♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მაისი » 17 » პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 31)
3:31 PM
პაოლო კოელიო 11 წუთი (თავი 31)


რამეთუ მე ვარ პირველი და მევე — უკანასკნელი
მე ვარ პატივცემული და მოძულებული
მე ვარ მრუში და წმინდანი
მე ვარ ცოლი და ქალწული
მე ვარ დედა და შვილი
მე ჩემი დედის ხელები ვარ
მე ბერწი ვარ, მაგრამ უთვალავი შვილი მყავს
მე ბედნიერი ვარ ქორწინებაში და არ ვარ გათხოვილი
მე ის ვარ, ვინც შვილებს აჩენს და ის, ვინც ვერასოდეს
მოგვცემს შთამომავლობას
მე ვამსუბუქებ მშობიარობის ტკივილებს
მე ვარ ქმარი და ცოლი
და სწორედ მე გავაჩინე ჩემი ქმარი
მე მამაჩემის დედა ვარ
მე ჩემი ქმრის და ვარ
თაყვანი მეცით მარად,
რამეთუ მე ავზნიანი ვარ და დიდსულოვანი.

ჰიმნი ისიდასადმი, ნაპოვნი ნაგ-ჰამადიში
ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ან IV საუკუნეში



— ყველაფერი, რაზეც შეიძლება იოცნებოს მამაკაცმა, მაგალითად, ლოგინში ერთ, ორ ან სამ ქალთან ერთად წარმოიდგინოს თავი, მე სინამდვილეში გამოვცადე. მაგრამ არ ვიცი, ვისწავლე კი რამე?
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. ამჯერად იგი მარიას უნდა დაერღვია. და რალფი არ დაეხმარა მას, როგორც წეღან მარია არ დაეხმარა რალფს.
— გინდა... ჩემი პროფესიონალური ჩვევებით ისარგებლო?
— მე შენ, უბრალოდ, მსურხარ.
არა, მას არ შეეძლო ეს წარმოეთქვა, რადგან სწორედ ამ სიტყვების გაგონებას ნატრობდა მარია. და ისევ — მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, ქარიშხალი. მარია თავს ვეღარ დააღწევს ხაფანგს, რომელიც თვითონვე დაუგო საკუთარ თავს. მარია დაკარგავს ამ ადამიანს ისე, რომ ვერც კი მოასწრებს მის დაუფლებას.
— შენ იცი, მარია. მასწავლე. შესაძლოა, ამან გადამარჩინოს. შენც გადაგარჩინოს. ორივე სიცოცხლისაკენ მოგვაბრუნოს. მართალი ხარ, სულ რაღაც ექვსი წლით ვარ შენზე უფროსი, მაგრამ თითქოს რამდენიმე სიცოცხლე გამეთავებინოს. ჩვენ სრულიად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ორივემ დავკარგეთ იმედი. ერთადერთი, რასაც შეუძლია, სიმშვიდე შემოიტანოს სულებში, ჩვენი ერთად ყოფნაა.
რისთვის ამბობს ყოველივე ამას? ეს წარმოუდგენელია, და, მიუხედავად ამისა, სიმართლეა. სულ ერთხელ შეხვდნენ და მაინც ასე სჭირდებათ ერთმანეთი. წარმოდგენაც კი ძნელია, რა შეიძლება მოხდეს, თუ მათი შეხვედრები გაგრძელდა. მარია ჭკვიანი გოგო იყო, ამასთან, ბევრს კითხულობდა, ადამიანის ბუნებას აკვირდებოდა. მას ცხოვრებაში მიზანი ჰქონდა, მაგრამ ჰქონდა ასევე სული და იმისათვის, რომ მისგან მომდინარე „შუქი" შეგემჩნია, ამ სულში უნდა ჩაგეხედა.
იგი დაიღალა ისეთად ყოფნით, როგორიც იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში და თუმცა ბრაზილიაში დაბრუნება ბევრ სიახლეს, სიძნელესა და საინტერესოს ჰპიდებოდა, მას ჯერ არ ჰქონდა შეცნობილი ყველაფერი ის, რისი შეცნობაც შეეძლო. და აი, ახლა რალფ ჰარტი, იმ ჯურის ადამიანი, ვინც ბედის ნებისმიერ გამოწვევას იღებს, ვინც ყველაფერი იცის, ამ გოგოს, ამ მეძავს, ამ მოსიყვარულე დედას სთხოვს შველას. რა უაზრობაა!
