლეს, თუ რა მნიშვნელოვანია ყოველი ასეთი წამის შეცნობა.
კიდევ რამდენიმე დღემ განვლო და მარიამ იგრძნო, რომ, მიუხედავად ძალისხმევისა, მაინც ხაფანგში გაება, მაგრამ ეს სრულიად არ აფიქრებდა და არ ადარდებდა. პირიქით, ახლა, როცა დასაკარგი აღარაფერი ჰქონდა, თავისუფლება მოიპოვა.
მარიამ გააცნობიერა, რომ, რაც არ უნდა რომანტიკულად განვითარებულიყო მისი ურთიერთობა რალფ ჰარტთან, ერთ მშვენიერ დღეს ის იფიქრებდა: მარია მხოლოდ და მხოლოდ მეძავია, რალფი კი — ცნობილი მხატვარი. მარია ცხოვრობს შორეულ ქვეყანაში, სადაც წელი ისე არ გავა, რომ რამე თავზარდამცემი არ მოხდეს, ის კი — ამქვეყნიურ სამოთხეში, სადაც ადამიანის ცხოვრება დაბადებიდან სიკვდილამდე მოწესრიგებული და დაცულია. რალფი სწავლობდა საუკეთესო აკადემიებში და მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს სტუმრობდა, მარიამ კი სიმწიფის ატესტატს ძლივს მიაწია. ასე რომ, რა კარგიც არ უნდა იყოს სიზმარი, ადრე თუ გვიან მოუწევს გამოფხიზლება. მარიამ საკმარისად იცხოვრა საიმისოდ, რომ მიმხვდარიყო: სინამდვილე ცუდად თანხვდება ოცნებებს. მაგრამ მისთვის სიხარული იმაში მდგომარეობდა, რომ სწორედ ამ სინამდვილისათვის ეთქვა: „შენ არ მჭირდები, ჩემი ბედნიერება დამოკიდებული არ არის იმაზე, რაც გარშემო ხდება".
„ღმერთო, რა რომანტიკული ვარ".
კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 1160 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:08 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 67
სტუმარი: 67
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024