მის პრაქტიკაში იყვნენ კაცები, რომლებიც მსგავსად იქცეოდნენ: ერთნი აღგზნებას ვერ ახერხებდნენ, მეორენი მოითხოვდნენ, რომ მათ ისე მოქცეოდნენ, როგორც პატარა ბავშვებს, მესამენი ცოლქმრულ მოვალეობებს განასახიერებდნენ და ირწმუნებოდნენ, რომ აღეგზნებიან, როცა ცოლს ბევრი საყვარელი ჰყავს. თუმცა „განსაკუთრებულ კლიენტთან" ჯერ საქმე არ ჰქონია, მარია უკვე დარწმუნდა, რომ ადამიანის სულში უამრავი ფანტაზია ბუდობს. და მაინც ადრინდელი კლიენტებიდან ყველა თავის სამყაროში ცხოვრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთხოვია: „აქედან გამიყვანეო". პირიქით, ცდილობდნენ, მარიაც თავიანთ სამყაროში ჩაეთრიათ.
მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს მამაკაცი ფულს უხდიდა მარიას ისე, რომ არავითარ ენერგიას არ ანიჭებდა, ვერ იტყოდი, რომ მან სულ ვერაფერი ისწავლა. რომელიმე მათგანს მართლა რომ სწყურებოდა სიყვარული და სექსი მხოლოდ ამისი ნაწილი ყოფილიყო, როგორ მოპყრობას ისურვებდა მარია?
რა მოეწონებოდა?
— საჩუქრის მიღება, — თქვა მან.
რალფ ჰარტი ვერ მიხვდა. საჩუქარი? მან ისედაც უკვე გადაუხადა წინასწარ ერთი ღამის საფასური და ტაქსის ფული, რადგან რიტუალი ცნობილი იყო მისთვის. მაშ, ამით რისი თქმა უნდა?
უეცრად მარიას რაღაც აზრმა გაუელვა. იგი მიხვდა, ქალი და მამაკაცი რას უნდა გრძნობდნენ. რალფს ხელი ჩაჰკიდა და ოთახში გაიყვანა.
— საძინებელში არ ავალთ.
მარიამ შუქი ჩააქრო, ხალიჩაზე დაჯდა და რალფსაც იგივე მოსთხოვა. მერე ბუხარს მოჰკრა თვალი და უბრძანა:
— გააჩაღე!
— ახლა ხომ ზაფხულია...
— გააჩაღე ბუხარი. შენ ხომ თვითონ გინდოდა, რომ ამაღამ მე ვყოფილიყავი წარმმართველი.
მისი გამოხედვა მტკიცე იყო. მარია იმედოვნებდა, რომ რალფი შენიშნავდა მისგან მომავალ შუქს. მან მართლაც შენიშნა, იგი ბაღში გავიდა და უკან წვიმისაგან დასველებული რამდენიმე შეშის ნაჭრით დაბრუნდა, ძველ გაზეთებთან ერთად ბუხარში შეაწყო და ცეცხლი გააჩაღა. მერე ვისკის მოსატანად გაემართა, მაგრამ მარიამ შეაჩერა:
— მკითხე, რა გინდაო?
— არა, არ მიკითხავს.
— მაშ, იცოდე: შენ გვერდით ადამიანი არსებობს. იფიქრე მასზე. იფიქრე, ხომ არ ნებავს მას ვისკი, ჯინი ან ყავა. ჰკითხე.
— რას დალევ?
— ღვინოს. შენთან ერთად.
რალფმა ბოთლით ღვინო მოიტანა. ამ დროისათვის ბუხარიც გახურდა: მარიამ ბოლო ნათურაც ჩააქრო, ახლა ოთახს მხოლოდ ცეცხლი ანათებდა. ისე იქცეოდა, თითქოს ყოველთვის იცოდა: სწორედ ასეთი უნდა იყოს პირველი ნაბიჯი — გაიცნო ის, ვინც შენ გვერდითაა, დარწმუნდე, რომ ის მართლაც გვერდითაა.
ჩანთა გახსნა და იქიდან სუპერმარკეტში ნაყიდი კალამი ამოიღო. სულ ერთი არ არის? — კალამიც გამოდგება.

კატეგორია: ♥ლიტერატურა♥ | ნანახია: 976 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:51 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მაისი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024